დარიშხანით მოკლული ადმირალის საქმის ახალი დეტალები

დარიშხანით მოკლული ადმირალის საქმის ახალი დეტალები

საზღვაო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი საიდუმლო რუკების დაწვით იმუქრება!

 

ეს ტრაგიკული ამბავინაციონალებისმმართველობის დროს მომხდარი სხვა კრიმინალისგან რადიკალურად განსხვავდება და აი, რატომ: ჯერ ერთი, საუბარია საზღვაო ძალების მთავარსარდლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე. მეორეც, 2004 წლის 13 აგვისტოდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ადმირალ ზურაბ ირემაძის ოჯახის გარშემო უცნაური მოვლენები ხდებოდა: ოჯახიდან ნივთები იკარგებოდა, უცნობები ადმირალის ქვრივს ურეკავდნენ და ატყუებდნენ, რომ მისმა ვაჟმა ადამიანი მოკლა. ბოლოს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ სპეცსამსახურებმა ირემაძის ქალიშვილს, თამთას, რომელიც 19 წლის ასაკში დაქვრივდა, “პაკლონიკიმიუგზავნეს... თამთა ამბობს, რომსაქმრომალევე გაშიფრა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც მისი ტყვე იყო, რადგან დედის, შვილისა და ძმის ლიკვიდაციით ემუქრებოდა... სხვათა შორის, ადმირალ ირემაძის მკვლელობაზე, “ნაციონალურირეჟიმის დროს, მაინცდამაინც არც მედია აქტიურობდა... ხელისუფლებაშიოცნებისმოსვლის შემდეგ, რაღაცები შეიცვალა - სხვა თუ არაფერი, თავდაცვის სამინისტრომ იმ ორ იარაღს მიაგნო, რომელიც მკვლელობიდან მესამე დღეს, ადმირალის კაბინეტიდან გაქრა... კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: საზღვაო ჯარების მთავარსარდლის გარდაცვალებიდან 21- დღეს, მისი სიძე, ანუ თამთა ირემაძის 21 წლის ქმარი ავტოკატასტროფით გარდაიცვალა. სიკვდილის წინა დღეს, გემთბილისისკაპიტანმა თამთას უთხრა, მალე აღარ ვიქნებიო... მოკლედ, საკმარისზე მეტი ფაქტი არსებობს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიძე-სიმამრი მოკლეს. ვინ და რატომ მოიცილა ადმირალი? - “ქართულ სიტყვასთანექსკლუზიურ ინტერვიუში თამთა ირემაძე, ტყვია-წამლის უკანონო შეძენის პარალელურად, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას აკეთებს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს:

- 2004 წლის 13 აგვისტოს შინ მეგობართან ერთად ვიყავი. ჩემი მეუღლეც სამხედრო გახლდათ და, მამაჩემთან ერთად, ბათუმში, “ბლექსი თორის” სწავლებაში მონაწილეობდა. წესით, ჩემთან მამაჩემის მდივანი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი ოჯახის წევრი დარჩა...

- ვინმეს დარჩენის აუცილებლობა დღის წესრიგში რატომ დადგა?

- იმიტომ, რომ რამდენჯერმე ჩვენს დაყაჩაღებას შეეცადნენ და არ მინდოდა, შინ მარტო ვყოფილიყავი... ღამის პირველი საათი იქნებოდა, რაღაც ხმაური შემომესმა. შემეშინდა და გარეთ ვერ გავიხედე. ამ დროს, მამაჩემი უკვე ფოთში ყოფილა, მაგრამ არ ვიცოდი... მოკლედ, დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე, შტაბში დარეკე, რაღაც ხდება და იქნებ, ვინმე მოვიდეს და მომეხმაროს-მეთქი... არ გავიდა ნახევარი საათი და სროლის ხმა გავიგე...

- ვინ ისროდა?

- მამაჩემი... ბათუმიდან დაბრუნებულ მამაჩემს დედაჩემისთვის უთქვამს, თავს კარგად ვერ ვგრძნობ, წამოვწვები და ტელევიზორს ვუყურებო... მამაჩემმა ოთახების დათვალიერება დაიწყო. დავამშვიდე, არავინაა-მეთქი. მერე, გარეთ გავიდა, ერთხელ კიდევ გაისროლა და მითხრა, ყველაფერს მივხვდი, შენ დაწყნარდი და ამათი დედაც, მე მივხედავო.

- ვისამათო”?

- არ ვიცი, მეტი არაფერი უთქვამს... მერე, სკამზე ჩამოჯდა და მითხრა, მამა, მგონი, გული მაქვს ცუდად თუ არ ვიცი, რა მჭირსო და... სკამიდან გადავარდა. სწორედ ამ დროს, ელექტროენერგია გაითიშა და ორივე ქსელი - “მაგთი” და “ჯეოსელი” გაითიშა.

- თამთა, ხმაური რომ შემოგესმათ, დასახმარებლად დედასთან რატომ დარეკეთ და არა - პოლიციაში?

- ფოთში ზურა ირემაძეს ყველა იცნობდა და ყველამ იცოდა, რომ მისი შვილი დასახმარებლად პოლიციაში არ დარეკავდა, თან მაშინ პოლიცია ასე განვითარებული არ იყო. გარდა ამისა, მამაჩემიც ძალოვანი იყო და დასახმარებლად მაინც ძალოვანები მოვიდოდნენ!.. მოკლედ, მეზობლის ე.წ. ქალაქის ტელეფონიდან სასწრაფოში დავრეკე და, მახსოვს, ვყვიროდი, მამა მიკვდება და დროზე მოდით-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, საწვავი არ გვაქვს და ვერ მოვალთო... ამასობაში, 10-15 წუთი გავიდა, მობილური კავშირი აღდგა და იმ გოგონას მამას დავურეკე, რომელიც ჩემთან იმყოფებოდა... მამა ჰოსპიტალში წავიყვანეთ, მაგრამ... ცოცხალი აღარ იყო... სხვათა შორის, მამაჩემი სახლში რომ შემოვიდა, გამიკვირდა - გასიებული იყო, მაისური შემოხეული ჰქონდა, მუხლებზე შარვალი - გადახეხილი და სახეზე მწვანე ფერი ედო. თვალები კი შუშისას მიუგავდა.

- ეგებ, ნასვამი იყო?

- არა, გამორიცხულია...

- ჰოსპიტალში რომ გითხრეს, გარდაცვლილიაო, ექსპერტიზის ჩატარება არ მოითხოვეთ?

- არა... შოკში ვიყავით, რადგან კაცი, რომელიც ნახევარ საქართველოს აზანზარებდა, უცებ გარდაიცვალა...

- თამთა, ამბობთ, რომ მამის მოულოდნელ გარდაცვალებამდე, სამჯერ იყო თქვენი ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა. ამან გარკვეული ეჭვი არ გაგიჩინათ?

- არა... ვთქვათ, ერთხელ, აივნიდან ბავშვის “კალიასკა” წაიღეს და ჩავთვალეთ, რომ ეს უბრალო ძარცვა იყო... ვიდრე მამას დავასაფლავებდით, ჰოსპიტალიდან ექიმები მოდიოდნენ და რაღაც წამლებს გვასმევდნენ.

- რა წამლებს და რატომ გასმევდნენ?

- გვეუბნებოდნენ, ამხელა დარტყმას ვერ გაუძლებთ, გული სულ ცუდად გიხდებათ და წამლები დაგამშვიდებთო. ამიტომ, დედაჩემი სულ გათიშული იყო და მამაჩემის დაკრძალვის ამბები, პრაქტიკულად, არ ახსოვს. ჩემს ძმას კი, რომელიც მაშინ მეექვსე კლასში სწავლობდა, ორი დღე ეძინა.

- ამ წამალს აბის სახით გაძლევდნენ?

- არა, წვეთები იყო და ყავაში გვისხამდნენ. მამაჩემის გარდაცვალებიდან 21-ე დღეს, ჩემი მეუღლეც დაიღუპა.

- ავადმყოფობდა?

- არა, აბსოლუტურად ჯანმრთელი, 21 წლის ბიჭი იყო, რომელმაც გარდაცვალების წინა დღეს მითხრა, თათო, მარტო დავრჩით, უფრო სწორად, მარტო თქვენ დარჩითო. გამიკვირდა, ამას რატომ ამბობ, როცა ამდენნი ვართ, ვიქტორაც გვყავს-მეთქი.

- ვიქტორა ვინაა?

- ჭელიძე, რომელიც მამაჩემის მოადგილე იყო... იმ საღამოს დათუნამ რამდენჯერმე გაიმეორა, თათო, მეც მალე აღარ ვიქნებიო... ჩავეძიე, რა ხდება-მეთქი. მომიგო, არ არის საჭირო, ყველაფერი იცოდე, რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესი იქნებაო... მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, რადგან დედაჩემი მარტო იყო, მასთან ვრჩებოდი ხოლმე, დათუნა კი, - ჩვენს სახლში... გამთენიისას გამაღვიძეს და მითხრეს, დათუნა ავტოავარიაში მოჰყვაო. ეზოში რომ ჩავედი, პირველი, ვინც დავინახე, მამაჩემის თანამშრომელი, ალიკა ოგანესიანი იყო. საერთოდ, ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა და ალიკას პირდაპირ ვკითხე, დათუნა მოკვდა-მეთქი?.. დათუნა დედაჩემის სახლში მოასვენეს. გამიკვირდა, აქ რა უნდა, როცა ჩვენი სახლი გვაქვს-მეთქი. მაშინ ჩემი შვილი წლისა და ხუთი თვის იყო და, მახსოვს, დედას ჩავჩურჩულე, თათიას, ანუ იმ გოგოს, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების ღამეს ჩემთან იმყოფებოდა, დაუძახეთ, რომ ბავშვს მიხედოს-მეთქი. დედაჩემმა მომიგო, შვილო, მგონი, თავი მოგვჭრეს, ავტოკატასტროფაში თათია და დათუნა ერთად მოჰყვნენო. ჩემი მეუღლე ის ტიპაჟი არ იყო, ჩემს მეგობართან, ოჯახის ახლობელსა და ნათელ-მირონთან ასეთი რაღაც გაეკეთებინა...

- ავტოკატასტროფის შედეგად ეს გოგონაც დაშავდა?

- არა, აბსოლუტურად არაფერი მოუვიდა, ჩემი ქმარი კი მთლიანად დალეწილი იყო. არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა, მაგრამ ვიქტორ ჭელიძის თანხლებით, ამ გოგოსთან მივედი და ვკითხე, გამაგებინე, დილის 6 საათზე, ჩემს ქმართან ერთად რა გინდოდა-მეთქი.

- რა გიპასუხათ?

- ორმეტრიანი ქმარი ხომ გასწორებული გიწევს და თუ ენას არ გააჩერებ, ვიდრე დამარხავ, მის გვერდით შენც მიგაწვენო.

- ავარია სად მოხდა?

- ფოთიდან ბათუმში მიდიოდნენ და გრიგოლეთთან... ამის შემდეგ, თათიას ქმარმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, დამირეკა და დამემუქრა, ჩემს ცოლს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, პასუხს თქვენ მოგთხოვთ. ჩემი ცოლი ისეთი ტიპის ქალია, მეც რომ სახლში ვყოფილიყავი, შეეძლო, გამთენიისას, 6 საათზე სახლიდან გასულიყოო. მივუგე, ვერ შემაშინებ-მეთქი.

- საჭესთან ვინ იჯდა?

- ჩემი მეუღლე...

- მომხდარზე საქმე არ აღიძრა?

- არა... სხვათა შორის, მანქანას ისეთი დაზიანებები არ ჰქონდა, რომ იქ მჯდომი ადამიანი გარდაცვლილიყო.

- ანუ, ეჭვობთ, რომ თქვენი მეუღლეც მოკლეს?

- დიახ...

- ვთქვათ, ადმირალი მოკლეს, მაგრამ თქვენს მეუღლეს რაღას ერჩოდნენ?

- დათუნა მამაჩემის ნდობით აღჭურვილი პირი იყო...

- ზურაბ ირემაძემ ისეთი რა იცოდა, რომ მისი მოკვლა გახდა საჭირო?

- ეს ჩვენ არ ვიცით. საერთოდ, სამხედროები ოჯახში არაფერს ჰყვებიან ხოლმე...

- ისე, რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ადმირალი მოკლეს?

- გეტყვით... მამაჩემისა და ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დედაჩემთან მძარცველები შეიჭრნენ, რომლებიც ძვირფასეულობასთან ერთად, იარაღს და რაღაც დოკუმენტებს ითხოვდნენ. დედას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ყველაზე საეჭვო კი ის იყო, რომ ყაჩაღები სწორედ იმ კომოდთან მივიდნენ, სადაც მამა საბუთებსა და იარაღს ინახავდა, თუმცა არაფერი დახვდათ. სხვათა შორის, გარდაცვალებიდან მესამე დღეს, მამაჩემის კაბინეტიდან ყველაფერი წაიღეს და უმნიშვნელო რაღაცები დატოვეს.

- საქმე არც ამ დაყაჩაღების გამო აღიძრა?

- არა, დედაჩემმა, რომელსაც შეეშინდა, ფოთი სასწრაფოდ დატოვა, საჩივარი კი, ერთ-ერთ პიროვნებას გაატანა, თუმცა მერე გავიგეთ, რომ მას განცხადება პოლიციაში არ შეუტანია...

მოკლედ, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. დედაჩემი სიმსივნითაა დაავადებული, პერიოდულად ტელეფონზე უცნობები ურეკავდნენ და, ვთქვათ, ასეთ რამეს ეუბნებოდნენ, შენ დედა ხარ, შენმა შვილმა ადამიანი მოკლაო. პარალელურად, კარზე აკაკუნებდნენ და გვაფრთხილებდნენ, ჩუმად იყავითო...

- თქვენ, როგორც ვიცი, ისეც ჩუმად იყავით - ჟურნალისტებსაც არ ეკონტაქტებოდით და მეტი სიჩუმე რაღა უნდა ყოფილიყო?

- არ ვიცი... ალბათ, გვაშინებდნენ, თან რაღაც დოკუმენტებს გვთხოვდნენ...

სამი წლის წინ, პიროვნება გავიცანი, რომელიც ოჯახს დაუახლოვდა და ჩემს საქმროდ ითვლებოდა.

- როგორ გაიცანით?

- ეს გაცნობაც, როგორც მერე მივხვდი, დადგმული იყო: ამ პიროვნებამ თითქოს ჩემი ტელეფონის ნომერი შემთხვევით გაიგო, დამირეკა და... მერე, როგორც ხდება ხოლმე... ამ პიროვნების გამოჩენის შემდეგ, სახლიდან ნივთების დაკარგვა დაიწყო, ანუ როცა სახლში არავინ იყო, ვიღაც კარს ხსნიდა და, ძვირფასეულობასთან ერთად, მამას დოკუმენტები მიჰქონდა.

- თამთა, წეღან მითხარით, რომ მამას დოკუმენტები არ გქონდათ. ახლა კი, ამბობთ, დოკუმენტები იკარგებოდაო...

- იცით, ეს როგორი დოკუმენტები იყო? - უმნიშვნელო. ისე, ამ დოკუმენტებს უმნიშვნელოდ შეიძლება, ჩვენ ვთვლიდით, თორემ მათთვის მნიშვნელოვანი იყო... სხვათა შორის, ჩემმა ე.წ. საქმრომ რამდენმჯერმე მოკვლა დამიპირა, თან რაღაც დოკუმენტებს მთხოვდა. მერე მითხრა, თუ ჩემს გვერდით არ იქნები, მაშინ შენებს დავხოცავო. მოკლედ, იმ ადამიანის მძევალი ვიყავი, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა ვერ ვამბობდი, რადგან ძმისა და დედის მოკვლით მემუქრებოდა. პირად საუბარში კი ვეუბნებოდი ხოლმე, გაგშიფრავ და დავადგენ, რომ შემოგდებული ხარ-მეთქი. სხვათა შორის, ბოლოს, დედაჩემი ყველაფერს მიხვდა და ამ პიროვნებას უთხრა, ვიცი, რომ აგენტი ხარო... ამასობაში, მამაჩემის ის კალამი დაიკარგა, რომლითაც წერდა, ასევე, სხვა ნივთები და მამაჩემის ჩააწერები, არადა, შინ უფრო ძვირადღირებული კალმებიც გვქონდა. ამის შემდეგ, პოლიციაში განცხადება შევიტანე, მაგრამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა, გიორგი ხუციშვილმა, მთელი წლის განმავლობაში, არაფერი გააკეთა. გამომძიებელს რამე რომ ემოქმედა, ბოლო ერთი წელი მაინც კოშმარში აღარ ვიცხოვრებდი!

ჩვენი ოჯახიდან გამქრალ ნივთებს ანტიკვარიატების მაღაზიებში ვეძებდი, რადგან ვიცოდი, რომ სადმე გამოჩნდებოდა და კვალს მშრალ ხიდზე მივაგენი. გამყიდველს ვკითხე, თუ ვინ მიუტანა ძვირფასეულობა და ჩემი ე.წ. საქმროს გვარ-სახელი მითხრა. მაშინვე გამომძიებელ გიორგი ხუციშვილთან დავრეკე და ვუთხარი, ყველაფერი დავადასტურე-მეთქი. საქმის გამოძიება თითქოს განახლდა. პარალელურად, “საქმრო”, ორი კვირის განმავლობაში, მესიჯებს მიგზავნიდა, რომლებიც შენახული მაქვს და მემუქრებოდა, სხვა თუ არაფერი, დედაშენს მაინც მოვკლავო.

- ამ მუქარის შესახებ გამომძიებელი საქმის კურსში არ ჩააყენეთ?

- რა თქმა უნდა, თან ვთხოვდი, რომ დაეკავებინათ... ერთხელაც, გამომძიებელმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შევხვდი და მითხრა, დღეს შენი “საქმრო” უნდა ჩაგვბარებოდა, მაგრამ საძინებელში გარდაცვლილი იპოვესო...

- გამოდის, რომსაქმროცმოკლეს?

- არ ვიცი... სხვათა შორის, ნივთებზე, რომლებიც მშრალ ხიდზე ვიპოვე, უცხო ანაბეჭდია აღმოჩენილი. გამომძიებელს საქმის დახურვის საშუალებას არ ვაძლევ, რადგან ფაქტია, რომ “საქმროსთან” ერთად, სხვაც მოქმედებდა. ერთი კვირის წინ, გამომძიებელ გიორგი ხუციშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა. მიპასუხა, პოლიციაში დღეს, საღამოს, გვიან მოდიო. მაინტერესებს, შს სამინისტროს თანამშრომლები ყველა დაზარალებულს განყოფილებაში ღამის 10-11 საათზე იბარებენ? იქნებ, გამაგებინონ, გამომძიებელმა ხუციშვილმა “საქმრო” თავის დროზე რატომ არ დააკავა? ვთქვათ, ჩემს ძმას რამე რომ დაეშავებინა, ან მასზე ეჭვი ყოფილიყო, არ დაიჭერდნენ?

- “საქმროროდის გარდაიცვალა?

- ერთი წლის წინ...

- მისი ოჯახი რას ამბობს?

- არ დამკონტაქტებია...

- გასვენებაში იყავით?

- არა...

- გიყვარდათ?

- როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც გკლავს, შეიძლება, გიყვარდეს? ვიცოდი, რომ მტერი ახლოს მყავდა და ვაკონტროლებდი!

- თამთა, ბოლოს და ბოლოს, რა დოკუმენტებზეა ლაპარაკი?

- გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მამამ დედას რუკები ჩააბარა.

- ეს მნიშვნელოვანი რუკებია?

- სამხედროები არ ვართ და არ ვიცით... მთელი ცხრა წლის განმავლობაში, სწორედ ამ რუკებს ეძებდნენ. ბოლოს, ბავშვის ზეიმის კასეტებიც წაიღეს, ალბათ, ეგონათ, რომ რამე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო...

- ეს რუკები ახალ ხელისუფლებას არ გადაეცით?

- არა, თუმცა მინდა, პრემიერს შევხვდე!

- თამთა, არ ფიქრობთ, რომ ამ ინტერვიუთი თავს ისევ საფრთხეში იგდებთ?

- იმაზე მეტი საფრთხე რაღა უნდა იყოს, რაც 9 წლის განმავლობაში გადავიტანეთ? - ხან ავარიას გვიწყობდნენ, ხან - სახლში გაზს უშვებდნენ, ხან ხანძარს გვიჩენდნენ... მოკლედ, არ მეშინია, თან ამ ხელისუფლების იმედი მაქვს! “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლა ორი კვირით რომ დაეგვიანა, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი ცოცხალი აღარ იქნებოდა! “საქმრო” სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავშიფრე და სიკვდილს თითოეულ წამსა და წუთს ველოდებოდით.

- თამთა, თქვენი ძმა ახლა რამდენი წლისაა?

- მეოთხე კურსზე სწავლობს...

- ამბობთ, რომ არ იცით, თუ რა ინფორმაციას ინახავს საიდუმლო რუკა. არ ჯობდა, “ნაციონალებისთვისმიგეცათ და მშვიდად გეცხოვრათ?

- საინტერესო რომ არ იყოს, მამა დედას არ ეტყოდა, რუკებს შვილებივით გაუფრთხილდიო.

- ქვეყანა ყველაფერ ამას დაგიფასებთ?

- ყველაფერი ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ქვეყანამ დამიფასოს! მე და დედაჩემმა მამას ანდერძი შევასრულეთ - დოკუმენტები “ნაციონალებს” არ მივეცით! არ მინდა, ვინმემ გმირად მაღიაროს. უბრალოდ, ქუჩაში რომ გავდივარ, ნებისმიერ ადამიანს ამაყად ვუყურებ, რადგან ამ დოკუმენტების გამოჩენით, შეიძლება, ქვეყანა გამეწირა, რაც არ გამიკეთებია!.. ქვეყნის გაწირვას, ჯობდა, რამდენიმე ადამიანი გავწირულიყავით!

- მაშასადამე, ადმირალი ირემაძე ამ საიდუმლო რუკების გამო მოკლეს, ან რითი ამტკიცებთ, რომ მოკლეს?

- ყველაფერს ვიქტორ ჭელიძის სტატიები ადასტურებს, სადაც წერს, ერთხელ, ზურა კაბინეტიდან გამოვიდა და თქვა, ეს კაცი ისეთ დავალებებს მაძლევს, რომ მოსაკლავად ვყავარ განწირულიო.

- “ეს კაცივინ არის?

- სააკაშვილი. ამასთან, ვიქტორ ჭელიძე წერს, რუსეთის დუმის დეპუტატები აფხაზეთში გადადიოდნენ და სააკაშვილმა ზურა ირემაძეს უბრძანა, ეს გემი ჩაეძირა, მაგრამ მამაჩემი საზღვაო ძალების სარდალი იყო და იცოდა, გემის ჩაძირვა ომის დაწყების წინაპირობა იქნებოდა და ამიტომ, სააკაშვილის ბრძანება არ შეასრულა.

- ადმირალი რითი მოწამლეს?

- არ ვიცი, თუმცა ვიქტორ ჭელიძე დარიშხანზე საუბრობს... ვიქტორ ჭელიძეს სათქმელი ბევრი აქვს და... ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს... ისე, ვიქტორ ჭელიძე ამბობს, რომ ჩემი მეუღლე ავარიით არ გარდაცვლილა, ის ჯერ აწამეს და შემდეგ, მანქანით გადაუარეს 

სხვათა შორის, მინდა, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს, გენშტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაპანაძეს, მის მრჩეველ შალვა კიკაბიძესა და თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცრებს მადლობა გადავუხადო, რადგან ზურა ირემაძის სახელი ჩრდილში იყო და დღემდე არავინ იცოდა, მისი ოჯახი რას განიცდიდა. ამ ადამიანებმა კი, ელემენტარულად, მოგვისმინეს! მამაჩემის გარდაცვალების ფაქტზე საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც გენერალური შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე მოვიდა, მაგრამ გამოსაძიებლად ზემო სვანეთს გადასცეს, ჩემი მეუღლის საქმე კი, - სუფსას. ახლახან, მოვითხოვე, რომ ეს ორი საქმე გაერთიანდეს და მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან მგონი, არალოგიკურია, რომ საქართველოს, რომელსაც სამი საუკუნეა, ადმირალი არ ჰყოლია და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთადერთი ადმირალი ჰყავდა, მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურა იძიებდეს! შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზემო სვანეთის პროკურატურა, სადაც ახალაიების კვალი დღემდე არსებობს, ამ საქმეს არ გამოიძიებს!

- საქმე რა მუხლითაა აღძრული?

- ადვოკატის აყვანის სახსრები არ გვაქვს. გამომძიებელი კი, პასუხს არაფერზე გვცემს. მეტიც, დედას უთხრა, მხარე არ ხართ და გამოძიებაზე ვერაფერს გეტყვითო. თუ ჩვენ არა, აბა, მხარე ვინაა?

ამასობაში, გავარკვიეთ, რომ მამაჩემის მიწის ნაკვეთი ვიღაცის სახელზეა გადაფორმებული. “საქმრომ” კი, ბებიაჩემს, მოტყუებით, ბინა იპოთეკაში ჩაადებინა და უსახლკაროდ დაგვტოვა.

- დღეს სად ცხოვრობთ?

- ნაქირავებში და ორი ქვრივი და სამი ობოლი პენსიონერი ბებიის კმაყოფაზე ვართ, თუმცა მომავალს მაინც იმედით ვუყურებთ!

- თამთა, როგორც ვიცი, კაბინეტიდან მამათქვენის იარაღიც გაქრა...

- დიახ, ასეა. ამ იარაღის პასპორტები ჩვენ გვქონდა. თავდაცვის სამინისტროში განცხადებებს “ნაციონალების” დროსაც ვწერდი, მაგრამ ამ განცხადებებს ნომრებს არ ანიჭებდნენ. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის სამინისტროს ორი გამომძიებელი მე და დედაჩემს შეგვხვდა.

- რა მიზნით?

- იარაღზე გვესაუბრნენ... მგონი, გენშტაბის უფროსის დამსახურებაა, რომ ახლახან, იარაღი გამოჩნდა, ანუ თავდაცვის სამინისტროდან დაგვირეკეს და გვითხრეს, ორი იარაღი აღმოვაჩინეთ და წაიღეთო, მაგრამ არ წამოვიღეთ. ამ იარაღს იმიტომ კი არ ვეძებდით, რომ შინ წამოგვეღო. იარაღი კი არა, მათი სახელი და გვარი მჭირდება, ვისაც 9 წლის განმავლობაში ეს იარაღი ჰქონდა.

- მოკლედ, თამთა, ადმირალ ირემაძის მკვლელობის საიდუმლო რუკებშია?

- რუკებსა და, ასევე, ტყვია-წამალში.

- ტყვია-წამალი რაღა შუაშია?

- ამბობენ, რომ “ნაციონალებს” ზღვით უკანონო ტყვია-წამალი შემოჰქონდათ, რასაც ზურა ეწინააღმდეგებოდა. ზურა, პრაქტიკულად, შავ ზღვას აკონტროლებდა, რაც “ნაციონალებს” არ აწყობდათ! სხვათა შორის, მამაჩემის გარდაცვალებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, საზღვაო ძალები დაიშალა.

- თამთა, რას აპირებთ?

- გამოძიებას. არ გავჩერდები - 9 წელი ტყუილად არ ვეწამე. ორჯერ ცხრა წელი და მეტიც რომ დამჭირდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და დავადგენ, თუ რა გახდა მამაჩემის და ჩემი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი!

- ეგზგუმაციას არ ითხოვთ?

- ვითხოვთ, მაგრამ საამისოდ სახსრები არ გვაქვს... სხვათა შორის, მამა გრანდიოზულად დაასაფლავეს. საერთოდ, “ნაციონალებს” ყველაზე კარგად დასაფლავება გამოსდიოდათ!

ჩვენ ვიქტორ ჭელიძის დაკითხვასაც ვითხოვთ, რომელიც ყველაფრის ერთადერთი ცოცხალი მოწმეა! თუ გვერდში ეს მთავრობაც არ დაგვიდგა, რომელიმე ქვეყნის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მივმართავ! თუკი ამ სახელმწიფოში ჩვენი ოჯახი ზედმეტია და ისევ რეპრესირებულნი უნდა ვიყოთ, უცხოეთში ჩვენს მიცვალებულებსაც წავიღებთ! ამ რუკებს კი, მსოფლიოს დასანახად დავწვავ!