ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი ეტაპი თუ პროტოკოლით გაწერილი ჩვეულებრივი პროცედურა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი ეტაპი თუ პროტოკოლით გაწერილი ჩვეულებრივი პროცედურა

„ქართული ოცნება“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია მას შემდეგ, რაც საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ეს ნაბიჯი ოფიციალურად აღნიშნავს ტალიაშვილის დიპლომატიური მისიის დაწყებას ვაშინგტონში და ქმნის მოლოდინს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა „სუფთა ფურცლიდან“ აღდგება.

თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია, სადაც საქართველოსთან ერთად, კიდევ 11 ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლეს, ამერიკული მხარისთვის - „დიპლომატია ამერიკის ოქროს ხანისთვის“ - სათაურით გავრცელებული განცხადებით შეფასდა. ტექნიკური პროცედურების უმოკლეს ვადაში მოგვარება, როგორც ჩანს, პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს მმართველი პარტიისთვის. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისკენ, რაც თანამშრომლობის გაძლიერებასა და ურთიერთსასარგებლო დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს.

თამარ ტალიაშვილის პირველივე ნაბიჯი თეთრ სახლში იყო გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შტატებთან თანამშრომლობა „სუფთა ფურცლიდან“ აღადგინოს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ არ გავრცელებულა, სავარაუდოა, რომ დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა ისეთი საკითხი, როგორიცაა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. შესაძლოა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ალბათ, განიხილეს საქართველოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში და არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. მხარეებმა, სავარაუდოდ, ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე - მათი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობაზე.

უმრავლესობისთვის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, ოპოზიციისთვის რიგითი, პროცედურული საკითხია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა არაფერს ნიშნავს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა:  

„ელჩი ჩადის ქვეყანაში და რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღება, მივიწყებული იქნება, ან აშშ-ის პოზიცია შეიცვლება. ურთიერთობების გამოსწორებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებია საჭირო, ვიდრე უბრალოდ რწმუნებათა სიგელების გადაცემა“, - ამბობს წერეთელი.

„ქართულ ოცნებაში“ კი გაკვირვებას არ იწვევს ოპოზიციის პოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ დიპლომატიური შეხვედრა, რომელიც პოლიტიკურად პოზიტიური გზავნილია, ხელისუფლების ოპონენტებს სასოწარკვეთილებაში აგდებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა:

„ქართულ ოცნებას“ ეს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია იმიტომ, რომ თინა ბოკუჩავას, ან ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდეს. ეს გამოქვეყნდა იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არსებობს პოზიტიური ტენდენციები ურთიერთობის განვითარების და, თუ საჭიროა, გადატვირთვის მიმართულებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია“, - ამბობს ის.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ თამარ ტალიაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, თუნდაც პროტოკოლური, დიდ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მსგავსი შეხვედრები არ იმართებოდა. for.ge-სთან საუბარში, ახვლედიანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს, სურვილის არქონის შემთხვევაში, შეუძლია, მსგავსი პროტოკოლური შეხვედრებიც დაუსრულებლად გადადოს.

„აშშ-ს, თუ არ აქვს სურვილი ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობის, შეუძლია, პროტოკოლით გაწერილი ეს შეხვედრაც კი დაუსრულებლად გადადოს. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროტოკოლური შეხვედრაც ძალიან სწრაფად ჩაინიშნა, კეთილგანწყობით ჩატარდა და მართლაც კარგა ხანს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი სიგნალია. ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა და საშუალება იმისა, რომ ტრამპსა და მის გარემოცვას პირდაპირი კომუნიკაციით ესაუბროს, ის რეალური ინფორმაცია მიაწოდოს ტრამპის გარემოცვას, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება.

ამიტომ, მე ველი, რომ სიტუაცია იმაზე დადებითი დინამიკით წავა, ვიდრე ამის მოლოდინი და სურვილი ჩვენს ოპოზიციას აქვს. არადა, არც ძალ-ღონე დაიშურეს და არც ფული აფერისტი ჯო უილსონის დასაქირავებლად, რომელმაც ბაქიბუქისა და აბსურდული ბოდვის საფასურად აიღო ეს ფული. ნამდვილად კარგად გააცურა ჩვენი ოპოზიცია და პირშიჩალაგამოვლებულები, ახლა წყალწაღებულები, ხავსს ეჭიდებიან“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, შეუძლებელია ბოლოდროინდელი მოვლენები უბრალოდ დამთხვევა იყოს. პირველი სიგნალი კი „მეგობრობის აქტის“ შეფერხება იყო, რომელიც სამმა სენატორმა შეაჩერა. ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სამივე მათგანი ტრამპის ახლო გარემოცვის წევრები არიან, ამიტომ შემთხვევით არაფერი ხდება.

„ამდენი პოზიტიური მოვლენა შეუძლებელია დროში ასე ემთხვეოდეს. „მეგობრობის აქტს“ აფერხებს სამი უმნიშვნელოვანესი სენატორი, რომლებსაც ტრამპთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ეს ადამიანები სრულიად კონკრეტულად და მიზანმიმართულად დაინტერესდნენ საქართველოში არსებული სიტუაციით. შემდეგ რა ინფორმაციაც მიიღეს, ის შეადარეს ამ „მეგობრობის აქტს“ და ნახეს, რომ ის უფრო მტრული იყო. ამიტომ გადაწყვიტეს, შეისწავლონ, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით. ისინი ფრთხილობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ სწორედაც რომ ამერიკის ინტერესები არ დააზიანოს. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ამისთვის დროა საჭირო.

მკაფიოდ დაადგინეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება არასამართლიანი მიზეზებით, ეს არის აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭების ხელოვნური მცდელობა. ამ სენატორებმა კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდზე გაწევით, დაკარგავენ სამხრეთ კავკასიას, ამიტომ ჯო უილსონის ამ მტრულ აქტს, ამ ეტაპზე განხილვა არ უწერია. სიტუაცია კი დინამიკაში ძალიან კარგად ვითარდება. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი ამ სამ სენატორთაგან, ტრამპის უშუალო წარმომადგენელია კანონების მიღების კუთხით სენატში, რომელიც ტრამპის დიდი ნდობით სარგებლობს. შესაბამისად, ოპოზიციის ნარატივი აქაც წყალმა წაიღო, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მგონია, უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი“, - აცხადებს ახვლედიანი. 

Aburjga Tasmanieli სხვა მხრივ გამიჭირდება ტრამპის შესახებ რაიმე სანაქებოს თქმა, მაგრამ ქალბატონიების არჩევაში ძალიან დიდ ალღოს და გემოვნებას უჩვენებს! ქალბატონი თამარით ვინ არ მოიხიბლება!
4 საათის უკან
დოი პროტოკოლის დაცვა ყველგან საჭიროა,მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში.ერთი კია რომ,ხომ შეიძლებოდა თუნდაც ამ პროტოკოლამდე მისასვლელი ნაბიჯიც არ ყოფილიყო,რა დაიბოღმეთ ოპოზიცია,ყველაფერს მიედ-მოედებით მადამის თამადობით...იცავდა კია სალო პროტოკოლის წესებს,აბა შეახსენეთ!
4 საათის უკან
Gami გიგი წერეთელი ხომ გამორჩეული ჩათლახია.
3 საათის უკან