როგორც ცნობილი ხდება, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიურ იარაღს იყენებს. გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშების მიხედვით, მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ქიმიური იარაღი, სულ მცირე, 9 000-ჯერ გამოიყენა და ახლა, მის გამოყენებას აძლიერებს. აღნიშნულ ფაქტს დასავლეთის ლიდერები გამოეხმაურნენ და რუსეთის ქმედება დაგმეს. თუმცა, ექსპერტულ წრეებში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაცრი რეაგირება და არა უბრალოდ დაგმობა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების რისკებს ზრდის, რაც კაციობრიობისთვის დამღუპველი და გამანადგურებელი იქნება.
„მაშინ, როცა დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო ინტენსიური ხდება, ვფიქრობ, რომ ეს უდიდეს შეშფოთებას იწვევს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთს სურს, რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება, რათა უკრაინა დანებდეს. მოგეხსენებათ, ეს ნამდვილად აუტანელია“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციას ხელი 1993 წლის 13 იანვარს მოაწერა და მისი რატიფიცირება 1997 წლის 5 ნოემბერს განახორციელა. თუმცა, დღეს ამ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რუსეთმა სრულიად უკუაგდო მიღებული წესდება და ბრძოლის სხვა, უფრო მძიმე იარაღს იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ.
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არათუ სანქციები, სხვა უფრო მკაცრი ბერკეტებია ასამოქმედებელი. მისი თქმით, დღეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ძალიან მაღალია, როგორც ევროპის, ასევე რუსეთის მხრიდან:
„ქიმიური იარაღი მასობრივ განადგურებას იწვევს და მისი გამოყენება აკრძალულია სხვადასხვა კონვენციებით. რაც შეეხება სანქციებს, იმდენი სანქცია აქვს რუსეთს დაწესებული, უკვე დათვლაც უაზრობაა, ამიტომ ახალი პაკეტით მეტი იქნება, თუ ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს?! დღეს ისეთი რიტორიკაა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არათუ ქიმიური იარაღი, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზეც კი მიაჩიეს მსოფლიო საზოგადოება, თითქოს გამანადგურებელი და დამანგრეველი ეფექტი არ ჰქონდეს, ისე გვაჩვევენ მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო გამოყენებას. ამიტომ, თუ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული, უარესია მოსალოდნელი.
ზოგადად, ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის, როდესაც პროცესები ესკალაციისკენ მიდის. ცუდია ის, რომ ხალხს არაფერს გვეკითხებიან, ლიდერები წყვეტენ, მსოფლიოში მშვიდობა დაამყარონ, მოსახლეობის კეთილღეობაზე იზრუნონ, თუ ომის ქარცეცხლში გაგვხვიონ და მუდმივი შიშის ქვეშ გვამყოფონ. ეს ტენდენციაა და ქიმიური იარაღის გამოყენება, ან რაღაც სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, ყველაზე ნაკლებად საშიში ხდება იმასთან შედარებით, რასაც შეიძლება, მომავალში ველოდოთ. მაკრონი გამოდის და ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე, ევროპის შუაგულში ღია, სამხედრო კონფლიქტს უნდა ველოდოთ და მხოლოდ მაკრონი არ საუბრობს ამაზე.
საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოა. როდესაც საუბრობენ ევროპის გულში ღია, სამხედრო დაპირისპირებაზე, რა თქმა უნდა, გულისხმობენ დაპირისპირებას რუსეთთან, რომელიც, ასევე, ბირთვული სახელმწიფოა და ნატო-ში კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც ბირთვული იარაღი გააჩნიათ - ჯამში, საკმაოდ მაღალი პოტენციალია. ეს გაცილებით უარესი პერსპექტივაა, ვიდრე ის, რომელიმე მხარემ გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი, რაც ბევრჯერ გამოუყენებიათ სხვადასხვა ომების დროს. თუ ეს ფაქტი მართლაც დადგა და რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, მთელი მსოფლიო ყირაზე უნდა დამდგარიყო, მხოლოდ სანქციების ენით კი არ უნდა წყდებოდეს ეს საკითხი. მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ, ჩვენთან ინტერვიუში.