„გაქცევა (არა) შოუშენკიდან“ - გახარია ბრიუსელიდან „ბაქიბუქობს“, თბილისში კი პარტიას კარგავს

„გაქცევა (არა) შოუშენკიდან“ - გახარია ბრიუსელიდან „ბაქიბუქობს“, თბილისში კი პარტიას კარგავს

ქვეყნიდან გაქცეული ექსპრემიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ამბობს, მისი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური იქნება. თუმცა, გიორგი გახარიას მკვეხარობის მიუხედავად, ფაქტია, რომ მისი პარტია - „გახარია - საქართველოსთვის“, პრაქტიკულად, რღვევის პირასაა. პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ შეუერთდა, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ექსპრემიერის პოზიციებს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. პარტიული სტრუქტურების დასუსტება და მხარდამჭერთა გადინება პირდაპირ აისახება ლიდერის პოლიტიკურ წონასა და რეიტინგზე.

კითხვა, თუ რა პოლიტიკური ავტორიტეტი და რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს გახარიას ამის შემდეგ, ანალიტიკოსები for.ge-თან ამბობენ, რომ  პოლიტიკა, განსაკუთრებით საქართველოში, დიდწილად, ეფუძნება უშუალო ჩართულობას, მუდმივ კონტაქტს ამომრჩეველთან და ლიდერის ფიზიკურ ყოფნას მოვლენების ეპიცენტრში. ემიგრაციიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, თუნდაც ყველაზე ამბიციურმა, ნაკლებსავარაუდოა, ის აღქმა შეცვალოს, რაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას ჩამოუყალიბდა - ლიდერის, რომელიც „გაიქცა“ და დისტანცირდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისგან.

მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ბრიუსელიდან, სადაც აცხადებს, რომ „ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას“ და „ოცნებას“ არ ჩაბარდება, კიდევ უფრო აღრმავებს კითხვებს მისი რეალური პოლიტიკური ამბიციებისა და შესაძლებლობების შესახებ.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ (დაბრუნებას). ჯერჯერობით, კიდევ დაგეგმილი მაქვს ვიზიტები აქედან აშშ-ში, შუალედში - დიდ ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, დავბრუნდები.

მე ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც ვარ მზად, რომ ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები. მერწმუნეთ, ჩემი ყოველი დღე არის პოლიტიკური ნაბიჯი. დღეს ისე აღმოჩნდა, რომ ბევრი ხალხი იყო და მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ხშირ შემთხვევაში, არც არის ამისი საჭიროება, ეს ეფექტიანობასაც ამცირებს, ამიტომ დღევანდელ დღეზე უფრო მნიშვნელოვანი დღეებიც მქონია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ, ყველამ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტიანები ვართ. თუ აქ ვარ ეფექტიანი, ვიბრძოლებ აქ, თუ იქ - ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში - ვიბრძოლებ ციხეში“, - განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, ეფექტიანი იქნება თუ არა მისი დაბრუნება საქართველოში, გახარიამ აღნიშნა:

„ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტიანი ჩემი ყოფნა არის აქ, ამ ადამიანებთან“.

გახარიას კრიტიკოსები სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა პირდაპირ აცხადებს, რომ გახარია გაიქცა და მისი ბაქიბუქი უკვე სასაცილოა.

„ჯერ აქ იძველბიჭა და გულზე მჯიღს იცემდა, ვითომ მაგარი ბიჭი, პატრიოტია, მაგრამ როცა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავიბარეთ, გაიქცა და ონლაინ-ჩართვებით, ევროპიდან გველაპარაკება“, - ამბობს ის.

ზარქუა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გახარიას „თავისი ინტერესები აქვს, რათა უსამშობლოებთან ერთად კოალიციაში, ქვეყანა არიოს“ და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი, „დასრულებულია“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კიდევ უფრო მწვავე განცხადებას აკეთებს:

„კაცმა ბრიუსელში, ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით, ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს აქ დარჩენილებს, ვინც მართლა ვიბრძვით და მისგან განსხვავებით, არც ციხის გვეშინია“, - წერს ბოკუჩავა.

მისი შეფასებით, გიორგი გახარია „ირელევანტურ კლოუნად იქცა“. ეს განცხადებები კი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ გახარიას ოპონენტები მის ემიგრაციაში ყოფნას სისუსტედ და პოლიტიკური ბრძოლისგან თავის არიდებად აღიქვამენ.

მაშ, რა გავლენას მოახდენს გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნა, მის სამომავლო პოლიტიკურ კარიერაზე?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ამბობს, რომ გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც მისი პარტია შიდა კრიზისს განიცდის და წევრების ნაწილი სხვა პარტიას უერთდება, მის პოლიტიკურ კარიერაზე უმძიმეს გავლენას ახდენს.

„საქართველოში პოლიტიკა, დიდწილად, პირად ურთიერთობებსა და უწყვეტ ჩართულობაზეა დამოკიდებული. როდესაც ლიდერი ფიზიკურად არ იმყოფება ქვეყანაში და ვერ ახორციელებს უშუალო კონტაქტს ამომრჩეველთან, რეგიონებში, მედიასთან, მისი გავლენა ბუნებრივად მცირდება.

მისი განცხადებები, რომ ის „ბრძოლისთვის მზად არის ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას“, შესაძლოა, მისი მხრიდან გარკვეული აქტივობის იმიტაციას ემსახურებოდეს, თუმცა რეალურად, ეს ძალიან სუსტი პოზიციაა. პოლიტიკური ბრძოლა არ ხდება დისტანციურად, მით უმეტეს, როცა ოპონენტები მას „გაქცეულს“, ან „ციხის შემშინებელს“ უწოდებენ. ეს ნარატივი საზოგადოებაში ლეგიტიმაციის დაკარგვას იწვევს.

გახარიას პარტიის დაშლა და წევრების გადინება „ლელოში“ იმის ნათელი დასტურია, რომ მას არ აქვს მყარი პოლიტიკური ზურგი. პარტია არის ის სტრუქტურა, რომელიც ლიდერს საშუალებას აძლევს, იმოქმედოს ორგანიზებულად და ჰქონდეს წარმომადგენლობა სხვადასხვა დონეზე. ამ ზურგის გარეშე, მისი პოლიტიკური ამბიციები, რაც არ უნდა დიდი იყოს, უსაფუძვლოა“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი  მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ ის ამომრჩეველი დაკარგა, რომელიც „ოცნებიდან“ გამოჰყვა, მას შემდეგ რაც მის ირგვლივ მოიხსნა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის კაცი ოპოზიციაში. For.ge-სთან საუბარში, მამრაძე აცხადებს, გახარიას საზღვარგარეთ გაქცევამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მზად არის ყველაფრის ფასად იბრძოლოს.

„რა თქმა უნდა, ქვეყნიდან გაქცეული ლიდერის ბაქიბუქი და საუბარი იმაზე, რომ ის იბრძოლებს და ჩართული იქნება არჩევნების პროცესში, სიცილის მომგვრელია. იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმა განზრახ ციხეს შეაფარა თავი, რათა როგორმე რეიტინგი აეწიათ, გახარია ქვეყნიდან გაიქცა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მის პარტიაში სერიოზული რღვევა დაიწყო. ხაზარაძემ მისი პარტია ხელში ჩაიგდო და გახარებულია. ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ველზე, ახლა პირველი პარტია „ლელო“ გახდება. ეს ადამიანები, ვიცით, წარსულში ერთმანეთთან, რა დამოკიდებულებით იყვნენ. ხალხს ესეც ახსოვს და არ დავიწყებია, ამიტომ მათი გაერთიანება რეიტინგს კი არ მოუტანს გახარიას, პირიქით, მას კიდევ უფრო დააკლებს. ამას ქვეყნიდან გაქცევაც ერთვის, რაც მის იმიჯს კიდევ უფრო აზიანებს, ამიტომ მის ოპტიმიზმს მე ვერ გავიზიარებ. როგორც ჩანს, საზღვარგარეთ, საკუთარ და პირად საქმეებს აგვარებს, უფრო დასავლეთში, საკუთარი იმიჯის პიარისთვის იღწვის და აქ მიტოვებული პარტია როგორ იბრძოლებს მის გარეშე, ნამდვილად ვერ გეტყვით“, - ამბობს მამრაძე.