ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სავაჭრო შეთანხმების პარამეტრებზე შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირიდან შემოტანილ საქონელზე შეერთებულ შტატებში 15%-იანი გადასახადი დაწესდება. გერმანელი მრეწველები ამ შეთანხმებით უკმაყოფილონი არიან. დონალდ ტრამპი შოტლანდიაში, გოლფის საკუთარ კლუბში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, რაც კერძო ვიზიტად შეფასდა.
შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან აშშ-ში იმპორტზე ტარიფი მინიმუმ 15% იქნებოდა (მანამდე ის 30%-იან განაკვეთზე საუბრობდა). გარდა ამისა, მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნები, აშშ-სგან 750 მილიარდი დოლარის სამხედრო აღჭურვილობასა და ენერგორესურსებს შეიძენდნენ და ასევე, ამერიკულ ეკონომიკაში 600 მილიარდ დოლარს ჩადებდნენ ინვესტიციის სახით.
ამავდროულად, ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფი, რომელიც ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იმპორტზე დააწესა, ევროკავშირისთვისაც ძალაში დარჩება.
„ეს ყველასთვის კარგი გარიგებაა. ეს დაგვაახლოებს და გარკვეულწილად, პარტნიორობაა“ - თქვა ტრამპმა.
ფონ დერ ლაიენმა შეთანხმებას „შესანიშნავი შეთანხმება“ უწოდა, რომელიც „რთული მოლაპარაკებების“ შედეგად იქნა მიღწეული.
აშშ-სა და ევროკავშირზე მოდის მსოფლიო საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის თითქმის მესამედი. აშშ-ში ევროკავშირის საქონლის იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ში ევროპაში საქონლის ექსპორტს (606 მილიარდი აშშ დოლარი, 2024 წლის მონაცემებით, 370 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ) და ტრამპი ამ დეფიციტს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევდა. თუ აშშ და ევროკავშირი შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, მაშინ 1 აგვისტოდან, ევროპულ იმპორტზე 30%-იანი ტარიფი დაწესდებოდა.
ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთანხმება ევროკავშირისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ ის მაინც გაურკვევლობაზე უკეთესია.
ამავდროულად, შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებული ცალკეული კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. მაგალითად, მომლაპარაკებლებმა პრესას განუცხადეს, რომ ევროპა მაინც დააწესებს, ან შეინარჩუნებს გადასახადებს ზოგიერთ, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობის ამერიკულ საქონელზე. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რომელზე.
უფრო მეტიც, ტრამპისთვის საკითხი მხოლოდ ტარიფებს არ ეხებოდა: ის ბევრს წუწუნებდა იმ მკაცრ წესებზე, რომლითაც ევროპა, მისი აზრით, დისკრიმინაციას უწევს ამერიკელ მწარმოებლებს. ამ საკითხზე მოლაპარაკებების შედეგი ჯერ კიდევ უცნობია.
თუმცა, თეთრი სახლის წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი დათანხმდა ზოგიერთი არასატარიფო ბარიერის მოხსნას, მათ შორის ავტომობილებისთვის აშშ-ის სტანდარტების აღიარებას, რათა ამერიკულმა საავტომობილო კომპანიებმა თავიანთი პროდუქცია პირდაპირ ევროპაში გაყიდონ.
გარდა ამისა, BBC-ის ანონიმური წყაროს ცნობით, ევროკავშირი დათანხმდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნების შეცვლას, რაც აშშ-ს საშუალებას მისცემს, ევროპაში მეტი საკვები გაყიდოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა აშშ-ში 600 მილიარდ დოლარს ჩადებს, თუმცა არ ახსნა, ზუსტად რა, რამდენ ხანს, ან რა კავშირი ჰქონდა ამასთან ევროკომისიას, რომლის ხელმძღვანელთანაც ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
და ბოლოს, ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები აშშ-სგან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას შეიძენენ. თუმცა, იარაღს ცალკეული ქვეყნები და კომპანიები ყიდულობენ და ჰყიდიან და ამ საკითხზე ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
ამერიკული ნავთობი და გაზი რუსულის ნაცვლად
მოგვიანებით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. გარიგების უპირატესობებს შორის, მან ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვების გაფართოება გამოყო.
„ჩვენ რუსულ გაზსა და ნავთობს აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მნიშვნელოვანი შესყიდვებით ჩავანაცვლებთ“, - თქვა მან.
გერმანული ბიზნესი უკმაყოფილოა
გერმანიის ინდუსტრიის ფედერაციამ - BDI-მ განაცხადა, რომ ახალ ტარიფებს „მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები“ მოჰყვება ატლანტის ოკეანის ორივე მხარის ეკონომიკებისთვის.
გერმანიის ქიმიური მრეწველობის ასოციაციამ (VCI) ასევე მიიჩნია, რომ აშშ-ში ევროპულ ექსპორტზე გადასახადი ძალიან მაღალი დარჩა.
„როდესაც ქარიშხალს ელოდი, უბრალო შტორმითაც კმაყოფილი ხარ. ესკალაცია თავიდან აიცილეს, თუმცა ორივე მხარისთვის ეს ძალიან ძვირი დაჯდა“, - ნათქვამია VCI-ის განცხადებაში.
საბითუმო და საერთაშორისო ვაჭრობისა და მომსახურების ფედერაციამ შეთანხმებას „მტკივნეული კომპრომისი“ უწოდა, რომელიც მრავალი კომპანიის არსებობას საფრთხეს უქმნის.
ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის, IFO-ს ხელმძღვანელი, კლემენს ფაუსტი მიიჩნევს, რომ ასეთი შეთანხმება „ევროკავშირისთვის დამამცირებელია, რაც ძალთა დისბალანსს ასახავს“, - იტყობინება AFP.
თუმცა, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მიესალმა აშშ-ევროკავშირის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ეს თავიდან აიცილებს „ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებში არასაჭირო ესკალაციას“.
„ამგვარად, ჩვენ შევძელით ჩვენი ფუნდამენტური ინტერესების დაცვა, თუმცა მე მსურდა ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაში უფრო მეტი სიმარტივე მენახა“, - თქვა მერცმა.
კანცლერმა აღნიშნა, რომ მხარეები ჯერ კიდევ უნდა შეთანხმდნენ ბევრ კონკრეტულ დეტალზე და დაჰპირდა ევროკომისიას სრულად მხარდაჭერას მომავალ მოლაპარაკებებში.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა შეთანხმებას „პირველი კარგი ნაბიჯი“ უწოდა.
„ახლა ჩვენ შევაფასებთ მოლაპარაკებების შედეგს და მის გავლენას გერმანიის ეკონომიკასა და დასაქმებაზე“, - განაცხადა კლინგბეილმა.
ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო მაღალჩინოსნებმა საბოლოოდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი.
ევროკავშირისთვის ტარიფები, შეიძლებოდა, საბოლოო 15%-ზე მაღალიც კი ყოფილიყო - ტრამპი ევროპას 30%-იანი ტარიფით დაემუქრა. თუმცა, კომპრომისული 15%-იანი ტარიფი გაერთიანებული სამეფოსთვის დადგენილ 10%-ზე მეტია.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c99mv0exjzno