კურორტი “საირმე” უკვე გაიყიდა, რაც მთავარია, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. კურორტის მფლობელია შპს “საირმის განვითარების კომპანია”, რომელსაც სახელმწიფომ 60 000 ლარად, “საირმეს” 100%-იანი წილიც გადასცა. ამ სტატიაში, “ვერსია” უცნაური პრივატიზების სკანდალურ დეტალებს გთავაზობთ. ყველაზე ყურადსაღები და სკანდალური დეტალი კი ის არის, რომ “საირმის განვითარების კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, “თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთი მფლობელი თემურ კოხოძე გახლავთ.
“საირმეს” გაყიდვის პირობები
“ვერსიას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, რომ ცნობილი კურორტი “საირმე”, უახლოეს პერიოდში განახლებულ სახეს მიიღებს და თავის ძველ, ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს. შპს “კურორტ საირმეს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი შპს “საირმის განვითარების კომპანიას” 60 ათას ლარად გადაეცა. კომპანია ვალდებულია, კურორტის აღორძინების მიზნით, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “საირმის განვითარების კომპანიას” საპრივატიზებო პირობებად განუსაზღვრა: 2011 წლის 1 დეკემბრამდე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საირმეში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მასზე დამაგრებული 1259 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარემონტო-სარეკონსტრუქციო აღდგენითი სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა.
2012 წლის 1 დეკემბრამდე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საირმეში მდებარე #1 შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 370 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარემონტო-სარეკონსტრუქციო აღდგენითი სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა, მათ შორის, დამსვენებლების წყლით დამოუკიდებლად და შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა.
2013 წლის 1 დეკემბრამდე, ვანის მუნიციპალიტეტში, კურორტ “საირმეში” მდებარე 11135 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების სპა-ცენტრის მშენებლობის დასრულება და ექსპლოატაციაში შეყვნა.
2012 წლის 31 დეკემბრამდე, ამ განკარგულებით გადაცემული შპს “კურორტ საირმეს” კაპიტალში არსებული ქონების ტერიტორიაზე, დამსვენებლებისათვის საირმის მინერალური წყლით დამოუკიდებლი და შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
2011 წლის 31 დეკემბრამდე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადამკვირვებლო კოტეჯის შეძენა, მონტაჟი და ექსპლოატაციაში შეყვანა.
გარდა ამისა, “საირმის განვითარების კომპანია” კურორტზე ააშენებს რამდენიმე მაღალი კლასის, მათ შორის, ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. რაც მთავარია, კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაფორმებელ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, შესაძლოა, დამატებითი საპრივატიზაციო პირობებიც განუსაზღვროს.
ცოტა რამ, კურორტ “საირმეს” შესახებ
კურორტი “საირმე” იმერეთში, ბაღდათის რაიონში მდებარეობს, ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლეზე. საირმეს მინერალური წყლის სამკურნალი თვისებები მე-19 საუკუნიდანაა ცნობილი. 1946 წელს, ბაღდათის მოსახლეობამ და გერმანელმა ტყვეებმა გაიყვანეს კურორტ საირმესა და რაიონული ცენტრის დამაკავშირებელი გზა. 1947 წელს ეს გზა ზეკარის უღელტეხილამდე გაგრძელდა და საირმე-აბასთუმანი, დასავლეთ და სამხრეთ საქართველო, ერთმანეთს დაუკავშირა.
საირმის მინერალური წყლის ორი სახეობა არსებობს, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება პირველი და მესამე ბურღილის წყაროები, ხოლო მეორე ჯგუფს - მეოთხე და მეხუთე წყაროები. პირველი წყარო კურნავს თირკმელის დაავადებას, მესამე წყაროს იყენებენ ქრონიკული გასტრიტის (მომატებული, ან დაკლებული მჟავიანობა), თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლის დაავადებას და შაქრიანი დიაბეტის დროს. მეოთხე და მეხუთე წყაროს წყალი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა სამკურნალოდ.
დაბა საირმეში ასევე გამოედინება უდაბნოს თერმული, მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 390 გრადუსია. უდაბნოს ბუნებრივი ცხელი წყალი გამოიყენება როგორც აბაზანის სახით, ასევე სასმელადაც. იგი ყელის კატარის და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალო საშუალებაა.
“საირმეს” გაყიდვის ისტორია - ვერსიები უცნაურ პრივატიზებაზე
უკანასკნელ პერიოდში, მთავრობამ კურორტი “საირმეს” “საირმის განვითარების კომპანიისთვის” პირდაპირი მიყიდვის საკითხი ორჯერ განიხილა, თორემ აქამდე “საირმეს” თავისი “პატრონიც” ჰყავდა და ჭირისუფალიც, რომელსაც იგივე ბედი ეწია, როგორც სხვა ყველა, ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელ ბიზნესმენს. თუმცა ეს სხვა თემაა და დეტალების დაკონკრეტება არ ღირს.
ამ ეტაპზე, საპრივატიზაციო გეგმის პირველი ვარიანტის თანახმად, “საირმის განვითარების კომპანიას” კურორტის სანაცვლოდ, 60 000 ლარი უნდა გადაეხადა. მოულოდნელად, ხელისუფლებამ გეგმა შეცვალა და ინვესტორს ობიექტი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. რატომ მაინც და მაინც 1 ლარად? ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს.
საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ: „საირმის განვითარების კომპანია“ არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკა სააკაშვილს ეკუთვნის”. “საირმის განვითარების კომპანიისა” და პრეზიდენტის მამის, ნიკა სააკაშვილის შესაძლო კავშირს არც “თბილისის ფორუმზე” გამორიცხავენ. “ვერსიამ” ეს ინფორმაცია “საირმის განვითარების კომპანიის” გენერალურ დირექტორთან, რაჟდენ ზვიადაძესთან გადაამოწმა, რომელმაც ნიკა სააკაშვილთან შესაძლო კავშირი არ დაადასტურა:
ბატონო რაჟდენ, კურორტი “საირმე” 1 ლარად რა პირობებით შეიძინეთ?
- არა, რას ბრძანებთ, 1 ლარად არ გაყიდულა. ჩვეულებრივად, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული, ის თანხა გადავიხადეთ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან, იქ მითითებულია, რა რაოდენობის თანხა გადავიხადეთ.
ეგ ვიცი, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით - კურორტი “საირმე” პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეგიძენიათ.
- არა, ამას არ ვადასტურებ.
კურორტ “საირმეს” მფლობელი თქვენი კომპანიაა და რა სამუშაოებს განახორციელებთ?
- 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რაც მთავარია, ეს კურორტი პირობიანი ვადით გადმოგვეცა. პირობა კი კურორტის განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწყობაა. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობებიც გადმოგვეცა, რომელთა კეთილმოწყობაც ჩვენ გვევალება. სამთავრობო სახლს რომ ეძახდნენ, ანუ “ივერიას”, მის ადგილზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, მინერალური წყლის ჩამოსხმაც გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის განვითარებაა აუცილებელი.
ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოსგან ავიღეთ. “საირმე” ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ტურისტებისთვის, ისე - ადგილობრივებისთვისაც.
ბატონო რაჟდენ, “საირმის განვითარების კომპანიის” რეალურ მფლობელად პრეზიდენტის მამას, ნიკა სააკაშვილს ასახელებენ. თქვენ ადასტურებთ ამას?
- (იცინის) არა, ამის შესახებ არაფერი ვიცი.
“საირმე” ხომ ბალნეოლოგიური კურორტია, ბატონი ნიკაც ამავე პროფილის საავადმყოფოს ხელმძღვანელობს და შეხება არ გაქვთ?
- არა, არაფერი ვიცი. სიმართლე გითხრათ, დაქირავებული დირექტორი ვარ და კონკრეტულ საქმიანობას ვუძღვები. “საირმის განვითარების კომპანიას” შპს “საირმესგან” გადაეცა 100%-იანი წილი, ეს წილი სახელმწიფომ მოგვყიდა, რაც მთავარია, ეს ორი სხვადასხვა კომპანიაა, “საირმის განვითარების კომპანია” ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო კურორტს ისევ შპს “საირმე” მართავს.
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
“ვერსიამ” მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ შპს “საირმის განვითარების კომპანია” თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, #51-ში, კორპუსი 12, ბინა 7-შია დარეგისტრირებული.
სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 30 მარტია, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ნუგზარ მაღლაკელიძე, რომელიც დირექტორადაა გაფორმებული. კომპანიის პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი კი თემურ კოხოძეა. ყველაზე საინტერესო და უცნაური ის არის, რომ თემურ კოხოძე საქართველოს პარლამენტის წევრი და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატია 2008 წლიდან. ბატონი თემური იურიდიული კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრია, რომელმაც ყველა სხვა ადამიანზე უკეთესად იცის, რომ დეპუტატობა და კომპანიაში ბიზნეს-ინტერესი შეუთავსებელია. არადა, 2009 წელს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თემურ კოხოძე, 100%-იანი წილით, სრულიად ახალ კომპანიას აარსებს!
თემურ კოხოძის “სი-ვი”-ში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია შპს “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის პოსტი. ისევ საჯარო რეესტრიდან ამონაწერს დავესესხები და შეგახსნებთ, რომ შპს “თეგეტა მოტორსი” თბილისში, დიდუბის რიონში, დიღმის მასივში, მე-6 კორპუსში, ბინა 22-შია რეგისტრირებული. რეგისტრაციის თარიღია 2001 წლის 26 აპრილი. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გიორგი მშვილდაძე, რომელიც კომპანიის დირექტორია. პარტნიორი და 70%-იანი წილის მფლობელია თემურ კოხოძე, მის გარდა, 21%-იანი წილის მფლობელია ზაურ ცხადაძე, 3%-იან წილს ფლობს გიორგი მშვილდაძე, 3%-იანი წილი აქვს ელგუჯა წაქაძეს და 3%-ს ფლობს ტარიელ ქილიფთაური.
რატომ მაინც და მაინც “საირმის განვითარების კომპანია”?
2011 წლის 10 თებერვალს, ნაციონალურმა მოძრაობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2010 წლის წლიური ანგარიში წარადგინა, სადაც დასახელებულია ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობის სახით, გარკვეული თანხა ჩაურიცხეს.
“ვერსიამ” ნაციონალური მოძრაობის წლიური ანგარიშიც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ შპს “თეგეტა მოტორსმა” 2010 წლის 27 აპრილს, მმართველ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2010 წლის 20 მაისს შპს “თეგეტა ლოჯისტიკმა” (სხვათა შორის, “თეგეტა ლოჯისტიკიც” დიღმის მასივში ზუსტად იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, რომელზეც “თეგეტა მოტორსი”- მ.მ.) ნაციონალებს 100 000 ლარი გადაურიცხა და 2010 წლის 21 ივნისს, შპს “თეგეტა მოტორსი ქუთაისმაც” მმართველი პარტიის ანგარიშზე 100 000 ლარი ჩარიცხა.
როგორც ხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თემურ კოხიძის კომპანიიდან გაღებული 300 000 ლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კურორტი “საირმე” დეპუტატის მიერ ახლადდაარსებულ კომპანიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემოდა. რაც მთავარია, დამატებით 60 000 ლარის გადახდისას, “საირმეს” 100%-იანი წილიც “საირმის განვითარების კომპანიის” ხელში აღმოჩნდა.
1 ლარად გაყიდული ქონების ისტორიები
საქართველოს ხელისუფლებამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, წყნეთის აგარაკი პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს გადასცა. მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ მმართველი პარტია დატოვა და მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიაც შექმნა, 1 ლარად ნაჩუქარი აგარაკი სასამართლო დავის საგნად იქცა. ნაციონალებმა ყოფილ თანაგუნდელს ნაჩუქარი აგარაკი წაართვეს, ხოლო დაზარალებულმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა. 1 ლარად გადაცემული ქონების ისტორიაში რომ ბევრი საკამათო და გაუგებარი პუნქტია, ეს ცალსახაა, მაგრამ ამ ორ ფაქტს შორის, მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა. რაც არ უნდა იყოს, აგარაკი მაინც აგარაკია და გარდა კომფორტული დასვენებისა, მას სხვა დანიშნულება ან ღირებულება არ გააჩნია. სხვა საკითხია, როდესაც ხელისუფლება 1 ლარად ინვესტორს სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტს უთმობს.
ისე, სერიოზული კითხვა ჩნდება - თუკი, ნინო ბურჯანაძეს 1 ლარად ნაჩუქარი აგარაკი ჩამოართვეს და, რაც მთავარია, ჩამორთმევის მიზეზი საგადასახადო დავალიანება გახდა, ახლა იგივე ხელისუფლება “საირმის განვითარების კომპანიას” კურორტს 1 ლარად რატომ ჩუქნის? ამ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანება არ წარმოიქმნება, თუ - თემურ კოხოძეს ისეთი დამსახურება აქვს ერისა და ქვეყნის წინაშე, რომ პრესტიჟული კურორტი 1 ლარად დაიმსახურა?