საბედისწერო სამკუთხედი

საბედისწერო სამკუთხედი

[როზი ჯღამაია]

გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის მიერ, აჭარაში ინვესტიციების განხრციელებაზე ბედნიერი სახით გვამცნო. სააკაშვილს გამომეტყველება ჰქონდა ასეთი, თორემ ვინ-ვინ და, მან ყველაზე უკეთ იცის, რომ  ბათუმში ორი ცათამბჯენის მშენებლობისთვის ტრამპის სახელი იქნება გამოყენებული, ხოლო ცათამბჯენები რეალურად, ქართული ფულით აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის ინფორმაციით კი, ამერიკელი მილიარდერის ინვესტიციით, მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

არადა, სწორედ იმ დღეს, როცა სააკაშვილი ტელეეკრანებიდან ბედნიერი გვიღიმოდა The News York Times-ის მოსკოველი კორესპონდენტი ენდრიუ კრამერი სტატიას წერდა:

„დონალდ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობაში საკუთარ ფულს ჩადებს თუ არა. საქართველოში მისტერ ტრამპი საკუთარი სახელის ლიცენზირებას მოახდენს და მისი კომპანია ორ ქონებას მართავს. ასევე, იმუშავებს Silk Road-თან ამ პროექტების დაფინანსების სამართავად. მისტერ ტრამპმა თქვა, რომ ამ შეთანხმებაში საკუთარი ფულის ჩადების გეგმა აქამდე არ ჰქონია“, – ამის შემდეგ, კრამერს ტრამპის ციტატა მოჰყავს – „ჩვენ გადავწყვეტთ, გვინდა თუ არა ინვესტირება“.

ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, უნდა გვიკვირდეს რას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მაგრამ – არ გვიკვირს და თუ რატომ არ გვიკვირს, ამისთვის არ ღირს 2003 წლიდან დღემდე მოვლენები ქრონოლოგიურად გავიხსენოთ.

მხოლოდ ფაქტი აღვნიშნოთ – დოლად ტრამპის გვერდით მჯდომი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წარმატებებზე, მომავალ ინვესტიციებზე და ტრამპზე ერთდროულად საუბრობდა.

„თითოეული პიროვნებისთვის, ისევე, როგორც ყველა ქვეყნისთვის, არსებობს გარკვეული დამახასიათებელი ნიშანი - ეს არის წარმატება, რომელსაც თავად მიაღწია. პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ახლა სწორედ ეს მომენტია. დონალდ, პირველად 90-იანი წლების დასაწყისში შეგხვდით. მაშინ კოლუმბიის უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და აქ, ნიუ-ორკში სამართლის საკითხებზე ვმუშაობდი. ჩვენი იურიდიული ფირმა ისტორიულ ადგილზე - როკფელერის ცენტრში იყო განთავსებული. ჩვენი პატრნიორები ყოველთვის ბუზღუნებდნენ, რომ ვერაფერს ცვლიდნენ. შემდეგ გადავედით ახალ შენობაში, რომელიც ლეგენდარულ დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა. შევედი ლიფტში და ჩემს წინ სწორედ ის დავინახე. მაშინ თქვენ მკითხეთ, მომეწონა თუ არა შენობა და ვისურვებდი თუ არა რაიმეს შეცვლას... დავიბენი... არ ვიცოდი, რა მეთქვა და საშხაპეების დამატება შემოგთავაზეთ, რაც მეორე დღესვე გაკეთებული იყო. მაშინ ყველაფერს მივხვდი: ის დადიოდა და ხვდებოდა მობინადრეეებს, შემდეგ კი, ყველაფერს აგვარებდა და აკეთებდა. ეს იყო სიმართლე არა მარტო ერთი კონკრეტული შენობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც“.

ტრამპი კი, საკუთარ თავზე და ამერიკის ლიდერების „გაუმართლებელ“ პოლიტიკაზე საუბრობდა. შემდეგ კი, ალბათ, წინასწარ, საგანგებოდ შედგენილი ტექსტით შემდეგი რამ თქვა:

„რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მთელ ევროპასა და მსოფლიოში თქვენ მართლაც კერპი ხართ. საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტოა. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს.“

თუმცა, შეხვედრას ლაიტმოტივად სდევდა ტრამპის შორსმიმავალი სურვილები. როგორც ჩანს, ტრამპს ჯერაც არ განელებია ამერიკის პრეზიდენტობის სურვილი და  სწორედ საკუთარი თავის ფიარის ხაზი ჩანდა ყველაზე უკეთ მის გამოსვლაში.

რაც შეეხება ბათუმის ცათამბჯენებს, მას როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ინვესტეციებით ააშენებენ. დონალდ ტრამპთან შეხვედრას ესწრებოდა  „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“. „სილქ როუდ ჯგუფსა“ და ტრამპის კომპანიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. თუმცა, ამ ყველაფერს წინ საინტერესო მოვლენები უსწრებდა, რაც ალბათ უპრიანი იქნება გავიხსენოთ. მანამდე კი, ცოტა რამ „ვირტუალური ინვესტორის“ დონალდ ტრამპის შესახებ.

ვირტუალური ინვესტორი

ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში 1,6 მილიარდით 450-ე ადგილზე მყოფი 63 წლის დონალდ ტრამპი გაცილებით ცნობილი და პოპულარული პიროვნებაა, ვიდრე მასზე ბევრად მდიდარი ადამიანები. ეს იმიტომ, რომ ტრამპი ერთობ საინტერესო, ექსტრავაგანტული ადამიანია, რომელსაც ბიზნესის წარმოების ასეთივე მანერა გამოარჩევს.

ღარიბი შვედი ემიგრანტების შვილმა, რომელსაც ალკოჰოლიკი მამა 11 წლის ასაკში გარდაეცვალა, ნიუ-იორკში იაფფასიანი სახლების მშენებლობით 20 მილიონი დოლარი მოაქუჩა. როგორც ჩანს, დონალდს ცათამბჯენების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. ჯერ კიდევ 8 წლისამ ძმას სათამაშო სამშენებლო ბლოკები მოპარა და თავისი სიმაღლის პირველი ცათამბრჯენი ააგო.

1974 წელს დონალდმა უკვე თავისი პირველი საქმე წამოიწყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდ ბიზნესმენად დონალდი ნიუ იორკში Trump Tower-ის აშენებამ აქცია. 1979 წელს მან 45 მილიონ დოლარად მრავალწლიანი იჯარით აიღო მანჰეტენზე მდებარე უნივერმაღი. მის ნაცვლად იგი დიდი შენობის აგებას აპირებდა, რომელშიც მხოლოდ პირველი კლასის მაღაზიები, ოფისები და ბინები განთავსდებოდა. ტრამპმა დიდძალი კრედიტი აიღო და სამი წლის შემდეგ, იმ დროისათვის ნიუ იორკის ყველაზე მაღალი და ძვირფასი შენობის, 68 სართულიანი მშვენიერი Trump Tower-ის დიდებული გახსნა გაიმართა. მნახველები გააოგნა უზარმაზარი თაღის, 25 მეტრიანი ჩანჩქერის და ვარდისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული ჰოლის ხილვამ. Trump Tower ნამდვილ კლონდაიკად იქცა და მან დონალდს დიდძალი მოგება მოუტანა.

80-იანი წლები ტრამპისათვის ოქროს ხანად იქცა, მის ყველა პროექტს ასეულობით მილიონის მოგება მოჰქონდა. მართალია, იგი თავმდაბლობით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ იმ პერიოდში საერთოდ განდიდების მანიამ შეიპყრო. კითხვაზე: „როგორ მიდის საქმე“, იგი ყინჩად პასუხობდა: „დონალდად ყოფნა კარგია“.

ტრამპის ბიზნესი სულ უფრო ვრცელი და მრავალფეროვანი ხდებოდა. დონალდმა შეიძინა ამერიკული ფეხბურთის კლუბი „ნიუ ჯერსი ჯენერალზი“, დააარსა ავიაკომპანია „ტრამპ შატლი“, ხოლო გაკოტრებული არაბი ბიზნესმენისაგან იყიდა 86 მეტრი სიგრძის საოკეანო იახტა , რომელსაც Trump Princess დაარქვა. აღსანიშნავია, რომ ბევრი შენაძენი წამგებიანი აღმოჩნდა.

1987 წელს ტრამპმა ატლანტიკ-სითიში სამი კაზინო შეიძინა, რომელთაგან გიგანტური „ტაჯ მაჰალი“ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, როდესაც მისი ყოფილი მფლობელი გაკორტდა, ხოლო მშენებლობის დასრულებას მილიარდი დოლარი სჭირდებოდა. ტრამპმა გადაწყვიტა რისკიანი ნაბიჯი გადაედგა და ამ ფულის საშოვნელად თავისი სახელობის ობლიგაციები გამოუშვა. 

ამას ბანკირთა გაღიზიანება მოჰყვა, რომლებიც თავიანთ ბალანსზე 10 მილიარდამდე წაგების აღმოჩენას გამუდმებით ელოდნენ. მაგრამ დონალდმა ისინი დაარწმუნა, სასამართლოსათვის არ მიემართათ და საბოლოოდ, მძიმე სიტუაციიდან მაინც გამოვიდა, თანაც ისე, რომ თავისი ნიუ-იორკული შენობების უმრავლესობა, იახტა და სამივე კაზინო შეინარჩუნა. თუმცა კი, ძალიან გაუჭირდა. 

ამბობენ, ერთხელ თავის მაშინდელ საყვარელ მარლა მეოპლსთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში მოსეირნე ყელამდე ვალებში ჩაფლულმა ტრამპმა, რომელსაც მთელი ქონება დაგირავებული ჰქონდა, უსახლკარო მათხოვარი დაინახა და ქალს უთხრა: „იგი ჩემზე 900 მილიონით მეტი ღირს“.

1993 წელს ტრამპი ისევ წელში გაიმართა და კვლავ ინვესტირებას მიჰყო ხელი. თუმცა, კარგი გაკვეთილი კი მიიღო და მუდამ თვითდარწმუნებულმა ყოყოჩმა ბიზნესმენმა ფინანსური მრჩევლები დაიქირავა. იქიდან მოყოლებული მისი ახალი აღმასვლა დაიწყო. 

დონალდმა საკუთარი სახელის ფასი კარგად იცის და იმიჯის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, 2000 წელს რეფორმების პარტიისაგან აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე თავისი კანდიდატურის დაყენებაზე სერიოზულად საუბრობდა. პასუხად „ნიუ იორკმა პოსტმა“ მისი კარიკატურა დაბეჭდა მინაწერით: „თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, ქვეყანას ყოველწლიურად ახალ პირველ ლედის ვპირდები, რომელიც აუცილებლად მის ამერიკა იქნება“. ასეა - ტრამპის მექალთანეობის ამბავი ყველამ იცის. 

მიუხედავად იმისა, რომ დონალდი უკვე 63 წლისაა, კვლავ საშინელ მექალთანედ რჩება, რაშიც ხელს „მის ამერიკას“ და „მის სამყაროს“ კონკურსების მეპატრონეობა უწყობს. ტრამპის პირველი ცოლი ცნობილი ჩეხი მოთხილამურე ივანკა ზელნიჩეკი იყო, რომელთან ერთად 12 წელი იცხოვრა და რომელსაც 1990 წელს გაშორდა. მეორედ ტრამპი 1994 წელს მანეკენ მარლა მეიპლსზე დაქორწინდა, მესამედ კი მისის ტრამპი მელანია კნაუსი გახდა, მაგრამ არავინ იცის, ეს ტრამპის უკანასკნელი ქორწინება იქნება, თუ ჯერ კიდევ არ დაშოშმინდა.

მერე რა, რომ გლობალურმა კრიზისმა ტრამპი გვარიანად დააზარალა - დონალდს ფული მაინც საკმარისად აქვს. ტრამპი მეგობრობს ერთობ ოდიოზურ ფიგურებთან, მაგრამ პრეზიდენტ ბუშს კი, ერაყში ომის გამო, მწვავედ დაუპირისპირდა და არც ძარღვიანი გამონათქვამები დაიშურა.

საერთო ინტერესები

დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობაზე კვლავ ალაპარაკდა და, როგორც აღვნიშნეთ, მისი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილან ერთად, ერთგვარი პიარკამპანიაც კი იყო. ანალოგიური მოტივაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილსაც, რომლის ტრამპთან ვიზიტი უთუოდ შიდამოხმარებაზე უფრო იყო გათვლილი.

მართალია, უცხოური მედია ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილს უცხოური ინვესტიციების მოზიდვით ცდილობს მისი გაღატაკებული ქვეყანა რუსეთის ორბიტას მოწყვიტოს და ამიტომაც, ცდილობს მჭიდროდ ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანს. 

უცხოელი ჟურნალისტები თვლიან, რომ ტრამპთან გარიგებით სააკაშვილს სურს სახელგანთქმული უცხოელი ინვესტორების ყურადღების მიპყრობა, რათა მათ აჩვენოს, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის.

თუმცა, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ბანკის და სხვადასხვა ორგანიზაციების რეიტინგები თავის საქმეს აკეთებენ და ისინი უფრო სანდოა უცხოელი ინვესტორებისთვის, ვიდრე სააკაშვილის ტრამპთან ვიზიტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი ებრაელი ბიზნესმენის ქართულ ციხეში გამოკეტვის ფაქტი, საერთაშორისო ბიზნესწრეებში ჯერ ისევ აქტუალურია . თავის დროზე, რაც უნდა თაღლითური გზით შემოსულიყვნენ საქართველოში ზევ ფრენკელი და რონი ფუქსი, საქართველოს მთავრობას იმის თავი არ აღმოაჩნდა, რომ საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა და ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც არაფრით უკეთესი არ არის იმაზე, რაშიც ებრაელ ბიზნესმენებს ადანაშაულებს. ასე რომ, სააკაშვილის ანკესს არც საქართველოში წამოეგება ვინმე და მითუმეტეს - არც ქვეყნის გარეთ. 

„ტრამპ თაუერის“ უკანასკნელი ტანგო თბილისში

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახურმა „სილქროუდ ჯგუფმა“ წარმომადგენლობა გააუქმა საქართველოში. რა ბედი ეწეოდა საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას, რომელიც „სილქროუდს“ უნდა განეხორციელებინა, კომპანიაში არ აკონკრეტებდნენ, თუმცა ცალსახად აცხადებდნენ, რომ „ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპსა და დეველოპერულ კომპანია „სილქროუდ ჯგუფს“ შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი თბილისში საცხოვრებელი სახლის აშენებას არ გულისხმობდა“.

სააგენტო „პირველი“ წერდა, რომ თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მერიის არქიტექტურის სამსახურში „სილქროუდ ჯგუფს“ განაცხადი არ შეუტანია. პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფლობდნენ.

არადა, როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, 2010 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, დონალდ ტრამპმა დეველოპერულ კომპანია „სილქროუდ ჯგუფთან“ თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ტრამპი საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მაშინ ქართული ღვინისა და საკვების დაგემოვნების შემდეგ, ტრამპის წარმომადგენელმა მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „სილქ როუდ გრუპის“ მიერ შეთავაზებული ობიექტების დათვალიერება და საინვესტიციო პროექტები განხილვა იყო.

რაც შეეხება ელიტური დასახლების პროექტს, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ტრამპი მდიდრებისთვის განკუთვნილ კომპლექსს ააშენებდა 200 აპარტამენტით, სპორტ-დარბაზებით, დაცვით და კონსიერჟის მომსახურებით. ასეთი დასახლების აშენების მოტივი ის გახდა, რომ საქართველოში ბევრი მილიონერია, თუმცა ისინი ისეთ შენობებში ცხოვრობენ, რომლებიც მათ შესაძლებლობას სრულად არ ასახავს.

პირველ ეტაპზე საუბარი იყო თბილისში საქანელას ქუჩის და ვარდების მოედნის რეკონსტრუქციაზე და ბათუმში სასტუმროს მშენებლობაზე. თუმცა საქმე დღემდე არ დაწყებულა.

ტრამპის ბიზნესს გავლენიანი ინტერნეტ-გამოცემა „ევრაზია ნეტიც“ გამოეხმაურა. გამოცემა წერდა, რომ საქართველოში შემცირებული ინვესტიციების ფონზე, ტრამპის გამონათებამ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს იმედი გაუჩინა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების პრობლემა წარსულს ჩაბარდა. თუმცა, მაშინ იგივე „ევრაზია ნეტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპის თანაშემწემ კვლავ უარი თქვა დაესახელებინა ინვესტიციის მოცულობა, პროექტის ზომა და ა.შ. სამაგიეროდ, ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ტრამპისთვის პირველი ასეთი გამოცდილებაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია თავისი სასტიკი კონკურენციით, ჩახლართული საგადასახადო კანონმდებლობით და მესაკუთრის სუსტი სამართლებრივი დაცვით.

ერთი სიტყვით, იმდენად შეუსაბამო ინფორმაციები აღწევს ჩვენამდე, რომ რთულია რაიმე დასკვნა გააკეთო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ გაურკვევლობას, ბუნებრივად ახლავს ათასგვარი მითქმა–მოთქმა.

მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს ტრამპის სახელის გამოყენება მილიონი დოლარი დაუჯდა. საქმეში უკეთ ჩახედულები კი იმასაც ამბობენ, რომ ახალი ცათამბჯენების მშენებლობაში თავად სააკაშვილს აქვს ინტერესები, ხოლო სამომავლოდ, ტრამპის სახელი ერთგვარი გარანტია უნდა გახდეს მისთვის. მოკლედ, რთულია ამ სიცრუის ლაბირინთებში გზის გაკვლევა, მაგრამ  ბუნდოვანებას მსგავსი მითქმა–მოთქმა ყოველთვის ახლავს და ამაში ლომის წილი სწორედ მას მიუძღვის, ვინც სიმართლეს არასოდეს ამბობს. 

ბევრის დამზარალებელი „ზარალა“

გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთ–ერთი მეწილე გახლავთ, სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოში ყაზახური ინვესტიციების გამოჩენა, თუმცა, საქართველოში თითქმის ყველა ექსპერტი ამბობს, რომ არავითარი ყაზახური ინვესტიციები აქ არ შემოსულა. სინამდვილეში, ყველა კომპანიის უკან, რომელშიც ყაზახურ ინვესტიციებზე იყო საუბარი, ქართული მხარე იდგა. რეალურად, „სილქ როუდის“ ინტერესებიც სწორედ რამიშვილის და მისი ჯგუფის ინტერესებზე იყო მორგებული. როგორ მუშაობდა „სილქ როუდი“ საქართველოში, ამისთვის ერთი მაგალითის მოყვანაც საკმარისია.

„სილქნეტი“, რომელშიც „სილქ როუდს“ ჰქონდა წილი კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ბაზარზე ისე მოქმედებდა, რომ არანაირ ბიზნესწარმოების წესებს არ ემორჩილებოდა და ყველაფერში იგრძნობოდა, რომ იგი ხელისუფლების მფარველობით სარგებლობდა. სწორედ „ზარალას“ დამსახურება იყო, რომ „კავკასუს ონლაინი“ გასულ წელს ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დადგა. გიგი უგულავა და „ზარალა“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებდნენ „კავკასუს ონლაინს“. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ „კავკასუსის“ მფლობელს, მამია სანადირაძეს, რომელიც კომპანიის წილის 80%–ს ფლობდა, შარანგიების ხელით კომპანიის წილის 50% წაართვეს და აიძულეს ქვეყნიდან გადაკარგულიყო.

იქნებ, უარყოს სააკაშვილმა, რომ ეს ასე არ ყოფილა და რომ  შარანგიების„მეხინკლე“ პარტნიორებმა ინტერნეტ-ბაზარზე, მის გარეშე, უბრალოდ "შეიხედეს"? ეს ის შემთხვევაა, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდებოდა და საწინააღმდეგოში ვერავინ დაგვარწმუნებს.  

„კავკასუსის“ დაპატრონების შემდეგ, რადგან მიზანი მიღწეული იყო, სააკაშვილმა „სილქნეტზე“ აიყარა გული და რამიშვილის შევიწროებაც დაიწყო. თუმცა, მაშინ რამიშვილმა პირობა დადო, რომ იგი ქვეყანაში დიდძალ ინვესტიციებს შემოიტანდა, ოღონდ თავი დაენებებინათ. როგორც ჩანს, რამიშვილს მხედველობაში სწორედ დონალდ ტრამპი ჰყავდა.

რამიშვილი „სილქნეტიდან“ უკვე გავიდა და ახლა, როცა ტრამპთან გარიგება შედგა, ახალი პროექტის განხორციელებაც, როგორც ჩანს, „სილქნეტიდან“ გამონთავისუფლებული თანხით მოხდება.

კერძო ბიზნესში კი, სააკაშვილის როლი, თითქოს იგი ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლითაა დაინტერესებული და სხვა არაფერი, ნაკლებად დამაჯერებელია, მითუმეტეს, ირკვევა, რომ ამჯერად, არავითარი უცხოური ინვესტიცია აქ არ შემოდის. მაშინ, რატომ გაისარჯა ქვეყნის პრეზიდენტი - საკუთარი ფეხით, ორჯერ, თავად რატომ ეახლა ტრამპს მისსავე ოფისში და რატომ დამალა სიმართლე? ამაზე სააკაშვილმა თავად უნდა გასცეს პასუხი.