ირაკლი კობახიძე ინფორმატორების წინააღმდეგ - ვინ არის ხელისუფლებაში ჩანერგილი „ტროას ცხენი“

ირაკლი კობახიძე ინფორმატორების წინააღმდეგ - ვინ არის ხელისუფლებაში ჩანერგილი „ტროას ცხენი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ოპოზიციონერი ლიდერებისა და მედია-მენეჯერების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პრემიერმა პირდაპირ დაასახელა ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, როგორც ის პირები, რომლებიც „კორუფციაში ეჭვმიტანილი კონკრეტული წყაროდან“ ყოველთვიურ დაფინანსებას იღებდნენ. ხაბეიშვილის შემთხვევაში, კობახიძემ განაცხადა, რომ მას „ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისიც“ უნახავს, სადაც ხაბეიშვილი „ანიტად“ იყო მითითებული და 5 000 ლარს იღებდა. ამასთან, აღინიშნა, რომ ნოდარ მელაძეც დღემდე იღებს ყოველთვიურ დაფინანსებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ ის ფლობს ინფორმაციას „კორუფციაში ეჭვმიტანილი კონკრეტული წყაროდან“ ყოფილი თანაგუნდელების დაფინანსების შესახებ, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მინიშნება და გაფრთხილება იმ ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ამ სქემებთან. ფრაზა - „არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ. ერთადერთი, ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, არიან ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე“ - განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პრემიერს აქვს უფრო ფართო სურათი და იცის სხვა პირების შესახებაც, მაგრამ ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებს. სავარაუდოდ, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლება ფლობს ამომწურავ ინფორმაციას და მზადაა იმოქმედოს.

„ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის „ანიტა“ - მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო, როგორც „ანიტა“ - ლევან ხაბეიშვილი. ეს იყო ერთგვარი, ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, რომლის მიხედვით, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად და დღემდე გრძელდებოდა მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი, არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ. ერთადერთი, ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, არიან ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში. მელაძეზე ვიცი, უწყისი არ ამიღია, მაგრამ ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არცთუ არასანდო ინფორმაცია მაქვს, ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებების პარალელურად, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გაიმეორა პრემიერის ეჭვი, რომ „ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს, დაკვეთით“. მან ასევე მიანიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და შეაფასონ, არის თუ არა ეს „თავის დაზღვევის მცდელობა“.

„პოსტებს აცხობენ, ახალ ამბებს ქმნიან, ახალი ამბების საფუძვლებს ქმნიან. ხომ არ არის ეს, ვიღაცის მიერ თავის დაზღვევის, მისი რაღაცის, მოქმედების გადაზღვევის მცდელობა. ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ინფორმაციაზე დაყრდნობილი, გონივრული ვარაუდი, მაგრამ მე არ ვსაუბრობ თორნიკეს საქმეზე მხოლოდ, ქართულმა სახელმწიფომ, როდესაც ბოლო ცვლილებები იყო, გამოაცხადა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციისა და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ, რაც ქათველი ხალხის ეროვნულ ინტერესებში ჯდება.

როდესაც ამ იდეების ავტორებს, საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, მაგალითად, პრემიერზე, სხვა ადამიანებზე, „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე ვსაუბრობ - მათ შორის მეც ვარ, მოგეხსენებათ - როდესაც განსაკუთრებული შეტევა ამ ფონზე მიდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ მას ინფორმაციებს „ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკები აწვდიან და არ გამორიცხა, რომ „უახლოეს დღეებში, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ან გომელაური დაიჭირონ“.

პრემიერისა და მდინარაძის განცხადებები იმის შესახებ, რომ გუნდის ყოფილი წევრები ოპოზიციის ლიდერებსა და მედია-მენეჯერებს აფინანსებენ, ასევე ბადებს კითხვას, არიან თუ არა ხელისუფლების შიგნით ჩანერგილი ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ინფორმაციის გუნდიდან გატანაში. ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ზუსტი ცნობები აქვს ივანიშვილის გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ, კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეჭვს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები, შესაძლოა, ყოფილი თანაგუნდელების მიმართ გაფრთხილებად და მათი შესაძლო პასუხისმგებლობის მინიშნებად განვიხილოთ. მისივე თქმით, მომდევნო დღეები აჩვენებს, რამდენად გამართლდება ეს მოლოდინები და რა გავლენას მოახდენს ეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

„პრემიერ კობახიძისა და მისი გუნდის წევრის, მდინარაძის ერთობლივი განცხადება, შეიძლება იყოს, როგორც გაფრთხილება, ისე საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ „ოცნება“ არ აპირებს კორუფციასთან შეგუებას. არავინ არის დაცული შეცდომებისგან, ან ცოდვებისგან, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მმართველი გუნდის შიგნით, ვიღაცები ცდილობდნენ დაპირისპირების გაღვივებას, ამ მიზნით კი იყენებდნენ ოპოზიციას და მათ მედიას. ეს არის ომი და ომში „ტროას ცხენს“ ხშირად იყენებენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე „ტროას ცხენზეც“ იყოს საუბარი. პრემიერს რომ არ ჰქონდეს მყარი მტკიცებულებები, ასე ადვილად ამაზე განცხადებას არ გააკეთებდა. ფაქტია, სიტუაცია არ არის მარტივი და ეს პროცესი მიმდინარეობს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - თუ ომის დროს, რომელიმე გენერალი კორუმპირებულია, მოწინააღმდეგეს შეუძლია მისი მოსყიდვა, ხოლო მისი მიზანი ომში გამარჯვებაა.

„ამიტომ, ომში კორუფციული ფიგურების სიჭარბე თავისთავად მარცხის რისკს შეიცავს. ამდენად, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ამ ომში არ განიცადოს მარცხი, მის ინტერესებში არ შედის კორუფციაში გარეული ადამიანები ჰყავდეს თავის გუნდში. ამავე მიზეზით, თავად ოპოზიციასაც არ აწყობს კორუმპირებული ადამიანები. ხშირად გვინახავს, როგორ იშვერენ ერთმანეთის მიმართ ხელს, ამიტომ კორუფცია შიგნიდან ანგრევს პოლიტიკურ პარტიებს. განსაკუთრებით კი ეს გამოწვევა ხელისუფლებისთვის არის საშიში. ამ თემას არ სჭირდება ზედმეტი აჟიოტაჟი, რადგან ხელისუფლების ინტერესშია, რომ კორუფცია არ იყოს მის რიგებში. ამაში უცნაური და სკანდალური არაფერია. ეს არის ძალიან სწორი ქმედება, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ადამიანები იყენებდნენ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას, რათა ეჭვი მათზე არ მიტანილიყ, თუმცა ფაქტია, რომ არაფერი იმალება და თუ ეს სიმართლეა, თავს ბოლომდე ვერ დამალავენ.