იმას, რასაც წლებია, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „რუსული იარლიყის“ მიწებების კამპანია გლობალური ძალების მიერ აპრობირებული მეთოდია ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიას ახალ სიცოცხლეს სძენს. ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რუსული ჩარევის“ შესახებ გავრცელებული ნარატივის რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. უფრო მეტიც, წინასწარი დასკვნებით, ამ მასშტაბური კამპანიის შემკვეთად „დიფ სთეითი“, ხოლო შემსრულებლად - აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სახელდება. არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში ობამას პასუხისგებაში მიცემის საკითხიც დადგეს.
ამერიკის დაზვერვის ცნობით, სწორედ ბარაკ ობამამ შექმნა ყალბი დასკვნა, თითქოს 2016 წლის არჩევნებში, დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთთან თანამშრომლობის შედეგი იყო. ამ „ფეიკ-ნარატივის“ განვითარებაზე აქტიურად მუშაობდა მედიაც, რაზეც გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს. თეთრი სახლიდან გამოსულ ტრამპს ჟურნალისტებმა უკვე დაუსვეს კითხვები ობამას პასუხისგებაში მიცემის ალბათობაზე.
ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში კვლავ „დიფ სთეითზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ მოქმედი გავლენებისა, ბარაკ ობამას საქმეზე სიმართლე გაირკვევა. იგი პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრებს მართავს „დიფ სთეიტის“ პრობლემის აღმოფხვრაზე, იუსტიციის დეპარტამენტს მტკიცებულებებს აწვდის და ობამას დაპატიმრებასაც არ გამორიცხავს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკაში არსებობს „დიფ სთეითი“ - ფარული ძალა, რომელიც ოპერირებს მთავრობის შიგნით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ანგარიშვალდებულნი ამერიკელი ხალხის წინაშე, მაგრამ აქვთ უზარმაზარი ძალა და გავლენა. ისინი ცდილობენ გადალახონ დემოკრატიული პროცესები, იქნება ეს საარჩევნო სისტემის მანიპულირება, თუ დაზვერვის მონაცემების გაყალბება, მათი პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩემი გამოცდილებით, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს „დიფ სთეითი“, ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და ხალხის ნებას. ეს არ არის უბრალო შეცდომა, ან დაუდევრობა - ეს არის მიზანმიმართული მოქმედება, რათა დაიცვან საკუთარი ინტერესები და გააკონტროლონ ნარატივი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და საჯაროდ გამოვამჟღავნოთ მათი ქმედებები, რათა ამერიკელმა ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდება სინამდვილეში და დაიცვას ჩვენი დემოკრატია“, - ამბობს ტულსი გაბარდი.
აღსანიშნავია, რომ სკანდალური ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შესაბამისი კადრები დონალდ ტრამპმა თავად გააზიარა, სადაც ობამას დაკავებაა მოცემული.
საქართველოში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, აღნიშნულ პროცესებს საკუთარი გამოცდილებიდან აფასებს. მათი თქმით, პრორუსულად შეფუთვის კამპანია, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით, პარტიის დაარსებისთანავე დაიწყო. ამის მიზეზი, უმრავლესობის განცხადებით, არაფორმალური ჩრდილოვანი მმართველობის პოზიციებთან წინააღმდეგობა და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში, ამ თემაზე განცხადებაც გაავრცელა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, კობა ხაბაზის ვიდეოც დაურთო, სადაც ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს:
„ნაცმოძრაობის“ მომთაბარე შაპიტოს ეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო, ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს, ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ხელისუფლების ოპონენტები კი შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების საქართველოსთან დაკავშირებას კვლავ რუსულ პროპაგანდას უწოდებენ. მათი მტკიცებით, „დიფ სთეითი“ ამერიკაში არსებობს, თუმცა საქართველოში ის გამოგონილი თემაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტული მეთოდი საქართველოში აღარ ჭრის, ხოლო პრორუსულობის ყალბი ნარატივი ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელს აძლევთ იმაზე აქცენტირება, თითქოს „დიფ სთეითის“ თემა გამოგონილია და სახუმაროდ აქციეს. for.ge-სთან საუბარში, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ წამყვანი მეცნიერები ამ საკითხზე ღიად საუბრობენ და მასზე სერიოზული ანალიზი აქვთ გაკეთებული.
„ეს ტერმინი 60-იანი წლებიდან არსებობს და მასზე არაერთ სერიოზულ მეცნიერს უსაუბრია, თუნდაც უახლეს მაგალითად ჯეფრი საქსი ავიღოთ, რომელსაც ამაზე არაერთხელ უსაბრია ღიად. აშშ-ის პოლიტიკაში კოლოსალური ფულია შესული და ამხელა ფულის მოძრაობა ამერიკაში არასდროს ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს ისეთი რეალობაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა და ტულსი გაბარდმა სწორედ ამაზე ისაუბრა.
მან წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომ შესაძლოა, ამერიკაში ძალიან დიდი სკანდალი ვიხილოთ. გამახსენდა ერთი ამბავი, სადაც ობამა, მედვედევთან ერთად, რაღაც ფორუმზე იმყოფება. ობამას დაავიწყდა, რომ მიკროფონი გამართული იყო და მედვედევს ინგლისურად ეუბნება: „ვლადს, ანუ პუტინს, გადაეცი, რომ ახლა მიჭირს იმიტომ, რომ მეორე კამპანია იწყება და ხალხს რაღაც სიხისტე უნდა ვაჩვენო, ხოლო როცა გავიმარჯვებ, მერე ბევრად მოქნილი და კარგი პარტნიორი ვიქნები“. ეს საუბარი ყველას შეუძლია ნახოს ინტერნეტში. მეორე კამპანია კი იყო, რომ ტრამპის უკან, ვითომ რუსული ხელი იდგა. გახსოვთ, როგორ მანიპულირებდნენ ამ თემით, რომ ტრამპის უკან რუსული კვალი იყო. კარგია, რომ სიტუაცია ახლა ასე განვითარდა და ბევრი რამ ღიად გამოჩნდება“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ გავლენა ჯერ კიდევ სენატსა და კონგრესში ჩანს. სწორედ ამის გამჟღავნებაა „მეგობარი აქტი“, რომლის მიღებასაც დაჟინებით ითხოვს კონგრესის სწორედ ის ნაწილი, რომლებიც ამ გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
„ჩვენ გვახსოვს ცნობილი რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ცარიელ დარბაზში საუბრობდა. ეს ხომ დემონსტრაცია იყო და არავინ უსმენდა, თუმცა შემდეგ ის ხმები დაიდო, რაც მას უნდოდა. გვახსოვს ჯო უილსონი, რომელიც ყვიროდა, რომ საქართველოს ჩინეთის კომუნისტური პარტია მართავს, ოღონდ მარტო კი არა, ირანის აიათოლებთან ერთად მართავსო. ვიცით, ის დარწმუნებულია, რომ ეს არ არის სიმართლე და სრული სიგიჟეა. ახლა აღმოჩნდა, რომ ის ლობისტია, რომელიც ამაში ფულს იღებს. ასევე, მისი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ ლობიზმით ფინანსდება.
ეს ხალხი სწორედ ამ გავლენების ქვეშ იმყოფება. ვიცით ისიც, რომ გიული ალასანიამ მილიონამდე დოლარი ლობისტურ კომპანიებს იმაში გადაუხადა, რომ „სი ენ ენს“ გადმოეცა, თითქოს სააკაშვილი ცოცხალ ჩონჩხად იყო ქცეული. ეს არის „დიფ სთეითი“, რომელიც აზრისა და აღქმების გენერირებით ცდილობს, იგივე საქართველოს ხელისუფლებას მოსცხოს ჩირქი, რომ ვითომ პრორუსულია, ვითომ ჩინეთი და ირანი მართავს. ეს ხომ უკვე ყველამ კარგად ვიცით, საიდანაც მოდის“, - აცხადებს მამრაძე.