უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც 23 ივლისს, სტამბოლში გაიმართა, ექსპერტულ წრეებში დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც ცნობილია, შეხვედრა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა, რაც აჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ საბოლოოდ, შესაძლოა, მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ. ამასთან, პროგნოზირებენ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საპირისპირო მოსაზრებისაა. მისი განმარტებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად, გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ ჰქონდათ. ამასთან, პესკოვის თქმით, აგვისტოს ბოლომდე, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძნელი წარმოსადგენია“.
„გარღვევას ნამდვილად არ ველოდით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. მესამე რაუნდის შემდეგ, მედინსკიმ დაადასტურა, რომ ადრე გაცვლილი მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული მიდგომები არსებობს.
შეუძლებელია იმის თქმა, რომ რაღაც ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პოზიციების დასაახლოებლად უნდა შესრულდეს, ეს ძნელი წარმოსადგენია“, - აღნიშნა პესკოვმა.
სამხედრო ექსპერტის, ამირან სალუქვაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის დელეგაციას შორის შეხვედრა მოკლე არ ყოფილა, იძლევა იმედს, რომ მხარეებმა, შესაძლოა, გარკვეულ შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ. ჩვენთან კომენტირებისას, სალუქვაძემ აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა მართლაც შედგეს.
„აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, ტრამპის მიერ მიცემული 50-დღიანი ვადაც იწურება. გამორიცხული არ არის, ამ პერიოდში, ეს შეხვედრა მომზადდეს, რაც რუსეთსაც აწყობს, რადგან ფორმალურად, რაღაც ახალი ნაბიჯი გადაიდგმება - ქვეყნების პირველი პირები შეხვდებიან ერთმანეთს. გარკვეულწილად, ეს პროცესსაც გადადებს, თუმცა რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ მსგავს შეხვედრას მომზადება სჭირდება და ამ შეხვედრაზე კი არ უნდა იმსჯელონ მხარეებმა კონფლიქტის დარეგულირების გზების შესახებ, არამედ უკვე ხელი უნდა მოაწერონ და წერტილი დაუსვან. რაღაც შეთანხმება რომ მომზადდეს, მხარეები რამეზე უნდა შეთანხმდნენ. ჯერჯერობით, პოზიციების დაახლოება არ ჩანს, არც რამე განცხადება შუამავლების მხრიდან, არც რუსეთისა და არც უკრაინის მხრიდან.
ერთადერთი, რასაც ხაზს გავუსვამდი, ესაა, დელეგაციების შეხვედრამდე, რომელიც საკმაოდ ხანმოკლე იყო, დელეგაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საკმაოდ დიდხანს - ერთი საათი და 40 წუთი, რაც მცირე დრო არ არის, როდესაც ორი ადამიანი ესაუბრება ერთმანეთს და როცა ეს მათი პირველი შეხვედრა არ არის. მესამე რაუნდი იყო უშუალოდ ამ ორ პირს შორის, როგორც უკრაინის დელეგაციას, ისე რუსეთსაც ექნებოდა რაღაც ჩარჩო, რომლის იქეთაც ვერ წავლენ და ორივე მხარეს აქვს მოთხოვნები. ხანგრძლივი საუბარი იყო, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ მხარეებს შორის, რაღაც საქმიანი, კონკრეტული პროცესია დაწყებული.
ზელენსკის გზავნილების გადასაცემად ერთი საათი არ არის საჭირო, შეიძლება, 10 წუთში გახმოვანდეს - მხოლოდ გზავნილების გახმოვანება რომ ყოფილიყო და შეხების რაღაც წერტილები არ ჰქონოდათ, საათი და 40 წუთი არ ისაუბრებდნენ. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაღაც კონკრეტული საუბარი ჰქონდათ. როდესაც ასეთი მასშტაბის კონფლიქტია, უკვე სამწელიწადნახევარია ომი მიმდინარეობს, ეს ასეთი მარტივი არ არის. თუ ეს შეხვედრა უნდა შედგეს, აგვისტოს განმავლობაში, დავინახავთ რაღაც ნაბიჯებს ორივე მხრიდან“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ.
„დღეს, სტამბოლში შეთანხმებული გაცვლის მეცხრე ეტაპი გაიმართა. მძიმედ დაავადებული და დაჭრილი დამცველები სახლში ბრუნდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ, საერთო ჯამში, 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება შეძლო. ამავდროულად, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითოეული მხრიდან, დაახლოებით, 250 ადამიანი გაცვალეს. მისი თქმით, ეს გაცვლის ბოლო პარტიაა, ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.
ომის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გაცვლის ფარგლებში, უკრაინაში, უკანასკნელი დამცველი კუნძულიდან ზმეინი, დაბრუნდა ვიტალი გირენკო.