ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი პრემიები, ბევრისთვის ჯერ კიდევ დაპირებად დარჩენილი სამართლიანობის აღდგენა, ბიუჯეტის ხარჯზე არამიზნობრივად, ხშირ შემთხვევაში სმა-ჭამაში დახარჯული ათასობით ლარი და პრობლემების არაღიარება, რომელზეც საზოგადოების ნაწილი მუდმივად საუბრობს (მაგალითად ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება)... ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაც ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლების გაღიზიანებას იწვევს.
არჩევნები კარს არის მომდგარი. Ambebi.ge დაინტერესდა, ძირითადად რა თემები იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას ხელისუფლების მიმართ. ჩვენ როგორც ცნობილი, ასევე უცნობი ადამიანები ჩავწერეთ და შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან.
მამუკა არეშიძე (პოლიტოლოგი):
-მე ვერ ვიტყოდი, რომ საზოგადოება ხელისუფლების მიმართ არის გაღიზიანებული, ხალხი პოლიტიკურ პარტიებზეა გაბრაზებული, მათ შორის სახელისუფლებო პარტიასა და ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართაც. გაღიზიანება ძირითადად იმედგაცრუებითაა გამოწვეული. ადამიანებს ყოველდღიურად უცრუვდებათ იმედები და ამან გამოიწვია გაღიზიანება. ხელისუფლების მიმართ გაღიზიანების მოტივი მარტო ის კი არა არის, რომ არაფერი გაკეთებულა, არამედ ისიც, რომ მათ რაც გააკეთეს, ისიც კი ვერ მიიტანეს ადამიანებამდე; საზოგადოებამ ბევრ სიახლეზე არაფერი იცის.
დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პრემიების საკითხმაც. "ქართული ოცნება" ერთადერთია კოალიციაში, რომელმაც დისტანცირება მოახდინა თავისი მხარდამჭერების და თავისი მხარდამჭერები, ფაქტობრივად, მიატოვა. გაღიზიანების თავი და თავი სამართლიანობის ვერაღდგენაა. ხელისუფლების მთავარი დაპირება ეს იყო, მაგრამ მათ ეს ვერ შეასრულეს. ხალხის ეს იმედგაცრუება არჩევნების შედეგზე აუცილებლად მოახდენს გავლენას, თუმცა არა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. ხმები გადანაწილდება, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხის დიდი რაოდენობა არ მივა არჩევნებზე.
გვანცა სოსელია, მოქალაქე:
- არჩევნები კარსაა მომდგარი და ხელისუფლებისაგან მხოლოდ ნეგატიურს ვხედავ. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამაღიზიანებელი იყო მათი მხრიდან ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება. შესაძლოა, ეს კანონი მართლა მისაღები იყო, მაგრამ ხო ხედავდნენ, რომ საზოგადოებაში ამხელა წინააღმდეგობა იყო, არჩევენებამდე ვერ გადაავადეს?! ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და ძალიან მწყდება გული, რომ ამ კანონის გამო ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს.
- ანუ უნდა ეთქვათ, რომ არ იღებდნენ და მოეტყუებინათ ხალხი?
- არა, განეხილათ კარგად და მერე მიეღოთ. ეს იყო ნაციონალების მიერ გადაგდებული ანკესი, რომელზეც წამოაგეს "ქართული ოცნება" და სანაცვლოდ, ათასობით ადამიანის მხარდაჭერა დააკარგვინეს. პოლიტიკის აზრზე არა ვარ და მეც მივხვდი ამას და ეგენი ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ?!
- მხოლოდ ამან გაგაღიზიანათ?
- ზოგჯერ მგონია, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ნაციონალებთანაა კავშირში. ისე სიამტკბილობით საუბრობენ, რომ ძალაუნებურად მოგივა ეს ფიქრი. არჩევენებამდე კაციჭამიებად გვიხატავდნენ "ნაცებს" და კოჰაბიტაციამ აქცია კარგებად?! სამართალის აღდგენა იყო პირველი, რის გამოც მხარი დავუჭირეთ და სადაა სამართალი? მე რო ფეხი გადამიბრუნდეს, ციმბირს უკან დამატოვებინებენ და "ნაციონალებს", თურმე არჩევნებამდე არც კი შეეხებიან. თუ არ ქონდათ რამის თავი, რაღატომ გვპირდებოდნენ?! არჩევნებიც ჩაივლის და საინტერესოა, მერე რას იტყვიან?! ამათ 2 წელიწადში იმდენი მოახერხეს, რომ ფაქტობრივად, მკვდარი "ნციონალური მოძრაობა" გააცოცხლეს და იმედია, იმდენს მაინც აღარ იზამენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დააბრუნონ.
თემურ ყიფშიძე, მოქალაქე:
-ადრე არჩევნების წინ იცოდნენ, რომ წვრილმან ხულიგნობებზე ადამიანებს არ იჭერდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი მიშვებულია.
-ბატონო თემურ, კრიმინოგენული სიტუაცია ერთადერთია რამაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია?
- ნეტავ მარტო ეს იყოს. ინტერნეტში შესვლა აღარ მინდა, ყოველი მეორე სურათი, პატარა ბავშვის გაჭირვებაზეა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს და ამ დროს მინისტრის მოადგილეები ათი ათასობით პრემიებს იღებენ. თუ იმუშავე აიღე, ღმერთმა შეგარგოს, მაგრამ როცა ხელი არ გაგინძრევია, რაში იღებ პრემიას?! გეკითხებით, რომელი სფეროა ისე წარმატებული, რომ ამხელა პრემიები აიღონ? თითქოს კომფორტი აკლდეთ და 4 - 5 თვეში ერთხელ ბოლო თაობის ჯიპებს ყიდულობენ. ადრე არჩევნების წინ მაინც ერიდებოდნენ ასეთი რაღაცების კეთებას და ახლა აღარაფრის რიდი არ აქვთ. "ნაციონალებს" მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი ძლიერი ოპოზიციაა, თორემ ეგენი რომ კონტროლს არ გრძნობდნენ, ორ წელიწადში იზამდნენ იმას, რაც წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში ქნა.
ბუბა კიკაბიძე (მომღერალი):
- საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს. ადამიანი რაღაცით რომ განაწყენდე, ან გაღიზიანდე, ხომ უნდა ნახო, ან მოისმინო?! მე კი არც არაფერს ვუყურებ და არც ვუსმენ. არც ახლობლებს ვეკითხები, რა ხდება. ეს არჩევნებიც ისე ჩაირიხინებს, როგორც დანარჩენმა არჩევნებმა ჩაიარეს.