"გარდაბანში ხანჯლიანი ვაჰაბიტები "ალაჰ აკბარის" ძახილით დარბოდნენ"

"28 მაისს გარდაბანში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაწყებული კინკლაობა მასობრივ დაპირისპირებად იქცა. პოლიციის მცდელობის მიუხედავად, 200-მდე კაცი მთელი ღამე მკაცრად უსწორდებოდა ერთმანეთს. დაპირისპირება მეორე დღეს განახლდა. სოფლებიდან მანქანებით ჩამოსულები მზად იყვნენ, ქალაქის ქართველი უმცირესობისთვის "ჭკუა ესწავლებინათ", თუმცა, არც ქართველებს ეტყობოდათ აზერბაიჯანელების მიმართ კეთილგანწყობა. არეულობამ რეგიონში ფუნდამენტალისტთა ჯგუფების ლუსტრირებაც მოახდინა: როცა ქალაქის ცენტრში ასობით აზერბაიჯანელი უფლებების დაცვას მოითხოვდა, ქუჩაში ხანჯლებმომარჯვებული ახალგაზრდები გამოჩნდნენ და "ალაჰ აკბარის" ძახილით გარს უვლიდნენ ქალაქს. აგრესიული ახალგაზრდების ქცევამ იქ შეკრებილი დემონსტრანტების ოვაცია დაიმსახურა, თუმცა, პოლიციამ რამდენიმე წუთში აღკვეთა ფუნდამენტალისტთა ქმედება ქალაქში", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "გარდაბანში ხანჯლიანი ვაჰაბიტები "ალაჰ აკბარის" ძახილით დარბოდნენ".

"ყველაფრის მიზეზი კარგა ხნის წინ მომხდარი ამბავი გახლავთ - საპატრულო პოლიციის თანამშრომელ აზერბაიჯანელს ადრე ერთი სვანი ბიჭი, მიშა დაუჯარიმებია - ამის გამო მოხდა დაპირისპირება. მაშინ კონფლიქტში ერთი ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარიც მონაწილეობდა. იმ დღეს კი, 28 მაისს, მე და ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს ქუჩაში ნასვამი სვანები შეგვეფეთნენ. დაგვიძახეს. ჩემმა მეგობარმა მათ ხელი ჩამოართვა, მაგრამ მიშას, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო, არ მიესალმა. ამის გამო მან გინება და ცემა დაგვიწყო. ბევრნი იყვნენ და გამოვიქეცით. ჩაიხანაში წამოვედით, სადაც მენეჯერად ვმუშაობ. იმის მაგივრად, რომ თავი დაენებებინათ, 70 კაცი რკინის ხელკეტებით მოგვადგა და ყველას დაგვიწყო ცემა. მერე ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ, აზერბაიჯანელ მძღოლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტის მონაწილე კუგარ მურსაგულიევი. 

"აზერბაიჯანელები ყოველთვის გამომწვევად იქცეოდნენ, მათთვის რეგიონში უმცირესობად ქცეული ქართველები არაფერს წარმოადგენენ. შეურაცხგვყვეს და ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. კარგად შეისწავლონ ჩვენი მდგომარეობა, ნახონ, როგორ იქცევიან აზერბაიჯანელები, რა ეპატიება მათ და როგორ გვაფასებს ჩვენი მთავრობა ადგილობრივ ქართველებს. ერთ მაგალითს გეტყვით: ღამით ქუჩაში რომ გაიაროთ, გაოცდებით. მთელი ქალაქი თავზე რომ დაიმხონ აზერბაიჯანელებმა, არავინ არაფერს ეტყვის, ჩვენ ღვედის გაკეთება რომ დაგვავიწყდეს, ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ. ქართველებს აზერბაიჯანელები გვავიწროებენ, მაგრამ ამას მთავრობა არაფრად აგდებს", - აცხადებს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი ინკოგნიტო ქართველი.

"ეს არ გახლდათ ეთნიკური დაპირისპირება, ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელ რამინ ბაირამოვის ხელი ურევია. ის ყოველთვის ცდილობდა ეთნიკური აზერბაიჯანელების ქართველებთან დასაპირისპირებლად გამოყენებას. სამწუხაროდ, 28 მაისს ჩანაფიქრი აღასრულა. ეს იყო ჩვეულებრივი გაუგებრობა, რომელშიც დამნაშავე იყო აზერბაიჯანელთა ის ნაწილი, რომლის გამოყენებაც შეძლო რამინ ბაირამოვმა. ქართველები, რომლებმაც იჩხუბეს, წესიერი ხალხია, ბევრ აზერბაიჯანელთან მეგობრობენ. სწორედ ამიტომ მოხერხდა დაპირისპირებული მხარეების ადვილად შერიგება", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბაკო ავალიანი. 

"ვაჰაბიტები, რომლებიც ქალაქში გამოჩნდნენ ხანჯლებითა და "ალაჰ აკბარის" ძახილით, შეიძლება მართლაც ემსახურებოდნენ ვინმეს ინტერესებს, თუმცა, ამ ფაქტით ვერ ვიტყვით, რომ რელიგიურ დაპირისპირებასთანაც გვაქვს საქმე. ასე რომ ყოფილიყო, ახუნდები (სჯულის მცოდნეები) უნდა ჩართულიყვნენ საქმეში. მეჩეთი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ კონფლიქტში, შესაბამისად, რელიგიურ დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი. ცუდი ის არის, რომ ვაჰაბიტების აგრესიულობა აზერბაიჯანელებისთვის მიუღებელი არ გამხდარა. მეტიც, როცა პოლიციამ ხანჯლებით შეიარაღებული ახალგაზრდების ავტომანქანები გააჩერა, ხალხი მათ დასაცავად დაიძრა, ანუ სოლიდარულებიც კი იყვნენ მათ მიმართ", - დასძენს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი რუსტამ მაილოვი.

"ხალხი, რომელიც დღეს გარდაბანში ადგილობრივ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერია. ჩაიხანაში დაპირისპირების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორივე - "ნაციონალების" შტაბის ხელმძღვანელი ბაირამოვი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზეინალოვი რეალურად ერთ საქმეს აკეთებენ და მათი არეულია სიტუაცია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩხუბი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ გარდაბანში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება. როცა გამგებლად გეყოლება ამბაკო ავალიანისნაირები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული, კარგს რას უნდა ელოდო? ვაჰაბიტების გამოჩენაც ახალი ამბავი არ არის. არაერთხელ მითქვამს ხელისუფლებისთვის ამის შესახებ, მაგრამ ვინ მისმენს?! მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები შეკრული არიან ადგილობრივ ვაჰაბიტებთან და მათთვის შემოსული დაფინანსებიდან წილს იღებენ, ისევე, როგორც თავის დროზე პანკისში ხდებოდა", - განმარტავს ექსპერტი მამუკა არეშიძე