იმაზე, რაზეც უკვე დიდი ხანია, „ოცნება“ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა ებრძვის და მათი მიზანია ხელისუფლების დამხობა, სწორედ ამაზე ისაუბრა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ტულსი გაბარდმა. გაბარდი ამბობს, რომ ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ბრალდებები, რომლებიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ იყო „გამოგონილი“.
გაბარდი აცხადებს, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მასში სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი. ის ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა მას ამ „დიფ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი რეაგირებისთვის მასალები იუსტიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა.
ირაკლი კობახიძე ამ განცხადებას ღია წერილით გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სრულად იზიარებს და ანვითარებს ტულსი გაბარდის ნარატივს. ის აღნიშნავს, რომ „პრორუსულობის იარლიყის მიწებება“ არის „დიფ სტეიტის“ კარგად აპრობირებული მეთოდი ოპონენტების წინააღმდეგ, რისთვისაც ეფექტიან ინსტრუმენტად მედია გამოიყენება.
კობახიძეს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი სხვადასხვა ქვეყნიდან: მარინ ლეპენი (საფრანგეთი) - მას მტკიცებულების გარეშე, „პრორუსის“ იარლიყი მიაწებეს, როდესაც მისი რეიტინგი გაიზარდა; ჯორჯესკუ (რუმინეთი) - საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული „პრორუსად“ გამოაცხადეს და არჩევნები გააუქმეს „ტიკტოკის“ მეშვეობით, რუსული ჩარევის ეჭვის საფუძველზე, ასევე მტკიცებულებების გარეშე; მოლდოვა - „პრორუსის“ იარლიყი გახდა ინსტრუმენტი სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად, მტკიცებულებების გარეშე; ვიქტორ ორბანი (უნგრეთი) - მტკიცებულებების გარეშე, ის „პრორუს პოლიტიკოსად“ შერაცხეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ებრძვის ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას და მშვიდობის მხარეს დგას.
კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოშიც ანალოგიური კამპანია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.
განცხადებაში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ „პროპაგანდის მძლავრ ხაზზე“, რომლის „პრორუსობისა და რუსული კავშირების“ დასადასტურებლად, „იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია“. კობახიძე ამას „გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებს“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ტულსი გაბარდს „დიფ სტეიტის“ მხილებისთვის და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია „ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის“ მეთოდების შესახებ, რადგან „სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“.
„სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისთვის ის ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიფ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ, ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან.
ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიფ სტეიტს“ ჩართული ჰყავს, როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები“, - ამბობს კობახიძე. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიწებების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი „არ მოქმედებენ გარე დავალებებით, გაწმინდეს ხელისუფლება აგენტურისგან, იცავენ სუვერენიტეტს, არ დაუშვეს ლგბტ პროპაგანდა და არ ჩაერთნენ ომში“. კობახიძე ხაზს უსვამს, რომ ამ ბრალდებებისთვისაც არავის, არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის ითხოვს მტკიცებულებებს, თუ რატომ არის ივანიშვილი და მისი გუნდი პრორუსული, ოპოზიცია პასუხობს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი „ოცნების“ პრემიერს მათივე წარმოებულ ანტიევროპულ პროპაგანდას და იმ განცხადებას ახსენებს, რომლითაც მისი თქმით, ევროკავშირისკენ სვლა ოფიციალურად შეწყვიტეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსულ გავლენებზე არსებული ბრალდებები ფაქტებით ვერ მტკიცდება, რადგან ამ დრომდე, რამე არსებითი მაგალითი არავის წარუდგენია. for.ge-სთან საუბრისას, საყვარელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო არც კი ცდილობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ოფიციალური თბილისი არაერთხელ საჯაროდ უარყოფდა რუსულ ინიციატივებზე თანხმობას.
„უკვე დიდი ხანია ველოდები, როდის წარუდგენენ საზოგადოებას რამე, რეალურ მტკიცებულებას ხელისუფლების რუსეთთან კავშირების შესახებ. იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სხვა ტიპის ურთიერთობები. სინამდვილეში, დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ გვაქვს და ქართული მხარე არც აქტიურობს ამ მიმართულებით. პირიქით, ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთიდან წამოსულ ნებისმიერ შეთავაზებაზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კონფლიქტური რეგიონების საკითხი ამ გადაწყვეტილებებში პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, თითქოს, საქართველო რუსეთთან დაახლოების გზას დაადგა, არათუ საფუძველს, არამედ ლოგიკასაც მოკლებულია.
„თუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას არაფრის დიდებით არ თმობს, მაშინ ისმის ლეგიტიმური კითხვა, რატომ უნდა გადაულოცოს ეს ძალაუფლება რუსეთს? ეს ხომ სრულიად შეუთავსებელია იმ ლოგიკასთან, რომ ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. გამოდის, რომ ბრალდებებს არც ფაქტობრივი და არც ლოგიკური გამართლება აქვს“, - განმარტავს ანალიტიკოსი.
საყვარელიძე განსაკუთრებით გამოკვეთს ამერიკელი მაღალჩინოსნის, გაბარდის მიერ საქართველოს კონტექსტში გამოყენებულ ფორმულირებებს. ანალიტიკოსის შეფასებით, მის განცხადებაში მოხსენიებული „დიფ სტეიტი“ საქართველოსთვის მეტად საგულისხმო სიგნალია.
„გაბარდმა პირდაპირ ახსენა „დიფ სტეიტი“, რომლის არსებობასაც ჩვენი ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები აქამდე მხოლოდ კონსპირაციად აცხადებდნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მან ღიად გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა - ადამიანი, რომელიც ამერიკის დემოკრატიულ პარტიაში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც საქართველოში ხელისუფლებას მუდმივად უპირისპირდება. შესაბამისად, ეს განცხადებები ჩვენთვის მნიშვნელოვან შინაარსობრივ სიგნალებს შეიცავს“, - ამბობს საყვარელიძე.
ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ-ს ადმინისტრაციების დამოკიდებულების დინამიკაზეც ამახვილებს. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებაში ყოფნისას, განსაკუთრებით ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით, მეტად მწვავე კრიტიკა ისმოდა.
„კობახიძის შეფასებაშიც სწორედ ესაა ხაზგასმული, როცა საუბარია რუსეთის საფრთხეზე, ეს ხშირად პოლიტიკურ იარლიყს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ საფრთხეს. ფაქტობრივი მტკიცებულებები და ლოგიკური არგუმენტები კი აშკარად არ ჩანს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს საქართველო რუსეთისკენ მიექანება, უმეტესწილად, მხოლოდ პოლიტიკურ მანიპულაციად რჩება“, - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.