ირაკლი ოქრუაშვილი ბრძოლას აგრძელებს

ირაკლი ოქრუაშვილი ბრძოლას აგრძელებს

ზუსტად ორი წლის წინ, ა.წ. უკვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი განუდგა ხელისუფლებას და დიდ საპროტესტო ტალღის აგორებას დაუდო საფუძველი.

თუმცა ირაკლი ოქრუაშვილს დიდხანს ვერ დასცალდა ოპოზიციის რიგებში ყოფნა, რადგან პარტიის დარსებიდან ორი დღის შემდეგ, იგი დაპატიმრეს.

„დაიწყო მასობრივი დევნა და რეპრესიები", - ასე იხსენებდნენ მისი თანაგუნდელები განვლილ ორ წელს.

გუშინ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" იუბილემ ტორტის გარეშე ჩაიარა, სამაგიეროდ მრავლად იყო პოლიტიკური შეფასებები.

ტორტის ნაცვლად, აქციას 9 აპრილის, 15 ივნისისა და 26 მაისის აქციების ამსახველი ფოტოები ამშვენებდა. ოპოზიციური პარტიები განვლილ ორ წელს დადებითად აფასებენ. მათი თქმით, არ შეიძლება დიდ გამარჯვებად არ ჩაითვალოს 116 დღე აქციაზე დგომა. აქვე იმასაც ამბობდნენ, რომ ტაიმ-აუტი არ აუღიათ და პარტიის რიგებში აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას.

"ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ვართ ამაყნი, რომ დავრჩით იმ პრინციპებზე, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია", - ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და იგი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი არ დასრულდება.

პოლიტიკურ შეფასებებს გუშინ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებიც აკეთებდნენ.

იუბილარი პარტიის ლიდერის გამოსვლის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა მიმართა. მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს უკანდახევას და ბოლომდე იბრძოლებს ტირანული ხელისუფლების დასამარცხებლად. მისი აზრით, ოპოზიცია ამას აუცილებლად მიაღწევს და ამაში ერთიანობაა საჭირო.

დავითაშვილის გამოსვლის შემდეგ, პარტიის მოღვაწეობა შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, ამ პოლიტიკურმა პარტიამ მისცა დასაბამი უდიდეს მოძრაობას, რომელმაც ფარდა ახადა საკაშვილის უსირცხვილო რეჟიმს. გაჩეჩილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და გრძელდება სამართლიანობის აღდგენამდე.

"უდიდესი ენერგეტიკა, რომელიც ბრძოლაში იყო, არსად დაიკარგება და ჩვენი ბრძოლა დაგვირგვინდება როგორც სამართლიანი ბრძოლა, უსამართლობის წინააღმდეგ. მიუხედავად ჩაგვრისა და დევნისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო მიზნებისათვის", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ამავე მოძრაობის წევრმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. იგი მოკლედ შეეხო ოპოზიციის მომავალ გეგმებს და საზოგადოების ყურადღება გუანტანამოს ციხიდან პატიმრების გადმოყვანას მიაპყრო. მან საზოგადოებას ურჩია, რომ სანამ ურემი გადატრიალდება, მანამდე მიიღოს ზომები.

"ეს არის მცდელობა, რომ საქართველო ალ-ყაიდას დაამსგავსოს, აქ ხშირად მოეწყოს ტერაქტები. ამიტომ, სჯობს, დროზე ამოვიღოთ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ", - განაცხად ხაინდრავამ.

კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა აქციაზე მოგვიანებით გამოჩნდა და შესაბამისად საზოგადოებისთვის არ მიუმართავს. მან კომენტარები ჟურნალისტებს ჩამოურიგა.

"ეს შენობა არის სიმბოლური და იგი არის ნგრევის სიმბოლო. აქ ორი წლის წინ სიცოცხლე ჩქეფდა და დიდი რიგები იდგა პარტაში გასაწევრიანებლად. სააკაშვილმა კი აქ სიცარიელე მოიტანა. ეს არის არა მარტო ამ შენობის ბედი, არამედ სხვა მრავალი შენობისაც, რომელსაც კი სააკაშვილის ხელი მოხვდა", - განაცხდა "რეზონანსთან" საუბრისას კუკავამ.

 

"რეზონანსი" ოპოზიციის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლებში თითქმის ნახევარი ტექსტი მათ ბრძოლის გაგრძელებას ეხებოდა, ჟურნალისტებთან კონკრეტული გეგმების დასახელება ოპოზიციამ ვერ შეძლო, თუმცა როგორც კონსერვატორები ამბობენ, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.