ღაზას სექტორის გამო, ევროპარლამენტარები ისრაელის დასანქცირებას ითხოვენ

ღაზას სექტორის გამო, ევროპარლამენტარები ისრაელის დასანქცირებას ითხოვენ

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, დაახლოებით, 40-მა ევროპარლამენტარმა მოუწოდა ევროკავშირს, ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით, გადამწყვეტი ზომები მიიღოს. ისინი ევროკავშირს სთხოვენ, შეაჩეროს ისრაელთან სავაჭრო შეთანხმება და ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას სანქციები დაუწესოს. Euronews-ის მოპოვებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ კანონმდებლებმა მოუწოდეს ევროკავშირს, ისრაელის მთავრობა პასუხისგებაში მისცეს იმ ქმედებებისთვის, რომელიც „უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“.

განცხადებაში ისიც წერია, რომ ჰამასმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ებრაელი მძევლები, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში, ტყვეობაში არიან მას შემდეგ, რაც ისინი ისრაელიდან, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცეს.

„მომავალი თაობები დღევანდელ ლიდერებს ღაზაში ჩადენილ სისასტიკეებზე მათი რეაქციის, ან მისი არარსებობის მიხედვით შეაფასებენ. უმოქმედობა კაცობრიობის მეხსიერებაში ლაქად დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მორალური სიმხდალის დრო დასრულდა 

ევროპარლამენტარების კოალიცია პირდაპირ მოუწოდებს ისრაელის მთავრობის დასანქცირებისკენ, რასაც ევროკავშირი აქამდე თავს არიდებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის, ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, სანქციები დაწესეს ისრაელის მთავრობის ორ წევრ - ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირსა და ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩ.

სამშაბათს, ნიდერლანდებმა ბენ-გვირსა და სმოტრიჩს, ღაზაში კრიზისის გამწვავების ფონზე, მოგზაურობა აკრძალა.

40 ხელმომწერი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შეაჩეროს ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ორ მხარეს შორის სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობებს. შეთანხმება ხშირად მოიხსენიება, როგორც ევროკავშირის შესაძლო ინსტრუმენტი ისრაელზე ზეწოლის მიზნით, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზას სექტორში.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატ, კაია კალასი ესაუბრა თავის ისრაელელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს.

მოლაპარაკებების შედეგად, ისრაელი დათანხმდა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას. თუმცა, მას შემდეგ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი არ შეცვლილა.

ორშაბათს, ევროკომისიამ წინადადება წარადგინა მისი ქმედებების საპასუხოდ.

თუმცა, განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები გაცილებით მკაცრი რეაგირებისკენ იხრებინ და აცხადებენ, რომ „მხოლოდ დაგმობის სიტყვები საკმარისი არ არის“. პარლამენტის წევრები წარმოადგენენ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 14-ს და ექვს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, მემარცხენეებიდან დაწყებული, ცენტრისტულ-მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტიით (EPP) დამთავრებული.

ისრაელის მიერ ღაზაში, ჰამასის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა, ევროკავშირში არსებული ღრმა პოლიტიკური და ეროვნული დაპირისპირება გამოავლინა. თუმცა, ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავება იდეოლოგიურად საპირისპირო ჯგუფების კანონმდებლებს აიძულებს, გაერთიანდნენ და ევროკავშირს უფრო ძლიერი ქმედებებისკენ მოუწოდონ.

„ევროპის ყველა პრო-ევროპული და დემოკრატიული პარტიის ევროპარლამენტარები გაერთიანებულნი არიან ამ განცხადების მხარდაჭერაში“, - განუცხადა Euronews-ს ევროპარლამენტარმა, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) წევრმა, ევინ ინჯირმა და დასძინა, რომ მოსალოდნელია, განცხადებას კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაუჭიროს მხარი.

„ჩვენი შეშფოთება ეხება, როგორც ევროკომისიას, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც უფრო გადამწყვეტი რეაგირება უნდა მოახდინონ მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისზე“, - დასძინა პარლამენტის წევრმა.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მთავრობებისა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი გლობალური შიმშილის მონიტორინგის ორგანიზაციის, ინტეგრირებული სასურსათო უსაფრთხოების ფაზური კლასიფიკაციის ანალიტიკოსების განცხადებით, არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ არასრულფასოვანი კვება და დაავადებები ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდას იწვევს.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა უარყვეს შიმშილობის ფაქტი ღაზაში. თუმცა, არსებობს მრავალი ინფორმაცია შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების ძარცვისა და მათი შიგთავსის შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ, რამაც, შესაძლოა, კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს.

წყარო: https://ru.euronews.com/my-europe/2025/07/29/eu-meps-statement-gaza

 

 

 

Gami ევროკავშირი ორ "ეგზისტენციურ ქიმერსა" შორის სხმარტალებს.
7 საათის უკან