საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და „რეადმისიის“ შესახებ შეთანხმებები ამოქმედდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რეადმისიის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების განხორციელება დანაშაულის ტოლფასია.
ევროპის კავშირთან „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების“ და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის“ შესახებ შეთანხმებები 1-ლი მარტიდან შევიდა ძალაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების“ შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან შეღავათებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას (60 ევროდან 35 ევრომდე), რიგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის (მაგ., პენსიონრები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ახლო ნათესავები, სტუდენტები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ.) სავიზო მოსაკრებელის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას 10 კალენდარული დღის განმავლობაში და ა.შ.
„უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის“ შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.
საგარეო უწყების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ზემოხსენებული შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებისა და ადამიანთა მობილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„დიდი ხანია ამ შეთანხმების ძალაში შესვლას ველით, რადგან ეს, ერთი მხრივ, ჩვენთვის ცალსახა პოლიტიკური განაცხადია, რომ ევროკავშირი კვლავ თავისი პოლიტიკის ერთგული რჩება საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენი ურთიერთობის პროგრესი სამომავლოდაც გაგრძელდება და მეორე მხრივ, რეჟიმის გამარტივებას ჩვენი მოქალაქეები უშუალოდ იგრძობენ და იმედი გვაქვს, დამატებითი გართულებები ამ საკითხს აღარ მოჰყვება“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.
„გამარტივებული სავიზო რეჟიმი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, - აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმს საქართველოსთვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს:
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა დღეიდან. ეს არის საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რასაც ქვეყნისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და მოსახლეობისთვის კი ძალიან დიდი შეღავათები მოაქვს. გამარტივებული პროცესები მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს მიმოსვლასა და გადაადგილებას გაუადვილებს. ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
ლეიბორისტული პარტია მიესალმება ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებას, თუმცა ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებსა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში მიმართვას უგზავნიან, რათა არ აამოქმედონ რეადმისიის ხელშეკრულება, რომელიც ქართველების დეპორტაციას გულისხმობს.
როგორც პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აცხადებს, რეადმისიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების აღება და მისი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, დანაშაულის ტოლფასია:
„ლეიბორისტული პარტია, რომლის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია – ევროინტეგრაცია და უნივერსალური ევროპეიზაცია, ცხადია, მიესალმება ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებას მაგრამ, ამასთან ერთად დღეს სპეციალური განცხადებით მიმართავს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს, აგრეთვე, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რათა არ აამოქმედონ რეადმისიის ხელშეკრულება, რომელიც, ასევე დღეიდან შედის ძალაში და რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება – იძულებით და დეპორტაციის გზით ჩამოიყვანოს ევროკავშირის ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები“.
კირთაძის თქმით, ასეთი ვალდებულების აღება და მისი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, დანაშაულის ტოლფასია რადგან ზოგადად, ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა და უმძიმესი სოციალური ფონია, უფრო მეტიც, საქართველო სიციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება.
„დღეს გაგზავნილი სპეციალური მიმართვით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცნობთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას და მიმართვაში ავღნიშნავთ, რომ:
ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ტოტალური უმუშევრობა და, იმის მიუხედავად რომ ოფიციალური სტატისტიკა უმუშევრობას 19-20 %-ით განსაზღვრავს, რაც დასაშვებ ზღვარზე ორჯერ მეტია, რეალურად იგი მინიმუმ 50-70%-ით განისაზღვრება“, – ამბობს კირთაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში ძირითადად დასაქმებულნი არიან სახელმწიფო დაწესებულებებში და ძალოვან სტრუქტურებში; ან მოქალაქეები საქმდებიან მმართველი პოლიტიკური პარტიის კუთვნილების ნიშნით.
კირთაძის ინფორმაციით, მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ხელისუფლებისაგან მხადაჭერილი მონოპოლიები. შესაბამისად, არ ვითარდება თავისუფალი ბიზნესი და არ იქმნება და არ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები:
„მომსახურეობის სფერო, და ჯერ კიდევ არშეწყვეტილი საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამები, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მხოლოდ უმცირესი ნაწილია. ხელისუფლება დასაქმებისა და სოციალურ პროგრამებს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, ისიც მხოლოდ ერთი თვით განსაზღვრავს და პიარზეა გათვლილი. ყოველდღიურად იზრდება ფასები საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის, პირველადი მოხმარების საკვებზე.
ზოგადად, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია, უფრო მეტიც, საქართველო სიციალური აფეთქების ზღვარზეა. ასეთ პირობებში უცხოეთის ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად წასული ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია და იძულებით უკან ჩამოყვანა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ტოლფასია. გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ სოციალურ დახმარებას და დასაქმებას. კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით გთხოვთ, არ აამოქმედოთ დღეიდან ძალაში შესული რეადმისიის ხელშეკრულება.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების“ შესახებ შეთანხმება გასული წლის 14 დეკემბერს დამტკიცდა.