უკრაინის ომის დასრულების მიზნით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასთან ერთად სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ცეცხლის სრულ შეწყვეტას და ორმხრივ ტერიტორიულ გაცვლას ითვალისწინებს, ნატო-ს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით. ეს გეგმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯ.დ. ვენსს წარედგინა, როგორც დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი მოლაპარაკებების საფუძველი. თუმცა, მიუხედავად ევროპელი ლიდერების ერთობლივი განცხადებისა, რომელშიც ხაზგასმულია დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობა, მათი ძალისხმევა, როგორც ჩანს, უშედეგო აღმოჩნდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ევროპული ინიციატივა ნეკროფილიას შეადარა, რითაც გეგმას აშკარად დასცინა და მისი უმნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ომის დასრულების მთავარ მოთამაშედ მიიჩნევა, ევროპის გეგმა, ფაქტობრივად, არ შეიმჩნია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა ამ უმნიშვნელოვანესი კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესიდან გამოთიშულია და მისი გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე მინიმალურია.
ევროპული გეგმის მიხედვით, სამშვიდობო ნაბიჯები მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ უნდა გადაიდგას, ხოლო ტერიტორიების გაცვლა ექსკლუზიურად ორმხრივ საფუძველზე უნდა მოხდეს. ამასთან, ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში, უკრაინამ მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანება.
ეს გეგმა 9 აგვისტოს, დიდ ბრიტანეთში, უკრაინის, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრაზე განიხილეს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსს წარუდგინეს. აღნიშნული დოკუმენტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის 15 აგვისტოს დაგეგმილი მოლაპარაკებების საფუძვლად განიხილება.
ევროპელმა ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უარყოფს ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობას, 10 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალს და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს ესაუბრა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რუსებმა ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება.
„უკრაინა, საფრანგეთი და სხვა პარტნიორები მზად არიან, რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაონ რეალური მშვიდობისთვის. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება. ყველას გვჭირდება ომის რეალური დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ტრამპი-პუტინის შეხვედრას ეხმაურება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცოც. ვიდეო-მიმართვაში ის ამბობს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება.
„როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება. შემდეგ ნახავთ, როგორ გაიქცევა ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ისინი ერთმანეთს გაასწრებენ ბიზნესის საძიებლად“, - აცხადებს ფიცო და დასძენს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმებაა.
ამ განცხადებებს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრიუსელსა და კიევს შორის ურთიერთობები ნეკროფილიას ჰგავს:
„ზელენსკის ოფისმა“ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისა და (ევროკომისიის ხელმძღვანელის) ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, თუმცა არა ისეთის, რომელიც კიეველი ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით იქნება მიღწეული. პირიქით, კიდევ ერთ ნაცისტურ ფურცელზე ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში წარმატება, თითქოსდა, მხოლოდ რუსეთზე ზეწოლითა და კიევის მხარდაჭერით შეიძლება. ბანკოვასა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობა უკვე ნეკროფილიას ჰგავს და ის მხარეთა მგზნებარე ორმხრივობით გამოირჩევა“, - ამბობს ზახაროვა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის ალასკაში, პარასკევს დაგეგმილი სამიტის მონაწილედ არ დასახელებულა. თუმცა, თეთრმა სახლმა ზოგიერთ შეხვედრაში ზელენსკის მონაწილეობა არ გამორიცხა. CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის ჩართულობით ნებისმიერი რამ, სავარაუდოდ, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მოხდება.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ევროპა მოლაპარაკების მაგიდასთან საერთოდ არ არის მიწვეული და ის უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში, დიდი ხანია, თამაშიდანაა გაყვანილი. შესაბამისად, ანალიტიკოსის თქმით, ევროპელი ლიდერების მიერ უკრაინასთან ერთად წარდგენილი გეგმა არ იქნება მისაღები არც აშშ-ისთვის და, მით უმეტეს, არც რუსეთისთვის.
„ახლა უკრაინა მხოლოდ გარიგების ობიექტია და ვხედავთ, ის მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვეული იქნება თუ არა. ევროპა კი, ტრამპის მოსვლის შემდეგ, ამ მოლაპარაკებებში უკვე დიდი ხანია აღარ მონაწილეობს. ამიტომ ევროპის ლიდერების ეს განცხადება არაფერს ნიშნავს არც ტრამპისთვის და არც პუტინისთვის. ამ შეხვედრას დიდი მოლოდინით ელოდებიან, რადგან ახალი მსოფლიო წესრიგის გადალაგების კონტურები უკვე გამოიკვეთება. ევროპელები აღარ არიან ის სუბიექტები, რომლებიც ამ მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობენ. გავიხსენოთ ის ხელშეკრულება, რომელიც ტრამპმა და ფონ დერ ლაიენმა გააფორმეს.
უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის დასუსტება იყო. ვხედავთ, ტრამპი როგორ იქცევა ევროპასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, ევროპის რიტორიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ევროკავშირის წევრი აღარ არის ინგლისი და უკრაინასთან მიმართებაში ინგლისი აქტიურობს, მაგრამ ტრამპი თავისი ქმედებებით ინგლისელების სურვილებსა და ქმედებას გაანეიტრალებს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ტრამპისა და პუტინის შეხვედრას“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, შესაძლოა, ამ შეხვედრის მრავალი დეტალი გასაიდუმლოებული იყოს და ბევრი რამ საჯარო არც გახდეს. თუმცა, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დიდი ვაჭრობა წავა, სადაც ტრამპიც და პუტინიც უკრაინის ბედით ივაჭრებენ.
„ეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა. ვიცით, ტრამპი ბიზნესმენია და მას მშვენივრად ეხერხება მსგავსი რამ. თუმცა, არც პუტინია გუშინდელი პოლიტიკოსი, რომელიც თავის პრინციპებს არ დაიცავს და ასე ადვილად უკან დაიხევს. ის საკმაოდ ცბიერი პოლიტიკოსია, რომელიც არავინ იცის, რა გეგმითა და მიზნებით მივა. რაც შეეხება ევროპის პოზიციას, ბუნებრივია, მათ თავისი პოზიცია აქვთ, მაგრამ ოთხ ოკუპირებულ რეგიონს პუტინი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს და იქიდან გასვლას არ აპირებს. მეტიც, ის იმის გაფორმებასაც კი ითხოვს, რაც ჯერ არც დაუკავებია. ამიტომ, აქ სავაჭრო უკვე არაფერია. აქ ვაჭრობა წავა უკრაინის მომავალზე, მის სტატუსზე, როგორ შეიძლება ამ ქვეყანამ არსებობა გააგრძელოს. ამ შემთხვევაში, უკრაინა დაზარალებული მხარეა. მას ულტიმატუმების წაყენების საშუალება არც აქვს.
პრეზიდენტი რომ ლაპარაკობს, ეს არის წითელი ხაზები, გასაგებია, მაგრამ მე უფრო მიმაჩნია, როგორ მოხდება უკრაინასთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება. ნატო-სა და ევროკავშირში უკრაინას რომ არავინ გააწევრიანებს, ამაზე უკვე მეორე აზრი აღარ არის. აქ უკვე მიდის საუბარი იმაზე, როგორი სტატუსი ექნება უკრაინას. ოთხ რეგიონს რომ დაკარგავს და რუსეთი იქიდან ფეხს არ მოიცვლის, ეს ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით. ყირიმზე ხომ საერთოდ აღარავინ ლაპარაკობს, ყირიმის საკითხი საერთოდ აღარც განიხილება“, - ამბობს კიკნაძე.