„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ - კახა კალაძემ მესამე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ - კახა კალაძემ მესამე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თბილისში, კახა კალაძეა. კანდიდატი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უკვე მესამედ იყრის კენჭს, საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ღონისძიება მთაწმინდაზე გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, თუმცა ტრიბუნასთან არ მისულა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თბილისელებს უთხრა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს ნამდვილი ჩემპიონი. პარტიას შეეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად უბრალოდ კარგი პოლიტიკოსის, კარგი მმართველის, ან კარგი პატრიოტის წარდგენა, მაგრამ ნამდვილი ჩემპიონი წარადგინეს, ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. მისივე მტკიცებით, კახა კალაძეს შეუძლია, თბილისის თითოეული კუთხის მეტად განვითარება, მოწესრიგება და გალამაზება, რაც თითოეულ თბილისელს სჭირდება.

„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი; ის არის ჩემპიონი მეოჯახე; ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი, საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად, მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის, ყველაზე წარმატებული მერი, კახა კალაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს, საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. 2012 წლიდან, საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ზედიზედ მესამედ წარვსდგე თბილისის მერობის კანდიდატად - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ, 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემთვის უდიდესი პატივია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატის  განცხადებით, დღეს, თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ. სწორედ აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“.

„როდესაც რვა წლის წინ, პირველად წარვსდექი თბილისელების წინაშე, თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი, ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები.

სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს, ალბათ, ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებსა, თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს, თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ.

ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე, თანამედროვე სამყაროში, დღეს, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე, წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი. ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და აქაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

Gami კალაძის მესამე ვადა არის დიდი შეცდომა. უცნობი ნარმანია გაამერეს და ახალი ტიპაჟის პოვნა რა პრობლემა იყო. თუნდაც ნინო ნადირაძე...
13 საათის უკან
კანუდოსელი კალაძის თავის კამპანიას თვითონ დააფინანებინებენ, როგორ ამბობენ. ფულს პარტია არ დახარჯავს. კალაძის ამბიციას ზღვარი არ აქვს, პრემიერად არ დანიშნავენ და ხომ უნდა იყოს პირველებს შორის. ამიტომ ისევ იქ დატოვეს, მეტი რომ არ მოინდომოს.
4 საათის უკან