[ნინო მიქიაშვილი]
მელიქიშვილის გამზირზე, 2006 წლის 20 მაისს დახვრეტილი გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს შვეიცარიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ჩვენ მასთან ინტერვიუ ინტერნეტის საშუალებით ჩავწერეთ.
როდის მიიღეთ პოლიტიკური თავშესაფარი?
-სულ რამდენიმე დღის წინ.
თქვენც თავშესაფარში ცხოვრობდით, ისე, როგორც ვახო კომახიძე, თუ როგორ იყო?
-ვინაიდან, ხუთი წელი ხდება, რაც ჟენევაში ვარ, არ დამჭირდა ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც ვახო კომახიძემ გაიარა.
რა პროცედურების გავლა დაგჭირდათ იმისთვის, რომ მიგეღოთ პოლიტიკური თავშესაფარი?
-ვფიქრობ, ამ დეტალებზე ჩემი მხრიდან საუბარი მიზანშეუწონელია. დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სასამართლო, სადაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება გიწევს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი უმტკივნეულოდ და სწრაფად გადაწყდა.
რას საქმიანობთ შვეიცარიაში?
-ვსწავლობ.
რა ნიშნით მოგცათ შვეიცარიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი?
-იმ ნიშნით, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
თქვენი აზრით, რას გაუსვა ხაზი შვეიცარიის ხელისუფლებამ, გურამ შარაძის ქალიშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემით?
-ისინი შეფასებებს არ აკეთებენ; გისმენენ, გამოწმებენ და დადებით, ან უარყოფით გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ. თუ რას მოვყვებოდი და რა ფაქტებს წარვადგენდი, მგონი, ძნელი მისახვედრი არ იქნება, მათთვის, ვინც ამ წლების განმავლობაში თვალს გვადევნებდა. ასე რომ, თუ რას გაესვა ამით ხაზი, მკითხველს დასკვნა თავად შეუძლია გამოიტანოს.
მამათქვენის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
-მოგახსენებთ. კატეგორიულად არ მსურდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, თუნდაც იმიტომ, რომ მამაჩემმა მთელი შეგნებული ცხოვრება ემიგრაციას მიუძღვნა და ჩვენთვის, შვილებისთვის, ქართველი ემიგრანტების ხვედრი, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, სულის შემძვრელი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ ნაბიჯს თუ გადავდგამდი, მაგრამ ბედის ირონიაც ალბათ, ეს არის.
მას შემდეგ, რაც მამაჩემი მოკლეს, ნახევრად საქართველოში ვიყავი. მართალია, სამართლებრივად ჯერ-ჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ, მაგრამ იმ უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც პრესაში არაერთხელ გამოვაქვეყნეთ, აგრეთვე ”გურამ შარაძის საზოგადოების” მიერ ჩატარებული აქციებით, ხალხმა გაიგო სინამდვილეში რა მოხდა. მაშინ, ასე თუ ისე, საქართველოში პრესა ჯერ კიდევ ცოცხლობდა.
ბოლო ღონისძიება 2010 წლის 17 ოქტომბერს გავმართეთ, გურამ შარაძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. საგანგებოდ ამ დღისთვის შევქმენით ვებ-გვერდიც (http://guramsharadze.wordpress.com/), რაზეც თქვენ და მხოლოდ და მხოლოდ, ორმა გაზეთმა დაწერა. მეუხერხულება კიდეც, იმაზე საუბარი, თუ რა შევძელით და რა ვერა...
ფაქტია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შიშველი ხელებით ვაკეთებდით და ღმერთის და ხალხის გარდა, არავის იმედი გვქონია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა. ნამდვილად არ მინდა ოპოზიციის ცუდად მოხსენიება და ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა, თუმცა, მათი დუმილი მათივე სინდისზე იყოს. მე სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, გარდა ერთისა - ამ გზით გამომეხატა პროტესტი, იმ უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ, რაც ჩემი ოჯახის წინაშე ჩაიდინეს.
ვისარგებლებ შემთხვევით და გიამბობთ რამაზ კლიმიაშვილთან ჩემი ბოლო საუბრის დეტალებს - ბატონი რამაზი ბოლოს გასული წლის 17 ოქტომბერს, მამას იუბილეზე ვნახე. მან სადღეგრძელო წარმოთქვა და რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ლოცულობს, რათა გურამ შარაძესავით მოკლან... მე ვთხოვე, კადნიერებაში არ ჩამოერთმია, მაგრამ სიფრთხილე გამოეჩინა, რადგან ინტერესით ვადევნებდი თვალს მის ინტერვიუებს და ძალიან ვშიშობდი, რომ ეს შეიძლებოდა მართლაც ეცადათ. ამინ!-ო, მიპასუხა. მისთვის ჩვეული სიცილით ამბობდა - ”სიკვდილი აი, ეგ არის. აბა ლოგინში ავადმყოფურად სიკვდილი რა საკადრებელია, მე ეგ არ მინდაო”.
ამ საუბარს ესწრებოდნენ ბატონი სოსო შატბერაშვილი და ქალბატონები - ლეილა გაფრინდაშვილი და ნინო შარაშიძე. სულით-ხორცამდე შეძრული ვარ, ბატონი რამაზის გარდაცვალების გამო და რა თქმა უნდა, არ მჯერა იმ ვერსიის, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ან უბედური შემთხვევა.
სამუდამოდ აპირებთ ჟენევაში გადასახლებას?
-რასაკვირველია, არა. ვერ ვიტყვი, რომ მეორე სამშობლო ვიპოვნე, თუმცა ვიპოვნე ადამიანები, სამართალი და რაც მთავარია, იმედი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვწირავ უპირველესად ღმერთს, შემდეგ შვეიცარიას და შვეიცარიელებს. სამართალს აუცილებლად ვიპოვნი საქართველოშიც, მე ბრძოლას არ ვწყვეტ, ბრძოლა ახლა იწყება.