"მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ტიპის გამონათქვამები ჯდება საარჩევნო ნორმებში. სხვა საკითხია, რომ მოსასმენად არის არასასიამოვნო. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" არ დახვეწა "ნაციონალების" მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიღებული საარჩევნო კოდექსი. მმართველი გუნდი ისევ განაგრძობს აგრესიულ კამპანიას, ოღონდ აგრესიაში არ ვგულისხმობ წამებას, დაშინებასა და მოსყიდვას, უბრალოდ ფუფუნებით აღჭურვილი ოფისები აქვთ, ძვირადღირებულ მანქანებზე არიან შემომსხდრები და აკეთებენ დემონსტრირებას, თქვენზე არანაკლები ფული გვაქვსო", - აცხადებს პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით"ნაციონალების" ფონზე "ქართული ოცნების" ტყუილიც კი დაიჯერება.
"ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ეკინკლავება, მაგრამ ამათ ერთმანეთი სჭირდებათ. "ნაციონალების" ფონზე "ქართული ოცნების" ტყუილიც კი დაიჯერება. მთელი დღის განმავლობაში იკავებენ მედიასივრცეს, ერთმანეთს ეპაექრებიან და "ნაციონალები" საერთოდ ვერ გაიმარჯვებენ და მათი დრო დამთავრდა, ეს არის საარჩევნო კამპანიის პიარსვლა. ასეთ განცხადებებს აკეთებდა ბატონი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოველგვარი კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერიც არ დამთავრდა. მეტიც, დამნაშავეების მიმართ ვიხილეთ გამამართლებელი განაჩენები. თუ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალების" გამარჯვება არ უნდოდა, მას კანონით დაშვებული ბერკეტები ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა. პირველ რიგში, უნდა მოეწესრიგებინა საარჩევნო გარემო, რათა სხვა პოლიტიკური პარტიებიც შემოსულიყვნენ არენაზე. ამით "ნაცმოძრაობა" დაიჩრდილებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არავის არ აწყობს. "ქართული ოცნება" დღეს თავს გრძნობს კომფორტულად და იმაზე არ ფიქრობს, ხვალ რა მოხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"ჩვენი პრემიერი არის ახალგაზრდა. ის აღმოჩნდა უცებ მრავალპარტიული კოალიციის ლიდერი. ამ დროს კოალიციაში გაერთიანებულ თითოეულ ძალას აქვს თავისი ინტერესები და მიზნები. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი შეცდომა არის ის, რომ "ნაცმოძრაობის" დროს შექმნილი მონები გვერდში დაიყენა. მას ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები გაამაგრებენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თუ ირაკლი ღარიბაშვილი არაკომფორტულად გრძნობს თავს ამ კოალიციაში, საკითხი დგას ძალიან მარტივად, მან გზა უნდა გაუხსნას ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს. სააკაშვილის პერიოდში სისტემა იყო შექმნილი ერთი კაცისთვის და იმართებოდა ერთი კაცის ბრძანებით, თუ იგივე სისტემის შენარჩუნება დღეს ვინმეს უნდა, არ გამოუვა. ყველა რეგიონის მოგებაზე ლაპარაკი საჭირო არ არის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ეს განცხადება არ იყო მხოლოდ "ნაციონალების" მისამართით ნათქვამი. მე ვუშვებ, რომ პრემიერმა ეს განცხადებები გააკეთა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, მაგრამ, ვინაიდან, ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც პირველი პირის მოწოდება იყო ყველა საჯარო მოხელისთვის კანონი, შესაძლებელია, პრემიერის ამ მოწოდებებსაც ისეთივე ეფექტი ჰქონდეს. მეტიც, ამას ბევრი მიიღევს, როგორც მითითებას", - დასძენს კახი კახიშვილი.