საქართველოდან გაძევებულთა რიცხვი 280%-ით გაიზარდა - არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, კანონი გამკაცრდა!

საქართველოდან გაძევებულთა რიცხვი 280%-ით გაიზარდა - არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, კანონი გამკაცრდა!

2025 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან, ქვეყანაში უკანონოდ მყოფი 525 უცხოელი გააძევეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 280%-ით მეტია. ეს ციფრი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აძლიერებს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, რაც ქვეყნისთვის სულ უფრო სერიოზულ გამოწვევად იქცა.

ამ ტენდენციის ფონზე, 2 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში. ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ახალ, გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს არალეგალური მიგრაციის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

კანონპროექტის თანახმად, შსს-ს უფლება ექნება, შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, ან სხვაგვარი კერძო საკუთრება. ეს შემოწმება შესაძლებელი იქნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. თუმცა, თუ კერძო საკუთრების თანამესაკუთრის, თანამფლობელის, ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა არსებობს, შემოწმება მოსამართლის ბრძანების გარეშეც დაიშვება. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და სამართალდამცავებს უფრო ოპერატიულად მოქმედების საშუალებას აძლევს.

კანონში გათვალისწინებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაც. თუ არსებობს საფრთხე, რომ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა, ან მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება/გადამალვა, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, შემოწმება დაიწყოს მოსამართლის ბრძანების გარეშე. თუმცა, ამ შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს და დეტალურად დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

შემოწმების პროცესში, შსს-ს წარმომადგენელს უფლება ექნება, პირი გამოკითხოს, მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, განახორციელოს ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. სამუშაო ადგილის შემოწმებისას კი, დამსაქმებელს შეიძლება მოსთხოვონ იმ დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებს. ამ ცვლილებების მთავარ მიზნად საქართველოში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია სახელდება.

ბოლო წლებში, საქართველოში მიგრანტების რაოდენობის ზრდა, სპეციალისტების განცხადებით, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებითა და ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობით.

ოფიციალური მონაცემებით, 2014-დან 2024 წლამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 263 700 კაცით შემცირდა, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 230 450 კაცით გაიზარდა. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი აქვთ რუსეთის (დაახლოებით, 97 000), უკრაინის (27 200), თურქეთის (14 200), ინდოეთის (13 300) და ირანის (3 900) მოქალაქეებს. ეს დრამატული სტატისტიკა სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

იურისტი გიორგი ქევხიშვილი მიგრაციის შედეგად ქვეყანაში ეკონომიკურ და სამართლებრივ გამოწვევებზე საუბრობს. ის for.ge-თან ამბობს, რომ უკანონო მიგრაცია ორ მთავარ გამოწვევას ქმნის: ეკონომიკურსა და სამართლებრივს.

„ეკონომიკური კუთხით, არალეგალი მიგრანტები პირდაპირ კონკურენციას უწევენ ქვეყნის შიდა შრომის ბაზარს. ისინი ხშირად თანხმდებიან დაბალ ანაზღაურებაზე, რაც ადგილობრივი სამუშაო ძალის ჩანაცვლებასა და საქართველოს მოქალაქეების უმუშევრობის დონის ზრდას უწყობს ხელს. შეიძლება, ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდისა, უმუშევრობის დონემ იმატა, რაც ანომალიაა. გარდა ამისა, არალეგალი მიგრანტები არიან საზოგადოებრივი სიკეთეების მომხმარებლები, რაც, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებზეა გათვლილი და მათი უკონტროლო შემოსვლა დისკომფორტს ქმნის ქვეყანაში“, - ამბობს ის.

რაც შეეხება სამართლებრივ გამოწვევას, იურისტი აღნიშნავს, რომ არალეგალი მიგრანტების საქართველოში ყოფნა, შეიძლება, დაკავშირებული იყოს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან, ტრანსნაციონალური არხებისა და აკრძალული ნივთიერებების ბრუნვაში მონაწილეობასთან.

„ეს კი საფრთხეს უქმნის ქვეყანას, როგორც სახელმწიფოებრივ დონეზე (რეპუტაციის თვალსაზრისით), ისე მოსახლეობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს საკითხები შესაბამისი ორგანოების მხრიდან სპეციალური შესწავლისა და ყურადღების საგანი უნდა იყოს.

არალეგალი მიგრანტების ზუსტი რაოდენობის დადგენა უმადური საქმეა, რადგან არც შსს-ს აქვს ზუსტი ციფრი. ფაქტობრივად, საუბარია რამდენიმე ათეულ ათას არალეგალურ მიგრანტზე. შრომის ინსპექციის მონაცემებით, დარეგისტრირებულ მიგრანტთა რიცხვი 38 117-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი არ ასახავს არალეგალების ზუსტ რაოდენობას“, - ამბობს ის.

სოციოლოგი სოსო გოგოლაშვილი დადებითად აფასებს არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების პოლიტიკას. როგორც სოციოლოგი for.ge-თან მიიჩნევს, ამგვარი ქმედებებით სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას.

„პირველ რიგში, არალეგალი მიგრანტების საქართველოდან გაძევება აუცილებელი პროცედურაა, რადგან სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში უკანონოდ შემოსულია ადამიანი, მას არ აქვს საქართველოში ცხოვრებისა თუ გადაადგილების უფლება და მაინც რჩება აქ. ამიტომ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, სახელმწიფომ თავისი საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულოს. სხვაგვარად გამოვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა და დარჩენა“, - ამბობს ის.

გოგოლაშვილი მიგრანტებს რამდენიმე ძირითად კატეგორიად ჰყოფს, კერძოდ: საგანმანათლებლო მიგრანტები - ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნების (მაგალითად, ინდოეთი) წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში, სწავლის მიზნით შემოდიან, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში. სწავლის დასრულების შემდეგ, ისინი, როგორც წესი, უკან ბრუნდებიან. ეს ნაწილი კანონის ფარგლებში მოქმედებს;

შრომითი მიგრანტები - ესენი არიან თურქები, ჩინელები, ვიეტნამელები და სხვები, რომლებიც სამუშაოდ შემოდიან. როდესაც ინვესტორი და დამსაქმებელი უცხოელია, ისინი იაფ მუშახელს ეძებენ და მიგრანტები შემოჰყავთ. ხშირად, იმ ქვეყნებიდან არიან, ვისთანაც ორმხრივი უვიზო რეჟიმია გავრცელებული.

„ქვეყანაში არიან ომს გამოქცეული მოქალაქეებიც - ეს კატეგორია მოიცავს რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეულ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, რადგან მათთვის შესაფერისი გარემო იპოვეს. ხშირად, ისინი ონლაინ მუშაობენ და  საკუთარ კაფე-ბარებს, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს ფლობენ. ამიტომ, შემოსავლების სამსახური აქტიურად მუშაობს ასეთი უკანონო კაფე-ბარების გამოსავლენად, მათ შორის, ისეთებისაც, რომლებიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინებშია მოწყობილი.

ახალი კანონმდებლობა და გაძლიერებული კონტროლი მიზნად ისახავს უკანონო მიგრაციის ნაკადის შეზღუდვას და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებას. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ზომები გრძელვადიან პერსპექტივაში, დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ცხადია - საქართველო აქტიურად ცდილობს, საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგი და კანონიერება შეინარჩუნოს“, - ამბობს სოციოლოგი.

 

 

მარბიელი რაც კარგია, კარგია!
ხაბემ გამოდით, 4 ოქტომბერს შევერკინოთო... არა მგონია მასთან შერკინება თუ შეპასუხება ვაჟკაცის საქმე იყოს და მას სხვა რამ რომ შევთავაზოთ? როგორც იმ ფილმშია, ყოველი თვის ბოლოს ათდიუმიანი
1 საათის უკან