პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება ვლადიმერ პუტინის მიმართ იწურება, რასაც მოწმობს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მიცემული ულტიმატუმის ვადის 50-დან 10 დღემდე შემცირება. ეს ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე დაძაბულობის ესკალაციას იწვევს, რადგან მოსკოვი კომპრომისისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს. ტრამპის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პირობის არშესრულების შემთხვევაში, სანქციები არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ იმ ქვეყნებსაც დაუწესდებათ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრამპს სწრაფი შედეგები სჭირდება, როგორც საერთაშორისო ზეწოლის, ისე შიდა სკანდალების გადასაფარად.
დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია. მან ასევე დაამატა, რომ თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, „მეორად სანქციებს“ დააწესებს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ იმ მესამე ქვეყნების სანქცირებასაც, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს აგრძელებენ, განსაკუთრებით, რუსული ნავთობის შესყიდვას.
„არ მინდა, რუსეთს ეს გავუკეთო. მე რუსი ხალხი მიყვარს, შესანიშნავი ხალხია, მაგრამ პუტინმა შეთანხმება უნდა დადოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ლოდინს აზრი არ აქვს, როდესაც იცი, რა იქნება პასუხი“, - ამბობს ტრამპი.
პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებებით დიდად დაინტერესებული აღარ არის“.
ტრამპის ულტიმატუმს მალევე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, რომელმაც სოციალურ ქსელში გაფრთხილება გაავრცელა: „ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს... ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია“.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“. მისი თქმით, რუსეთს სანქციების მიმართ „იმუნიტეტი" გამოუმუშავდა და მათ დაანონსებული სანქციების აღარ ეშინიათ.
ტრამპის მიერ დაანონსებული მეორადი სანქციები გულისხმობს ფართო სპექტრის შეზღუდვებს, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკური აქტივობების შემცირებისკენ, განსაკუთრებით, ენერგორესურსების გაყიდვების კუთხით. ეს შეიძლება მოიცავდეს: რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე სანქციების გამკაცრებას და ზეწოლას ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რათა შეამცირონ რუსული ნავთობის შესყიდვა; რუსული ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს, მათ შორის, SWIFT-ზე წვდომის გაძნელებას; ექსპორტის კონტროლის გამკაცრებას ტექნოლოგიურ და სამხედრო სექტორებზე, რაც ხელს შეუშლის რუსეთს დასავლური ტექნოლოგიების შეძენაში.
მიუხედავად კრემლის განცხადებებისა „იმუნიტეტის“ შესახებ, ახალი სანქციები მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. ნავთობის გაყიდვების შემცირება, უცხოური ინვესტიციების ნაკადის შეწყვეტა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა სერიოზულ გამოწვევებს უქმნის რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას. კრემლის განცხადებები უფრო მეტად პროპაგანდისტული ხასიათისაა, რადგან ტრამპის ახალი ულტიმატუმი და სანქციების მუქარა სერიოზულ ზეწოლას ახდენს მოსკოვზე.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გათვლილი აქვს. გოგოლაშვილი for.ge-თან ამბობს, ტრამპის მკვეთრი განცხადება, რომ ის რუსეთს მეტ დროს არ მისცემს, მისი მოუთმენელი ხასიათითაა განპირობებული.
„დარწმუნებულია, რომ თუ 10 დღის განმავლობაში, რუსეთი არაფერს მოიმოქმედებს, ტრამპი დაუწესებს სანქციებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისგან ნავთობს ყიდულობენ. ინდოეთმა უკვე განაცხადა მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნავთობი სხვა ქვეყნებიდან შეიძინოს, თუკი რუსულ ნავთობს 500%-იან გადასახადს დაუწესებენ. ჩინეთი დუმილს არჩევს, თუმცა თუ აშშ თავის დანაპირებს შეასრულებს, საბოლოო ჯამში, ჩინეთიც, სავარაუდოდ, უარს იტყვის რუსულ ნავთობზე.
მე ველოდები სანქციების მძიმე პაკეტს, რომელიც რუსეთზე დიდ გავლენას მოახდენს. რთული სათქმელია, როდესაც სანქციების ეს პაკეტი დაწესდება, რამდენ ხანში შევა ძალაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტრამპმა თამაშს თავი დაანება და რაღაც საქმეზე გადავა“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
კითხვაზე, რამდენად მაღალია შანსი, რომ 50-დღიანი ულტიმატუმისა და რუსეთის ინტენსიური შეტევების ფონზე შეთანხმება შედგება, გოგოლაშვილი პასუხობს:
„მე მგონია, რომ დიახ, შედგება - სადღაც 7 აგვისტოსთვის, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტა დროებით მაინც უნდა გამოაცხადოს, რადგან ეს მას ამერიკის ძლიერი მოქმედებისგან გადაარჩენს. ტრამპის ხაზგასმული განცხადება 10-დღიანი ვადის შესახებ იმაზე მეტყველებს, რომ ის მზადაა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, სანქციების დაწესებისთვის ყველაფერი მზადაა“, - ამბობს ის.
გოგოლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკაში მიმდინარე სკანდალის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტისთვის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, თუნდაც დროებითი, უმნიშვნელოვანესია შიდა პრობლემების გადასაფარად.
„ამერიკაში დიდი სკანდალია აგორებული - ტრამპისა და ეპშტეინის ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ძალიან აზიანებს ტრამპს და მის სრულ გარემოცვას, მთელ „რესპუბლიკურ პარტიას“. მომავალ წელს არის შუალედური არჩევნები და შეიძლება, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ამის გამო, სენატში ან კონგრესში უმრავლესობა დაკარგოს. ამიტომ, ახლა სასწრაფოდ, ამ სკანდალის გადაფარვა სურთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა იქნება - ეს იქნება მისთვის გადარჩენის შესაძლებლობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ასე მოხდეს“, - ამბობს გოგოლაშვილი.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი დონალდ ტრამპის ულტიმატუმს სკეპტიკურად უყურებს. მისი აზრით, ამ გზით, ტრამპი ქულების მოპოვებას ცდილობს და არა რეალურ ცეცხლის შეწყვეტას. ბენდიანიშვილი for.ge-თან აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის 10-დღიანი ვადა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან ასეთ მოკლე დროში ომის შეჩერება და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყება არარეალურია.
„პუტინი არ დათმობს თავის პოზიციებს ასე მარტივად. მას აქვს საკუთარი დღის წესრიგი და სანქციები, რომელსაც უკვე დიდი ხანია, რუსეთს უწესებენ, მისთვის უკვე რაღაც დონეზე, ჩვეული გახდა. კრემლი არ წავა კომპრომისზე მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპმა ვადა შეამცირა.
რაც შეეხება მეორადი სანქციების დაწესებას, რთული პროცესი იქნება, რადგან ინდოეთი და ჩინეთი, მიუხედავად აშშ-ის ზეწოლისა, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. მისი პროგნოზით, ტრამპის ულტიმატუმი, სავარაუდოდ, ვერ გამოიწვევს მყისიერ შედეგს და კონფლიქტი კვლავ გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეთა ინტერესები არ დაემთხვევა“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისი პროგნოზით, ტრამპის ულტიმატუმი, სავარაუდოდ, ვერ მოიტანს მყისიერ და ხელშესახებ შედეგებს და კონფლიქტი კვლავ გაგრძელდება.