[ნინო მიქიაშვილი]
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში მომხდარი წამების, მკვლელობის, ქუჩაში დახვრეტის, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების და ქონების ჩამორთმევის კონკრეტულ ფაქტებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა გვითხრა, რომელიც მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი და ამავდროულად, “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ მედია-ომბუდსმენია.
მისი და “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ბრიუსელში ყოფნისას გადაწყდა ევროპარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დანიშვნის საკითხი, რომლის გამართვამდე აქ მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
სად ბრძანდებოდით და რა მიზნით?
ირმა ინაშვილი: -”ობიექტივი” ერთ წელზე მეტია ახორციელებს პროექტს, რომელიც ევროსტრუქტურებთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მთავარი პრობლემა, რომელზეც ჩვენი ევროპელი კოლეგები საუბრობენ ისაა, რომ ქართული ოპოზიცია, უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროსტრუქტურებთან სათანადო დონეზე არ თანამშრომლობენ.
ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ”ობიექტივმა” მოაწყო საგამოძიებო, დოკუმენტური ფილმების ჩვენება; ბრიუსელში შევხვდით ევროკომისრებს, სენატორებს. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაზარალებულები: როინ შავაძის მეუღლე, ბუტა რობაქიძის დედა, პოლიტპატიმრების - ვახტანგ მაისაიასა და მერაბ რატიშვილის მეუღლეები; ასევე ვაჩვენეთ ფილმი ”ქალაქში მკვლელია” და თითოეულმა ჩვენმა წარმომადგენელმა მოხსენებაც გააკეთა იმაზე, თუ რა კონკრეტული კანონდარღვევაა მათი საქმის ირგვლივ, როგორ მოკლეს, აწამეს მათი ოჯახის წევრები.
“ობიექტივის“ ამგვარ აქტიურობას გარკვეული შედეგი მოჰყვა - ბრიუსელში ყოფნისას ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰეიდი ჰაუტალას შევხვდით, რომლის ოფისთან ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა გიორგი ფოფხაძე, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენია, ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში.
პრაქტიკულად, ეს იყო ქართველი უფლებადამცველების პირველი, მაღალი დონის შეხვედრა ევროსტრუქტურებში. ჰეიდი ჰაუტალა ევროსტრუქტურებში დიდი გავლენით სარგებლობს. იგი მართავს ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ეს ქალბატონი ცნობილია, როგორც მებრძოლი, შემტევი და ამავდროულად, მოქნილი პოლიტიკოსი.
2001 წელს, ჰაუტალამ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი იმ მიზეზით აღძრა, რომ მას უარი ეთქვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იარაღის ექსპორტის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში ეს ფაქტი ცნობილია, როგორც ”ჰაუტალას შემთხვევა”.
ვინ ესწრებოდა ჰაუტალასთან შეხვედრას და კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ?
-ქართველი უფლებადამცველების ამ უპრეცენდენტო შეხვედრას, რომელიც 1 მარტს შედგა, ”წინააღმდეგობის მოძრაობის” სამი ომბუდსმენი ესწრებოდა: გიორგი ფოფხაძე, ომბუდსმენი, ევროსტრუქტრებთან ურთიერთობის საკითხებში; მერაბ ბლადაძე პოლიტ-დევნილების ომბუდსმენი და თქვენი მონა-მორჩილი - მედია-ომბუდსმენი. ასევე, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ: “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი, ჰააგაში გაგზავნილი სარჩელის ავტორი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ევროპაში დაარსებული არასამათავრობო ორგანიზაციის, ”საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი - ნათლის მხედარი” წარმომადგენელი, ჯულიანა დიუმა.
ამ შეხვედრაზე დავით თარხან-მოურავმა ბოლო 7 წლის მანძილზე მომხდარი ადამიანის უფლებთა დარღვევის ფაქტები გააანალიზა. მან 3 მიმართლება გამოკვეთა - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები, ეკონომიკური ნიშნით დაპატიმრებები, რაშიც იგულისხმება ქონების წართმევის ფაქტები, რასაც ნაჩუქრობად აფორმებენ (თითქოსდა ამ ქონებას ერთი მესაკუთრება ნებაყოფლობით ჩუქნის მეორეს და ეს მეორე სინამდვილეში არის ხელისუფლება) და სოციალური ნიშნით დაპატიმრებები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი გვყავს ისეთი, რომელსაც ნარკოტიკს უდებენ და აპატიმრებენ; ეს ადამიანები სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩევიან. მაგალითად, ძალიან ბევრი დევნილია დაპატიმრებული იმის გამო, რომ აპროტესტებდა შენობებიდან გამოყრას და ნარკოტიკი ჩაუდეს.
ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც ხელთ გვქონდა და ეს იყო საქმეების, ე.წ. ქეისების სახით.
რამდენად ინფორმირებულები იყვნენ აქ არსებული ვითარების ირგვლივ?
-ისინი თავიდან ბოლომდე, დეტალურად ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, თუ რა რთული ვითარებაა საქართველოში, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის დამსახურება; ჩვენი წარმომადგენლები ადგილზეც მუშაობენ ბრიუსელში, პარიზში, სტრასბურგში და ასევე, აქედან”ობიექტივი” და ”წინააღმდეგობის მოძრაობა” სისტემატიურად აწვდის მასალებს ევროსტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დამცველ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მათ ინფორმაცია ჰქონდათ, თუ რა დარღვევებთან გვაქვს საქმე. ეს უბრალო დარღვევები, რომ არ არის, შეხვედრაზე ამაზეც ვისაუბრეთ. მათ გვითხრეს - ნუღარ გავამახვილებთ ყურადღებას, დროს და ენერგიას ნუ დავხარჯავთ იმის მოყოლაზე, თუ რა ხდება თქვენთან. ჩვენ უკვე საკმარისად ვართ ინფორმირებული; ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში.
იყო ისეთი ფაქტებიც, რის შესახებაც ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ. მაგალითად, ვეტერანების დარბევის ფაქტზე დეტალური მასალები მივაწოდეთ. ასევე, დავით თარხან-მოურავმა ჰაიდი ჰაუტალას გადასცა 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში წამებით მოკლული როინ შავაძის საქმე და სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე გამოკვეთილი ბოლოდროინდელი სიახლეები. ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის დაპატიმრების თაობაზე; დავით თარხან- მოურავმა ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.
ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს გადავეცით ”ობიექტივის” მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმები და ტელეარხების წართმევასთან დაკავშირებით ”ობიექტივის” გამოძიება, რომელიც ორ სპეციალურ კრებულშია ასახული.
ამან გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი - შეხვედრა, რომელიც ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის პირველი ნაწილი იყო შეხვედრა ქალბატონ ჰაუტალასთან, ხოლო მეორე ნაწილში შეხვედრა გაგრძელდა უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქვეკომისიის ხელმძღვანელთან, ევა ჰეიკილასთან და მიხეილ რამპთან, რომელიც არის ამავე კომიტეტის წარმომადგენელი, ადმინისტრატორი. კონკრეტულ დეტალებზე, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს, სწორედ მათთან ვისაუბრეთ.
რა არის თქვენი ამოცანა?
-ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გავიტანოთ ის საქმეები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გვინდა ამ სხდომაზე თავად დაზარალებულები ჩავიყვანოთ. ამ საქმეების განხილა სწორედ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უნდა მოხდეს, რომელიც თავისთავად ძალიან ჰგავს სასამართლო პროცესს, იმიტომ რომ ესწრება უამრავი პარლამენტარი, ადამიანი უფლებათა დაცვის არაერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამ საკომიტეტო მოსმენას პრაქტიკულად განაჩენი გამოაქვს.
რამდენადაა შესაძლებელი ამგვარი საკომიტეტო მოსმენის ჩატარება?
-ჩვენ უპირობო თანხმობა მივიღეთ ამ საკომიტეტო მოსმენის მოწვევის თაობაზე, რომლის წინ უნდა გაიმართოს ქვეკომიტეტის მოსმენა, რომელიც მაისში შედგება. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ტექნიკური მხარე. მიმდინარე თვე კონკრეტულ საქმეებზე მუშაობას მოხმარდება. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე უნდა ამოვარჩიოთ. ქვეკომიტეტის მოსმენის შემდეგ გადავალთ უკვე დიდი კომიტეტის სხდომის მოწვევის საკითხზე.
აი, აქამდე ვართ მისული. ახლა ჩვენ ვიწყებთ ამ კონკრეტული საქმეების დამუშავებას, საილუსტრაციო მასალის მომზადებას, რასაც თან დავურთავთ ადვოკატების დასკვნებს. მოწმეებიც უნდა მოემზადონ, ქვეკომიტეტის მოსმენაზე გასასვლელად.
რომელი კონკრეტული საქმეების განხილვა იგეგმება ქვეკომიტეტის სხდომაზე?
-ამ საქმეებს შორის აუცილებლად იქნება სანდრო გირგვლიანის საქმე, როინ შავაძის საქმე, პოლიტპატიმრების - მერაბ რატიშვილი და ვახტანგ მაისაის საქმეები და კიდევ სხვა საქმეები, რაზეც უკვე ჩვენი ჯგუფი ადვოკატებთან ერთად იმუშავებს და შეჯერდება.
რა იყო ევროპლების მთავარი გზავნილი?
-ჩვენ ვიცით თქვენს ქვეყანაში რა ხდება, ჩვენ თქვენი მოკავშირეები ვართ, ევროსტრუქტურები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს და ქართველი ხალხის ინტერესს ყოველთვის გაითვალისწინებენ - ესაა ევროპელების მთავარი გზავნილი.
ერთი წელია ვხვდებით სხვადასხვა სენატორებს, ევროპარლამენტარებს, მაგრამ მაღალი რანგის შეხვედრაზე ასე კონკრეტულად პირველად ითქვა, რომ ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები! არა რეჟიმის და ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, არამედ, ქართველი ხალხის მოკავშირეები და ეს ჩვენ რა თქმა უნდა, იმის იმედს გვაძლევს, რომ კომიტეტის სხდომა სათანადო დასკვნას გამოიტანს და ეს არაფრით ნაკლები არ არის იმ განაჩენზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებს გამოქვთ ხოლმე, რეჟიმების წინააღმდეგ.