ქართული მხარე მიმართავს უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. უკვე ორი თვეა, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ, სასაზღვრო გამშვები პუნქტის - „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. ოფიციალური კიევი კი, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს აჭიანურებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს მზადაა, დაეხმაროს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის, აანაზღაუროს ამ პირების დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც. „დარიალზე“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას ადასტურებენ, თუმცა როდის გაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოში, არ აკონკრეტებენ.
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „დარიალი“ მყოფი პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან და ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით. „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან თითოეულ მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის - მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
გარდა ამისა, მათ არ აქვთ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს, ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა, როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შს სამინისტროს შორის. შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინელ კოლეგებს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ უნდა გაიყვანონ უსაფრთხოდ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანები და დააბრუნონ სამშობლოში, უკრაინაში. მათ შორის, შეთავაზებული იყო, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო ტრანსპორტი.
„უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, ხოლო დღემდე არ მიგვიღია საბოლოო ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე, მსგავსი პირების გადაყვანის პრეცენდენტები გვქონია, უკრაინული მხარის ჩართულობით. 2025 წლის ივნის-ივლისში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი, დაახლოებით 134 პირიდან 37-მა პირმა, საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა - სხვადასხვა მიმართულებით.
აღნიშნული გარემოება ცხადჰყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია, ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ.
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. შს სამინისტრო, საგარეო სამინისტროსა და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში იღებს საჭირო ზომებს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ, დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
უკრაინის საგარეო უწყების განმარტებით, ისინი მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს შესაძლებელი საკუთარი მოქალაქეების ტრანზიტი. ასევე, მოვუწოდებენ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან, ან ბელარუსთან.
„ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე - უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უკრაინის „დარიალთან“ მყოფი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. მისი თქმით, თბილისმა კიევს შესთავაზა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით, თუმცა უკრაინული მხარე ბოლო განცხადებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს.
„ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ განხორციელდეს გამშვებ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში, თუმცა ქართული მხარის სურვილი, ამ შემთხვევაში, არ კმარა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს შესაბამისი აქტიურობა. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ხარჯების გასტუმრებასაც კი უზრუნველვყოფთ, რათა ეს მოქალაქეები დაბრუნდნენ თავის სამშობლოში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარად აიგნორებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
„როდესაც საუბარია მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანთა ასე ერთად შეკრებილ ჯგუფზე, ბუნებრივია, აქ პირველ რიგში დგება უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარად აიგნორებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, სამუშაო რეჟიმში ამ საკითხის განხილვასაც კი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსის, დავით ჩიხელიძის განცხადებით, უკრაინელები, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ცდილობენ, ციხიდან ომში წასვლის სანაცვლოდ გათავისუფლებული კრიმინალები არიან. ისინი ჯერ რუსეთის მხარეს გადავიდნენ, ახლა ლარსიდან საზღვრის კვეთას ცდილობენ.
„ეს ხალხი, ვისაც „ხაზარაძის კანტორა“ ესარჩლება, უკრაინელი კრიმინალები, ყოფილი პატიმრები არიან. ისინი ზელენსკიმ ციხიდან გამოუშვა ერთი მიზნით - წასულიყვნენ ფრონტის ხაზზე, მძიმე დანაშაულში ბრალდებულებმა კი დაყარეს იარაღი, ჯერ რუსეთის მხარეს გადავიდნენ, ახლა კი ლარსის გავლით, საქართველოში შემოსვლა უნდათ. პირველ რიგში, მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრ გელაძეს, რომ ამ უკრაინელ კრიმინალებს ქვეყანაში არ უშვებს; მეორე - მინდა ვკითხო „ტვ პირველის“ თუნდაც რიგით ჟურნალისტს, ეს ქვეყანა თქვენი არ არის? თქვენ არ შეგიქმნით საფრთხეს უკრაინის ციხეებიდან, ომში წასვლის სანაცვლოდ, გათავისუფლებული ბანდიტების საქართველოში შემოსვლა? მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს - არ დაუშვან ამ ბანდერლოგების მხრიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.