„კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებანი თანამედროვე ეპოქაში“ - მესამე ნაწილი

„კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებანი თანამედროვე ეპოქაში“ - მესამე ნაწილი

1. ჰ.მაკინდერის 1943 წელს გაკეთებულ გეოპოლიტიკურ რუკას, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა, საერთო არაფერი აქვს მის მიერ შექმნილ გეოპოლიტიკური მეცნიერების ლოგიკასთან, რადგან ეს სანაპირო ზოლი (იგულისხმება ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო), ფაქტობრივად, დაუსახლებელია. გეოპოლიტიკური “სანაპირო ზოლი” კი არის გეოპოლიტიკური სივრცე-კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ყველაზე ინტენსიური არეალი, სადაც პირველად წარმოიშვა უძველესი სახელმწიფოები, სადაც დაირწა კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი. ეს ძირითადად იყო ევრაზიის კონტინენტის სამხრეთი და აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ზოლები შესაბამისი კლიმატითა და გეოგრაფიული პირობებით ადამიანის, საზოგადოების და, საერთოდ, ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის ოპტიმალური განვითარებისათვის. ცხადია, ეს არაა ევრაზიის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, სადაც არავითარი ზემოქმედება კონტინენტური სიღრმიდან და კუნძულოვანი ზღვიდან არ ხდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ ადამიანის ცხოვრებისათვის, საზოგადოების განვითარებისათვის “საუკეთესო პირობები” არ არსებობდა და ფაქტობრივად დაუსახლებელი იყო. ნათელია, რომ აქ ვერც სახელმწიფოები წარმოიქმნებოდა და ვერც ცივილიზაციის გავრცელების არეალი იქნებოდა.

2. ჰ.მაკინდერის 1943 წელს შექმნილი გეოპოლიტიკური რუკის სანაცვლოდ, წარმოგიდგენთ მისსავე გეოპოლიტიკაზე (და სხვა გეოპოლიტიკოსების მოსაზრებებზე) დამყარებულ ჩვენს ინტერპრეტაციას, ანუ ისეთ გეოპოლიტიკურ რუკას, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო ზუსტად ასახავს დედამიწის გეოპოლიტიკურ სახეს. ამ რუკაზე კარგად ჩანს აშშ-ის ტერიტორიის გაორებული გეოპოლიტიკური ბუნება, რომლის თანახმად აშშ-ისა და კანადის ატლანტიკური სანაპიროს სამხრეთი ზოლი ჩართულია საზღვაო ატლანტიკურ სივრცეში (საზღვაო ცივილიზაციაში), ხოლო აშშ - კანადის კონტინენტალური ნაწილი, წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩათვლით, წარმოადგენს ევრაზიის კონტინენტური ნაწილის გაგრძელებას და, შესაბამისად, სახმელეთო ცივილიზაციის სივრცეს.

აშშ როგორც სახელმწიფო, გეოპოლიტიკურად განსაკუთრებულია და გამონაკლისს წარმოადგენს. მისი გეოგრაფიული მდებარეობა დედამიწაზე უნიკალურია, რაც გამოიხატება იმით, რომ ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ატარებს როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ცივილიზაციის ნიშნებს. აქ მხედველობაში არა გვაქვს შიდა ნახევარმთვარის არეალში მოქცეული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ორივე მიმართულებით განვითარების მიდრეკილება. მაგალითად იტალია, ესპანეთი და სხვა; არის სახელმწიფოები, მაგალითად ჩინეთი, რომლის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილი მოქცეულია შუაგულ მიწაზე” - HEARTLAND-ზე, ხოლო სამხრეთი ნაწილი “სანაპირო ზონაში”- RIMLAND-ში,

თუმცა ჩინეთი სახმელეთო იმპერიაა. აშშ-ის იმპერია ორი კლასიკური არსის ერთადერთი და ერთდროული მატარებელია. ის არის საზღვაო ცივილიზაციის მატარებელი - მდებარეობს გარე ანუ კუნძულოვანი ნახევარმთვარის” ტერიტორიაზე, ხოლო იმავდროულად არის სახმელეთო ცივილიზაციის მატარებელი, ანუ მდებარეობს დედამიწის პერიფერიაში, ასევე არის აღმოსავლეთის სახელმწიფო, ევრაზიის გაგრძელება (აშშ-კანადის ტერიტორია არის ციმბირის ტყეებისა და სტეპების გაგრძელება). შესაბამისად, აშშ-ის ტერიტორია ერთდროულად არის საზღვაო და სახმელეთო იმპერია. აშშ სახმელეთოა, როგორც ევრაზიის გაგრძელება წყნარი ოკეანის მიმართულებით, ხოლო ატლანტის ოკეანის სანაპიროს მხრიდან იგი ჩართულია საზღვაო ცივილიზაციის არეალში. აშშ-მა თავისი სახელმწიფოებრივი ისტორიის პირველი ნაწილი გაიარა სახმელეთო იმპერიის სახით, ხოლო მეორე ნაწილი - საზღვაო იმპერიის სახით, რაც დღემდე გრძელდება.

ამ რუკით “შუამდებარე მიწას” აქვს სხვანაირი, წაგრძელებული სახე, რომელიც “ითრევს” ამერიკის მიწებსაც ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან და სარტყელად ეკვრის მთელ დედამიწას ისეთი სახით, რომელიც ატლანტის ოკეანის სივრცით და “შიდა ნახევარმთვარის” ზოლითაა წარმოდგენილი. ეს არის HEARTLAND-ის სრულიად ახალი გეოპოლიტიკური მოხაზულობა, რომელიც ჩრდილო ამერიკის ატლანტურ სანაპიროსთან უშუალოდ “შიდა ნახევარმთვარის” გარეშე ესაზღვრება “გარე კუნძულოვან ნახევარმთვარეს”. პალეოგეოგრაფიული ანალიზიდანაც კარგად ჩანს, რომ ევრაზიის “შუაგული მიწა” გრძელდება ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც და მათ ერთი წარმოშობა აქვთ. 300-180 მილიონი წლის წინ მეზოზური ერის დასაწყისამდე არსებობდა პანგეას სუპერკონტინენტი. ეს უკანასკნელი დაიშალა მეზოზურ და კაინოზოურ ერებში (მანამდე, 2,0 მილიარდი წლიდან დაწყებული, უილსონის ციკლებით ხდებოდა სუპერკონტინენტის დაშლა კონტინენტებად და შემდეგ ისევ დაახლოება). XX საუკუნის დასაწყისში ა. ვეგენერის დრეიფების თეორიის მიხედვით გიგანტური კონტინენტის პანგეას დაშლის შედეგად არის წარმოქმნილი თანამედროვე კონტინენტები. შემდგომში დადგინდა, რომ კონტინენტები მოძრაობენ ტექტონიკური ფილების საფუძველზე. უძველეს სუპერკონტინენტს გარს ეკრა მთლიანი ოკეანე პანტალასი. თავდაპირველად ის გაიყო ორ კონტინენტად: ჩრდილო კონტინენტად (ლავრაზია), რომელშიც შედიოდა ჩრდილოეთ ამერიკა, გრელანდია და ევრაზია და სამხრეთ კონტინენტად (ჰონდვანა), რომელშიც შედიოდა სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია და ანტრაქტიდა. შემდგომში ისინიც განცალკევდნენ და კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გაჩნდა ოკეანეები. დღევანდელი მეცნიერული კვლევებით დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ჩრდილოეთ ამერიკის ლითოსფერული ფილა მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, დასავლეთ ატლანტიკას და გრელანდიას. ევრაზიული ლითოსფერული ფილა მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკას და ევრაზიას. ზემოთ მოყვანილიდან კარგად ჩანს, რომ, პირობითად, დღევანდელი HEARTLAND-ი ერთიანი იყო სუპერკონტინენტზე და მის კონტინენტებად დაყოფამდე მოიცავდა ევრაზიას, გრელანდიას, ჩრდილოეთ ამერიკას. ეს ერთიანი სისტემა შენარჩუნებული იყო ჩრდილო და სამხრეთ კონტინენტებად დაშლის შემდეგაც. მხოლოდ ჩრდილო კონტინენტის დაშლის შედეგად წარმოიქმნა ორი ლითოსფერული ფილა: ჩრდილო ამერიკის და ევრაზიის, რითაც გაიყო პირიბითი HEARTLAND-ი დიდ ევრაზიულ და მცირე ჩრდილო ამერიკულ ნაწილებად.

დასავლეთის რიგი გეოპოლიტიკოსები ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს განიხილავენ როგორც “შიდა ტბას”, ერთგვარ პოლარულ HEARTLAND-ს, ხოლო ამ სივრცის ინტეგრაციას გაიაზრებენ ავიაგადაზიდვების განვითარების პერსპექტივაში და მას საჰაერო გეოპოლიტიკად განიხილავენ. ამერიკელი გეოპოლიტიკოსი ჯორჯ რენერი თავის წიგნში ადამიანური გეოგრაფია საჰაერო ერაში გეოპოლიტიკას განიხილავს ჩრდილოეთ პოლუსიდან. მისი გააზრებით ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს გარს აკრავს გაფართოებული “შუამდებარე მიწა” - HEARTLAND-ი, იგი შედგება ტრადიციული ჰ.მაკინდერის ევრაზიული შუამდებარე მიწისაგან” და ემატება მცირე “შუამდებარე მიწა”, რომელიც მოიცავს ჩრდილო ამერიკის ჩრდილო ნაწილს და კუნძულ გრელანდიას. მისი აზრით “შიდა ტბის” - პოლარული “შუამდებარე მიწის” (ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე) სივრცის განვითარება საშუალებას იძლევა, აკონტროლო პლანეტის დანარჩენი ტერიტორიები, რომლებიც იმყოფება მის სამხრეთით. იგი გვთავაზობს წინადადებას, დაერქვას არქტიკას ისტორიის გეოგრაფიული ღერძი”. ასეთივე იდეას ავითარებს ამერიკელი გეოპოლიტიკოსი ალექსანდრე დე სევერსკი (საჰაერო ძალაუფლება - გზა გამარჯვებისაკენ”) , რომელიც თავის მსოფლიო რუკაზე ჩრდილო პოლუსს ათავსებს ცენტრში, დასავლეთ ნახევარსფეროს - მის ქვევით, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროს - მის ზევით (აქ მან გამოხატა დუალიზმი აშშ-სა და სსრკ-ს შორის, რომლის მიხედვითაც ისინი მოიაზრებიან ორ ძირითად პოლუსად). ჩრდილოეთ პოლუსიდან მოშორებით, მსოფლიო პერიფერიებში განლაგებულ მიმდებარე ტერიტორიებს იგი განიხილავს “სარესურსო ზონებად”, რომლებიც სტრატეგიულად დამოკიდებული არიან ჩრდილოეთ ტერიტორიებზე. ის გაიაზრებს საჰაერო სტიქიას ისე, როგორც ა.მეჰენი ზღვის სტიქიას.

ამასთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ, რომ ჩრდილო ამერიკის ჩრდილო ნაწილი პატარა “შუამდებარე მიწა” კი არ არის, არამედ ევრაზიული “შუამდებარე მიწის” გეოპოლიტიკური გაგრძელება. ეს არის დედამიწის სფეროზე წრიულად განფენილი “შუამდებარე მიწის” სარტყელი, რომელიც გარს ევლება ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს (ისევე, როგორც ამ სარტყლის სამხრეთით, დედამიწის სფეროზე წრიულად განფენილი უწყვეტი სეისმური სარტყელი, რომელიც გარკვეულწილად გადის “სანაპირო ზოლში” და მოიქცევს ჩრდილო ამერიკის სამხრეთ მიწებსაც, მათ შორის კალიფორნიას და მექსიკას), აქვს წყვეტა-კვეთა ატლანტიკური ოკეანით და მის სივრცეში გამავალი “შიდა ნახევარმთვარის” ზოლით. სწორედ “შუამდებარე მიწის” ასეთი განლაგება დედამიწის სფეროზე განაპირობებს აშშ-ის ტერიტორიის ორმაგ, დამოუკიდებელ საზღვაო და სახმელეთო ბუნებას. ამასთან გეოპოლიტიკურად ატლანტიკური სივრცე მოიცავს არა მთელ ამერიკულ სივრცეს, არამედ მის ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს, რაც აშშ-ის საზღვაო ცივილიზაციის ბუნების გამოხატულებაა იმ დროს, როდესაც მისი შიდა სივრცე წყნარ ოკეანემდე მის სახმელეთო ბუნებას გამოხატავს.

აქ ორ ცივილიზაციას შორის პირდაპირი საზღვარია სანაპირო ზონის (შიდა ნახევარმთვარის) გარეშე, ანუ “შუამდებარე მიწა” უშუალოდ ესაზღვრება “გარე კუნძულოვან ნახევარმთვარეს”.

რაც შეეხება ეგრეთწოდებულ პოლარულ HEARTLAND-ს (ყინულოვან ოკეანეს), იგი ისეთ სივრცედაა წარმოდგენილი, რომლის განვითარებით შეიძლება მისგან სამხრეთით მყოფი პლანეტის დანარჩენი ტერიტორიების გაკონტროლება, ამასთან ამ სივრცის განვითარების საფუძვლად საჰაერო სტიქიის განხილვა, როგორც საზღვაო სტიქიის ადეკვატურისა და ტოლფასისა, ჩვენი აზრით მცდარია, რადგან აეროკრატია და ეთეროკრატია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ცივილიზაციურ სისტემებს, არამედ არიან ზღვის “წესრიგის” განვითარების შედეგი. სამართლიანად აღნიშნავდა გერმანელი იურისტი და გეოპოლიტიკოსი კარლ შმიტი (1888-1985), რომ საჰაერო სივრცის ათვისება (განვითარება) თალასოკრატიული ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საჰაერო გეოპოლიტიკამ ვერ მიიღო დამოუკიდებელი მნიშვნელობა. უნდა ითქვას, რომ კლასიკური გეოპოლიტიკის თეზისები და რუკები ქმედითია დედამიწის გარკვეულ გეოლოგიურ პირობებში, რომელიც განაპირობებს ზღვისა და ხმელეთის განსაზღვრულ პროპორციულ თანაფარდობას, შესაბამის კლიმატურ პირობებს. ამდენად, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე არის არა პოლარული HEARTLAND-ი, არამედ გამყოფი (მასზე გაივლის გავლენის საზღვარი) ორ საპირწონე ძალას - ჩრდილო ამერიკასა და რუსეთს შორის - სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ ასპექტში.

3. განვიხილოთ თუ როდის, რა პირობებშია მართებული ჰ. მაკინდერის და ჩვენ მიერ სრულყოფილი გეოპოლიტიკური რუკები.

ადამიანისა და, შესაბამისად, ცივილიზაციის არსებობის აუცილებელი პირობაა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო სივრცის ერთდროული არსებობა. დედამიწის ზედაპირის ფართობია 510,2 მლნ. კმ2, აქედან სახმელეთო სივრცეს უკავია 149,1 მლნ. კმ2, სახმელეთო სივრციდან, რომელიც ოდესღაც ერთიანი კონტინენტი იყო, დღეს წარმოქმნილია და არსებობს ევრაზიის კონტინენტი 53,4 მლ. კმ2, აფრიკა 30,3 მლნ. კმ2, ჩრდილოეთ ამერიკა 24,2 მლნ. კმ2,სამხრეთ ამერიკა 18,3 მილ. კმ2, ავსტრალია და ოკეანეთი 8,9 მლნ. კმ2და დაუსახლებელი ანტრაქტიდა 14,0 მლნ. კმ2. ამ ორი სტიქიის (სივრცის) მუდმივი ურთიერთქმედების პროცესი, რომელსაც ადამიანი და საზოგადოება მისი წარმოშობის დღიდან უყურებს, განუწყვეტლივ დაბალანსებულია, თუმცა ცივილიზაციის განვითარების პერიოდში ამ ურთიერთქმედების პარამეტრები გარკვეულწილად იცვლებოდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რისი მიზეზიც არის ტექტონიკური ძვრები, რომლებიც იწვევენ მატერიკების დრეიფს და მათი პარამეტრების ცვლილებებს. დღეს ევრაზიის კონტინენტი, თუ გამოვრიცხავთ დაუსახლებელ ანტრაქტიდას, შეადგენს მთელი ხმელეთის 39,5%, (მსოფლიო კუნძული - ევრაზია, აფრიკასთან ერთად შეადგენს 61,9%-ს), ხოლო მოსახლეობის რაოდენობით ევრაზიის კონტინენტი შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 71,0%-ს (მსოფლიო კუნძული 86,0%), ანუ ის რამდენჯერმე აღემატება დანარჩენ კონტინენტებს. ჩვენი გაანგარიშების მეთოდით ევრაზიული კონტინენტის შენივთული პოტენციური სიმძლავრე (შესაძლებლობა) მსოფლიოსთან მიმართებით შეადგენს 55,0%-ს, ხოლო მსოფლიო კუნძულისა 74,0%, ანუ ევრაზიული კონტინენტური გეოპოლიტიკური სივრცე (მით უმეტეს მსოფლიო კუნძულისა) ის ბირთვია, რომელიც განაპირობებს დანარჩენი კონტინენტების გეოპოლიტიკური სივრცეების უპირიბო მიზიდულობას და მასზე დამოკიდებულებას.

ჰ.მაკინდერისა და ჩვენი დაზუსტებული გეოპოლიტიკური რუკები მუშაობს და იმუშავებს მომავალშიც მანამ, სანამ იარსებებს არსებული პარამეტრები.

სახელმწიფოს პოტენციური სიმძლავრე (შესაძლებლობა) არის სახელმწიფოს, ტერიტორიისა და მოსახლეობის მსოფლიო ხვედრითი წილის მაჩვენებლების “შენივთული” სიდიდე. მარტივი მეთოდოლოგიური გათვლით, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის შენივთული პოტენციური სიმძლავრის მაჩვენებელია 0,54% (შედარებისათვის, რუსეთის ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 7,36%-ს), რაც იმას მიანიშნებს, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, ჩამოქვეითდა მეორეხარისხოვან მოთამაშედ და ის თავისი პარამეტრებით რეგიონალური პოლუსი ვერ გახდება. უფრო ზუსტი გათვლებისათვის, მაგალითად, ტერიტორიის მაჩვენებლის გათვლის დროს, გამოყენებული უნდა იქნას სიცოცხლისათვის ვარგისი ტერიტორიის, სახნავ-სათესი ფართის, წიაღისეული რესურსებისა და სხვა გამათვალისწინებელი კოეფიციენტები, ხოლო მოსახლეობის მაჩვენებლის გათვლის დროს, გამოყენებული უნდა იყოს მისი განათლების, ეთნიკური ერთგვაროვნების, ეროვნული სულისკვეთების, სოციალური დაცვისა და სხვა გამათვალისწინებელი კოეფიციენტები. ეს ჩვენ მიერ დამუშავებული სახელმწიფოს (ან რეგიონის) პოტენციური სიმძლავრის განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდია.

4. ჰ. მაკინდერის გეოპოლიტიკის და საერთოდ გეოპოლიტიკის ნებისმიერი კლასიკური სკოლის საფუძველია ფუნდამენტალური დუალიზმის კანონი. ბოლო დროს მთელი რიგი გეოპოლიტიკოსები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გვერდს უვლიან კლასიკურ გეოპოლიტიკას და მის კანონზომიერებებს, ნაცვლად იმისა, რომ მის სიღრმეებს ჩაწვდნენ. “კრიტიკული გეოპოლიტიკის”, “პოსტგეოპოლიტიკის”, “ტრანსფორმაციონისტებისა” და სხვათა წარმომადგენლები ცდილობენ შექმნან ახალი მეცნიერება, მაგრამ კლასიკური გეოპოლიტიკის უგულებელყოფა და დუალიზმის ფუნდამენტური კანონის უარყოფა არის დედამიწაზე არსებული სივრცის სტრუქტურისა და მისი სოციალური საფუძვლების, ასევე ადამიანის (როგორც სოციუმის საფუძვლის) წარმოსახვისა და აზროვნების სახის უარყოფა, რომელიც დუალისტურია. დუალიზმის, პრინციპებზეა მოწყობილი სამყარო, მზეც (სხვა ვარსკვლავებიც) კი ვერ იარსებებდა ურთიერთდაპირისპირებული დუალისტური (ამასთან დაბალანსებული) ძალების გარეშე. ატომური აფეთქებები მზეს დაშლიდა, რომ არა მისი გულიდან მომდინარე საპირისპირო მიზიდულობის ძალა. ანალოგიურია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსის პრინციპები და მექანიზმები. ადამიანის წარმოსახვა და აზროვნებაც ასეა მოწყობილი (სხვა საკითხია, უზეანესია ასეთი მოწყობის წყარო, ევოლუცია თუ ორივე ერთად, მაგრამ რეალობა ასეთია), რაც მჟღავნდება მისი მატერიალური და სულიერი სფეროს ყველა გამოვლინებაში. ფრანგი სოციოლოგის ჟ.დიურანის მიხედვით (“წარმოსახვის ანტროფოლოგიური სტრუქტურები”), ადამიანის წარმოსახვის პირველი (ძირეული) დონე არის მითი. ხოლო წარმოსახვის შინაარსს გააჩნია ორი რეჟიმი - დღისა და ღამის. დღის რეჟიმი ეს არის გმირული მითები, ხოლო ღამის რეჟიმი -დრამატული და მისტიკური მითები. ამ სამი ჯგუფის მითების დასაბუთება მტკიცდება იმით, რომ თითოეული მათგანი შეესაბამება ახალდაბადებული ბავშვის სამი ფუნდამენტური, დომინანტური რეფლექსიდან ერთ-ერთს. დღის რეჟიმი არის უპირატესად დუალიზმის რეჟიმი. მითის დუალიზმი ვლინდება ყველა დონეზე - რელიგიაში, პოლიტიკაში, მორალში, სოციოლოგიაში, კულტურაში, ყოფაცხოვრებაში და სხვა. გმირული მითების ყველა შინაარსი, ეს არის დაუმთავრებელი და აბსოლუტური ომი დღისა და ღამის, სინათლისა და სიბნელის, კარგისა და ცუდის და ასე შემდეგ. გმირული მითები შეესაბამება ჩვილი ბავშვის “წამოდგომის” რეფლექსს-პასტორალურ რეფლექსს. დღის რეჟიმი წინასწარ განსაზღვრავს საზოგადოების ელიტას, ადასტურებს ხელისუფლების, მეფეების, მეომრების, არისტოკრატების, ასევე ქურუმების სახეს. ღამის რეჟიმში შემავალი დრამატული მითების ჯგუფი საწინაღმდეგოა დღის რეჟიმისა. აქ დრო ციკლურია (პროგრესს მოსდევს რეგრესი და ასე შემდეგ). ყველაფერში დომინირებს დუალისტური რიტმი მხოლოდ კომპრომისების გარეშე. დრამატული ამ მითებს იმიტომ ჰქვია, რომ აქ ერთმანეთს ენაცვლება ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები: ტანჯვა და ბედნიერება, წარმატება და წარუმატებლობა, შეძენა და დაკარგვა და სხვა. ღამის რეჟიმში დრამატული მითის არქეტიპს წარმოადგენს, ფართო გაგებით, მოღვაწე, რომელიც დაკავებულია განმეორებითი ციკლური ოპერაციებით - ეს კი კავშირშია ბაზურ რეფლექსთან. ეს არის რიტუალი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ურთიერთსაწინააღმდეგოს: კაცსა და ქალს, დღესა და ღამეს, ქონა-არქონას და სხვა, მაგრამ ისე, რომ აქ ორი არ ხდება ერთი და შეუქცევადი. დრამატული მითების ჯგუფს აქვს ქალური საწყისები, მაგრამ ეს არის ცოლის, საყვარლის ( და არა დედის) სამყარო. ქალურობა აქ გამოდის დუალისტურ ხარისხში.

ის მიმზიდველია და დამღუპველი, სასურველი და საშიში. ეს რეჟიმი მოიცავს გლეხებს, ხელოსნებს, ვაჭრებსა და მრეწველებს, რომლებიც დაკავებული არიან ციკლური შრომით.

ღამის რეჟიმის, მისტიკური მითების ჯგუფს საფუძვლად უდევს იდეა ერთიანობისა, განუყოფლობისა და უნიფიკაციისა. ერთიანობა განპირობებულია მისტიკური მითებისათვის დომინანტური კვების და საკვებმომნელებელი რეფლექსით. მისტიკური მითები გაიაზრება ქალური საწყისით: დედა სიმბოლოა ყოფის მთლიანობის, სადაც გაყოფა (დუალიზმი), შინაგანისა და გარეგანისა მხოლოდ დასახულია. გზა ჩაკეტილია თავის თავში, ანუ ოპოზიცია, უარყოფა და სიკვდილი ჯერ არ არსებობს. ეს იდეა გამოხატულია გველის სიმბოლოში, რომელიც საკუთარ კუდს კბენს. ღამის რეჟიმი მისტიკური მითებისათვის ეს არის დასახელება ბოროტების, ცუდის, წამგებიანის და სხვა. მისტიკური ჯგუფის მითების, შესაბამისი სოციალური ფენის ინდენტიფიკაცია სირთულეს წარმოდგენს. ერთი მხრივ, ამ ტიპის წარმომადგენლები მიეკუთვნება საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენას -პრიმიტიულ თემს: მეოთხე კასტა ინდუიზმში, მონები და სხვა;

მეორე მხრივ, ამ ტიპის წარმომადგენლები მიეკუთვნებიან ქურუმების გარკვეულ სახეობას: ეს არის მისტიკური (ეზოთერული) ხაზი კლასიკურ რელიგიაში, ხოლო პრიმიტიულ საზოგადოებაში ისინი შეიძლება მიაკუთვნო, პირობითად, “შავი მაგიის” კატეგორიას.

უნდა ითქვას, რომ საზოგადოების სოციალური სისტემის კლასები და ფენები ასახავს გმირული რეჟიმის დომინანტურ პრინციპს ღამის რეჟიმის მიმართ. კერძოდ, პატრიარქალური არისტოკრატია მეფეები, ქურუმები, მეომრები - წარმოადგენენ ელიტას, საზოგადოების უმაღლეს ფენას. მესამე ფენა გლეხები, ხელოსნები, ვაჭრები მიეკუთვნებიან ღამის დრამატულ რეჟიმს, დაკავშირებულს ციკლურ სიმბოლიკასთან. საზოგადოების ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფენა განეკუთვნება დუალიზმის რეჟიმს. ხოლო მონები და “შავი მაგიის” ქურუმები განეკუთვნებიან მთლიანობის, დედის სიმბოლოს, მაგრამ დროებითს, რადგან გაყოფა იქ უკვე დასახულია.

5. გეოპოლიტიკის ძირითადი - ფუნდამენტალური დუალიზმის კანონის არსის გაგება ორი კარდინალურად განსხვავებული ცივილიზაციის დაბალანსების კატეგორიის (კანონის) გარეშე შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ გეოპოლიტიკის დუალისტური თეზისი, ხმელეთი და ზღვა ითვალისწინებს, არა მარტო მათ განუწყვეტელ წინააღმდეგობრივ ბუნებას, არამედ მათ ერთ-ერთ გამოხატულებას, დაბალანსების კატეგორიას განუწყვეტელი წინააღმდეგობის პირობებში, ქაოსიდან ხანმოკლე მოწესრიგებამდე, მომდევნო ქაოსამდე და ასე განუწყვეტლივ. ზღვისა და ხმელეთის განუწყვეტელი წინააღმდეგობა, რომელიც აისახება ძირითადად სანაპირო ზოლში, გულისხმობს ბრძოლებში ხან ერთის, ხან მეორის გამარჯვებას, რაც აისახება ძირითადად სანაპირო ზოლში გავლენის ხაზის ერთ ან მეორე მხარეს გადანაცვლებით, თუმცა რომელიმეს მიერ ომის მოგება ანუ საბოლოო გამარჯვება წარმოუდგენელია ადამიანთა ცივილიზაციის პირობებში, რადგან მისი არსებობისათვის სავალდებულოა როგორც ხმელეთი, ასევე ზღვა ( ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ერთი ან მეორე მხარის განმასახიერებელი ძალის დროებით დაშლას, ტრანსფორმაციას ან გადაწყობას).

ბალანსი-მდგომარეობა შეიძლება იყოს ლოკალური და გლობალური. ზემოთ ჩვენ საუბარი გვქონდა გლობალურ ბალანს-მდგომარეობაზე, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს სამ ფაზაში: ცვლადი, მყარი და ქაოსური.

ბალანსი ფრანგულად პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს სასწორს და მოდის ლათინური სიტყვიდან Bilans, (ორი ასაწონი თეფშის მქონე), პოლიტიკურ მეცნიერებებში ტერმინ ბალანსში გულისხმობენ გარკვეულ მონაცემთა სისტემას, რომელიც ახასიათებს რაიმე მუდმივად ცვლად მოვლენებს შორის თანაფარდობას ან წონასწორობას. ძალთა წონასწორობის სისტემა კი საერთაშორისო ურთიერთობებში, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგან იმპერიის მოცემულობაში (მით უმეტეს სახმელეთო) ძალთა წონასწორობის სისტემა მისსავე არსს (მოთხოვნებს) ეწინააღმდეგება. იმპერიები თვითონ ახვევენ თავიანთი გავლენის სფეროს საკუთარ სისტემას. მათი ბუნებრივი მოთხოვნილება გაფართოებადი და მტაცებლურია.

(სახელმწიფოსა და მით უმეტეს იმპერიის ასეთი ბუნება, კარგად აქვს ახსნილი გერმანელ გეოპოლიტოკოს ფ. რატცელს წიგნში სახელმწიფოთა სივრცული ზრდის კანონების შესახებ” და ჰ.კისინჯერს წიგნში “დიპლომატია”). მაგალითისათვის რუსეთის და აშშ-ს იმპერიებიც გამოდგება. ორი გლობალური პირველადი ცივილიზაციის (ძალის) ურთიერთობის დასახასიათებლად ტერმინი ბალანსი ვერ გამოხატავს ამ მოვლენას. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გამოვიყენოთ ტერმინი ბალანსი-მდგომარეობა, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო გამოხატავს ორი ცივილიზაციის (ასევე იმპერიების შემთხვევაში) გლობალურ ურთიერთობას მუდმივად ცვლად სამყაროში მუდმივად ცვლად მოვლენებს შორის.

ა) ცვლადი ბალანსი-მდგომარეობა გლობალურ მასშტაბში ორ -სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციებს შორის არსებობს მაშინ, როდესაც მათ განმასახიერებელ გეოპოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს არავითარი შეთანხმება ან ხელშეკრულება და ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე, ძირითადად “შიდა ნახევარმთვარეში” (“სანაპირო ზოლში”) მყისიერად (დროებით) მყარდება (ან გადადის და გადმოდის) გავლენის ხაზი-პირობითი საზღვარი (დღევანდელი მსოფლიო).

ბ) მყარი ბალანსი-მდგომარეობა გლობალურ მასშტაბში ორ -სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციებს შორის არსებობს მაშინ, როდესაც მათ განმასახიერებელ გეოპოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს შეთანხმება ან ხელშეკრულება (მაგალითად იალტის ხელშეკრულება) და, ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე, ძირითადად “შიდა ნახევარმთვარეში” (“სანაპირო ზოლში”) მყარდება პირობითი საზღვარი.

გ) ქაოსური ბალანსი-მდგომარეობა გლობალურ მასშტაბში ორ -სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციებს შორის არსებობს მაშინ, როდესაც მათ განმასახიერებელ გეოპოლიტიკურ ძალიდან ერთი იმარჯვებს ბრძოლაში (და არა ომში) დროებით. სანამ მეორე ძალა არ დაიწყებს და არ აღადგენს გარკვეულ ბალანსს. (მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლიდან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნამდე, დაახლოებით 10 წელი, ასეთი მდგომარეობა იყო). ქაოსური ბალანსი, როგორც წესი, თავდაპირველად გადადის ცვლად ბალანსში, შემდეგ კი აქვს შესაძლებლობა გადავიდეს მყარ ბალანსში. ქაოსური ბალანსის პერიოდი - 1991-2001 წლები - ეს იყო პერიოდი, როდესაც დასავლეთის სტრატეგებს ეგონათ, რომ საზღვაო ცივილიზაციამ საბოლოოდ გაიმარჯვა და გლობალიზაცია (ნეოლიბერალიზმი) დაასრულებდა ამ პროცესს (დასავლეთის გეოპოლიტიკოსების აუარებელი ოპტიმისტური წიგნი ამის მაჩვენებელია, რაც გამოწვეული იყო სუბიექტური გეოპოლიტიკით - ცალმხრივი სტრატეგიით). ამ პროცესს მიესადაგება ლე შატელიე-ბრაუნის პრინციპი, რომლის მიხედვით გარე ზემოქმედება, რომელსაც გამოყავს სისტემა წონასწორობიდან, იწვევს მასში ისეთ პროცესებს, რომლებიც ცდილობენ ზემოქმედების შედეგის ნეიტრალიზებას. სისტემაში ყოველთვის წარმოიშობა გარეშე თანამდევი პროცესები, რომლებიც ცდილობენ დააბრუნონ ის წონასწორობის მდგომარეობაში. ეს საპირისპირო ძალა იწყებს მის დაბალანსებას დროის ფაქტორიალში (გლობალური ცვლადი ბალანსის რომელიმე მდგომარეობაში) თავდაპირველად განსაზღვრულ გავლენის ხაზზე. ხოლო შემდეგ - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებას არ გააჩნია სტატიკური წონასწორობა, მას აქვს მხოლოდ დინამიკური წონასწორობა.

აქ შეიძლება მავანს აღეძრას კითხვა - თუ გეოპოლიტიკა დუალისტურია და, შესაბამისად, გამორიცხულია ერთი ძალის საბოლოო გამარჯვება, მაშინ როგორ მოხდა, რომ ძველმა რომმა (იმ დროის სახმელეთო ცივილიზაცია) ბოლომდე და სამუდამოდ გაანადგურა კართაგენი? (იმ დროის საზღვაო ცივილიზაცია). საქმე ისაა, რომ ეს იყო ლოკალური ბალანსი დედამიწის ერთიან მასშტაბში. იმ პერიოდში დედამიწაზე ევროპელებისათვის არ იყო აღმოჩენილი კონტინენტები, უფრო მეტიც, მათ არ იცოდნენ ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთი მხარე. იმ პირობებში გლობალური ბალანსი ხმელეთისა და ზღვის ცივილიზაციებს შორის ვერ იარსებებდა. ლოკალური ბალანსის დროს დასაშვებია ერთი ძალის მიერ მეორის საბოლოო განადგურება. სხვათა შორის, გლობალური ბალანსის ჩარჩოებში ლოკალური ბალანსი გარკვეული ფორმით დღესაც დასაშვებია.

იმის შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტები და დედამიწაზე ფაქტობრივად აღარ დარჩა თეთრი ლაქები, ძალაში შევიდა გლობალური დუალიზმი და, შესაბამისად, გლობალური ბალანსი საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციებს შორის, ხოლო მას შემდეგ, რაც XX საუკუნის დასაწყისში (I მსოფლიო ომი) აშშ ჩაერთო ევრაზიულ საქმეებში, მან მიიღო პრაქტიკული სახე (და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ცივილიზაცია არსებობს), ანუ, შეიქმნა გლობალური ბალანსის საფუძველიც. ყოველივე ზემოთ თქმულიდან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

1. გლობალურ ბალანსში სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციების განუწყვეტელი დაპირისპირების პირობებში სამუდამო გამარჯვებული არ არსებობს.

2. რომელიმე ცივილიზაციის ერთპიროვნული გამარჯვება ბრძოლაში დროებითია და იწვევს საპირისპირო ცივილიზაციის კონსოლიდაციას პარიტეტის დასამყარებლად, რაც მყარდება დროის ფაქტორიალში.

სწორედ ამას ვერ იაზრებენ და უშვებენ შეცდომებს როგორც აშშ-ის (დასავლეთის), ასევე რუსეთ-ევროპის გეოპოლიტიკოსები, რადგან მათი საზღვაო და სახმელეთო გეოპოლიტიკა სუბიექტურია და ერთი მიმართულება გააჩნია (ფ. ფუკუიამა, ზ.ბჟეზინსკი, ა.დუგინი, კ.ჰაუსჰოფერი და სხვები).

6. გეოპოლიტიკაში მსოფლიოს ყველა სუბიექტის ძალის ვექტორი, განურჩევლად მათი ძალის, სიდიდის და მიმართულებისა, გლობალური პროცესების აპოგეის დროს დაიყვანება ორ საპირისპირო ჯამურ ძალაზე. მისი საფუძველია ძირეული სახმელეთო და საზღვაო ურთიერთდაპირისპირებული ძალები. მესამე, სხვა “ნეიტრალური” ძალა შეიძლება არსებობდეს დროებით ამ ორი ძირითადი ძალის ჭიდილის პირობებში, რომელიც იმოქმედებს შედეგიდან გამომდინარე. რადგან ეს ორი დუალისტური ძალა ყველაზე ძირეულია და პირველადი, ამიტომ სხვა წინაღმდეგობრივი ფაქტორები და ძალები, ისეთები როგორიც არის იდეოლოგია, ეთნოსი, რასა, რელიგია, კულტურა და სხვა, ზემოთ აღნიშნულთან შედარებით მეორეული და მესამეულია. ისინი გადამწყვეტი გლობალური მოვლენების დროს დაიყვანება ზემოთ აღნიშნულ ორ მთავარ - სახმელეთო და საზღვაო ძალამდე. იდეოლოგიას, ეთნოსს, რასას, რელიგიას, კულტურას და სხვა ფაქტორებს მათი ძირეულობის თვალსაზრისით დროის ფაქტორიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ,,ცვლადი” იერარქიული განლაგება აქვს.

აქედან წინ დგას ძალისმიერი და იდეოლოგიური ან შერეული გაერთიანება გეოპოლიტიკური სივრცეებისა. ამ ორიდან თუ ადრე ძალისმიერი მეთოდი დომინირებდა, მას შემდეგ რაც ატომური იარაღი გაჩნდა, წინა პლანზე გამოვიდა იდეოლოგიური მეთოდი გეოპოლიტიკური სივრცეების გლობალური მასშტაბით გასაერთიანებლად. გარკვეულ პირობებში მათი ორ მთავარ ძალამდე დაყვანა ხდება შესაბამისი იერარქიის მიხედვით. ყოველივე ზემოთქმული გეოპოლიტიკური კანონზომიერების სახეს ატარებს. აქედან კი შეიძლება შემდეგი დასკვნის გაკეთება: მსოფლიოს ერთპიროვნული ფლობა-ბატონობა შეუძლებელია. ანუ მსოფლიოს საყოველთაო, სრული გეოპოლიტიკური გლობალიზაცია შეუძლებელია ან შესაძლებელია მაქსიმუმ ორამდე (აქ იგულისხმება გეოპოლიტიკური სივრცის კონტროლი, ანუ სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სიმძლავრის გავრცელების საზღვრებით შექმნილი სივრცის კონტროლი). ამ თეორიის მართებულობის ნათელი მაგალითია სსრკ-ს დაშლის პროცესები იდეოლოგიის საფუძველზე, რის შედეგადაც თითქოს უნდა გამქრალიყო ყოველგვარი წინააღმდეგობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ ძირეული ხმელეთისა და ზღვის ცივილიზაციებს შორის მუდმივმა წინააღმდეგობამ ეს ძალები ისევ მტრულ დაპირისპირებულ ძალად დატოვა. ამჟამად როცა აშშ-დასავლეთი, დააბალანსა კონტინენტალურმა ევრაზიულმა რუსეთ-ჩინეთის ტანდემმა, სხვა წინააღმდეგობებმა (იდეოლოგია, ეთნოსი, რასა, რელიგია, კულტურა და სხვა ფაქტორები) უკანა პლანზე გადაიწია. აქ ჩანს ზუსტად ს. ჰანთინგტონის მოსაზრების სისუსტე. ის ვერ ჩადის ძირეულ, პირველად წინააღმდეგობამდე და ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორად, ცივილიზაციათა” შეჯახებას. ამას ქვეცნობიერად თვით ს. ჰანტინგტონიც აღიარებს, როცა ამბობს, რომ დასავლეთის პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ფორმულას დასავლეთი და დანარჩენი”.

კლასიკური გეოპოლიტიკის ახლებური ხედვის არსი და მისი დებულებებიდან გამომდინარე გლობალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნები

ჰ. მაკინდერის კლასიკურ გეოპოლიტიკაში” (უფრო სწორედ კლასიკური გეოპოლიტიკის სკოლებში - ანგლოსაქსური, გერმანული, რუსულ-ევრაზიული და სხვა) შერწყმულია ფ. რატცელის, ა. მეჰენის, რ. ჩელენის და სხვების ძირითადი გეოპოლიტიკური გააზრების ელემენტები, მაგრამ როგორც სუბიექტური გეოპოლიტიკა, ის მარჯვეა აღმავლობის გზაზე მდგომი იმპერიის სტრატეგიის შესამუშავებლად. ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნული დამატებითი თეზისების შექმნით, განსაკუთრებით ბალანსი-მდგომარეობის კატეგორიის შემოღებით და ზოგიერთი არსებულის სრულყოფით, კლასიკური გეოპოლიტიკა პრაქტიკულად აღარ იქნება სუბიექტური და არ იქნება დამოკიდებული, ზღვის ადამიანის” ან “ხმელეთის ადამიანის” შეხედულებაზე. გეოპოლიტიკა როგორც მეცნიერება მიიღებს უნივერსალურ და ობიექტურ სახეს. მას ექნება მომავლის გათვლის და განჭვრეტის გაცილებით დიდი შესაძლებლობები და საამისოდ მომართული თეორიული ბაზა. ის საშუალებას იძლევა ახსნას ნებისმიერი გეოპოლიტიკური მოვლენა და, რაც მთავარია, გაკეთდეს მოსალოდნელი მოვლენების სწორი პროგნოზი იმპერიის (სახელმწიფოს) ნებისმიერ ვითარებაში, განურჩევლად იმისა, აღმავლობის გზაზე იმყოფება თუ დაღმავლობის. ეს თეორია უკვე ორმხრივია, ის ერთიან სისტემაში აქცევს როგორც ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკას, ასევე ევროპულ კონტინენტალურ და ევრაზიულ გეოპოლიტიკას ახალი გეპოლიტიკური მოძღვრება იმდენად უნივერსალურია და დიდი შესაძლებლობების მქონე, განსაკუთრებით პროგნოზირების თვალსაზრისით, რომ როგორც კი დაიშალა სსრკ და აშშ გახდა ერთპიროვნული ჰეგემონი მთელ მსოფლიოში (განსხვავებით ოპტიმისტი ამერიკელი გეოპოლიტიკოსებისა, რომლებიც ფიქრობდნენ “ისტორიის დასასრულს”), ამ თეორიის საფუძველზე ჩვენ ველოდებოდით როდის შეიქმნებოდა ევრაზიის კონტინენტალური ძალა, რომელიც დაამყარებდა ცვლად ბალანსს დასავლეთის საზღვაო ძალასთან. როგორც კი შეიქმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და დაიდო ხელშეკრულება ძირითადად რუსეთსა და ჩინეთს შორის, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ეს ძალა შეიქმნა. 2001 წლიდან ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ დაიწყებოდა ცვლადი საბალანსო საზღვრის დასავლეთით თანდათანობითი გადანაცვლება. როგორც კი 2008 წელს მ. სააკაშვილი წამოეგო” რუსეთის პროვოკაციას, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ არსებული ცვლადი ბალანსის საზღვარი უფრო სწრაფად გადაინაცვლებდა დასავლეთისაკენ - ანუ რუსეთის „გათამამების“ პროცესი დაჩქარდებოდა. რასაც ის მოუნდებოდა 2-3 წელი, მოხდა ერთ კვირაში. ამ ომმა დააჩქარა ერთი მხრივ აშშ-ის ავტორიტეტის დაქვეითება, მეორე მხრივ რუსეთის თავის თავში დაჯერებულობა: მათი აზრით NATO-ს სტანდარტების ჯარის უმოკლეს დროში დამარცხების გამო და საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აღარ არსებული სამხედრო ბაზების სანაცვლოდ, ახალი სამხედრო ბაზების შექმნით აფხაზეთში და ცხინვალში.

დღეს ჩვენთვის ცხადია, რომ აშშ-მა კიდევ დაუშვა ერთი სერიოზული შეცდომა კუბასთან დაკავშირებით. ამჟამად ჩინეთმა აიღო თავის თავზე კუბის სტრატეგიული მნიშვნელობის გამოყენება (რაც მანამდე ებარა სსრკ-ს), რითაც კუბის პრობლემის მოგვარება, შედარებით უმტკივნეულოდ აშშ-ისათვის კარგა ხნით გადაიდო. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის გეოსტრატეგები ამოვარდნილი არიან გეოპოლიტიკური დროის კონტექსტიდან, რაც გამოიწვევს იმას, რომ აშშ-მა შეიძლება კიდევ მიიღოს 1963 წლის კარიბის ზღვის კრიზისის მაგვარი ამჟამად ჩინეთ-რუსეთის ტანდემისაგან. ეს საკითხი კი უნდა მოეგვარებინა აშშ-ს ბ. ელცინის მმართველობის (1992-2001) პერიოდში, ანუ მანამ, სანამ რუსეთი ფეხზე წამოდგებოდა და ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას დადებდა (რაც აგრეთვე აშშ-ის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო), იმ დროს თავად ჩინეთიც ასეთი ძლიერი არ იყო. ეს კი მათ გეოპოლიტიკოსებს აზრადაც არ მოსვლიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ეფუძნებოდნენ ცალმხრივ ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკას, სსრკ-ის დაშლა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და ჩათვალეს, რომ გლობალიზაცია თვითონ მოაგვარებდა ასეთ დარჩენილ პრობლემებს, მათი აზრით, მეორეხარისხოვანს. ამჟამად უკრაინა და ბელრუსი ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც მდებარეობენ ერთდროულად (მათზე გადის საზღვარი) ცენტრალურ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაში. მათი ევროპის არეალში (შესაბამისად NATO-ში) ჩართვის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის რუსეთის ნაწილი (კლასიკური გეოპოლიტიკის თეორიის თანახმად, საზღვაო ცივილიზაციამ რომ აკონტროლოს შუაგული მიწა”, აღმოსავლეთ ევროპის კონტროლია საჭირო, თუმცა კლასიკური გეოპოლიტიკის ახლებური ხედვით ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება). ანუ საზღვაო ცივილიზაცია მიადგა ძალზე საშიშ ზღვარს და აქედან მოდის რუსეთის (ევრაზიის კონტინენტალური ნაწილის) საშინელი გაღიზიანება. ის ცდილობს მაქსიმალურად დასავლეთისაკენ გადაიტანოს გამყოფი საზღვარი, ამიტომაც მიმდინარეობს ამჟამად უკრაინისთვის ბრძოლა და მისი გახლეჩის პროცესიც გარდაუვალია. ზავიც რომ დაიდოს, ის დროებითი და მყიფე იქნება. რუსეთი, როგორც კი ოდნავ მოძლიერდება, ისევ დაიწყებს გავლენის ზოლის დასავლეთისკენ გადაჩოჩებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასავლეთი გააგრძელებს, რუსეთის (ევრაზიის კონტინენტალური ნაწილის) გაუთვლელ” შევიწროებას, გეოპოლიტიკური კანონზომიერების გარდაუვალობა ამ შემთხვევაში გამოხატულობას პოვებს, რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენებაში, თუნდაც მთელი ცივილიზაციის განადგურების ფასად ან რუსულ-ჩინური სამხედრო კავშირის ჩამოყალიბებაში, რომელსაც შეუერთდება ირანი და სხვა ქვეყნები. ამ საფრთხეებს ხედავნენ და ხედავენ აშშ-ს მმართველი წრეები და ანალიტიკური წრეები, რაც გამოიხატება კორპ. რენდის ყოველწლიურ კვლევებში, რომლებშიც აშშ-ს მთავრობას ურჩევენ დაასუსტონ და გამოფიტონ რუსეთი ნელ-ნელა, ისე, რომ არ გამოიწვიონ მის მიერ ატომური იარაღის გამოყენება ყოველივე ზემოთ თქმული მიუთითებს, რომ გეოპოლიტიკური კანონზომიერებით გლობალიზაციამ (შესაბამისად მისმა ლიბერალურმა იდეოლოგიამ) მონდიალიზმის გავრცელების არეალის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და ზღვის ცივილიზაციის არეალი აითვისა, ანუ მივიდა ორამდე”, რის შემდეგაც წინ ვეღარ წავა - ან გაჩერდება, ან თანდათანობით უკან დახევას დაიწყებს.

ადამიანის, საზოგადოების დასაბამიდან დაწყებული, ინტეგრაციული პროცესები ყოველთვის მიმდინარეობდა, ხშირად ძალისმიერათაც. ინტეგრაცია ლათინური სიტყვაა და შეერთებას” ნიშნავს. ეს არის ნაწილების მთლიანობაში გაერთიანების პროცესი. ხოლო გლობალიზაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ინტეგრაციისა და უნიფიკაციის მსოფლიო პროცესი. გლობალიზაცია თუ ადრე ნაციონალური მეურნეობების ჯამი-ინტეგრაცია იყო, ახლა ტრანსნაციონალიზაციისა და რეგიონალიზაციის საფუძველზე მიისწრაფვის ერთიან მსოფლიო მეურნეობად გარდაქმნისაკენ. გლობალიზაციის იდეოლოგია დღეს ნეოლიბერალიზმია, რომლის ერთადერთი მეტოქე არის კომუნიზმის იდეოლოგიის ნარჩენები” და მოდიფიცირებული” რუსული ევრაზიული იდეოლოგია. გლობალიზაციის გაჩენა და დაჩქარებული განვითარება გამოიწვია კაპიტალისტური სისტემის იმ სტადიაში გადასვლამ, როდესაც ჩამოყალიბდა ტრანსნაციონალური კაპიტალი (ტრანსნაციონალური ბანკები და კომპანიები), როდესაც შეიქმნა ტრანსნაციონალური კაპიტალისტების ფენა, გლობალური საზოგადოება (მსოფლიო მოქალაქე); რომელთა ინტერესები გამორიცხავდა, ყოველგვარ სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და სხვა ბარიერებს. თუ მათ აშშ-ის დომინირებით მსოფლიო წესრიგი სჭირდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალიზაციამ მთელი მსოფლიო მოიცვას. ამიტომ იღებს სათავეს აშშ-ში, მსოფლიო კორპორაციების დიდი უმრავლესობა. შესაბამისად გაჩნდა ზენაციონალური ორგანიზაციები და სისტემები. მსოფლიო ბანკის განმარტებით, გლობალიზაცია არის გარდაუვალი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. მას შემდეგ რაც ჩინეთ-რუსეთის კავშირმა (ევრაზიულმა კონტინენტურმა კავშირმა), დააბალანსა აშშ-დასავლეთი, გლობალიზაციის პირდაპირი განვითარება შეფერხდა და დღეს ლაპარაკია პოსტგლობალიზაციის პერიოდზე. შეჩერდა გეოპოლიტიკური გლობალიზაცია რუსეთის, ჩინეთის და ისლამური სამყაროს მიმართულებით. რუსეთის გეოპოლიტიკურმა ცენტრებმა უარჰყვეს გლობალიზაციის პროცესი და იგი ამერიკა-დასავლეთის კოლონიური ფორმის შენიღბულ ფორმად მიიჩნიეს, როგორც ერთიანი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური კოდის (უნიფიკაციის) თავს მოხვევის მოდელი ყველა სახელმწიფოზე და ხალხზე. ევრაზიულ საფუძვლებზე ამავე ცენტრებმა დასახეს მსოფლიოს მრავალპოლუსიანი მოწყობის პროგრამა (რაც “ხმელეთის ცივილიზაციის” გამოხატულებაა და პასუხია), ასევე წამოაყენეს პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციისა და რუსეთის არსებული საზღვრების გადახედვის თეზისი; მიზნად დაისახეს კატეგორიული წინააღმდეგობის გაწევა NATO-ს გაფართოებისა და ცივილიზაციის საზღვაო” სტილის დანერგვისა. იმთავითვე ჩანდა, რომ სახმელეთო ცივილიზაცია დასავლურ ლიბერალიზმს წინ აღუდგებოდა, კონსერვატულ (ტრადიციული) - სოციალური მიმართულების რამდენიმე იდეოლოგიით, რომლებიც უფრო მისაღები იქნებოდა სხვადასხვა ხალხების ფართო მასებისათვის. ამ მასის გაზრდისათვის წინ წამოიწია, “ოქროს მილიარდის”, მსოფლიო მთავრობის”, “მდიდარი ჩრდილოეთის” (სადაც საჭირო იქნება), სოციალური სამართლიანობის”, “მშრომელი ხალხის სოლიდარობის-ექსპლოატაციის წინააღმდეგ”, აშშ-ის მიერ საკუთარი კეთილდღეობისათვის მსოფლიო რესურსების დიდი უმრავლესობის გამოყენების შესახებ”, და სხვა შესაბამისი თემების პროპაგანდა. საინფორმაციო ომის წარმართვისთვის კი რუსეთსა და ჩინეთს მძლავრი საშუალებები გააჩნიათ როგორც ტექნოლოგიური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რაშიც ვგულისხმობთ რუსეთისა და ჩინეთის კანონებში მოქცეულ საინფორმაციო შეუღწევადობას” (რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება), დასავლეთის ლიბერალურ “საინფორმაციო შეღწევადობას” და მათ შორის დაკანონებულ კორუფციას” ლობიზმის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ კონტინენტალური ცივილიზაცია საბოლოო ჯამში თავის ერთიანობაში მოიაზრებს მთელ ევროპასაც (აშშ-ის დასუსტების კვალობაზე). გერმანია-საფრანგეთი, მათი აზრით, არის ევრაზიის კონტინენტური გაგრძელება ასეთი ქვეყნები უმრავლესია ევროკავშირში და უპრიანია ისინი იყვნენ არა ამერიკასთან ალიანსში, არამედ ევრაზიულ გაერთიანებაში (ევრაზია დუბლინიდან ვლადივასტოკამდე).

ცხადია, ასეთ პერსპექტივას ანგლოსაქსური სამყარო უპირისპირდება მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით.

საინტერესოა, რომ იგივე კორპორაცია რენდის 1922 წლის გასაიდუმლოებულ კვლევაში, გერმანიის ეკონომიკის დასუსტება და მისთვის რუსეთთან და ჩინეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირის გაწყვეტა უკრაინის ომის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად არის გააზრებული, ამ კვლევის გასაჯაროებას დასავლეთში დიდი სკანდალი მოჰყვა, ხოლო რენდმა უარჰყო, რომ ეს კვლევის ავთენტურობა, თუმცა სეიმურ ჰერშის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების შემკვეთების შესახებ, საზოგადოების ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა - უბრალოდ ეს მოვლენები ძალიან მტკიცე ლოგიკურ ბმაში არიან და ზუსტად შეესაბამებიან ზღვის ცივილიზაციის მოქმედების ალგორითმებს, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

გლობალიზაციის გავრცელების პროცესები დასავლეთის გეოპოლიტიკოსების (შესაბამისად საზოგადოების) შემეცნებაში აისახა გააზრების სამ ტალღად. ჯერ კიდევ 1992 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პ. ვოლფოვიცმა სსრკ-ის დანგრევის შემდეგ წამოაყენა სტრატეგიული თეზისი ევრაზიის დამოუკიდებელი პოლიტიკის აღარ დაბრუნებისა”. პირველად იყო ოპტიმიზმი”, რომლის მკაფიო გამოხატულება იყო ფ.ფუკუიამას ისტორიის დასასრული”, რომელიც მოყვა სსრკ-ს დაშლას და რომელიც ემყარებოდა გ.ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ისტორია მიაღწევს რა განსაზღვრულ მიზანს, ის ამოწურავს თავის შინაარსს. თავის დროზე კ.მარქსმა ეს თეზისი გამოიყენა საწარმოო ძალების დიალექტიკური განვითარების ახსნისას, რომელიც უნდა დამთავრებულიყო მსოფლიო რევოლუციებით (მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის იღწვოდა ლ.ტროცკი), რომ დამყარებულიყო კომუნისტური ფორმაცია, როგორც საზოგადოების განვითარების ბოლო სახე. გ. ჰეგელის ამავე თეზისის საფუძველზე რუსული წარმოშობის დიდი ფრანგი ფილოსოფოსი ა.კოჟევი მიიჩნევდა, რომ ისტორია შეიძლება დამთავრდეს მთლიანად მთელ პლანეტაზე ლიბერალური კაპიტალიზმის, საბაზრო და ბურჟუაზიული დემოკრატიის გამარჯვებით. ფ. ფუკუიამა თვლიდა, რომ აღსრულდა ა.კოჟევის ვერსია, გ.ჰეგელის გააზრებისა (შემდგომში ფ.ფუკუიამამ აღიარა, რომ ის მეტად ოპტიმისტი გახლდათ. ზოგადად ფრენსის ფუკუიამა ცნობილია თავისი აუხდენელი პროგნოზებით).

ჯერ კიდევ 2008 წელს დ. იგნატიუსთან ინტერვიუში ზ.ბჟეზინსკი ამბობდა: ,,...ეს ბოლო იმპერია, უზარმაზარი ტერიტორიით დაიშალა და სავარაუდოდ საბოლოოდ…” ანალოგიურ შეცდომას უშვებს ჟ.ატალიც და სხვებიც. მაგალითად თ. ფრიდმანი ამტკიცებს, რომ თუ ვინმე ეცდება გაექცეს გლობალიზაციას, ის გადაიხდის დიდ ფასს ტექნოლოგიური ჩამორჩენის, ეკონომიური სტაგნაციის, საერთაშორისო თანამეგობრობაში მარგინალიზაციისა და ბოლოს თავის ნებით ან საზოგადოების ზემოქმედებით” შესვლისა გლობალურ პროცესებში. იგი თვლიდა, რომ ამის მცდელობა წინასწარ განწირული იყო და ამიტომ გლობალიზაციას არა აქვს ალტერნატივა. გლობალიზაციის ხოტბა-დიდებას და უალტერნატიობა ქადაგებდა ჯ. ბჰარავაც და მრავალი სხვა ოპტიმისტი” გეოპოლიტიკოსი. მათი აზრით გლობალიზაცია უკვე ფაქტია და დარჩა მხოლოდ ტექნიკური დამამთავრებელი საკითხები.

ერთპოლუსიანი გლობალური მსოფლიო სტრუქტურა, როგორც ზღვის ცივილიზაცია”, გამოიწვევს “ხმელეთის ცივილიზაციის” მარგინალიზაციას და ფრაგმენტაციას, ანუ მის სრულ გამორიცხვას. აქედან გამომდინარე, საზღვაო ცივილიზაცია” იცვლის არსობრივ შინაარსს და ხდება სრულიად “ახალი” ვიდრე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ხმელეთი. სრული გლობალიზაციის სტადიაში ატლანტიზმი შეწყვეტს მსოფლიოს განხილვას კლასიკური გეოპოლიტიკის დუალიზმის ფუნდამენტური კანონით და ეცდება გლობალური სისტემა აღწეროს ახალი გაგებითა და ტერმინებით. რადგან გლობალურ სისტემაში იცვლება თვით ზღვის ცივილიზაციის” იდენტურობა, რომელიც ხდება გლობალური ცენტრი და არა დუალისტური ცივილიზაციიდან ერთ-ერთი, ის ხდება გლობალური და ერთიანი.

ეს არის პოსტ-ზღვის ცივილიზაცია, რომლის გეოპოლიტიკურ ანალიზს ახდენს პოსტ-გეოპოლიტიკა”. იგი აღარ განიხილავს ხმელეთის ცივილიზაციას”, ზღვის ცივილიზაციის” ალტერნატივად და საპირწონედ. ეს კარგად ჩანს თ. ბარნეტის წიგნში პენტაგონის ახალი რუკა” , სადაც ლაპარაკიც კი არ არის ხმელეთის ცივილიზაციაზე”. ამ ნაშრომის მიხედვით გლობალიზებულ ერთპოლუსიან მსოფლიოს აქვს ცენტრი და ფენებად განლაგებული (ინტეგრაციის დონიდან გამომდინარე) პერიფერიები.

ცენტრში განთავსებულია სრულად ინტეგრირებული აშშ, ევროპა და იაპონია. ნაწილობრივ ინტეგრირებულ პერიფერიად მიჩნეულია ევრაზია, ლათინური ამერიკა და აფრიკა. უკიდურესი ფენაა ე.წ. გამორთული ზონა-ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ვენესუელა, კუბა და ბოლივია. ცენტრიდან პერიფერიებისაკენ განზიდულია ინდუსტრია და მრავალი ჭუჭყიანი” ტექნოლოგიური პროცესი, ცენტრში კი რჩება ფულადი რესურსებით მართვის კონტროლი, სამეცნიერო ცენტრები, ახალი ტექნოლოგიების შექმნისა და ცივილიზაციური და კულტურული მონაპოვრების მოდერნიზაციის პირობები და სხვა. ცენტრის ურთიერთობა პერიფერიებთან (ანუ მათი კონცეპტუალური მართვა) ხდება ისეთი სტრატეგიით, რომ პერიფერიიდან ცენტრისაკენ მიმართულია მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების ნაკადი (სასარგებლო წიაღისეული, ენერგორესურსები, სამრეწველო საქონელი, ტვინები”, მუშახელი და სხვა), რომლებიც აკუმულირდება ცენტრში და ხდება მმართველი ელიტის მონაპოვარი. ამასთან ცენტრიდან პერიფერიებისაკენ შემუშავებულია კოდის გავრცელების ასეთი მექანიზმი: პერიფერიებში ვრცელდება იგივე წესები და ნორმატივები, რომლებიც მოქმედებენ მისსავე შექმნილ ცენტრში, რადგანაც ეს ფაქტორები მანვე დახვეწა და გამოიყენა თავისი ისტორიული განვითარების სვლისთვის, შესაბამისად იცის მისი ცვლილების კონტროლი. მაგრამ სანამ ეს კოდი პერიფერიებში აისახება, ცენტრში მიმდინარეობს ახალი ხარისხობრივი წინსვლა და ის ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით” უსწრებს წინ პერიფერიებს უახლესი მეცნიერული, ტექნოლოგიური, ეკონომიური, სოციალური, კულტურული და სხვა მონაპოვრით, რაც ცენტრის მიმართ მუდმივად დამოკიდებულს ხდის მას. ამ კოდის გადაცემის პერიოდში ცენტრს უკვე გააჩნია და დანერგილი აქვს ახალი ხარისხოვანი წინსვლა. ეს პროცესი მუდმივია და თეორიულად დაუმთავრებელი. პერიფერიებიდან ცენტრისკენ წამოსული საპირისპირო ნაკადები მიიღება იქამდე, სანამ არ იქნება სრულად ინტეგრირებული სოციალურად, პოლიტიკურად, კულტურულად და ეკონომიურად, ანუ სანამ არ იქნება ასიმილირებული პოსტ-ზღვის ცივილიზაციის” ჩარჩოებში.

პოსტ-გეოპოლიტიკას განეკუთვნება ო’ტუატაილის და ეგნიუს ე.წ. კრიტიკული გეოპოლიტიკაც”. ის ამ სერიის თეორიებიდან იმით გამოირჩევა, რომ აქაც სხვა” საერთოდ არ არსებობს, რადგან ის სავალდებულოა, როცა არის ,,მე”. მაგრამ თუ უარვყოფთ ყოველგვარ იდენტურობას საერთოდ, როგორც ამას გვთავაზობს პოსტმოდერნისტული ფილოსოფია, მაშინ იკარგება მოთხოვნილება ,,სხვაზეც”. ასეთი მიდგომით ზღვა გადარეცხავს ხმელეთს და მათ შორის განსხვავება აღარ იქნება. გლობალური საზოგადოება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შემოიყვანოს შენში” ყველა წინააღმდეგობა, აქციოს ის შინაგან პრობლემად და ისწავლოს ცხოვრება მათთან ერთად, შემეცნების გახლეჩილ მდგომარეობაში (ეს არის ფილოსოფოს ჟილ დელეზის იდეები, რომელმაც დაამუშავა შიზოფრენული ყოფიერების” თემატიკა, რომლის თანახმადაც შემეცნების გახლეჩა ითვლება ახალი საზოგადოების ნორმად და არა პათოლოგიად.) მათ ოპტიმიზმს ამ მხრივ არავითარი საფუძველი არა აქვს. ეს გეოპოლიტიკოსები ვერ ჩაწვდნენ პრობლემის არსს და სიღრმისეულად ვერ გაიაზრეს კლასიკური გეოპოლიტიკა, აქედან მომდინარეობს მათი პრიმიტიული ოპტიმიზმიც. ამას მოყვა მეორე ტალღა - სკეპტიციზმი, რომლის მკაფიო გამოხატულება იყო ამერიკელი გეოპოლიტიკოსის ს.ჰანთინგტონის ცივილიზაციათა შეჯახება”. გლობალიზაციის შეფასებაში ის წინ წევს იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლიან გლობალიზაციას. მისი აზრით, მსოფლიო სივრცის იდეოლოგიური ნიშნით გაყოფის დასასრულს ავტომატურად არ მივყავართ მსოფლიოს სრული ინტერგრაციისაკენ, ერთიან სოციალურ-პოლიტიკურ სისტემამდე, როგორც ამას აღწერენ ჰიპერგლობალისტები. მან კარგად იცის, რომ ახალი სიტუაცია არ იქნება უბრალო დაბრუნება ვესტფალიის სისტემაზე. ნაციონალური სახელმწიფოების მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში ჯერ კიდევ დარჩება, ამასთან ის აღიარებს დასავლეთის გამარჯვებას “ცივ ომში” და აშშ-ის ერთპიროვნულ ლიდერობას პოლიტიკური, ეკონომიური და სამხედრო თვალსაზრისით. მისი ჰიპოთეზით, ორპოლუსიანი სამყაროს დაცემის შემდეგ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან ახალი მოთამაშეები ცივილიზაციები” (არა ბლოკები ან ნაციონალური სახელმწიფოები), რომლებიც განსაზღვრავენ ახალი მსოფლიო წესრიგის სტრუქტურას. ამ ტერმინში იგი მოიაზრებს ზენაციონალურ, კულტურულ-რელიგიურ დიდ სივრცეს”, რომელიც გაერთიანებულია საერთო ისტორიული ფესვებით (უფრო ხშირად რელიგიით), ერთგვაროვანი სოციალური და ეკონომიური წყობით და საერთო კოლექტიური იდენტურობის ფლობით (ა. დუგინის აზრით, დღევანდელი წარმოდგენით ცივილიზაციის” ასეთი განსაზღვრება თავისი ძირითადი მონაცემებით, ასოცირდება იმპერიასთან, თუმცა ჩვენი აზრით ამ ორ ცნებას, მხოლოდ მცირე შეხების წერტილი აქვს. ეს სავარაუდოდ, მომდინარეობს იქიდან, რომ რუსი გეოპოლიტიკოსები რუსეთს განიხილავენ ცალკე ცივილიზაციად და არა - იმპერიად, რაც არასწორ შეხედულებად მიგვაჩნია). ს.ჰანთინგტონი ასეთ ცივილიზაციებად (რომლებიც იქნებიან მთავარი აქტორები) თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მიიჩნევს ამერიკულ-ევროპულ; აღმოსავლეთ-ქრისტიანულ (სლავურ მართლმადიდებლური); კონფუციანურ (ჩინური); ისლამურ; ინდუისტურ; იაპონურ და კიდევ შესაძლო ცივილიზაციებს-ლათინურამერიკულსა და აფრიკულს (ტრანსსაჰარა) .მრავალპოლუსიან სამყაროში, ჩვენი აზრით არა ს.ჰანთინგტონისეული ცივილიზაციები შექმნიან ძირითად პოლუსებს, არამედ მძლავრი იმპერიები (თანამედროვე კოლონიებით) თავიანთი გავლენის სფეროებით და უფრო დემოკრატიული, ევროკავშირის ტიპის გაერთიანებები (რომელიც ჩვენი აზრით, მომავალში შეფარულ გერმანული იმპერიის სახეს მიიღებს), ასევე რომელიმე მძლავრი პოლუსის სტრატეგიული მოკავშირე ნაციონალური სახელმწიფოები. რუსეთის ევრაზიული გეოპოლიტიკა (მათ შორის რუსი გეოპოლიტიკოსი ა. დუგინი), მსოფლიოს მომავალ მრავალპოლუსიან სამყაროს მოდელს, განიხილავს კ.ჰაუსჰოფერის ოთხპოლუსიანი სამყაროს ვერსიის თეზისზე დაყრდნობით. ცხადია, ის რუსეთისათვის ყველაზე მომგებიანად, ანუ მისთვის სასარგებლოდ ჭრის და ანაწილებს მსოფლიო ტორტს” (აქ მის, როგორც “ხმელეთის” გეოპოლიტიკოსის, სუბიექტივიზმს ემატება რუსული ნაციონალიზმი). იგი ოთხი მსოფლიო ზონიდან ერთ ზონაში ათავსებს ამერიკის ორივე კონტინენტს, რომელსაც განიხილავს აშშ-ის სტრატეგიული კონტროლის ზონად (როგორც იყო მონროს დოქტრინის შემდეგ და რომელმაც პიკს მიაღწია XX საუკუნის დასაწყისისათვის). ამ ზონაში გამოყოფს 2-3 დიდ სივრცეს: აშშ-კანადას, როგორც ახლო მყოფ სახელმწიფოებს, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით განიხილავს ერთიან სივრცედ.

ლათინურ ამერიკის სახელმწიფოებს, იმავე ნიშანთა საფუძველზე, განიხილავს მეორე ერთიან სივრცედ. ამ სივრციდან ის შესაძლებლად მიიჩნევს გამოყოს მესამე სივრცე, რომელიც არ არის (ან ნაკლებად არის) ინტეგრირებული აშშ-სთან. ანუ, ქმნის თავის დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ არეალს. ასეთი შეიძლება იყოს კუბა, ვენესუელა, ბოლივია, შესაძლებელია ბრაზილია, ჩილე და სხვა.

შემდეგ ზონად დუგინი მიიჩნევს ევრო-აფრიკას, რომლის პოლუსია ევროკავშირი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიური ლიდერი ამ ზონისა, ამასთან კონტინენტური ორიენტაციის უპირატესობით. ანუ სადაც შესუსტებულია ტრანსატლანტიკური კავშირები (ან საერთოდ გაწყვეტილია) და ევროკავშირის მთელი სტრატეგიული ინტერესები მიმართულია სამხრეთისაკენ (და არა აღმოსავლეთისაკენ). ამ ზონაში გამოიყოფა სამი დიდი სივრცე: თვითონ ევროკავშირი, არაბული სივრცე და ტრანსსაჰარა (შავი აფრიკა). შემდეგი ყველაზე დიდი საკვანძო ზონაა ევრაზია, სადაც პოლუსი იქნება რუსეთი (HEARTLAND). მასთან ერთად ამ ზონაში შევა მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრები: თურქეთი (თუ ის აირჩევს ინტეგრაციის ევრაზიულ და არა ევროპულ გზას), ირანი, ინდოეთი და პაკისტანი. აქ საქმე გვაქვს რამდენიმე “დიდ სივრცესთან”, რომლებსაც გააჩნიათ გადაფარვის არეალები. რუსულ-ევრაზიული “დიდი სივრცე” მოიცავს რუსეთის ფედერაციას, თანამეგობრობის ქვეყნებს (ალბათ პირველ ეტაპზე). რაც შეეხება ავღანეთს, ეს არის გეოპოლიტიკური წერტილი, რომელზეც ზეწოლას ახდენს ყველა რეგიონალური ცენტრი (თურქეთის გარდა).

მეოთხე ზონა წარმოადგენს წყნარი ოკეანის რეგიონს, სადაც პოლუსზე პრეტენზიას აცხადებს ორი სახელმწიფო ჩინეთი და იაპონია. ჩინეთი თვითონვე სივრცეა, მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ დიდი ჩინეთის” კონცეფციას (სადაც შედის ასევე ტაივანი, სინგაპური და ჰონკონგი), ხოლო იაპონიას გააჩნია ყველა მონაცემი, რათა შექმნას თავის გარშემო “დიდი სივრცე”, როგორც მძლავრი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სტრატეგიული ცენტრი. ცივილიზაციებს შორის ს.ჰანთინგტონი წინასწარმეტყველებს კონფლიქტებს, დაპირისპირებებს და არა მშვიდობიან და უპრობლემო ინტეგრაციას. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე ის ურჩევს დასავლეთს, ყურადღება გაამახვილოს, თავისი ლიდერობის გაძლიერების მიმართულებით და არა ძალების დახარჯვით ყველას ნაადრევი გაერთიანების მცდელობაზე. ის რეკომენდაციას იძლევა უპირველესად გაამაგრონ ატლანტიკური თანამეგობრობა, უფრო მჭიდროდ მოხდეს სტრატეგიულად და ეკონომიურად აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების (ევროკავშირი) ინტეგრირება და მხოლოდ ამის შემდეგ (გარდაუვალი ძველი კონფლიქტების შემდეგ), როდესაც დანარჩენი “ცივილიზაციები” საკმარისად დასუსტდებიან და დაიქანცებიან ურთიერთ შეჯახებებისაგან, გადავიდნენ გლობალური სამყაროს აშენებაზე, რომელსაც დასავლეთი გააკონტროლებს. ანალოგიურად, ამ თვალსაზრისით სკეპტიციზმითაა გამსჭვალული სხვა გეოპოლიტიკოსთა ანალიზიც. მაგალითად ს.კრასნერის აზრით, იდეოლოგიური ცივი ომის შემდეგ ისევ ნაციონალური სახელმწიფოები ითამაშებენ წამყვან როლს მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ მათ შორის დამოკიდებულება აიგება სხვა პრინციპებზე. მსოფლიო თანამეგობრობაში მისაღებად ისინი ვალდებული იქნებიან იყვნენ დემოკრატიულები, საბაზრო ეკონომიკით და დაიცვან “ადამიანის უფლებები”, ამასთან რეგიონული სტრატეგიის გატარებისას შეეძლებათ მიყვნენ თავიანთ ნაციონალურ ინტერესებს. ბოლოს ამ პრინციპებზე მივიდა ფ.ფუკუიამაც თავის ახალ წიგნში “სახელმწიფო მშენებლობა, მართვა და მსოფლიო წესრიგი XXI საუკუნეში”. ახალ დასკვნამდე ის მივიდა მას შემდეგ, როცა გადახედა თავის შეხედულებებს, ნაციონალური სახელმწიფოების სწრაფად გაქრობის შესახებ. ახლებური გააზრებით, მსოფლიოს სრულ ინტეგრაციამდე საჭიროა აშენდეს მდგრადი სისტემა ძლიერი ლიბერალურ-დემოკრატიული ნაციონალური სახელმწიფოებისა (აქ მან უკვე მეორედ დაუშვა შეცდომა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას არ გააჩნია გეოპოლიტიკის ზუსტი თეორიული ბაზისი. ის მხოლოდ დროში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აკეთებს “ფოტო-ანალიზს”). ასევე კრიტიკულად უყურებენ გლობალიზაციას, განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით პ.ჰერსტი და გ.ტომპსონი თავიანთ წიგნში “გლობალიზაცია კითხვის ნიშნით. საერთაშორისო ეკონომიკა და მართვის შესაძლებლობა” . სხვ. გეოპოლიტიკოსებიც სკეპტიკურად უყურებენ გლობალიზაციის მომავალს, მის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ასპექტებს. საბოლოოდ სკეპტიკოსები გლობალიზაციას მიიჩნევენ ნაადრევ, ნეგატიურ და ამორალურ მოვლენად. სკეპტიკოსების პოზიცია გლობალიზაციის მიმართ განსაკუთრებით გამყარდა 1990-ანი წლების ბოლოდან, როდესაც მრავალი ადამიანისთვის ცხადი გახდა, რომ “ისტორიის დასასრული” არ დადგა, რომ რეგიონალური ინტეგრირება (მაგალითად ისლამური ფუნდამენტალიზმი) არ მომკვდარა, რომ ევრო-ამერიკული მოდელი ეკონომიკისა, პოლიტიკისა და კულტურისა, როგორც გლობალიზაციის ნორმატიული მოდელი ვერ მოახვიეს თავს არა მარტო რუსეთს და ჩინეთს, არამედ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც. გლობალიზაციის გააზრების მესამე ტალღა იყო “ტრანსფორმაციონისტების” კომპლექსური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მათი აზრით, გლობალიზაცია ძალზე რთული და მრავალპლასტიანი პროცესია, რომელშიც ერთმანეთის პარალელურად შეიძლება განვითარდეს ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციები. ამასთან ერთად ისინი, სკეპტიკოსებისაგან განსხვავებით, გლობალიზაციის გაშლა-გაფართოებას რეალობად და კეთილდღეობად მიიჩნევენ. თვითონ ტერმინი ტრანსფორმაციონიზმი” მიუთითებს, რომ მსოფლიო საზოგადოებაში მიმდინარეობს რეალური და შეუქცევადი ტრანსფორმაცია, რომლის მსვლელობისას იცვლება საბაზისო სტრუქტურები: საზოგადოების, პოლიტიკის, სოციალური ანთროპოლოგიის და სხვ. კემბრიჯის ტრანსფორმაციონისტები, ისეთები, როგორებიც არიან ულრიხ ბეკი (ისევე, როგორც ჰიპერგლობალისტები) ამტკიცებენ, რომ დღეს ხდება კოლოსალური გლობალური ენერგიის კონცენტრაცია გარკვეულ სფეროებში, ამასთან (განსხვავებით ჰიპერგლობალისტებისაგან) ისინი თვლიან, რომ საქმე ეხება არა მთლიან შერწყმას და ერთგვაროვანი საზოგადოების აშენებას პლანეტარულ მასშტაბში, არამედ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომლის კონტურები ჯერ კიდევ არ შემოხაზულა. მაშასადამე, გლობალიზაცია ასევე არ ნიშნავს მსოფლიო სახელმწიფოს ან, უფრო ზუსტად, მსოფლიო საზოგადოებას მსოფლიო სახელმწიფოსა და მსოფლიო მმართველობის გარეშე. გლობალურად დეზორგანიზებული კაპიტალიზმი მუდმივად ვრცელდება. რადგან არ არსებობს ჰეგემონური ძალა და საერთაშორისო რეჟიმი, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური. კაცობრიობა იმყოფება ტრანსფორმაციის პროცესში და სად მიგვიყვანს ეს პროცესი, არავინ იცის. თუმცა გამოიკვეთა ერთი რამ: ახალი მსოფლიო წესრიგი აშენდება ერთი ქვეყნის “სოციალური სტრატიფიკაციის” ახალი მოდელიდან საზოგადოების გლობალიზაციაზე ამერიკელ-დასავლელი გეოპოლიტიკოსების შეხედულებების მთელი ეს ტრანსფორმაცია (სამი ტალღა) კარგად ჩანს ცნობილი გეოპოლიტიკოსის ზ.ბჟეზინსკის 1997 წლიდან 2012 წლამდე დაწერილ წიგნებში: “დიდი საჭადრაკო დაფა”, არჩევანი”, “კიდევ ერთი შანსი” და “სტრატეგიული ხედვა”. ამ ნაშრომების მიხედვით ნათელია, თუ როგორ იცვლება (მცირდება) თანდათან მისი ოპტიმიზმი აშშ-ის ძლევამოსილებაზე. ავტორი აღნიშნავს რა პრეზიდენტების მიერ დაშვებულ შეცდომებს, მიდის გარკვეულ პესიმიზმამდე და თვით რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობამდე. მანამდე მას მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ზღვისა და ხმელეთის ბრძოლა მისულიყო ლოგიკურ დასასრულამდე, ჩაეკეტათ შუაგული მიწა”, ანუ რუსეთი, ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონაში, დაენაწევრებინათ და გადაექციათ “შავ ხვრელად”, რის შემდეგაც გზა მსოფლიო ბატონობისაკენ იქნებოდა მთლიანად გახსნილი, კლასიკური გეოპოლიტიკის ყველა ვარიანტის თვალსაზრისით. ეს არის კლასიკური ნიმუში გეოპოლიტიკის სუბიექტური (ამ შემთხვევაში ზღვის- ანგლოსაქსური სკოლის) ანალიზისა.

გაგრელება იქნება