კალმახელიძის “ოსვენციმის” კოშმარები

კალმახელიძის “ოსვენციმის” კოშმარები

მართალია, ციხეების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, საპატიმროებში პატიმრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიანო, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებენ. გარდაცვლილ პატიმართა ასაკი, ხშირ შემთხვევაში, 22-დან 40 წლამდე მერყეობს, რის მიზეზადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, განსაკუთრებით ე.წ. „რესბალნიცში“, ანუ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში შექმნილი გაუსაძლისი პირობები სახელდება. ამაზე არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი ექსპრეზიდენტის ვაჟს, პატიმარ ცოტნე გამსახურდიას. ამასვე ადასტურებენ სხვა პატიმრებიც, რომელთა უფლებებიც აღნიშნულ დაწესებულებაში გამუდმებით ირღვევა.

 

ადვოკატების თქმით, განსაკუთრებული ზეწოლისა და წამების ქვეშ იმყოფებიან ის პატიმრები, რომელთა საქმეებიც ევროსასამართლოშია გადაგზავნილი - ადმინისტრაცია მათ საჩივრის გამოტანას აიძულებს, არდამორჩილების შემთხვევაში კი, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. პატიმართა გახშირებულ გარდაცვალებაზე “ქართული სიტყვა” ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ესაუბრა.

 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საპყრობილეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო და, როგორც ამბობენ, სუიციდის ფაქტები იქ არცთუ იშვიათია...

- სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს უზღუდავენ ყველაფრის - გასეირნების, მკურნალობის, მაღაზიით, აბანოთი სარგებლობის უფლებას... პატიმრებს აიძულებენ, ციხის მაღაზიაში იყიდონ ძველი და უვარგისი პროდუქტი და ნივთები. მაგალითAდ, უხარისხო თეთრეული შეიძინონ მაღალ ფასებში. იქნებ უკეთესით დედა ან ნათესავი ეხმარება, რატომ უსპობ მსჯავრდებულს ამის საშუალებას? თუ რომელიმე პატიმარმა გამოხატა პროტესტი არსებული რეჟიმის მიმართ, აიძულებენ, ხელები უკან დაიწყოს და ისე იაროს. სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც უნდა იყოს სპეციპიკური გარემო და პირობები, საშინელი მდგომარეობაა. ჯერ კიდევ 2009 წელს, მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დადო დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება. ადამიანს, რომელიც არაა ჯანმრთელი, უნდა უმკურნალო, გამოუძახო ექიმი, ან ექთანი, მაგრამ ვიდრე პატიმარი გონებას არ დაკარგავს, ექიმი მასთან არ მიდის.

 

პატიმრებს ტელევიზორის ყურების უფლებასაც არ აძლევენ, მერე ყველა აქ მოინდომებს ყოფნასო, - ასეთია ადმინისტრაციის აზროვნება. პატიმრები მუდმივად განიცდიან შეურაცხყოფას, დამცირებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტერორს, ასევე - ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. იმ აუტანელ პირობებზე, რაც სამკურნალო დაწესებულებაში ხდება, არაერთხელ დაწერა ცოტნე გამსახურდიამ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დენის ყვარელაშვილმა კი არაერთხელ მიმართა მთავარ პროკურორს და მოითხოვა გამოძიების დაწყება.

 

გიორგი მაზანაშვილი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში. მასთან საკანში შევიდნენ დაწესებულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის უფროსი, გადმოუყარეს პირადი ნივთები, გარდაცვლილი მამისა და ბიძის ფოტოები და ზედ ფეხით გადაუარეს. ასევე, ძირს დაუყარეს გარეცხილი ტანსაცმელი და ზედ ფეხებით იარეს, თან ეუბნებოდნენ, ყოველ დღე ეს მოგელისო. ძირითადად იმ პატიმრებზეა ზეწოლა, რომლებსაც საჩივარი აქვთ შეტანილი ევროსასამართლოში. ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ საჩივრების გამოტანას აიძულებენ.

 

ანუ, მათ მიმართ, ვისაც სტრასბურში არ აქვს საქმე გაგზავნილი, ლოიალურები არიან?

- არა, ვისაც სტრასბურგში არ აქვს გასაჩვრებული, მას არც გააჩერებდნენ სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც მთავრდება ბევრი ავადმყოფი პატიმრის სიცოცხლე საპატიმრო დაწესებულებაში, ისევე დამთავრდებოდა მათი სიცოცხლეც. იმისათვის, რომ ავადმყოფი პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდეს, ჯერ სტრასბურგში უნდა იჩივლოს, ევროპის სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება მთავრობისთვის სავალდებულოა და იძულებულნი არიან, პატიმარი გადაიყვანონ და უმკურნალონ. მერე კი, აიძულებენ, გამოიტანონ საჩივრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამყოფებენ გაუსაძლისი რეჟიმის პირობებში. იქ შექმნილ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ფონს ყველა ვერ უძლებს. სწორედ ეს რეჟიმი განაპირობებს, რომ ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს.

 

ვისაც არ აქვს გასაჩივრებული სტრასბურში, მათ მიმართ ნაკლებ აგრესიას იჩენს ადმინისტრაცია. არადა, საქმე თუ არ გექნება სტრასბურში, სხვანაირად დაცული ვერ ხარ. თუ არ მიმართე სტრასბურს და მან არ დაავალა მკურნალობა, ისე პატიმარს არ ათავსებენ სამკურნალო დაწესებულებაში. ამიტომაცაა გაზრდილი საპატიმროებში სიკვდილიანობა. ევროსასამართლოს ჩარევის შემთხვევაშიც კი, არ უტარდებათ პატიმრებს ადეკვატური მკურნალობა. მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ იმყოფება პატიმარი ბადუაშვილი, რომლის საქმეც დასრულებულია ევროპულ სასამართლოში, აგვისტოში ლამის ცემით მოკლა მე-6-ე საპყრობილის დირექტორმა დავით მარგებაძემ, რომელიც საჩივრის გამოტანას აძალებდა. ეს ადამიანი ისედაც ავადმყოფი იყო, შემდეგ კი ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით დაავადდა და მომაკვდავია. ასევე, სიკვდილის პირას მიიყვანეს ზაქარია ქიტიაშვილი, რომელსაც აქვს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა.

 

სამკურნალო დაწესებულებაში ასე იოლია თავის ჩამოხრჩობა? იქ ხომ ვიდეოთვალია დამონტაჟებული და მუდმივი კონტროლი ხორციელდება?

- დიახ, იქ მუდმივად მიმდინარეობს საკნების შემოწმება-დათვალიერება, “შმონი”, ანუ ჩხრეკა, საკნები აღჭურვილია ვიდეოკამერებით. თუ მარტო იყო პატიმარი, რატომ ჰყავდათ განმარტოებით? როდესაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ეს არის ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფა და მოსპობა.

 

რამდენიმე თვეა, სამკურნალო დაწესებულების უფროსად დანიშნეს ვაჟა ცხვედიანი, რომელიც პატიმრების წამებაშია დადანაშაულებული. იგი მანამდე ამავე დაწესებულებაში მოადგილედ მუშაობდა და განსაკუთრებული აგრესიულობით და სისასტიკით, პატიმრებთან არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობით გამოირჩეოდა. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია თავის საპროტესტო განცხადებებსა და ინტერვიუებშიც აცხადებდა. დირექტორად დანიშვნის შემდეგ, ცხვედიანი უფრო მეტად აგრესიული გახდა და განსაკუთრებით ავიწროვებს იმ პატიმრებს, რომელთა საქმეებიც იხილება ევროპულ სასამართლოში. იგი აიძულებს მათ, გამოიტანონ საჩივრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება სასჯელის დამატებით, ყოველდღიურად ამყოფებს ტერორის ქვეშ და ფსიქოლოგიურ ზეწლას ახორციელებს მათზე, ავადმყოფ პატიმრებს უზღუდავს გასეირნების და აბანოთი სარგებლობის უფლებას, მისი ბრძანების საფუძველზე, ექიმები მათ არ აწვდიან წამლებს.

 

ვაჟა ცხვედიანი გახლავთ 26-27 წლის გაუნათლებელი პიროვნება, რომელიც მანამდე მე-8-ე საპყეობილეში მუშაობდა და იქ გამოიჩინა თავი სისასტიკით, მერე „რესბალნიცის“ დირექტორის მოადგილედ დანიშნეს, საკადრო წმენდისას ცხვედიანი მოხსნეს და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში უსაფრთხოების უფროსად, დეკემბრის ბოლოს კი დანიშნეს სამკურნალო დაწესებულების დირექტორად. მის მიმართ უამრავი საჩივარია შეტანილი პროკურატურაში.

 

როგორც პატიმრები ამბობენ, დღე არ გავა, რომ საპატიმრო დაწესებულებებში პატიმარი არ გარდაიცვალოს, თუმცა ქალბატონმა კალმახელიძემ ბრძანა, ყველა პატიმარი ასაკის გამო იღუპებაო...

- შეიძლება, ყოველდღე არა, მაგრამ დღეგამოშვებით მაინც ხდება ასეთი ფაქტი, თუმცა ისინი გასაიდუმლოებულია. მაგალითად, ფურცხვანიძის ამბავი მე რომ არ გამევრცელებინა, ისე ჩაივლიდა, კაცი ვერაფერს გაიგებდა. დაახლოებით სამი-ოთხი კვირის წინ, ციხეში ზურაბ ბიბილაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ გაგიგიათ რამე? მთავრობასა და ხელისუფლებას ხომ უნდა მოეკითხოს პასუხი, რა ხდება, რა იწვევს ასეთ ფაქტებს? მინისტრს ყოფნის თავხედობა და აცხადებს, პატიმრები ასაკით იღუპებიანო. რა თქმა უნდა, იქ არიან მოხუცებიც, მაგრამ მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა.

 

სახელმწიფო ვალდებულია, პიროვნებას დაკავებისთანავე ჩაუტაროს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაუტაროს ადეკვატური მკურნალობა. ამ ვალდებულებას სახელმწიფო არ ახორციელებს. ყველა პატიმარი საქმეს ვერ ასაჩივრებს ევროსასამართლოში, ეს თანხებთანაა დაკავშირებული. ან რატომ უნდა აიძულებდეს სტრასბურგი ქართულ სახელმწიფოს, რომ მისი ავადმყოფი პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსოს და უმკურნალოს? სამკურნალო დაწესებულებებში არიან მომაკვდავი პატიმრები, სახელმწიფო მათ დისკრიმინაციას ახორციელებს - არ ათავისუფლებს.

 

სასჯელარსრულების სისტემაში შემოდის ალტერნატიული სასჯელები, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. რა კატეგორიის დამნაშავეებს შეეხებათ ეს ალტერნატიული სასჯელი და ხომ არაა ეს ბიუჯეტის შევსების ახალი წყარო, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომგონივრული ეჭვისსაფუძველზე ბევრს ელის დაპატიმრება?

- ეს ჯერ მხოლოდ პროექტია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამას გაავრცელებენ პრობაციონერებზე, ანუ მათზე, ვისაც საპროცესო გარიგების საფუძველეზე არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული. სხვათა შორის, როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლების წესი არ მოქმედებს (ვისზეც უნდათ, მოქმედებს, ვისზეც უნდათ - არა), ანუ შერჩევით ხდება, აქაც ასე იქნება. ესენი, იცით, რას შვებიან? ყველა იმ პატიმარს, ვისაც ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის, პირად საქმეებში უყრიან ბრძანებებს ადმინისტრაციული დასჯის შესახებ და უფუჭებენ საქმეს ისე, პატიმრები აზრზეც არ არიან, რომ მათ მიმართ გამოტანილია ადმინისტრაციული დასჯის ბრძანება. ასეთ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო ადამიანი, მას კი აქვს ამ ბრძანების გასაჩივრების უფლება.

 

ალტერნატიული სასჯელის გამოყენებას არ აპირებენ ნაკლებად მძიმე დანაშაულობებზე, რომლის კატეგორიაა 5 წლამდე მუხლი, თუმცა ალტერნატიულ სასჯელს ამათზე არ გაითვალისწინებენ. პროექტის მიხედვით, ამას გაითვალისწინებენ მხოლოდ პრობაციონერებზე, მათზე, ვინც გადაიხადა საპროცესო თანხა. ისინი, ვისაც საპროცესოს ფული აქვს გადახდილი, რატომღა უნდა ამუშაო? ეს ხომ ტრეფიკინგია? რატომ უნდა ამუშაო უფასოდ ხალხი, რომელსაც საპროცესო გარიგება აქვს დადებული სახელმწიფოსთან, გარკვეული თანხა გადახდილი? ეს ნიშნავს ტრეფიკინგის დაკანონებას.

 

ბოლო ხანს ძალიან გახშირდა ადვოკატების დაკავების ფაქტებიც. ზაზა ხატიაშვილის თქმით, საქართველოში 200-მდე ადვოკატია პასუხისგებაში მიცემული. ხომ არ ხდება ადვოკატების მიზანმიმართული დისკრედიტაცია?

- ადვოკატების დისკრედიტაცია ხდება, მაგრამ მათ რიგებში, სამწუხაროდ ბევრი უღირსია. მათში არიან ყოფილი პროკურორები, გამომძიებლები, ანუ ისეთი ხალხი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დანაშაულს ჩადიოდა, მათ ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაუმწარებიათ, უსამართლო განაჩენი გამოუტანიათ. ბევრ ღირსეულ პროკურორს და მოსამართლეს ვიცნობ, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. ადვოკატების ნაწილი კლიენტებს აიძულებს საპროცესოზე წასვლას, დანაშაულის აღიარებას, სძალავს დიდ თანხებს და ცუდ დღეში აყენებს მათ ოჯახებს. როდესაც მართალი ხარ, არ მესმის, რატომ უნდა თქვა უარი ბრძოლაზე? ზოგადად, ადვოკატურა მძიმე დღეშია, მიდის მისი დისკრედიტაცია, ადვოკატების მიმართ დისციპლინარული დევნა ხორციელდება და არ აძლევენ მუშაობის საშუალებას.

 

გრძელვადიან პაემნებზე დასამვარსკვლავიან სასტუმროებზერას იტყვით?

- ერთდღიანი პაემანი არ ნიშნავს გრძელვადიანს. კომუნისტების დროს და შემდეგაც პაემნები სამდღიანი იყო. ასე არცერთ ქვეყანაში არ ხდება. პატიმრებს უნდა მიეცეთ რესოციალიზაციის საშუალება. მათ არ შეიძლება მოუსპო ამის უფლება. კანონით არ არის რეგლამენტირებული, რომ პატიმარი შეახვედრო და გისოსების თუ ფანჯრის მიღმა რამდენიმე წუთი ასაუბრო ოჯახის წევრს, რომელსაც მასთან ელემენტარული მიახლოვების და მოფერების საშუალება არ აქვს. ეს დამთრგუნველად მოქმედებს მათზე.

 

sპატიმარს რაც უფრო ხშირად მოუწყობ პაემანს, ეს უფრო უწყობს ხელს მის რესოციალიზაციას საზოგადოებაში. არსად ხდება ის, რომ პატიმრის ოჯახი ფულს იხდიდეს “სამვარსკვლავიან სასტუმროებში”, ანუ ეს ვიღაცის ბიზნესს ემსახურება, არა? ეს არის ერთი მექანიზმი იმისა, თუ როგორ ვიშოვოთ ფული პატიმრებისგან. შეიძლება ამის დანერგვა იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად იარსებებს უფასო პაემნები. ვისაც ექნება “სამვარსკვლავიანი სასტუმროს” საშუალება, აირჩევს და გადაიხდის. თუ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან სახელმწიფოში, სამართლიანობის პრინციპებიც უნდა დავიცვათ.