„სახელმწიფოს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ სრულად მიაგნოს იმ ხალხს, ვინც ამ ბინძური ბიზნესით არის დაკავებული“

„სახელმწიფოს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ სრულად მიაგნოს იმ ხალხს, ვინც ამ ბინძური ბიზნესით არის დაკავებული“

დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის. შესაბამისად, უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარების საკმაოდ დიდმა ნაწილმა - უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და, პრაქტიკულად, ყველა მათგანი დღეიდან, მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.

„ამას შეძლებენ უფასოდ და ასეთ პირთა რიცხვი გახლავთ 1512. დაახლოებით, 100-მდე ადამიანის შემთხვევაში, ვერ დავრთეთ ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. არიან ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებლები არიან, ამიტომ ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი მათ შემთხვევაში არ არსებობს.

მათ შეეძლებათ, ცალკე, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე, ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, არის შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ბენეფიციარებმა ცენტრში მისვლის დროს უნდა დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მიღებულია გადაწყვეტილება, მომდევნო ერთი კვირი - 22 აგვისტოს ჩათვლით მიმართვის შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში. ამ მიზნით, ცვლილებები იქნება შეტანილი ნორმატიულ აქტში.

რაც შეეხება ნარკოტიკებს და ნარკობიზნესს, ექიმი გია ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პროცესი შორს არის წასული. მისი თქმით, დაავადების მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ამ პროცესის ხანგრძლივობაზე. რაც უფრო შორის არის პროცესი წასული, შედეგი საექიმო ქმედების პროცენტულად კლებულობს.

„ჩვენ იმდენად შორს შევტოპეთ ამ უბედურებაში, რომ აუცილებელია რადიკალური ქმედებები, მაგრამ პოლიტიკური ნების გამოხატვის გარეშე, ამ პრობლემის ადვილად მორევა ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ, რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ. ეს არ ეხება მომხმარებელს, ეხება გამსაღებელს. არ ვამბობ, რომ აუცილებად დავიჭიროთ, დავხვრიტოთ და ასე შემდეგ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ზომები. სახელმწიფომ უნდა გაატაროს ისეთი ზომები, რომ არ მიადგეს ზიანი მის მოსახლეობას. მკაცრი კონტროლი, ყოველგვარი ხელისდაფარება, რომ ის ჩვენიანია, ეს ჩემი ბიძაშვილია, ეს იმის შვილია, გამორიცხულია. სხვაგვარად ამ პრობლემას არ ეშველება“, - აცხადებს გია ნიშნიანიძე.

მისი თქმით, მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს, როგორც შემომტანის, ასევე გამსაღებლებისა და სააფთიაქო ქსელის, ანუ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ. როგორც ნიშნიანიძე ამბობს, სახელმწიფოს აქვს ამის ყოველნაირი საშუალება, რომ სრულად მიაგნოს იმ ხალხს, ვინც ამ ბინძური ბიზნესით არის დაკავებული.

„რასაკვირველია, ერთ და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, ამ ბინძურ ბიზნესში ხელის ჩაყოფა გამოიწვევს უმაღლეს სასჯელს შენს მიმართ, როგორიც არის სამუდამო პატიმრობა, ქონების სრულად ჩამორთმევა. ეს შიში უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ კანონის მიმართ პასუხისმგებლობა შეიქნმას. სხვა გამოსავალი არ არის. ეს არის სახელმწიფოებრივი ნება. მან უნდა მოინდომოს, მას აქვს ამის ყოველნაირი საშუალება.

შეიძლება სრულად ვერ აღკვეთოს, მაგრამ იმდენად შეამციროს, იმდენად აღარ ჰქონდეს სურვილი ვიღაცას, რომ ამ ბინძურ ბიზნესში ჩაერიოს, ეს მას შეუძლია. ასევე, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ექიმებს. კერძოდ, მომხმარებლის, ანუ ავადმყოფის მიმართ მიდგომას, მკურნალობას, ამ ადამიანების ფსიქოადაპტაციას.

აუცილებელია, ჩვენ გვქონდეს მაღალი დონის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები, ერთი მაინც. მთები გვაქვს, ტყე გვაქვს, ზღვა გვაქვს, შეიძლება ამის გაკეთება. რატომ უნდა დავიჭიროთ მომხმარებელი? ნებით თუ არა, ვაიძულოთ, რომ იმკურნალოს. ამისთვის სახელმწიფომ ეს თანხები უნდა ამოიღოს იქ, სადაც ეს თანხები იქნა ნაშოვნი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, გია ნიშნიანიძე.