ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქით“ გვატყობინებს, რომ შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს. ევროკავშირისგან შანტაჟი და მუქარა გრძელდება. მთავრობის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე მზად არის, დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში დისკუსიისთვის, მაგრამ ევროკავშირისგან პასუხის ნაცვლად, შანტაჟს ვიღებთ.
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეებსა და ზეწოლაზე, რომლის ქვეშ, სახელმწიფოს უწევს არსებობა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნა, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებსა და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს.
ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გლობალური ომის პარტიის მითითებებისა და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემებს მოუტანდა, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა, ხოლო შემდეგ, დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება - ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის, მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა.
სწორედ ხელისუფლების ცვლილებასა და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მართალია, ანალიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ლიბერალური დასავლეთი ღია შეტევაზე გადავიდა. მიზნის მისაღწევად კი თვითმმართველობის არჩევნები აქვთ დასახული, როდესაც მათი დესტრუქცული გეგმის მიხედვით, ქუჩიდან უნდა შეიცვლოს ხელისუფლება. ამ რადიკალური ძალების პარალელურად ემზადება ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობას მისცა პირობა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ის შემთხვეაა, როდესაც ხელისუფლებას მოსახლეობის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ბიუროკრატიისთვის აუცილებელია, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, ეს არჩევნებით რომ არ გამოსდით, რადიკალიზაციას ცდილობენ.
„ხალხის შანტაჟი მიმდინარეობს, რადგან ისინი ისეთ ხელისუფლებას არ ირჩევენ, რომელიც სხვის დაკრულზე იცეკვებს. ასეთი ხელისუფლება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აგენტურა შეიძლება იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ქართველი ხალხის დავალებას ასრულებს, ეს მათთვის პრობლებაა. ომის საფრთხე არსად წასულა, ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში.
შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაც ხდება და ისეთი განცხადებები კეთდება, რაც არათუ ხელს არ უწყობს მშვიდობას უკრაინაში, არამედ ომის წამახალისებელიც კი არის. ასეთ მოცემულობაში, ქართველ ხალხზე ზეწოლაა, რომ ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მიღებული დავალების შესრულებას შეძლებს და ქვეყანას ომის უფსკრულში გადაჩეხავს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენელი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპს „ომის პარტიის“ წევრად აცხადებს, რაც, მისი თქმით, „ქოცკომედიის“ დასრულებას ნიშნავს.
„როდესაც რეჟიმი ღიად აცხადებს, რომ ნატო-ს გაძლიერება პრობლემაა, უკრაინის შეიარაღება საშიშია, რუსეთის დასუსტება მიუღებელია, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - რეჟიმი აღარ მიიჩნევს თავს დასავლური სამყაროს ნაწილად. ეს აღარ არის პოლიტიკური თამაში, ეს არის პირდაპირი არჩევანი, იდგნენ მტრის მხარეს. „ქართული ოცნება“ დღეს ერთად ებრძვის დასავლეთს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ასევე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას არ აქვს არანაირი გამამართლებელი არგუმენტი“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
რა თქმა უნდა, რადიკალები მცდელობას არ აკლებენ იმას, რომ აგვისტოში მიღებულ იქნას მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა არ თვლიან, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის დღეს მოქმედი ოპოზიცია მიუღებელია. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მორიგი „მხილების სეანსი“ ვიხილეთ, სადაც კოლექტიური „ლეგიონის“ დელეგატად, ამჯერად, „ჟჟჟურნალისტი“ რუსუდან დუმბაძე წარსდგა, თავისი ეგზისტენციური ფობიებით.
„მისი დისკუსია პრემიერთან, უსუსურობას, ალოგიკურობასა და სრულ სიგიჟეს რომ დავანებოთ თავი, კარგ მაგალითს წარმოადგენდა იმის, თუ რომელ ხავსს ეჭიდებიან დღეს, „აკაცუკები“ და მათი საერთაშორისო „კუკლავოდები“, მათგან უფლისკენ შორს მიმავალ საქართველოში. ჩვენ თვალწინ, უკრაინის სრული განადგურების ხარჯზე, რუსეთის „დამარცხების“ მეორე ინსპირირებული კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც აშშ-ს ძირითად ასპარეზს ევრობიუროკრატიას უთმობს, მისი ირიბი და პასიური მხარდაჭერის ხარჯზე.
ასე რომ, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შარშანდელი „ესტაფეტას ჯოხი“ ვაშინგტონიდან, წელს, ბრიუსელმა გადაიბარა. ამდენად, უკვე ის და არა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, გაშმაგებული იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოში მშვიდობის დამარცხების გზით.
როგორი განიარაღებული უნდა იყო, როდესაც საქართველოს დამარცხების მორიგ ტაქტიკას და ფსონს ამ ალოგიკურ „არგუმენტებზე“ ამყარებ, რომლის მიღმა საქართველოს 3500-წლოვანი ისტორიისა და ამ ერის მენტალობის სრული უცოდინრობაა! დღეს, რუსუდან დუმბაძის პირით (გადავეკიდე ამ საწყალ გოგოს) გაცოცხლებული ჯელალ-ედ-დინი ემუდარებოდა პრემიერს და მოგვმართავდა ჩვენც - როგორ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ, ღვთისმშობლის ხატზე დაბიჯება და „სიკვდილი სახელოვანი “, „ნაძრახ სიცოცხლესთან “. არადა, დღეს, ბრიფინგზე, სწორედ რომ სიცოცხლეს უწევდა ოპონირებას აგონია. ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრების“ სრული აგონია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, პრემიერმა კიდევ ერთხელ უთხრა საღად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას, რომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, ვინაიდან ომის საფრთხე არსად გამქრალა. ის ჩვენს ზურგს უკანაა და ბოროტმა ძალებმა წუთებში შეიძლება, მასში გაახვიონ საქართველო.
„ამის დასტურია „დიფ სტეიტის“ მიერ, ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ სრული დატვირთვით ამუშავება, რაშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოს ბრიუსელისგან ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ შანტაჟმა. ამისთვის კი წამოყენებულია ქვეყნის დამამცირებელი ულტიმატუმები: პირველი - მათივე აგენტების საქართველოში დაუსჯელად მოქმედებები; მეორე - ლგბტ აღვირახსნილი პროპაგანდა სკოლაში და სკოლამდელ დაწესებულებებში.
თუ ამ მოთხოვნებზე დათანხმდება ხელისუფლება და ხალხი, მაშინ არ გვიწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ე. ი. გამოდის, რომ ქვეყნის მუდმივი რყევების, ომში ჩაბმისა და ღირსების დათმობის ხარჯზე არ წაგვართმევენ სამადლობლად გადმოგდებულ „ფოჩიან კამფეტს“. ამიტომ, ისმის კითხვა - ნეტავ, „ევროპებში“ მუშაობის, მოგზაურობისა და დასვენების ხარჯზე, ვის უღირს გიგაურების, ლომჯარიების, ბოკუჩავების, გუბაზების... გამდიდრება, გნებავთ, უცხოეთში უზრუნველად ცხოვრების სანაცვლოდ, საკუთარი შვილების, მომავლის, ძალად თავს მოხვეულ ომშები ჩახოცვა და საქართველოს საბოლოოდ განადგურება“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.