როგორ გააძლიერა ჩინეთმა თავისი ეკონომიკა აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე

როგორ გააძლიერა ჩინეთმა თავისი ეკონომიკა აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე

აშშ-სთან სავაჭრო ომის მიუხედავად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) იზრდება. მაჩვენებელმა 5%-იან სამიზნეს გადააჭარბა. ეს შედეგები მიღწეულ იქნა აქტიური ექსპორტისა და მთავრობის მხარდაჭერის წყალობით, თუმცა სუსტმა შიდა მოთხოვნამ, შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკა შეანელოს.

არა მარტო აშშ

წინასწარი მონაცემებით, ჩინეთის მშპ-მ 2025 წლის იანვარ-ივნისში, 66.053 ტრილიონი იუანი (9.21 ტრილიონი აშშ დოლარი - რედ.) შეადგინა, ხოლო წლიურმა ზრდამ - 5.3%“, - იტყობინება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.

წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სექტორმა 3.7% მოიმატა; მრეწველობამ და მშენებლობამ - 5.3%; მომსახურებამ - 5.5%. ექვს თვეში, ერთ სულ მოსახლეზე განკარგვადი შემოსავალი 5.3%-ით გაიზარდა და 21.84 ათასი იუანი (დაახლოებით, 3 ათასი დოლარი) შეადგინა.

„ჩინეთმა ზრდა აჩვენა აქტიური ექსპორტის პოლიტიკისა და ახალი ამერიკული გადასახადების შემოღებამდე მიწოდების ზრდის წყალობით“, - განუცხადა TRT-ს  AMarkets-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, იგორ რასტორგუევმა.

საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში, ჩინეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 5.8%-ით გაიზარდა. მან 325.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გადაზიდვების ლომის წილი იშვიათმიწა ლითონებზე მოდიოდა. ჩინეთმა სხვა ქვეყნებში 7.742 ტონა გადაზიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 60%-ით მეტია. ეს 16 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი მოცულობაა. წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის ექსპორტი 5.9%-ით გაიზარდა და 1.81 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

კერძოდ, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით, 8%-ით გაიზარდა; იაპონიაში - 4.8%-ით; ასეანის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) ქვეყნებში - 13%-ით.

აშშ-სთან გაჭიანურებული სავაჭრო ომის გამო, ჩინეთს სხვა გაყიდვების ბაზრების გადახედვა მოუწია. ამრიგად, ექვსი თვის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში მიწოდებები 10.9%-ით - 215.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

„წლის პირველ ნახევარში, ჩინეთმა ვაჭრობის ზრდა 190-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონთან დააფიქსირა. 50 მილიარდ იუანზე მეტი სავაჭრო მოცულობით, პარტნიორების რაოდენობამ 61-ს მიაღწია, რაც ხუთით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ბაზრებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, ვაჭრობა კვლავ იზრდება, განვითარებადმა ბაზრებმა კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანეს საერთო ზრდაში“, - განაცხადა საბაჟოების გენერალური ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ, ვანგ ლინჯუნმა.

დროებითი ზავი

წლებია, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ თავდასხმა მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პეკინი, სავარაუდოდ, „პატივს არ სცემს“ მსოფლიო ბაზრებს და „აშშ-ს ძარცვავს“.

როგორც კი ტრამპი თეთრ სახლში მეორედ დაბრუნდა, მან კვლავ დაიწყო აქტიური ქმედებები ჩინეთის წინააღმდეგ. ვაშინგტონმა თანდათანობით გაზარდა ჩინურ იმპორტზე გადასახადები. პეკინმა კი სავაჭრო ბარიერების გაზრდით უპასუხა. შედეგად, აშშ-ში ჩინურ საქონელზე ტარიფმა 145%-ს მიაღწია, ამერიკულ იმპორტზე კი -125%-ს.

ასეთი დრაკონული ტარიფები, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის, სავაჭრო ურთიერთობების დაშლის საფრთხეს ქმნის, რაც შემდგომში, სასაქონლო ფასების გარდაუვალ ზრდას გამოიწვევს. თუმცა, საქმე მხოლოდ ინფლაციის რისკებს არ ეხება. ყველაფერმა ამან, თეთრი სახლის ადმინისტრაციას დათმობებზე წასვლისკენ უბიძგა.

მაისში, აშშ-მ და ჩინეთმა 90-დღიანი დროებითი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. ამგვარად, აშშ-სა და ჩინეთის სამნიშნა ტარიფებით ყველაზე ცუდი პერიოდი აპრილ-მაისის დასაწყისში იყო. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებამ სავაჭრო ბარიერებიდან მიღებული დარტყმის შემსუბუქება სცადა. მათ წამოიწყეს ისეთი პროგრამები, როგორებიცაა ძველი საქონლის ახლით გაცვლა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ქვეყნის ხელმძღვანელობამ ასევე დახმარება გაუწია ექსპორტიორებს, უზრუნველყო სუბსიდიები კომპანიებისთვის ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქირავებლად.

საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთი თავდაჯერებულია სხვადასხვა რისკებისა და გამოწვევების მართვაში. როგორც ჩანს, ამას შეერთებული შტატებიც ხვდება. როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, აშშ შეეცდება ჩინეთთან სატარიფო შეღავათების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას. ფაქტია, რომ დროებითი შეთანხმება 12 აგვისტოს იწურება, ამიტომ მხარეები ამ საკითხს სტოკჰოლმში, 28 და 29 ივლისს განიხილავენ.

დიდხანს გაძლებს?

უცნობია, მიაღწევენ თუ არა ჩინეთი და შეერთებული შტატები შეთანხმებას. მით უფრო, რომ ივლისში, ჩინეთის ურთიერთობები ევროკავშირთანაც გაუარესდა. პეკინმა ევროპიდან კონიაკსა და ბრენდიზე ტარიფები ერთი მესამედით გაზარდა. გამონაკლისი მხოლოდ ზოგიერთი მწარმოებლისთვის იყო დაშვებული. ორმხრივი პრეტენზიები ამით არ დასრულებულა. ჩინეთმა შეზღუდა სახელმწიფო შესყიდვები ევროკავშირიდან სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ. ასე უპასუხა პეკინმა ბრიუსელის ზომებს.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაასხა ცეცხლზე ნავთი. ამერიკის პრეზიდენტმა 1 აგვისტოდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებს იმპორტის გადასახადები დაუწესა. ჩინური საქონლისთვის ამერიკულ ბაზარზე მესამე ქვეყნების გავლით შესვლა უფრო რთული და ძვირი გახდება. გარდა ამისა, დონალდ ტრამპ BRICS-ის ქვეყნებისთვის დამატებითი 10%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრება.

თუმცა, მსოფლიო ბანკი პროგნოზი, ჩინეთის მშპ-ს ზრდა 2025 წელს, 4.5% იქნება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ჩინეთის ეკონომიკისგან ოდნავ მეტს ელის: 4.7%-ს - მიმდინარე წელს და 4.3%-ს - 2026 წელს.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჩინეთი სირთულეების წინაშე დგას, თუ არ დაიწყებს საპენსიო და ფისკალური სისტემების სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე ქვეყნის ფინანსური სექტორის ტრანსფორმაციას.

წყარო: https://trt.global/russian/article/a244f481ca50