კობახიძის წერილი ტრამპს - საიდუმლო ნაბიჯი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადასატვირთად?!

კობახიძის წერილი ტრამპს - საიდუმლო ნაბიჯი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადასატვირთად?!

კვლავ აქტუალურია კითხვა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების „გადატვირთვის“ რა პერსპექტივები არსებობს და რა ფაქტორებზე იქნება ეს დამოკიდებული?  ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი მოთხოვნაა, „სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან“, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს დამოკიდებულია ამერიკული მხარის „შემხვედრ ნაბიჯებზე“.

მეორე მხარეს, ამერიკაში არსებობენ სენატორები და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც მოუწოდებენ „MEGOBARI აქტის“ დაუყოვნებლივ მიღებას, რაც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერასთან ერთად, „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ზეწოლის ბერკეტების ამუშავებასაც ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ახალი ელჩის დანიშვნა შეიძლება პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდეს. კობახიძე აკრიტიკებს წინა ელჩების, კერძოდ, კელი დეგნანისა და რობინ დანიგანის საქმიანობას და მიიჩნევს, რომ მათ „სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში“.

მისი თქმით, რობინ დანიგანი არის „არა გადამდგარი, არამედ, რეალურად გადაყენებული ელჩი“ და მისი განცხადებები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ, სავარაუდოდ „მუქარის შემცველ“ წერილთან დაკავშირებით, არასერიოზულია. კობახიძე ასევე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა „სანქციებისა და შანტაჟის პირობებში“, რადგან ეს „არასწორი იქნებოდა“.

„ჩვენ საჯარო განცხადება გაკეთებული გვაქვს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად, საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, სამართლიანი მიდგომა, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მაქსიმუმზე გაკეთებული განაცხადი. მაქსიმუმი რა არის? - რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც არის დაკავშირებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. მთავარია, შედგეს კომუნიკაცია. ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. როგორც კი დავინახავთ აქტიური კომუნიკაციის ინტერესს, ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს განხილული და უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა არა ქაღალდზე, როგორც იყო წარსულში, არამედ რეალური დოკუმენტით, რეალური გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ძალიან ცხადი შეთავაზება. ერთადერთი, რასაც შეიძლება, ასეთ პირობებში დაველოდოთ, ეს არის შემხვედრი ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკაში კი, საქართველოს ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრემერი ერთობლივ სტატიაში მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, დანიშნოს ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც „მტკიცედ ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ“. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, მისი მთავრობა „აშკარად მოსკოვისკენ იხრება“.

ამ მოცემულობაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „MEGOBARI აქტი“, რომელიც ამერიკის სენატის მხარდაჭერას ელოდება. „ლელოს“ ლიდერები - სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია, აქტიურად მართავენ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

მათი განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ არის „ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა“, რომელიც ქართველ ხალხს „ახალ შესაძლებლობებს უხსნის აშშ-ის მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერისთვის“, მათ შორის, უსაფრთხოების განმტკიცებასა და სავაჭრო ურთიერთობებში.

„საბოლოო ფაზაში შედის „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინციტივა, რომელიც ქართველი ხალხისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, აშშ-ის მხრიდან, უზარმაზარი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, ასევე მხარდაჭერას უსაფრთხოების განმტკიცებაში, სავაჭრო ურთიერთობებში და სხვა და სხვა, ამასთან ერთად, ეს აქტი, ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, ითვალისწინებს ზეწოლის ახალი ბერკეტების ამუშავებას და ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი „მეგობარი აქტი“, რაც შეიძლება, სწრაფად იქნას მიღებული. გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, როდესაც რუსეთი ცდილობს, წაართვას ქართველ ხალხს დემოკრატიული მომავალი, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ აშშ-ის მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოსაპოვებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ჩანს, მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, „MEGOBARI აქტის“ ბედსა და ორივე მხარის მზადყოფნაზე, იპოვონ საერთო ენა. რამდენად შეძლებს საქართველო ამ დაძაბულობის დაძლევას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას? 

ამ კითხვაზე, „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-თან აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად არის და ეს პრემიერმა კობახიძემ არაერთხელ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით, ელჩის დანიშვნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ელჩებს შეუძლიათ, როგორც სიტუაციის გაფუჭება, ასევე გამოსწორებაც, როგორც ეს კელი დეგნანმა და რობინ დანიგანმა გააკეთეს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ელჩები საკუთარი ქვეყნებისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დამოუკიდებლად უწევენ „პრომოუშენს“ თავიანთ ქვეყნებში, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ლიდერებს. რაც შეეხება ომის დაწყების თემას, ზეწოლას, სანქციებს, ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა სახელმწიფოდან და ხელისუფლების პირველი პირებისგან. ბუნებრივია, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, რადგან პრემიერმა არ ისურვა მათი გამხელა. თუმცა, კელი დეგნანის ქმედებებზე ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს. პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ომის დაწყებას გვაძალებდნენ. ოფიციალურად ითხოვდნენ საქართველოსგან ომის დაწყებას და პრემიერმა ბაიდენის ადმინისტრაციაც ახსენა. ეჭვები, შესაძლოა, ბევრზე გაჩნდეს, თუმცა პრემიერმა თქვა ერთი რამ, რომ არ ასახელებს ამ ადამიანების ვინაობას, რადგან საერთაშორისო ურთიერთობებს უფრთხილდება“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, თუკი პრემიერის მიერ ტრამპისადმი მიწერილ პირად წერილში ეწერა სიტყვები, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და მის დამოუკიდებლობას უნდა აფასებდეს და პატივს სცემდეს, ეს არც შანტაჟია და არც მუქარა.

„ოფიციალურად რომ დასახელდეს იმ პიროვნების ვინაობა, რომელიც  ზეწოლას ახდენდა საქართველოს ხელისუფლებაზე, აქ მარტო საქართველო-ამერიკის თემა კი არ იხსნება, აქ უკვე სხვა ქვეყნების მიმართებაც იხსნება. შესაბამისად, გაჩნდება კითხვები - საქართველო სჭირდებოდათ შავ ზღვაზე გასასვლელად, რათა რუსეთისთვის შეეტიათ, თუ პლაცდარმად, ირანის წინააღმდეგ? აქ არის ირანის თემა, შორეული აღმოსავლეთის პრობლემა, სამხრეთ კავკასიის დამორჩილებისა და დაპყრობის საკითხი.

სამხრეთ კავკასია დღეს არის ახალი მსოფლიო პოლიტიკის ჭიპლარი, საიდანაც იმართება, როგორც შორეული აღმოსავლეთი, ასევე სამხრეთული სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, სამხრეთ კავკასია დღეს არის ამერიკის ინტერესის სფერო, რომელიც მას ამ რეგიონების გასაკონტროლებლად სჭირდება. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე კი, ეს ჩვენი ქვეყნის გარეშე, ვერ მოხდება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ ეს ვერ იქნება საქართველოს ხელისუფლებუს თავზე ჩამოკიდებული „დამოკლეს მახვილი“ და ვერც შანტაჟის ბერკეტი. მისი აზრით, თუ ამ აქტს მიიღებენ, ეს ისევ და ისევ სანქციების ბერკეტი იქნება, რაც ისედაც აქვს საქართველოს დაწესებული. შესაბამისად, ამ აქტით მანიპულირება არავის გამოუვა, არც ჩვენს ოპოზიციას და არც ამერიკაში, „დიფ სთეითის“ წევრ სენატორებს.