დასავლეთის მარიონეტი ფაშინიანი სომხურ ეკლესიას ბოლშევიკური მეთოდით უპირისპირდება?!

დასავლეთის მარიონეტი ფაშინიანი სომხურ ეკლესიას ბოლშევიკური მეთოდით უპირისპირდება?!

ნიკოლ ფაშინიანისა და სომხური ეკლესიის დაპირისპირება ძალიან ჰგავს „დიდი ბელადის“, ლენინის გზას. საბჭოთა ბელადმა დაანგრია ეკლესიები, დააპატიმრა და შემდეგ დახვრიტა სასულიერო პირები. დაახლოებით, იგივე გზა აირჩია ფაშინიანმა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინისგან გაათავისუფლონ. სომხეთის პრემიერ-მინისტრს მაგალითად მოჰყავს კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მას შემდეგ, რაც ცნობილი როკ-ჯგუფ „ქოლდფლეის“ კონცერტზე, ცოლის ღალატში გამოიჭირეს, თანამდებობა დაატოვებინეს. ფაშინიანის განცხადებით, კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.

„სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, სასულიერი პირი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. კტრიჩ ნერსისიანმა, რომელმაც დაარღვია ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა, დღემდე არ დატოვა საპატრიარქო საკანი, რითაც შეურაცხჰყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი - დედა საკათედრო ტაძარი. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ლიბერალურ ევროპათან დაახლოებულ ფაშინიანსა და სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შორის დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, პიკს აღწევს. ფაშინიანმა ჯერ სომხური ეკლესიები „ნაგვით სავსე კარადებს“ შეადარა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კათოლიკოსმა - გარეგინ II-მ დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და სასულიერო პირს შვილი ჰყავს. ფაშინიანი ამ დრომდე ირწმუნება, რომ მას შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს. ამ პროცესში ჩაერთო ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი, რომელმაც გარეგინ II-ს ქვეყნის „მთავარი მაფიოზი“ უწოდა, ხოლო მის მხარდამჭერებს - სომხეთის „მთავარი პედოფილები“.

დასავლეთთან დაახლოებულმა ფაშინიანმა ღიად დაიწყო შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ. დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტიანი, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას, ასევე თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირებას. ეს არის სასულიერო პირი, რომელმაც ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, მრავალათასიანი მიტინგების სერია გამართა. მას შემდეგ, ის ოპოზიციური მოძრაობის სასულიერო პირებთან შერწყმის სიმბოლოდ იქცა. დასავლეთისგან მხარდაჭერილმა ფაშინიანმა კი სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ძალადობის პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. სომხეთში სასულიერო პირების გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდია. თუმცა, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობისა და ეკლესიის ურთიერთობები სერიოზულად გაცივდა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ მთავრობის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა დაიწყო, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მათ შორის, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში. კრიტიკა ეკლესიიდან მიუღებელი აღმოჩნდა ფაშინიანისთვის, რომელმაც საპატრიარქოს კათოლიკოსისგან გათავისუფლება დააანონსა.

ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, საქართველოსთვის არახალია. დაახლოებით, იმავე მეთოდით დაიწყო „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრიაქროსთან საუბარი, როდესაც მისი ბრძანებით, პოლიციამ და შინაგანმა ჯარებმა ე.წ. ზილით შეანგრიეს გლდანის ეკლესიის კარი და დააკავეს წინამძღოლი, ბასილ მკალავიშვილი, რამდენიმე სტიქაროსანი და მრევლი. თუმცა, ამაზე შორს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ვერ წავიდა, რადგან საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ მრევლის ნდობა იყო და არის განუზომელი. მოგვიანებით , სააკაშვილმა თქვა, რომ „გლდანის ფარდული“ ეკლესია არ იყო. იგივე გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში. პირველი, სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქარა. როგორ დასრულდება ფაშინიანსა და სომხურ ეკლესიას შორის დაწყებული ომი, რთული სათქმელია.

ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ სომხეთის ისტორია არ იცნობს ფაქტს, როდესაც ხელისუფლება ღიად უპირისპირდება ეკლესიას. მისი თქმით, ეს არის მიმართული სომეხი ერის იდენტობის, ტრადიციებისა და ისტორიის წინააღმდეგ. როგორც გვენეტაძე აცხადებს, ფაშინიანიც იმავე ძალების მიერ არის მართული, რომელი ძალებიც საქართველოში მართავდა სააკაშვილს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მარიონეტი, ერთი ხელის ორი თითით იმართება.

„სააკაშვილი კიდევ ჰყავთ, რაღაცის იმედად. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ ხდება ეს? - არის ასეთი გამონათქვამი, „ერს დაავიწყე საკუთარი რელიგია, კულტურა, ისტორია და ის დაასრულებს თავის არსებობას. რასაც გარედან უბრძანებენ, იმას შეასრულებსო“. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა განვიხილოთ გეპოლიტიკურ კონტექსტში - გამალებული ბრძოლა მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის დასაუფლებლად.

უნდათ, რომ სამხრეთ კავკასია ჩამოაცილონ რუსეთის სივრცეს. რუსეთის სივრცის გავლენისაგნ მისი ჩამოცილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად მიიჩნევენ სომხურ გრიგორიანულ ეკლესიაზე თავდასხმას და მიწასთან გასწორებას, როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო. შევადაროთ, რა თქვა ფაშინიანმა იმაზე მეტი, რაც ათქმევინეს ვინმე ეპისკოპოსად აღზევებულ პეტრე ცაავას? ხომ არაფერი განსხვავებული არ უთქვამს ფაშინიანს სხვა? ასევე, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მახათას მთაზე ასული გონებაარეული სააკაშვილი, რომელიც გაიშოტა პარტიარქის ტახტზე. როგორც ჩანდა, ის ნარკოტიკული ნივითიერებების ზემოქმედების ქვეშ, ან უგონოდ მთვრალი იყო. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შემთხვევით ხდებოდა? - არა!

ქართველმა საზოგადოებამ შეძლო ამის უმალ შეფასება და მე ვფიქრობ, რომ სომხებს იგივე ჩვენება დასჭირდებათ, რაც ქართულმა საზოგადოებამ, ბოლო ორი წლის მანძილზე, 17 მაისს აჩვენა დანარჩენ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიქნებით ჩვენი რელიგიის, ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის ერთგულები. გავწყდებით, მაგრამ უცხო ხალხს აქ არ ვაბატონებთ!

ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ ფაშინიანი ამას აკეთებს დამოუკიდებლად. არა, ბატონებო! ფაშინიანი მოიყვანეს სწორედ იმ ძალებმა, რომლებმაც მოიყვანეს სააკაშვილი და ზუსტად იგივეს აკეთებინებენ, რასაც სააკაშვილს აკეთებინებდნენ. უბრალოდ, ქართველმა ხალხმა სააკაშვილს უცხოელთა დაკვეთილი ბოროტი ნებების გატარება არ აცალა. ეს აქვთ სომხებს გასათვალისწინებელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ფაშიანიანმა იმდენი რამ ისე გადაიტანა, რომ ეკლესიასთან დაპირისპირება არ გახსენებია. ფაშინიანმა ეკლესიის თემა წამოჭრა სწორედ მაშინ, როდესაც დასავლეთისკენ გადადგა ნაბიჯები, დიდი ალბათობით, ეს დასავლური ხაზია.

„დასავლეთის გავლენის შედეგია ისევე, როგორც თქვენ მიერ ნახსენები ადრინდელი ინციდენტები საქართველოში. გარდა ამ კონკრეტული ინციდენტებისა, საერთოდ დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, კარგად ჩანს არა იმდენად ღია პოლიტიკურ პროცესებში, რამდენადაც უცხოელების მიერ დაფინანსებული ენჯეოების რიტორიკაში. როგორც წესი, მათი რიტორიკა არის მკაცრი და ასე იქნება სომხური ეკლესიის მიმართ.

რატომ არიან მკაცრნი უცხოეთის მიერ დაფინანსებული ენჯეოები? თვითონ ამ დაფინანსებულებს არც ჭკუა მოეკითხებათ და არც პატრონი, მაგრამ უცხოეთს აქვს ინტერესი, რომ კონკურენტი არ ჰყავდეს. ადამიანი ოჯახს რომ ჰქმნის, ხომ აქვს ინტერესი, რომ კონკურენტი არ ჰყავდეს? ანალოგიურად, მას უნდა ურთიერთობა ამა თუ იმ ქვეყანასთან ისე, რომ არ სჭირდება კონკურენტი. როგორც წესი, რძალი დედამთილს უპირისპირდება, ანუ ვიღაცას, რომელსაც შეიძლება, მეტი გავლენა ჰქონდეს მის ქმარზე. ანალოგიურად, თუ შემოდის უცხოეთი, მას არ უნდა, არსებობდეს ისეთი სტრუქტურა, რომელსაც მეტი გავლენა ექნება იმ ქვეყანაზე და მმართველებზე, ვიდრე თვითონ დასავლეთს. იყო ჩვენთანაც სირთულეები, მაგრამ ვერ აჯობეს საპატრიარქოს. გავიხენოთ, რომ ანალოგიური სირთულეები გაჩნდა უკრაინაში და საკმაოდ სერიოზულად დააზიანეს უკრაინის ეკლესია. ახლა იგივე ხდება ფაშინიანთან, ამიტომ ვარაუდობ, რომ ეს პროცესები ზოგადი კონცეფციების შედეგია, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ქართულ ეკლესიასაც ხშირად უპირისპირდებიან უცხოეთიდან დაფინანსებულები, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდა ინტელიგენციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩვენ ინტელიგენცია დავკარგეთ, რადგან:

„თავი გამოიდეს ზოგიერთებმა, რომ ეს საბჭოთა ტერმინია და არ გვინდაო. ამ რიტორიკით მოიშორეს ფიგურები, რომელთა სიტყვას უჯერებდა საზოგადოება.

როგორც კომუნისტებმა მოიშორეს უსასტიკესი მეთოდებით ისეთი ადამიანები, რომელთა აზრიც, შესაძლოა, ხალხისთვის დამაჯერებელი ყოფილიყო, თუმცა, სწორედ ეს ადამიანები შეიძლებოდა, დაპირისპირებოდნენ საბჭოთა რეჟიმს, სწორედ ამგვარი მეთოდებით ებრძოდნენ ინტელიგენციას და ეს მდგომარეობა გვაქვს დღესაც - ესენიც ინტელიგენციას ებრძვიან. ამ ულტრალიბერალებს სურთ, მსოფლიო დაიპყრონ ისე, რომ როცა კონკრეტულ ქვეყნებში შევლენ, ადგილზე ვინც დახვდებათ, ძალა არ უნდა ჰქონდეთ საიმისო, რომ მათ წინააღმდეგობას ხალხი გაჰყვეს. ამიტომ უპირისპირდებიან ეკლესიას და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ინტელიგენციას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

დოი ფაშინიანი სომეხი ხალხის წინააღმდეგ წავიდა და დასავლეთის მარწუხებშივგაჰყო თავი...აძრდგომა და ხვალეო....
7 საათის უკან
Gami ეს არის იდიოტური სტატია, ყველაფერი ერთმანეთშია არეული.ვინ გვეკითხება ჩვენ სომხეთში რა ხდება? მითუმეტეს ასეთ მგრძნობიარე საკითხი შეფასებას. ამ შეფასებას აკეთებენ ქარჩავა და გვენეტაძე; იარლიყებიც ჩამოარიგეს.ქარჩავას აზრით -- ფაშინიანს უკანსასკნელ სომხამდე უნდა ებრძოლა მითიური ყარაბახის დასაბრუნებლად, არ უნდა მშვიდობაზე ლაპარაკი ბაქოსთან და ანკარასთან, ომი უნდა გაეჩაღებინა სამხრეთ კავკასიაში. ყველაზე დიდი სისულელე: ქართული და სომხური ეკლესია ერთმანეთს შეადარა და მკალავიშვილის ეპიზოდი გაიხსენა! საერთოდ იცის რომ ბასილ მკალავიშვილი ქართული ეკლესიიდან მოკვეთილი იყო?! ამ ისტორიკოსმა გვენეტაძემ ისეთი სისულელები დაახვავა, რომ რა ვთქვა არ ვიცი... ფაშინიანი რომ კათალიკოსს ებრძვის, ეს ჯერ კიდე არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის მარიონეტია და სააკაშვილს შეადარო. არავისთვის უცნობი არაა რამხელა გავლენა აქვს რუსეთს სომხურ ეკლესიაზე. გუშინდელი ჩვენი მეგობარი და მეზობელი ფაშინიანი მარიონეტად არ უნდა გამოვაცხადოთ! თუ ამ სტატიაში გამოთქმული ჰაზრები ამ ორი ადამიანის სისულელეა, ამას კიდევ ეშველება.. მაგრამ თუ ეს ზემოდან შეკვეთაა / გვენეტაძე მესიჯ-ბოქსებით ლაპარაკობს ხშირად/ მაშინ ცუდ და სახემწიფოებრივად მავნე ტენდეციათან გვაქვს საქმე! ჩვენ საქმეს მივხედოთ. P.S. საყვარელიძემ დელიკატურად აარიდა პირდაპირ პაუხს თავი...
7 საათის უკან
Gami სომხებს სჩვევიათ "умны ნაბიჯების"გადადაგმა, რომლებიც ცუდათ უტრიალდებათ. ვნახოთ სადამდე მივა მათი ფლირტი ევროკავშირთან.. რა რეაქცია ექნება რუსეთს, თურქეთს, ბაქოს. კიდევ ფეხი არ წაიტეხოს..
7 საათის უკან
Gami ეს სტატია პროვოკაციაა -- დღეს თბილისში ვიზიტით იმყოფება სომხეთის შს მინისტრი, რომელსაც პრემიერი შეხვდა. ყოჩაღ For.ge!
7 საათის უკან
KAB დიახ, ურთულეს პერიოდი უდგას სომხეთს, ურთულესი პერიოდი გვაქვს ჩვენც და კავკასიას, ზოგადად. ასეთ ვითარებაში გარკვეული მოვლენების კომენტირებისგან ან თავი უნდა შეიკავო ან გაცილებით ფრთხილად უნდა გამოხატო პოზიცია.იარლიყების მიწებება არ ღირს, სად დაგხვდება ნათქვამი დღევანდელ მოვლენათა ორომტრიალში არ ვიცით.
7 საათის უკან