მიხედეთ საინგილოს!

მიხედეთ საინგილოს!

როგორც 1957 წლიდან წევრი, თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საშეფო კომისიისა, რომელიც კურირებდა ქართულ სკოლებს საინგილოში (აზერბაიჯანის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონები) და რომელიც ჩუმად გაუქმდა (მისი დოკუმენტაციის "გაქრობის" ფორმით) ამ რამდენიმე წლის წინ მისი უკანასკნელი თავმჯდომარის აკად. ნ. ამაღლობელის გარდაცვალებისთანავე, თავს მოვალედ ვრაცხ საზოგადოებას ვაცნობო შემდეგი:

ისტორიული აღმოსავლეთი კახეთი, ე. წ. საინგილო რუსულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მოსწყვიტა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისთანავე მისი არა "თბილისის გუბერნიაში", არამედ "განჯის გუბერნიაში" შეყვანის სახით და მისი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეებად არა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის, არამედ ლეკური თემების აღიარების სახით.

გასაბჭოების შემდეგ ამ ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო უმოწყალო, მაგრამ თავდაჭერილი: ერთის მხრივ, საბჭოთა რეპრესიული აპარატის მთელი უსაზღვრო შესაძლებლობები გამოყენებული იყო მიზანმიმართულად ქართული მოსახლეობისა და კადრების (როგორც ქრისტიანულის, ისე მუსლიმანურის) წინააღმდეგ (მასობრივად დახვრეტილთა "საფლავები" სოფ. ალიაბადში მოსახლეობამ ახლაც იცის), მეორეს მხრივ, ფუნქციონირებდა ქართული სკოლა და საზღვარი ღია იყო მიმოსვლისათვის. 1954 წლიდან დაიწყო ღია და აულაგმავი შემოტევა ქართველ მოსახლეობაზე, სახელდობრ:

ეკონომიკური და ფიზიკური ზეწოლა ქრისტიან ქართველებზე (კახის რ-ნი) მათი განდევნის მიზნით (ანუ ნელი ეთნიკური წმენდა, რომლის შედეგადაც მოსახლეობა, ნაცვლად ზრდისა, გამესამედდა).

ასევე ყოველმხრივი, ადმინისტრაციულის ჩათვლით, ასიმილატორული ზეწოლა მუსლიმან ქართველებზე (ბელაქნისა და ზაქათალის რ-ნები) მათი აზერბაიჯანიზაციის მიზნით. დაიხურა ქართული სკოლები და დიდი ბრძოლების შედეგად აღდგა "შერეული" (ორსექტორიანი ქართულ-აზერბაიჯანული) სკოლების სახით მოსახლეობისა და ზემოხსენებული საშეფო კომისიის გარჯის შედეგად.

ორმოცი წლის პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ე. წ. შეფობის შემადგენელ მრავალ სხვადასხვა ღონისძიებათა შორის საინგილოს ქართველი მოსახლეობის დახმარების საქმეში რეალური ქმედითობით ყველა სხვისგან გამორჩეულია შემდეგი: ქართულ სკოლადამთავრებულთა გატარება ერთწლიან მოსამზადებელ კურსებზე თბილისის უნივერსიტეტში, მათთვის ლიმიტების გამოყოფა საქართველოს უმაღლესსა და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში (ტექნიკუმებში) და მათი იქ სწავლება პრინციპით "ყველა შეღავათი მიღებისა და სწავლის დროს, არავითარი შეღავათი დიპლომის მიცემის დროს". ამ მეთოდმა, რომლითაც ქართულ სკოლადამთავრებულს ეხსნებოდა ცხოვრების გზა, მიუხედავად გააფთრებული რეპრესიებისა, ადგილზე შეინახა საინგილოს ქართული სკოლა დღემდე.

განათლების "რეფორმის" შემდეგ ინგილო აბიტურიენტებისა და მათი სკოლების ეს დახმარება შეწყდა. ჩვენ, საინგილოს პრობლემაში ჩახედულმა ქართველი ინტელიგენციის ნაწილმა, მრავალჯერ გავაფრთხილეთ განათლების სამინისტროც და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებიც, რომ ამ დახმარების შეწყვეტას მოჰყვება საინგილოში ქართული სკოლის კატასტროფა, მაგრამ მათი მხრიდან უპასუხისმგებლო გულგრილობის გარდა სხვა რეაგირება ვერ ვნახეთ. წლეულს კატასტროფა უკვე დაიწყო: სოფ. მოსულის (ზაქათალის რ-ნი) სკოლაში ქართულ სექტორზე პირველი კლასი აღარ გაიხსნა.

ჩვენი ვალია ვაცნობოთ საზოგადოებას: თუ ზემოხსენებული დანაშაული ხელისუფლებისა დაუყოვნებლივ არ გასწორდება, მაშინ მოკლე დროში მოხდება სხვა ქართული სოფლების ენობრივი და ფსიქოლოგიური ასიმილაციაც, ისევე როგორც ჩვენ თვალწინ, გასული საუკუნის დამლევს, მოხდა კახის რაიონის ორი სოფლის - თასმალოს (გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის სამშობლოს) და ძაგამის ასიმილაცია (იქ ქართული ენის გაქრობა) იმის გამო, რომ იქ ქართული სკოლის აღდგენა ვერ შევძელით.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს: საქართველოს და აზერბაიჯანის კეთილი ურთიერთობა საჭიროა არა მხოლოდ მსოფლიო დემოკრატიისა და პროგრესის ინტერესებისათვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ საქართველოსთვის. იგი (გეოგრაფიულად, ეკონომიკურად, სტრატეგიულად და ყველა სხვა მხრივ) საჭიროა აზერბაიჯანისთვისაც. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების უფლებაცაა და პირდაპირი მოვალეობაცაა, ჩვენი თანამემამულენი, ინგილო ქართველები მყარად და პირუთვნელად დაიცვას ყოვლად ანაქრონისტული ასიმილატორული ზეწოლისაგან. მით უმეტეს, მათი მოვალეობაა საქართველოს განათლების სისტემის მუშაობაში კუთვნილი წილი დაუდოს საქართველოს გარეთ მყოფ თანამემამულეთა სასიცოცხლო ინტერესების სამსახურს.

ნოდარ ნათაძე