თვალჭრელიძის ქუჩის „დრამა“ - კერძო დავა, როგორც ოპოზიციის წინასაარჩევნო ფანდი კალაძის წინააღმდეგ

თვალჭრელიძის ქუჩის „დრამა“ - კერძო დავა, როგორც ოპოზიციის წინასაარჩევნო ფანდი კალაძის წინააღმდეგ

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესი დასრულდა, რასაც მწვავე პოლიტიკური განცხადებები და მედიაში დაპირისპირებული ინტერპრეტაციები მოჰყვა. ოპოზიცია და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები ცდილობდნენ, ეს მოვლენა ემოციურ და პირად ტრაგედიად წარმოეჩინათ, თითქოს თბილისის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას სახლებიდან ასახლებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, რეალური სურათი სრულიად განსხვავებულია და ეს თემა წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილად იქცა.

ამ მცდელობებს მმართველი პარტია და ანალიტიკოსები დეზინფორმაციულ კამპანიად აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ რეალურად, გამოსახლებული ოჯახების ნაწილს აქვს სხვა საცხოვრებელი ქონება და მათი „უსახლკარობის“ თემა სპეკულაციური ხასიათისაა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კალაძის იმიჯის შელახვას, მოახლოებული არჩევნების წინ.

სინამდვილეში, გამოსახლებული მოქალაქეები კერძო საკუთრებაში იყვნენ შეჭრილები, მეპატრონის ნებართვის გარეშე. აღსრულების ბიურომ დაადასტურა, რომ პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა. კომპანია „ბლექ სი ფროფერთიმ“, რომელიც ტერიტორიის კანონიერი მესაკუთრეა, სახელმწიფოსგან შეიძინა ეს ქონება და არაერთხელ სცადა მოლაპარაკება მაცხოვრებლებთან.

კომპანია „ბლექ სი ფროფერთის“ წარმომადგენლის, გიორგი ჩაფიძის განცხადებით, მათი კომპანია ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან.

„დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და ხელმოწერილი კონტრაქტებიც არსებობს“, - აღნიშნა ჩაფიძემ.

მნიშვნელოვანია, რომ შენობა, საიდანაც მოქალაქეები გამოასახლეს, ავარიულია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ადგილზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია და შენობას დაზიანების მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული.

„აღნიშნული ობიექტი მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და შეუძლებელი და აკრძალულია, რომ მასში ცხოვრობდნენ ადამიანები, მით უმეტეს, მცირეწლოვანი ბავშვები, არასრულწლოვნები“, - განაცხადა ჩაფიძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განმარტა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ კონკრეტულ საქმესთან კავშირში არ არის, რადგან ეს კერძო საკუთრებას ეხება.

„მერიასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან, რომლებიც თვალჭრელიძის #1-ში ცხოვრობდნენ, მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ სამი დათანხმდა:

„მათგან ორი ქირით დაკმაყოფილდა, ხოლო ერთს უარი ეთქვა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამო. დანარჩენმა ოჯახებმა ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს“, - ამბობს მერი.

კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ გამოსახლებული პირების ნაწილი არ არის სოციალურად დაუცველი და ფლობს სხვა ქონებას, მათ შორის, მიწებს, სახლებსა და ავტომობილებს, რაც ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობების ორგანიზატორები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ თემით პოლიტიკური სპეკულაცია დაუშვებელია, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, ყველა უარყოფითი მოვლენა მერს დააბრალოს.

მანვე დაამატა, რომ უსახლკაროს სტატუსის მოპოვების შემდეგ, ყველა მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანი ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელს.

კახა კალაძემ ვიდეო-მიმართვას დაურთო ფოტოებიც, ახსენა სადგურის მოედანზე მომხდარი ტრაგედიაც და ხაზგასმით თქვა, რომ აღნიშნული კორპუსი, გადმოსახლებულების საკუთრებაში არ იმყოფება:

„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან, მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ, ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან, სადგურის მოედნის მიმდებარედ, სახლის ჩამოშლას მოჰყვა? ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს, უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული“, - განმარტა მერმა.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას საყვედურობს და  მოუწოდებს, რომ მიიღონ საცხოვრებლების შესახებ შესაბამისი კანონი. მეორე ნაწილი კი მერიას აკრიტიკებს და მათ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

„ნაცმოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე კალაძის განცხადებაზე ამბობს:

„წარმოუდგენელია, რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო, - ურუშაძის თქმით, კალაძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს, - თვითონ დაბრუნდეს სამტრედიაში, თავის საკარმიდამო მიწაზე, მოპარული ფულისა და ნაძარცვი ფულის გარეშე და დაიწყოს ცხოვრება ნულიდან“, - განაცხადა ურუშაძემ.

გამოსახლების პროცესს კი წინააღმდეგობა არაერთხელ გაუწიეს, რის შედეგადაც, ადმინისტრაციული წესით, 17 პირი დააკავეს. მიუხედავად ამისა, აღსრულების ბიურომ და მესაკუთრემ კანონის სრული დაცვით იმოქმედეს, რათა უსაფრთხოების მიზნით, ავარიული შენობა დაცლილიყო. კომპანია „ბლექ სი ფროფერთი“ აცხადებს, რომ ყველა ის ოჯახი, რომლებთანაც შეთანხმებას მიაღწიეს, ქირით ან კომპენსაციით უზრუნველყოფილია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, საზოგადოებრივი მღელვარება შექმნან და რეალური ფაქტები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ.

„ქართველი ამომრჩევლის თვალში მუდმივად წაგებული რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, შავი ლაქა მოსცხოს კახა კალაძეს და მმართველ პარტიას. ეს არასდროს გამოსდით, რადგან მათი ნეგატიური კამპანია მხოლოდ დეზინფორმაციას ეფუძნება. თვალჭრელიძის ქუჩის შემთხვევა ამის თვალსაჩინო მაგალითია. ეს არის კერძო დავა, რადგან იმ ფართის მფლობელი კერძო ინვესტორია, რომელმაც მის ტერიტორიაზე უკანონოდ და უნებართვოდ მცხოვრები ადამიანები სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოასახლა.

აქ მერიასა და კალაძეს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. დედაქალაქის და სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კერძო დავაში ვერ ჩაერევიან. თუმცა, ტოქსიკურმა „ნაცმედიამ“ და „ნაცსექტის“ სპიკერებმა ეს ყველაფერი უკუღმა წარმოაჩინეს, თითქოს კალაძემ სადამსჯელო სპეცოპერაცია ჩაატარა და ხალხი ქუჩაში გამოყარა. აქაც გამოჩნდა არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უყურებს, როგორც ე.წ. „მეწველ ძროხას“ და სურს, სახელმწიფოს გამოსძალოს მეტი ფული. სწორედ ამ მატყუარა და უსინდისო ადამიანების განცხადებებით მუშაობს „ნაცპროპაგანდა“. ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, ვითომ ვიღაც თავს იკლავს იმიტომ, რომ გაუსაძლის მდგომარეობაშია“, – ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ფაქტებით დადასტურდა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც „ნაცმედიასთან“ სცენებს დგამდნენ და პოლიციას აგინებდნენ, არ არიან შეჭირვებული მოქალაქეები. მათ სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთები, ბინა და ავტომობილები. შესაბამისად, „ნაცმედიას“ ეს „შოუც“ ნაცარში ჩაუვარდა.

„როგორც წესი, ეს ხმაურიანი პიარი საკმაოდ ხანმოკლეა და დიდხანს არ გრძელდება. რაც უნდა მცდელობა იყოს იმისა, რომ ამ რევანშისტებმა ასეთი თემები გამოიყენონ, ეს ისევ მთავრდება იმ უბრალო მიზეზით, რასაც სიმართლე და ფაქტები ჰქვია. ეს ყველაფერი კი ჯანსაღად მომუშავე მედიასაშუალებებში გავრცელდა. როდემდე უნდა გააგრძელონ რადიკალებმა ამ სტილით ე.წ. მუშაობა, საკითხავია. ეს არანაირ პოლიტიკურ და პიარ-ჩარჩოებში არ ჯდება. ეს არის ბინძური და პარაზიტული ქმედებები, რომლებსაც არ უწერია გამარჯვება. შესაბამისად, 4 ოქტომბრამდე, მსგავსი შეთითხნილი სკანდალების გაბუქების მცდელობა იქნება, თუმცა მორიგ ჯერზე, ისევ განულდება, ხოლო 4 ოქტომბერს, დამაჯერებელი დამარცხების შემდეგ, ისევ ერთსა და იმავე წრეზე დაბრუნდებიან“, - აცხადებს აბაშიძე. 

 

 

გიორგი ბერძულიშვილი რომელი მეტად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, ხაბეიშვილი თუ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე?
5 საათის უკან