მათ, ვინც საბურთალოს ქუჩის ტრაგედია დაგეგმეს და განახორციელეს, შეიძლება, ჰგონიათ, რომ 9 წელი გავიდა და ესა თუ ის ნივთმტკიცება გაქრა, შესაბამისად, დანაშაულის დამტკიცება გაჭირდება, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური მკვლელობები, როგორც წესი, არ იხსნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მიხეილ სააკაშვილისა და, საერთოდ, “ნაცმოძრაობის” ელიტისთვის შეიძლება, პოლიტიკურ რექვიემად იქცეს!.. 9-წლიან რიტორიკულ შეკითხვას მთავარმა პროკურატურამ პასუხი ნაწილობრივ გასცა - რაკიღა დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარა, მაშასადამე, პრეზიდენტყოფილმა პრემიერ ზურაბ ჟვანიას უცნაურ გარდაცვალებაზე რაღაც იცის, თუმცა სააკაშვილი საიდუმლოს გამხელას, ანუ 27 მარტს დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს და ჟვანიას საქმის გააქტიურებას “პუტინის ოცნებად” ნათლავს... მხოლოდ ზურაბ ჟვანიას კი არა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ნუგზარ საჯაიას გარდაცვალებასა და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაზე საუბრისას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძეც აქცენტს რუსულ კვალზე აკეთებს, არ გამორიცხავს, რომ სამივე მკვლელობა ერთმანეთთან რაღაცით იყოს დაკავშირებული და კვალი შს ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძემდე მივიდეს, თუმცა, ვიდრე ამ სკანდალურ ვერსიას განვავრცობთ, “ქართული სიტყვა”, ჟვანიას მეგობრებზე დაყრდნობით, 2005 წლის 3 თებერვლის ღამის რამდენიმე უცნობ დეტალს შემოგთავაზებთ:
გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერ ჟვანიას აპარატის თანამშრომლებისთვის უთქვამს, ფოკის მონასტრის მონაზონი მესიზმრა და მითხრა, ზურა, ცრემლი და ნათელი მიგყვებაო და ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდესო...
ამასთან, ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ჟვანია დიდი ხნის განმავლობაში “მობილურით” ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრებოდა...
კიდევ ერთი დეტალი: ზურას უთქვამს, დამაგვიანდებაო და მის მეუღლეს, ნინო ქადაგიძეს დაუძინია, მაგრამ რომ არ დაბრუნებულა, რეკვა დაუწყვია. პრემიერს ტელეფონი გამორთული ჰქონია... ნინო ქადაგიძეს წყნეთიდან თბილისში წამოსვლა გადაუწყვეტია... სწორედ ამ დროს დაკავშირებიან, ცუდი ამბავიაო და... პირდაპირ საბურთალოს ქუჩაზე, ანუ იქ მიუყვანიათ, სადაც პრემიერი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე თითქოს გაზით გაიგუდნენ... რა აუცილებლობას წარმოადგენდა მეუღლის შემთხვევის ადგილზე მიყვანა? - ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს...
რაც შეეხება საჯაიას, სანაიასა და ჟვანიას მკვლელობებს შორის კავშირს, ანუ იმას, არის თუ არა სამივე წმინდა რუსული მკვლელობა და რატომ შეიძლება მივიდეს კვალი კახა თარგამაძემდე, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე 2001 წლის ე.წ. ჩეჩნურ კამპანიას და კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას იხსენებს, რომელიც 2004 წლის ზაფხულში უშიშროებას მიაწოდეს:
- თუ არ ვცდები, 2004 წლის ზაფხულის დასაწყისში, ზუსტად მაშინ, როცა სამაჩაბლოში სიტუაცია აირია, ჩემი განყოფილების უფროსმა, ნიკა ჩეჩელაშვილმა, სხვათა შორის, ეს ის ჩეჩელაშვილია, ვისი დადგმული სცენარითაც სამსახურიდან გამაგდეს, მოიტანა ინფორმაცია, რომ ჟვანიას დაცვაში იყო პიროვნება, რომელიც სამაჩაბლოდან ყოფილა და უთქვამს, თუ ქართველებმა ცხინვალის რეგიონში ტყვია გაისროლეს, პრემიერს ჩემი ხელით “დავბრიდავო”.
- დაცვის წევრს ეს სად უთქვამს?
- დეტალები აღარ მახსოვს. მართალია, ეს პირველადი ინფორმაცია იყო, მაგრამ შეიძლება, გამოძიებას წაადგეს და თუ დაინტერესდება, ეს ცნობა, წესით, შსს-ში, როგორც უშიშროების სამინისტროს სამართალმემკვიდრეში დღესაც უნდა ინახებოდეს...
ამ თემასთან დაკავშირებით, უშიშროების სამინისტროს გენინსპექციამ დამიბარა, რომელსაც მაშინ შალვა ტურაშვილი ხელმძღვანელობდა და მითხრა, ეს ინფორმაცია საიდან გაქვსო. ვუთხარი, რომ ნიკა ჩეჩელაშვილმა მოიტანა...
- მაშინ უშიშროების მინისტრი ვინ იყო?
- ვანო მერაბიშვილი...
- ამის შემდეგ რა მოხდა?
- არ ვიცი, რადგან სამსახურიდან გამაგდეს...
საერთოდ, როცა ამხელა თანამდებობის პირი უცებ იღუპება, ბუნებრივია, ბევრი შეკითხვა ჩნდება, განსაკუთრებით, - დაცვასთან, რადგან დაცვა ვალდებულია, უმაღლესი თანამდებობის პირის ყველა გადაადგილება აკონტროლოს. სხვათა შორის, არ მჯერა იმ ოფიციალური ვერსიის, რომ ზურაბ ჟვანია თითქოს გაზით გაიგუდა...
- ბატონო კოტე, ამ ვერსიის ლამის ნახევარ საქართველოს არ სჯერა, მაგრამ თქვენ, როგორც სპეცსამსახურელი, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილსა და მის გარემოცვას ჟვანიას სიკვდილი ხელს რატომ აძლევდათ?
- ჩემი ინფორმაციით, ეს მკვლელობა შესაძლოა, იმ დანაშაულებრივ სქემებთან იყოს დაკავშირებული, რომლებზეც წინა ინტერვიუებში ვსაუბრობდი.
- ანუ, იარაღით ვაჭრობას გულისხმობთ?
- დიახ... ჩემი ინფორმაციით, ჟვანიას იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობა შესთავაზეს და მასა და სააკაშვილს შორის კონფლიქტი სწორედ ამის გამო მოხდა...
- არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, მაგრამ საქმეში კონსპირაციული ბინა რატომ ფიგურირებს, ან მინიშნება რაღაც უხერხულ, დელიკატურ მომენტებზე რატომ კეთდება? თუ ჟვანიას მოცილება უნდოდათ, ბოლოს და ბოლოს, ავტოკატასტროფას მოუწყობდნენ - ეს ხომ სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი ხელწერაა...
- კონსპირაციული ბინა და დელიკატურ მომენტებზე აქცენტის გაკეთება პრემიერის რეპუტაციის შესალახად სჭირდებოდათ, თან ეს დეტალები გარკვეულწილად გამოძიების შემაფერხებელი ფაქტორი გახდებოდა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ეს პრიმიტიული გათვლა იყო... თუ ჟვანია სპეცსამსახურებმა მოიცილეს, მაშინ ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა დაგეგმილი. ამიტომ, მგონია, რომ ეს შიდაკულუარული მკვლელობაა!
სხვათა შორის, 2001 წელს ზურაბ ჟვანიამ, პრაქტიკულად, გმირობა ჩაიდინა.
- რას გულისხმობთ?
- ჟვანიას გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადამდგარიყო, კახა თარგამაძის ჩამოცილების საშუალება გახდა... იმხანად თარგამაძე მხოლოდ შსს-ს კი არა, უშიშროებასაც აკონტროლებდა და, პრაქტიკულად, ქვეყნის მომავალ მმართველად ითვლებოდა.
- თარგამაძეს ქვეყნის მომავალ მმართველად ვინ თვლიდა?
- რა თქმა უნდა, რუსეთი და მოგვიანებით გამოჩნდა კიდეც, თუ ვისზე იყო მიბმული.
- ვისზე?
- რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან რუშაილოზე...
- როგორც მახსოვს, თარგამაძე რუშაილოსთან მეგობრობას არც მალავდა...
- მაშინ ეს მხოლოდ ერთეულებმა, ანუ მათ იცოდნენ, ვისაც თარგამაძესთან ურთიერთობა ჰქონდა...
- მაშინდელი სცენარით, თარგამაძე ქვეყნის მმართველი როგორ უნდა გამხდარიყო?
- ამ სიტუაციაში ჩეჩნები გამოიყენეს...
2001 წლის 17 ივლისს პანკისის ხეობიდან სამეგრელოს რეგიონისკენ ჩეჩნების გადაადგილება დაიწყო. იმხანად უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განყოფილების უფროსი ვიყავი და კოდორის ხეობაც ჩემი ოპერატიული მომსახურების სფეროში შემოდიოდა. ამ სამსახურის უფროსი გენერალი ზაზა მაზმიშვილი იყო, ჩემი უშუალო კურატორი კი, - აწ განსვენებული პოლკოვნიკი ალეკო ბექაური... მახსოვს, სწორედ ალეკომ დამირეკა და მითხრა, რაღაც სამხედრო ფორმირებების გადაადგილება ხდება და ყურადღება მიაქციეო. ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში შემოვლითი გზა გადავკეტე. სოფელ ცაიშში კი, რუსების ბლოკპოსტი იყო... აღსანიშნავია, რომ ეს 24-კილომეტრიანი ზონა ე.წ. სამშვიდობო ზონად ითვლებოდა და ნებისმიერი შეიარაღებული გადაადგილება რუსების მხრიდან შესაბამის რეაქციას იწვევდა. ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ რუსულმა მხარემ განგაში მხოლოდ 24 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ ატეხა, როცა ჩეჩნები უკვე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ. რუსულმა მხარემ მაშინ ისიც განაცხადა, რომ შეიარაღებული ჩეჩნები აფხაზეთში აპირებდნენ გადასვლას...
მოკლედ, კბილებამდე შეიარაღებული, დაახლოებით, ხუთასკაციანი კოლონა გავაჩერეთ...
- ამ კოლონას ვინმე აცილებდა?
- შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ტყიბულის ბატალიონი და მისი მეთაური დავით ღვინჯილია...
- ღვინჯილია თარგამაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო?
- დიახ... ღვინჯილიამ მკითხა, რატომ გვაჩერებო. ავუხსენი, ჩემი ოპერატიული ზონაა და მინდა, ვიცოდე, ეს ხალხი ვინაა და სად მიდის-მეთქი... სხვათა შორის, ყველა სატრანსპორტო საშუალების სერია, რომელიც ამ კოლონას აცილებდა, “პოლ”, ან “პალ” იყო... მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ჩეჩნების გადაადგილებას შსს-ს შინაგანი ჯარების სარდალი გენერალი გია შერვაშიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე, თარგამაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
- ესე იგი, ეს ოპერაცია გენერალმა შერვაშიძემ დაგეგმა?
- არა... ოპერაციას დაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, აწ განსვენებული ავთანდილ იოსელიანი ხელმძღვანელობდა...
- შეიარაღებული ჩეჩნების გადაადგილების მიზანი რა იყო?
- ეს მიზანიც მოგვიანებით გაირკვა, თუმცა მოდით, ქრონოლოგიას გავყვეთ... მოკლედ, როგორც კი ჩეჩნების შესახებ ინფორმაცია მივიღე, იმ წუთას, ტელეფონოგრამით ჩემს ხელმძღვანელობას ვაცნობე.
- მაშინ უშიშროების მინისტრი ვინ იყო?
- ვახტანგ ქუთათელაძე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა...
- ქუთათელაძესა და თარგამაძეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ?
- არა... ხომ გითხარით, რომ უშიშროებასაც, პრაქტიკულად, თარგამაძე მართავდა და შსს-ს თანამშრომლები “გრიმიტობდნენ”.
- თუკი შსს-ს თანამშრომლები “გრიმიტობდნენ”, ე.წ. ჩეჩნების ოპერაციაში როგორ ჩაერიეთ?
- კი არ ჩავერიე, უბრალოდ, ფაქტი დავაფიქსირე, რომ შსს-ს შინაგან ჯარებს, თავისი მანქანებით, ჩეჩნები გადაჰყავდა...
- შეიარაღებული ჩეჩნების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება უკანონო იყო?
- რა თქმა უნდა. მეტიც, როგორც კი ეს არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდა, შსს-ს უნდა დაეკავებინა...
მოკლედ, თბილისში ტელეფონოგრამა გავაგზავნე, რომელიც ვახტანგ ქუთათელაძის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ბაბუციძემ მიიღო. ვიცოდი, რომ ბაბუციძე ამ დოკუმენტს უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას მიუტანდა და ასეც მოხდა... ნუგზარ საჯაიამ ტელეფონოგრამა ედუარდ შევარდაძეს აჩვენა... ამის შემდეგ, ალეკო ბექაურმა დამირეკა და მითხრა, მინისტრს უკითხავს, კონსტანტინე ფორჩხიძე ვინაა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს შლისო. მაშინვე ზაზა მაზმიშვილს შევხვდი, რომელიც ქობულეთში ისვენებდა... მეორე დღეს, მაზმიშვილი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, გენერალი თემურ გრძელიძე ზუგდიდში ჩამოვიდნენ...
- ბატონო კოტე, მაპატიეთ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, ჩეჩნების გადაადგილების მიზანი რა იყო?
- გეგმა ასეთი გახლდათ: ჩეჩნებს ქართველი პარტიზანები უნდა მიმხრობოდნენ, კოდორის ხეობაში ასულიყვნენ და იქიდან აფხაზეთზე შეტევა მიეტანათ, ანუ თითქოს აფხაზეთის აღება უნდა მომხდარიყო, რაშიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებიც ჩაერთვებოდნენ და, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, იგივე სურათს მივიღებდით, რაც 2008 წელს მივიღეთ. ამ პროვოკაციას შევარდნაძის გადადგომა მოჰყვებოდა და ასეთ დროს ქვეყნის პირველი პირი კახა თარგამაძე გახდებოდა.
- ამ დროს კახა თარგამაძე და მიხეილ სააკაშვილი დაპირისპირებულნი იყვნენ, არა?
- დიახ... ამ პროვოკაციის, ასე ვთქვათ, აღკვეთაში დიდი როლი მხოლოდ ზურაბ ჟვანიამ კი არა, ვახტანგ ქუთათელაძემაც შეასრულა - ქუთათელაძე მიხვდა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო და სწორედ ამიტომ “რუსთავი 2”-ში თავისი ხალხი შეუშვა, ანუ ვახტანგს საფუძველი უნდოდა, რომ მინისტრობიდან გადამდგარიყო... ისე, თუ ქუთათელაძე არ გადადგებოდა, არც თარგამაძე გადადგებოდა. თარგამაძე ამბობდა კიდეც, “რკინის კაცი” ვარ და არ გადავდგებიო, მაგრამ ზურაბ ჟვანიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პროცესებიდან კახა თარგამაძის ჩამოცილება მოჰყვა...
- ბატონო კოტე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა ამ კონტექსტში ხომ არ ჯდება?
- დაახლოებით, თუმცა “ჩეჩნურ კამპანიაზე” საუბარი არ დამისრულებია... ერთი სიტყვით, ორი გენერალი ზუგდიდში ჩამოვიდა და თათბირს, რომელიც მათ ჩაატარეს, ჩეჩენი ბოევიკების მეთაური და “ტყის ძმების” ხელმძღვანელი დავით შენგელიაც დაესწრნენ. სწორედ ამ თათბირზე გადაწყდა, რომ შენგელია ჩეჩნებს არ უნდა მიხმარებოდა... ჩეჩნები ეწერში განლაგდნენ და გამომწვევად იქცეოდნენ - არ მალავდნენ, რომ ჩეჩნები იყვნენ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ფული ჰქონდათ... ჩემი აზრით, გამომწვევად იმიტომ იქცეოდნენ, რომ რუსების გაღიზიანება უნდოდათ...
- მომიტევეთ, მაგრამ თქვენს მონათხრობში ლოგიკა არაა - თუკი თარგამაძე რუსების იყო და “ჩეჩნური კამპანიაც” კრემლში დაიგეგმა, ჩეჩენ ბოევიკებს რუსი სამშვიდობოების გაღიზიანება რისთვისღა სჭირდებოდათ?
- ყველაფერ ამის ლოგიკა ომია, ანუ უნდა დაწყებულიყო დიდი შეიარაღებული კონფლიქტი, რასაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩამოცილება და კახა თარგამაძისთვის გზის გახსნა მოჰყვებოდა, თან არ დაივიწყოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ დროს უკვე პუტინია!
- როგორც უშიშროების პოლკოვნიკი, ამტკიცებთ, რომ სააკაშვილი კრემლის პროექტია, ესე იგი, მას შემდეგ, რაც თარგამაძის სცენარი ჩავარდა, “ეფ-ეს-ბე”-მ სათადარიგო გეგმა აამუშავა და “ვარდების რევოლუციის” მომზადება დაიწყო, არა?
- დიახ... აბსოლუტურად მართალი ხართ!
- უშიშროების საბჭოს იმდროინდელი მდივნის, ნუგზარ საჯაიას მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
- კი ბატონო... ნუგზარ საჯაია ედუარდ შევარდნაძესთან ყველაზე დაახლოებული იყო და რუსულმა სპეცსამსახურებმა მოიცილეს!
- სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ნუგზარ საჯაიას, გიორგი სანაიას და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებებში ე.წ. დელიკატური თემები ფიგურირებს... ამას რითი ხსნით?
- ყველაფერი ეს ძაფით ნაკერია...
- კი ბატონო, მაგრამ ეს სამი ტრაგედია, შესაძლოა, ერთმანეთთან კავშირში იყოს?
- რა თქმა უნდა... სხვათა შორის, იარაღი, რომელზეც თქვეს, საჯაიამ თავი მოიკლაო, შინ, სეიფში ჰქონდა შენახული. ასე რომ, მხოლოდ ზურაბ ჟვანიას კი არა, საჯაიას მკვლელობაც გამოსაძიებელია!
- თუკი საქმე წმინდა რუსულ მკვლელობებთან გვაქვს, მაშასადამე, საჯაიას, სანაიასა და ჟვანიას მკვლელობების კვალი, შესაძლოა, კახა თარგამაძემდე მივიდეს?
- რა თქმა უნდა... ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ჟვანიას მოკვლის მოტივაცია შესაძლოა, თარგამაძესაც ჰქონდა... ამ ვერსიაზე მუშაობა შეიძლება...
- ისე, გაუგებარია, თუკი სააკაშვილი და თარგამაძე რუსების დავალებებს ასრულებდნენ, ერთმანეთს რატომღა ემტერებოდნენ?
- თქვენ რუსები, რა, იდიოტები გგონიათ, რომ თავიანთი აგენტები ერთმანეთს გააცნონ და ერთი თამაში ათამაშონ? სპეცსამსახურები ასე არ იქცევიან...
- ბატონო კოტე, წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ პუტინმა საქართველოში “ფულის მეშოკები” გამოაგზავნა და ქვეყანაში არეულობის მოწყობა დაავალა. თქვენი ინფორმაციით, ამ სცენარში თარგამაძეც მონაწილეობს?
- თარგამაძეს საქართველოში აქტიური მოღვაწეობის დაწყების მცდელობა ჰქონდა - საუბარი ჩეჩნურ კამპანიაზე დაიწყო და ყველაფერს მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა... არ ვიცი, სააკაშვილი რა როლს ასრულებდა, მაგრამ ფაქტია: ამ ჩეჩნურ კამპანიას შსს ხელმძღვანელობდა, თუმცა, სამეგრელოში ჩაყვანილი ჩეჩენი ბოევიკები მიატოვა - ავტომანქანები აღარ გამოუყო. ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ, ადმირალმა ზურაბ ირემაძემ მანქანები გამოყო და ჩეჩნები კოდორის ხეობაში ავიდნენ, სადაც ემზარ კვიციანი დახვდათ.
ჩეჩნების გამცილებელი ვინმე გერვასი ჯოლოგუა იყო, რომელიც ავთანდილ იოსელიანთან თანამშრომლობდა... როგორც კი ჩეჩნები აფხაზების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ, გერვასი ჯოლოგუა რუსეთში გაიპარა, “ორტ”-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, ქართული მხარე აფხაზეთში ჩეჩნებს იყენებსო. ამას რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობაში პატარ-პატარა დარტყმები მოჰყვა... მერე, გერვასი ჯოლოგუა აფხაზებმა დაიჭირეს და დრანდის ციხეში ჰყავდათ, თუმცა საეჭვო ვითარებაში - თითქოს გაქცევის დროს გარდაიცვალა. ჯოლოგუა მთელი ამ ამბების ერთადერთი ცოცხალი მოწმე იყო, რომელსაც მთელ ამ თამაშზე ინფორმაცია ჰქონდა...
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩეჩნების მთავარი ინტერესი ტყვარჩელში არსებული ნარკოტიკების გადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც პანკისიდან წასული ნარკოტიკი ფასოვდებოდა...
სხვათა შორის, ჩეჩნურ კამპანიაზე გია ბარამიძემ განაცხადა, ეს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა იყოო, ანუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც “მოქკავშირში” არსებობდა, საჯარო გახდა...
ისე, იცით, “ვარდების რევოლუცია” რეალურად რატომ მოხდა?
- რატომ?
- მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებული ჰყავდა, მაგრამ პარლამენტს გარეთ “გაერთიანებული დემოკრატები,” ანუ ჟვანიას გუნდი რჩებოდა, რაც ძალიან ცუდ რამეს ნიშნავდა.
- ეს “ძალიან ცუდი რამე” რა იყო?
- სააკაშვილი და ჟვანია, პრაქტიკულად, ერთი გუნდი იყო. ჟვანიას გარეთ დარჩენა კი, იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ისევ “მოქკავშირის” ე.წ. თარგამაძის ფრთას შეენარჩუნებინა.
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ თუკი ჟვანიას გარდაცვალების შემზარავი კადრები აქამდეც არსებობდა, საჯარო მაინცდამაინც ახლა რატომ გახდა?
- ეს, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება...
- საუბარი საითკენ მიგყავთ?
- პრეზიდენტის ჩარევის გარეშე პრემიერი არ მოკვდებოდა... სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, მაკკეინმა სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში, პრაქტიკულად, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა თითქოს თავიანთ პროექტზე, რომელსაც ლობირებდნენ, უარი თქვეს და აღიარეს, რომ სააკაშვილი საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებელია.
ისე, გამორიცხული არაა, ჟვანიას კადრების გავრცელება “ნაცმოძრაობის” ინტერესში იყოს, რომ სააკაშვილისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. ამასთან, ამ კადრების გავრცელება შეიძლება, აწყობდეს ე.წ. ჟვანიას გუნდის იმ ნაწილს, რომელიც დღეს “ნაცმოძრაობის” ელიტაში, ასე თუ ისე, წამყვან პოზიციაზეა... სააკაშვილი უკვე ისეთი პროვოკაციულია, რომ მისი ჩამოცილება, წესით, ბოკერიასა და უგულავასაც უნდა აწყობდეთ... მართალია, ჯერ მოწმის სტატუსი აქვს, მაგრამ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება!
- ისე, ბატონო კოტე, თუკი თემურ ალასანიამ ვინმეს უნდა უჩივლოს, წესით, პირველი თქვენ უნდა იყოთ...
- მიჩივლოს მერე, რა მოხდა?.. ალასანიამ მხოლოდ მე კი არა, ჰილარი კლინტონს, მთელ სახელმწიფო დეპარტამენტსა და იულია ტიმოშენკოსაც უნდა უჩივლოს, რადგან იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ხმა პირველად, პრემიერობის დროს, სწორედ ტიმოშენკომ ამოიღო.
- თქვენი ინფორმაციით, ისეთი ყალბი პასპორტი, როგორიც ვანო მერაბიშვილს ჰქონდა, სააკაშვილსაც აქვს?
- რატომ არ ექნება?..
ამხანაგმა თემურ ალასანიამ განაცხადა, გაერო-ში, იმ სამსახურში ვმუშაობდი, რომელიც იარაღის შესყიდვებს აკონტროლებდაო. თუკი ასეა, მაშინ, ამხანაგ ალასანიას ვეკითხები: საქართველოში ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ლაპარაკობდა, მისთვის ცნობილი იყო თუ არა? თუ არ იყო, უარესი და თუ იყო, მაშინ შესაბამის ზომებს რატომ არ ღებულობდა? მოკლედ, თემურ ალასანიას ვურჩევ, სასამართლოში აუცილებლად იჩივლოს, კარგი იქნება, თუკი პროცესს თავადაც დაესწრება და ყველაფერი ნათლად გამოჩნდება!
- თემურ ალასანიას საჯარო სივრცეში გამოჩენას რითი ხსნით?
- რუსეთის გააქტიურებით... თემურ ალასანია რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია! სხვათა შორის, ალასანია გაერო-ში რუსეთის კვოტით იყო და სწორედ ესაა ყველა შეკითხვაზე პასუხი!
ამასთან, მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მრჩეველი საბჭოთა “კა-გე-ბე”-ს აგენტი იყო. ამიტომ, ახალ ხელისუფლებას ვურჩევ, ყველა თანამდებობის პირი ოპერატიულ აღრიცხვებში შეამოწმოს! არქივებში ხშირად არ იხედებიან, არადა, არქივში ბევრი მასალაა დალექილი... “ნაციონალებმა” ასეთი ბევრი მასალა გაანადგურეს, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ყველაფერი ვიცით...
(თემის გაგრძელება იქნება)