ხელისუფლების ტროას ცხენი, ანუ “ოპერაცია ბჰუტოდან ოპერაცია კახეთის კარიბჭემდე”

ხელისუფლების ტროას ცხენი, ანუ “ოპერაცია ბჰუტოდან ოპერაცია კახეთის კარიბჭემდე”

[მაია ფურცელაძე, “ვერსიის” მთ.რედაქტორი]

ლეიბორისტული პარტია, უკანასკნელი პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, ტროას ცხენის როლს თამაშობს - ეს ჩემი აზრია და იმედია, ამ დასკვნის გაკეთების უფლება მაინც მაქვს, რადგან ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე, პროცესი, დაახლოებით, ასე ვითარდება - შევლენ რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში ლეიბორისტები, ჩაიმუხლებს ტროას ცხენი და ამოდიან ხან მოქალაქეთა კავშირისა და ხანაც ნაცმოძრაობის წევრები.

სხვათა შორის, ასე მოშხუილდა საკრებულოს თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბატონი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ კულუარებში ისევე აგინებდა, როგორც დღეს უტრიალებს მკვდარსა და ცოცხალს, მაგრამ ეს მხოლოდ კულუარებში და ასვე კულუარულად დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარეობა ისე, რომ დატოვა ამომრჩეველი პირშიჩალაგამოვლებული.

ახლა კი მიიღეთ ნაჯახის სახეები და მოისმინეთ “სააკაშვილ-მერაბიშვილის ჰოლდინგის წევრი, მსუყედ დაფინანსებული გაზეთ “ვერსიის” დამფუძნებლის “აღსარება”...

სიამაყით აღმავსო და გამაბედნიერა 28 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას საგანგებო ბრიფინგმა, რომელიც “ვერსიას” მომეძღვნა. ვიცი, იქ მისული ჩემი კოლეგა ჟურნალისტები შურით “გაიბერებოდნენ”, რადგან ესოდენ დიდი პატივი გაფიცული მძღოლების, გაძვირებული ბენზინისა და პროდუქტის, უკანონო პოლიტპატიმრებისა და კიდევ ათასი პრობლემის ფონზე სწორედ მე - მაია ფურცელაძეს მომეძღვნა, მაგრამ მინდა, ყველა “დავამშვიდო” - რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ ლეიბორისტებზე, თქვენ ესოდენ დიდ პატივს ვერ დაიმსახურებთ, რადგან ბატონი შალვა ნათელაშვილის ჩემდამი “დიდი სიყვარული” უკვე წლებია, გრძელდება და ამას პიროვნული მიზეზები აქვს (თუმცა, ჯერჯერობით, ამ თემაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ) და ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა გაზეთ “ალიაში” მიმყავდა საავტორო რუბრიკა უხერხული კითხვები.

სხვათა შორის, “ალიაჰოლდინგში” ჩემი მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე ბატონი შალვა პერიოდულად იბუტებოდა და ეს ხან იმით მთავრდებოდა, რომ თვეების მანძილზე იბეჭდებოდა შავი კუბიკი წარწერით “აქ იგულისხმება შალვა ნათელაშვილის ფოტო”, ხან პასკვილებს უქვეყნებდა “ალია ჰოლდინგის” დამფუძნებელს გიორგი ბრეგვაძეს და მახსოვს, როგორ უწოდა მაფიოზი და თუკი საქართველოში რომელიმე გაზეთის გამომცემელს რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება ჰქონია, ყველაფერი გიორგის მიაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც არ მოეწონა “ალიაში” (თუ “ქრონიკაში”) მასზე დაბეჭდილი.

ჩემი ჟურნალისტური წარსული კი მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ გიორგი გუგავას, რომელსაც ფურცლებზე დაწერილი ტექსტი მიაჩეჩეს პარტიულმა ბოსებმა და ბრიფინგის ჩატარება აიძულეს, ვუთხრა, რომ ბატონი შალვა ნათელაშვილი იყო ის პარტიული ლიდერი, რომელმაც 1995-99 წლების პარლამენტში, ფოიეში ოვაციები მომიწყო და ხელები დამიკოცნა იმის გამო, რომ მწვანეთა მოძრაობასა და ცხონებულ ზურაბ ჟვანიას (მაშინ პარლამენტის ძლევამოსილი თავმჯდომარე გახლდათ და ვერავინ ვერაფერს უბედავდა) 60-მილიარდიანი კრედიტისა და ბანკი “თრიალეთის” შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოვუქვეყნე, რასაც საშინელი სკანდალი მოჰყვა.

როგორც ჩანს, ბატონ შალვა ნათელაშვილს არც ის ახსოვს, რომ მე ვმუშაობდი საქართველოს გენპროკურატურაში საერთაშორისო განყოფილების უფროსად, დავამთავრე დიპლომატიური აკადემია და ვაღიარებ, რომ მაშინ შემთხვევით იურისტებს “მიმოში” არ აბარებინებდნენ... სამხედრო გადატრიალების შემდეგ პარლამენტშიც შემიყვანეს და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედაც დამნიშნეს... 1992-95 წლებში მე “გავუპრავე” შევარდნაძეს ჯერ სახელმწიფოს მეთაურობა და ყველა სისხლიანი ოპერაცია სამეგრელოდან დაწყებული, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომით დამთავრებული.

მე მივეცი ხმა საქართველოს “ესენგეში” შესვლას, მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი და ჩემს გამო მოიკლა თავი მოქალაქეთა კავშირმა დუშეთში რომ არჩევნები მომეგო, მე ვიყავი ასლან აბაშიძესთან და აღორძინებასთან ერთ ბლოკში, მე მივყიდე მიხეილ სააკაშვილს თემურ ალასანიას ხელით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, მე შევიყვანე საკრებულოში ზაზა ბეგაშვილი, რომელიც 2007 წლის 7 ნომებერს შალვაზე შეყვარებული ხალხის დარბევით გულში იხუტებდა და მადლობას უხდიდა, მე გადამიღეს პაპარაცებმა ფოტოები, როგორ გამომიყვანეს ჯიპით მთავრობის კანცელარიიდან ჯორბენაძესთან შეხვედრის შემდეგ...

მე მაჩუქა ბადრი პატარკაციშვილმა 100 000 (რატომღაც მე არასდროს არავინ არაფერს მჩუქნის სალანძღავი ბრიფინგების გარდა), მე ჩამირიცხეს ასობით ათასი ევრო ავსტრიის ბანკის ანგარიშზე (ეს ფაქტი გაზეთ “პრაიმ ტაიმში” გამოქვეყნდა), მე გავუმწარე ისედაც მწარე სიცოცხლე გოდერძი ჩოხელს... მე ვიღებ პარლამენტარის ხელფასსა და პარტიულ დაფინანსებას სააკაშვილის ბიუჯეტიდან... ვიღებ იმიტომ, რომ მეკუთვნის... (ფულიც და ოპოზიციის ლიდერობაც, რადგან ჩემნაირი გამოცდილება არავის აქვს...) ამ ყველაფრისთვის კი, ჩემო ძვირფასო მკითხველო, და იმისთვისაც, რომ მე მოვიყვანე ვარდების ხელისუფლებაში სააკაშვილ-მერაბიშვილი, მათაც მსუყედ დამასაჩუქრეს - “კახეთის კარიბჭეს” რედაქტორად დამნიშნეს და ამ სიკეთეებისთვის 16-ათასლარიანი გრანტით დამასაჩუქრეს.

დიახ, წლების მანძილზე ვასრულებდი ამ ბინძურ დაკვეთებს და “კახეთის კარიბჭეც”, რომელიც თვალით არავის უნახავს და, როგორც გუგავა ამბობს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩემი კოდური სახელია, რომელიც ნაციონალებმა შემარქვეს, თანხის მოძრაობა რომ არ გაიშიფროს, საგარეჯოს გამგეობის ანგარიშიდან მირიცხავენ! (ისე, საბრალო გუგავა, ისეთი რამეები თქვა იმ ბრიფინგზე, თვითონაც კი უკვირს)

და ბოლოს, აუცილებელი განმარტება ჩემი მკითხველისთვის და იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც ბრიფინგის შემდეგ ჩემი კომენტარი ვერსად ნახეს, რადგან ეს არასერიოზულად ჩავთვალე - 1984 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა გამოცემებში, ვყოფილვარ “სარანგის”, “ქრონიკის” და ბოლოს, ვარ “ვერსიის” მთავარი რედაქტორი. ჩემდა სამარცხვინოდ, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე შეხება არ მქონია რეგიონულ გაზეთთან და მით უმეტეს საგარეჯოს გამგეობასთან, თუმცა თუ ამის შემოთავაზება იქნება, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ. როგორც ჩანს, “კახეთის კარიბჭეც” ისეთივე კოდური სახელია, როგორც ოპერაცია “ბჰუტო”. რაც შეეხება მოგებულ ტენდერს - ეს გახლავთ 4-გვერდიანი ჩანართი “სამართალი”, რომელსაც აქამდე ამზადებდა და ავრცელებდა გაზეთი “კვირის პალიტრა”, შემდეგ “რეზონანსი” და ამჯერად მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, სხვა ამგვარი გამოცდილების მქონე პრეტენდენტი კი არ გამოჩნდა. 

ყველაფერი აგიხსენით, ახლა კი, ნამდვილად მივიღებ ნაჯახის სახეს და მომავალ არჩევნებში ახალ ტროას ცხენში ადგილების შევსებას დაველოდები. თუმცა, იქ მოხვედრის მსურველებს გაფრთხილებთ - ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, ჩემი თუ არ გჯერათ, ექს ლეიბორისტებს ჰკითხეთ!