ფიქლის გაზი - “გაზპრომის” პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკური გამოწვევა

ფიქლის გაზი - “გაზპრომის” პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკური გამოწვევა

[ა/ო “რუსეთის კვლევების საქართველო ინსტიტუტი”]
უახლოეს წლებში ევროპის ენერგეტიკულ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის, როგორც გაზის უდიდესი მომხმარებლის და რუსეთის, როგორც მისი მთავარი მიმწოდებლის, მცდელობები სწორედ ამისკენაა მიმართული. ევროკავშირი, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, ცდილობს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას, თავის მხრივ კრემლი კი ამ დამოკიდებულების გაზრდაზე მუშაობს. როგორ შეცვლის სტატუს-კვოს ენერგოარენაზე გამოჩენილი ახალი მოთამაშე - ფიქლის გაზი? ხომ არ გადაიქცევა რუსეთის მცდელობები სიზიფეს შრომად? (და)კარგავს თუ არა გაზპრომი თავის როლს ევროპულ ბაზარზე?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ იგულისხმება საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს გაზპრომს, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ იარაღს. სხვა მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდეს ევროპის ბაზრიდან მისი, როგორც ეკონომიკური მოთამაშის, გამოთიშვა.

საკითხი ფიქლის გაზის შესაძლებლობების ირგვლივ დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-ი მისი მეშვეობით 2009 წელს მსოფლიოში გაზის უდიდეს მწარმოებლად იქცა. “გაზის რევოლუცია” ამერიკის ენერგეტიკულ სისტემაში შესაძლებელი გახადა ტექნოლოგიურმა განვითარებამ. ფიქლის გაზის პირველი ჭაბურღილი გაყვანილ იქნა 1821 წელს ნიუ-იორკში, თუმცა ეფექტური ტექნოლოგიების არარსებობის გამო მისი მასშტაბური მოპოვება მხოლოდ 2000 წელს, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ დაიწყო; კომპანია Devon Energy-ის მოგება/სარგებლის ზრდის შედეგად პრესაში გაიჟღერა იდეამ “გაზის რევოლუციის შესახებ”. დღესდღეობით ამერიკა გაზზე მოთხოვნის 10-15 პროცენტს სწორედ ფიქლის გაზის მეშვეობით იკმაყოფილებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არცთუ შორეულ მომავალში მოხდება ამერიკული ბაზრის გაჯერება ამ პროდუქტით, რაც გათხევადებული გაზის მიმწოდებლებს ახალი სივრცეების ათვისებისაკენ უბიძგებს.

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ექსპერტი ირაკლი ტორონჯაძე მიიჩნევს რომ 1000 კუბური მეტრი ფიქლის გაზის ფასი დღეის მდგომარეობით არ არის იაფი, თუმცა გაცილებით ნაკლებია იმ ფასზე რა ფასადაც რუსეთი სხვა ქვეყნებზე ყიდის. “შესაბამისად, გაზის ფასის 200-250 დოლარამდე შემცირების შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება უარი თქვას იმ საბადოების ათვისებაზე რომელიც მას დაზვერილი აქვს და უფრო მეტიც, ზოგიერთი საბადოების დაკონსერვებაც კი მოუწევს” - აღნიშნავს ტორონჯაძე.

ევროპა კი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით პრივილეგირებულად შეიძლება ჩაითვალოს სხვა შესაძლო ვარიანტს შორის. ევროპაში ამ რესურსის პოტენციურ მფლობელად განიხილება რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის – პოლონეთი, რომელსაც სხვადასხვა გამოთვლებით დაახლოებოთ 1,5 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქლის გაზის წარმოების პოტენციალი გააჩნია. ამ პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, პოლონეთი არა მარტო სრულად დაიკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნას გაზზე, არამედ შეიძლება ექსპორტიორ სახელმწიფოდაც მოგვევლინოს.

დღეს პოლონეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 72 პროცენტს შეადგენს. შექმნილი სიტუაცია წარმოშობს საშუალებას რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ორი მიმართულებით უქმნის საფრთხეს გაზპრომის მონოპოლიას:

1) ფართო მასშტაბით გათხევადებული გაზის შემოსვლა ევროპულ ბაზარზე მას უფრო მიმზიდველს ხდის ევროპელი მომხმარებლებისათვის რუსული გაზის სიძვირის გამო. გაზპრომის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც კატარმა ზემოთხსენებული მიზეზების გამო ამერიკულ ბაზარზე ორიენტირი ევროპულით შეცვალა.

2) ფიქლის გაზის მოპოვების ამერიკული გამოცდილების გათვალისწინებით რამდენიმე კომპანიამ რესურსების აღმოჩენის იმედით მოიპოვა ლიცენზია ევროპულ სახელმწიფოებში მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად. ამ რეალობამ, და ზოგადად ტიპიურმა “რუსულმა დამოკიდებულებამ” შეიძლება მეტად უბიძგოს ევროკავშირს რათა აქტიურად ჩაერთოს “ფიქლის გაზის კამპანიაში”. ასეთ შემთხვევაში საინტერესოა, რას მოიმოქმედებს გაზპრომი ალტერნატიული გაზის მომპოვებელი კომპანიების გააქტიურების ფონზე?

ტორონჯაძის განცხადებით, პოლონეთის მარაგები 1.4 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყნის მთავრობამ კი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ფიქლის გაზის მოპოვებისათვის 44 ლიცენზია გასცა. როგორც კი დაიწყება ამ გაზის მოპოვება, პოლონეთს მიეცემა შესაძლებლობა არამარტო თვითონ გათავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეძლებს გაზის ექსპორტს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ განცხადებებში გაზპრომის ხელმძღვანელები გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას ფიქლის გაზის “ევროპული მომავლის” შესახებ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა აღნიშნა, ფიქლის გაზმა შეიძლება ითამაშოს მხოლოდ შემავსებელი როლი გაზის რეგიონალურ ბალანსის დასარეგულირებლად. თუმცა, ცხადია, რომ რუსეთში მომავალზე უფრო იმაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ეს მათი განცხადებებიდან ჩანს. ამის ნათელი მაგალითია გაზპრომის მზადყოფნა, შეიძინოს ფიქლის გაზის მომპოვებელი ამერიკული კომპანია, აღნიშნული ინიციატივა პრესას ამა წლის ივნისის დასაწყისში თვით ალექსანდრ მედვედევმა გააცნო.

რა თქმა უნდა, გაზპრომის წარმომადგენლები არ აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯის უკან ფიქლის გაზის მხრიდან მომავალი შესაძლო კონკურენცია დგას. თუმცა შეიძლება მსგავსი ვარაუდების გამოთქმა იმის გათვალისწინებით, რომ ფასების დაცემის გამო რუსეთი იძულებული გახდა გადადოს შტოკმანის საბადოს ამუშავება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ შეიძლება სამხრეთ ნაკადსაც შეექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ფასებთან და აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს საკითხი ასე მწვავედ არ დგას, იმის გათვალისწინებით, რომ ფიქალის გაზის მოსაპოვებლად აუცილებელი ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულია, ასევე მხედველობაში მისაღებია ეკოლოგიური ხასიათის საფრთხეები, რომელიც მოპოვებით სამუშაოებს ახლავს თან.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ფიქლის გაზის მოპოვებითი სამუშაობის დასაწყებად აუცილებელია დიდი ფართობი - საბურღი მოწყობილობებით, აუზებითა და ახალი მილსადენებით. ყოველივე ეს ამერიკისათვის პრობლემა არ იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ იქ მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე შეადგენს 80 კაცს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 250-400-ს. 2004-2008 წლებში არსებული სიტუაცია და მაღალი ფასები ტოვებდა დაშვებული შეცდომების ნიველირების შესაძლებლობას, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, თან ევროპაში ეკოლოგიას საკმაოდ მნოშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. თუმცა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიების აქტიური ჩართულობა პროცესში წარმოშობს ვარაუდს, რომ უახლოესი 10-15 წლის შემდეგ რუსეთი შეიძლება მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, დაკარგავს რა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის წარმოების ყველაზე ეფექტურ იარაღს - ბუნებრივ აირს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, აქ აქცენტი კეთდება გაზპრომის პოლიტიკური ძალაუფლების დეკონსტრუქციაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით კი რუსეთი დიდ ზარალს არ ნახავს მონოპოლიის დაკარგვით. საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდს შეიძლება დაემთხვეს სტატუს–კვოს ცვლილება კავკასიის რეგიონში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით არსებობს დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ 10-15 წელიწადში რეგიონს შეემატოს ორი ბირთვული სახელმწიფო - ირანი და თურქეთი.

შენიშვნა: გაზის ომებმა რუსეთ-უკრაინის მონაწილეობით ევროპულ მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, მართალია, ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს მყარ საფუძველს ევროპის სიმშვიდისათვის. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში დაიძაბა რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობები, მოვლენები კი 2006-09 წლების სცენარით ვითარდება: გაზპრომმა მოითხოვა არსებული დავალიანების დაფარვა უმოკლეს ვადებში, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 21 ივნისის 10 საათიდან დაიწყო ბელორუსიისათვის გაზის მიწოდების შეზღუდვა. რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა შეიძლება ცუდად აისახოს ევროკავშირის სახელმწიფოებზე, რადაგნ რუსული საექსპორტო გაზის 20 პროცენტი იამალ-ევროპის გაზსადენის მიშვეობით ბელორუსიის ტერიტორიის გავლით მიემართება პოლონეთში და შემდეგ გერმანიაში.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ – http://itv.ge/?p=77058