ბრძანება ბრიუსელიდან  - „გადით ქუჩაში!“

ბრძანება ბრიუსელიდან - „გადით ქუჩაში!“

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უმაღლესმა რადა-მ 31 ივლისს „ელვისებური სისწრაფით“ უნდა განიხილოს. რადა-ს თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვისას, მის დაუყოვნებლივ მიღებას და ხელმოწერას შესთავაზებს. უკრაინის პრეზიდენტმა, დასავლეთთან შეუთახმებლად, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების - ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ, უკრაინაში საპროტესტო აქციები იმართება.

ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალ ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბარში განაცხადა:

„ბოლო მობლენებთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტი, პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა ძლიერი შეშფოთება გამოხატა და უკრაინის მთავრობისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან, ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან. შესაბამისად, კომპრომისი არ იქნება“, - განაცხადა გიიომ მერსიემ.

თავად ზელენსკი კი აცხადებს, რომ დაამტკიცა კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველჰყოფს.

ირკვევა, რომ 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის ჩხრეკა ჩაატარა. ამას წინ უსწრებდა ერთი, მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული სპეცოპერაცია. ივლისის შუა რიცხვებში, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად, მიუნხენის შემოგარენში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, როსტისლავ შურმას საცხოვრებელი გაჩხრიკა.

შურმას ჩხრეკიდან ერთ კვირაში, პრეზიდენტმა საჯაროდ დაადანაშაულა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა „არაეფექტიანობაში“ და ხელი მოაწერა კანონს, ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვის შესახებ.

„პრეზიდენტის ოფისი შეშფოთებულია იმით, რომ შურმას სახლში, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულნი არიან გერმანელი სამართალდამცველები, რომლებიც, როგორც ცნობილია, არ თანხმდებიან მსგავს ზომებს ყველა შესაბამისი კანონიერი საფუძვლის დეტალური შემოწმების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ფიგურანტები საზღვარგარეთ იმყოფებიან, საქმე საერთაშორისო მასშტაბს იძენს. თუ უკრაინელი დეტექტივებისა და პროკურორების დისკრედიტაცია, პარლამენტის ან გენერალური პროკურორის საშუალებით, კონტროლს დაქვემდებარებაა შესაძლებელი, გერმანელებთან ეს შეუძლებელია“, - ნათქვამია „უკრაინსკაია პრავდას“ სტატიაში.

შურმას ორივე ძმა, რომელთაგან ერთ-ერთი კორუფციული სქემის გამოძიების ფიგურანტია, საზღვარგარეთ ცხოვრობს. კერძოდ, 2023 წლის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უკრაინის სახელმწიფო უხდიდა ელექტროენერგიის საფასურს შურმას ძმის მზის ელექტროსადგურების კომპანიას, იმის მიუხედავად, რომ სადგურები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. აღნიშნული პუბლიკაციის შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ შურმას გარემოცვისთვის სახელმწიფო გადახდების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როსტისლავ შურმამ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ეკონომიკურ მიმართულებას კურირებდა, თანამდებობა 2024 წლის სექტემბერში დატოვა. მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პუბლიკაციები და აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა გახდა.

„უკრაინსკაია პრავდასთვის“ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა, სავარაუდოდ, ამზადებენ ბრალის წარდგენას ბიზნესმენისა და სტუდია „კვარტალ 95-ის“ მფლობელისთვის, ტიმურ მინდიჩისთვის, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.

კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება და მას ქვეყნისთვის ცუდი დღე უწოდა. კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ საუბარია არა მხოლოდ ანტიკორუფციულ ინსტიტუტებზე, არამედ ადამიანების სურვილზე, იცხოვრონ სამართლიან ქვეყანაში.

„მესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფთა უმრავლესობისთვის ღირსების რევოლუცია სოციალურ ქსელში წლიდან წლამდე დაწერილი პოსტია, მაგრამ მილიონობით ადამიანისთვის ეს იყო მსხვერპლი სამართლიანობისთვის. მისი გაუქმება კენჭისყრით ან სწრაფი ხელმოწერებით შეუძლებელია. უკრაინის პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს, დადგეს ხალხის მხარეს, თუ - არა“, - წერს დმიტრო კულება.

პოლიტიკის დოქტორის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, ფაქტობრივად, ზელენსკიმ გააუქმა ორი საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც იყო დასავლეთის სტრუქტურა და რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. მისი თქმით, ეს სტრუქტურები შეიქმნა იმისთვის, რომ დასავლეთს ეკონტროლებინა უკრაინის მთელი ხელისუფლება, როგორც პრეზიდენტის, ასევე ქალაქის მერის.

„დიდი, ხმაურიანი გამოძიებები მათ არ ჰქონიათ, რამდენიმე საქმეა მხოლოდ და რატომ? - იმიტომ, რომ მათი ძირთადი ფუნქცია არ არის საქმის გამოძიება და დამნაშავის დასჯა. არამედ, გამოიძიონ, მერე დაელაპარაკონ და მოხდეს იმ ჩინოვნიკის გადაბირება, ეს არის ფუნქცია. ახლა, ზელენსკიმ, ცვლილების წინ, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება, დააპირა, რომ თავისი სუვერენიტეტი და სტაბილურობა უზრუნველჰყოს. ამიტომ, ეს ორი სტრუქტურა შეუერთა გენერალურ პროკურატურას და უკვე ახალი კანონით ემორჩილებიან გენერალურ პროკურორს. ეს ნიშნავს, რომ გენპროკურორი განიხილავს და მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. თვითონ გენპროკურორს ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს უკრაინის რადა“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

მისი თქმით, როგორც კი პრეზიდენტმა აღნიშნული სტრუქტურები გააუქმა, დასავლეთზე მომუშავე უკრაინის მე-5 კოლონამ მიიღო ბრძანება, რომ გასულიყვნენ ქუჩაში.

„წარმოიდგინეთ, როგორ მუშაობს დასავლეთი - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომშია, ებრძვის ბირთვულ სახელმწიფოს, ფრონტის ხაზი არის ათას კილომენტრზე მეტი, მილონამდე ადამიანი ომშია, ბრიუსელიდან და გლობალისტური ცენტრიდან ბრძანება მივიდა აგენტურასთვის, რომ გავიდნენ ქუჩაში. გამოვიდა კლიჩკო, გერმანიის დავალებით და ასე შემდეგ, როგორც ჩვენთან, ზუსტად იგივე ხდება. მიუხედავად ომისა, შენი კონტროლი მათთვის უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე ფრონტზე რა ხდება. ზელენსკი აპირებს, რომ რაღაც სუვერენიტეტი, თავისი დამოუკიდებელი საფუძველი შეიქმნას შემოდგომისთვის და მომავალი პროცესებისთვის, რის საშუალებასაც დასავლეთი არ აძლევს, ჯერჯერობით, ასეა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, ირაკლი გოგავამ.