ყველა ელოდა, რომ პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტს გაიზრდიდა და ამაზე უამრავი კომენტარიც კეთდებოდა. ბოლო სასესიო კვირაში კი სრულიად მოულოდნელად, პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, მომავალი წლიდან არანაირი სახელფასო ზრდა არ მოხდება...
ვაჟა ბერიძე, პოლიტოლოგი:
"ხელფასების მატება, სოციალური სიდუხჭირის პირობებში, სახელმწიფო აპარატში პოპულარული ვერ იქნება. საზოგადოებას ამ თემაზე საუბარი აღიზიანებს. როცა ხელისუფლებაში "ნაციონალები" მოვიდნენ, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობითა და დახმარებით, მინისტრებს საკმაოდ მაღალი ხელფასები დაენიშნათ. არსებული სახელფასო სისტემა იმ პერიოდიდან იღებს სათავეს. თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით, სამინისტროებში, ან სხვადასხვა უწყებებში რა დონის ხელფასები იყო. ამაზე ინფორმაციას არავინ იძლეოდა. დღეს ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ასტროლოგიურ ციფრებში გამოხატული ხელფასების, დანამატებისა და პრემიების მომხრე არ ვარ, მაგრამ არც ეს პოპულისტური ბაკქანალია მიმაჩნია მისაღებად, რომ, რადგან საარსებო მინიმუმი 150 ლარია, სახელმწიფო სტრუქტურებში ყველაზე მაღალი ხელფასი 300 ლარი უნდა იყოს. არაფერი ისე ძვირი არ უჯდება ქვეყანას, როგორც იაფი სახელმწიფო აპარატი - ეს აპრობირებული მიდგომაა. საგანგაშო, ხელფასების მატება არ არის, მაგრამ კარგად უნდა იყოს გააზრებული - რა ვითარებაში უნდა გაზარდო. იქ ხელფასები ისედაც მაღალია და მატების გარეშეც წარმატებულად შეუძლიათ იმუშაონ ამ სტრუქტურებმა".
რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველთვიური ხელფასი უნდა გაზრდილიყო. მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ამაზე განცხადებაც გააკეთა, - პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველთვიურ ხელფასს 7 200 ლარის ოდენობით აიღებს, თუმცა ეს თანხა ანაზღაურების ერთადერთი წყარო იქნება, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებითო.
ჩვეულება არ დაარღვიეს და სიახლე სათანადოდ გააპროტესტეს "ლეიბორისტულ პარტიაში". "ქვეყანაში, სადაც მილიარდი ლარითაა გარღვეული ბიუჯეტი, სადაც მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ, ოლიგარქის ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა პირველი გადაწყვეტილებით საკუთარი ხელფასი გაიორმაგა", - განაცხადა მაშინ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
როცა გიორგი გუგავა ამ განცხადებას აკეთებდა, ალბათ, არ იცოდა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის 7 200-ლარიან ხელფასზე დიდი გულმოდგინებით დაობენ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დიდი ნაწილის ყოველთვიური ხელფასები, პრეზიდენტის ამჟამინდელ ხელფასზე 2-ჯერ, ხან კი მეტჯერ მაღალია. მათ შორის "ლეიბორისტულ პარტიაშიც". ვინაიდან გიორგი გუგავასთან დაკავშირება, ალბათ, წინასაარჩევნო ალიაქოთის გამო, ვერ მოვახერხე, ამ კითხვაზე პასუხიც ვერ მივიღე.
ახლა კი ვნახოთ, რა თანხებია აღნიშნული კანონით სავალდებულო სახელფასო დეკლარაციებში, რომელიც "სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის" არის მიწოდებული. ეს 2013 წლის მონაცემებია. კოლოსალური თანხები კი, როგორც განმარტავენ, პარტიებს სხვადასხვა შემოწირულობების(!!!) შემდეგ უჩნდებათ.
"ეროვნული ფორუმი" - პარტიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი, პარტიის თავმჯდომარე, კახა შარტავაა. მისი ყოველთვიური ხელფასი - 21 000 ლარია;
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძისა და პარტიის გენერალური მდივნის, ლევან ვეფხვაძის ყოველთვიური ხელფასი 30 000 ლარია; მათ 2 500 ლარით ჩამორჩებიან პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაგდა ანიკაშვილი და პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი, გიორგი ახვლედიანი. მათი ყოველთვიური ხელფასი 27 500 ლარია;
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერის, პაატა დავითაიას ყოველთვიური ხელფასი 42.000ლარია;
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ბუღალტრად ნინო ბურჯანაძეა მითითებული, მისი ყოველთვიური ხელფასი 12 500 ლარია;
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას ყოველთვიური ხელფასი 7 500 ლარია;
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელფასი 23 500 ლარია;
პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლოჯისტიკის სამსახური უფროსის, დავით ტყეშელაშვილის ყოველთვიური ხელფასი 8 250 ლარია;
"ლეიბორისტული პარტიის" ყველაზე მაღალი ყოველთვიური ხელფასი 12 386 ლარია, მას იოსებ სამხარაძე იღებს, მისი თანამდებობა არ არის მითითებული;
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის სერგო ჯავახაძის ყოველთვიური ხელფასი 4 000ლარია;
პარტია "საქართველოს გზის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი თეიმურაზ მურვანიძეა, რომელიც ხელფასს უნაღდო ანგარიშსწორების სახით იღებს - 16 750 ლარის ოდენობით;
"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის ყოველთვიური ხელფასი 12 750 ლარია;
"ქართული დასის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კადრი თორნიკე ბაღათურიაა, მისი ხელფასი 2 400 ლარია.
"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ყოველთვიური ხელფასი 56 875 ლარია;
პარტია "ხალხის პარტია" - სახელფასო გრაფა ცარიელია;
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყველაზე მაღალი ხელფასი 3 088 ლარია, მას პარტიის ბუღალტერი, ქეთევან ურდულაშვილი იღებს;
"ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის", თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკატერინე ჩიტიაშვილის ყოველთვიური ხელფასი 19 500 ლარია;
ამასთანავე:
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, არმაზ ახვლედიანის ყოველთვიური ხელფასი 8 899 ლარს შეადგენს;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსის ელენე ჯავახაძის ყოველთვიური ხელფასი 18 000 ლარია;
"რესპუბლიკური პარტიის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი კი თამარ რომელაშვილია, მისი ხელფასი 16 800.00 ლარია;
ზემოჩამოთვლილ პოლიტიკურ პარტიებში ხელფასის მინიმალური ოდენობა 50-დან 500 ლარამდე ფიქსირდება.
ამ ჩამონათვალის გაცნობის შემდეგ, ალბათ, არ იქნება რთული, დავასკვნათ, რატომ დუმს ეს ხალხი, როცა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელფასების მატების ფაქტები ფიქსირდება...