„ძიძგი, ძიძგი, მამალა“ - რადიკალები ერთმანეთს დაერივნენ

„ძიძგი, ძიძგი, მამალა“ - რადიკალები ერთმანეთს დაერივნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი კი ხელმოწერით დაადასტურეს. ერთობლივ მემორანდუმს მიესალმა რუსთავის სასაჯელაღსრულების 12-ე დაწესებულების პატიმარი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელოვანია, არ დატოვონ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შეუწყონ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა, თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

„ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. სამ თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება. არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების“, ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს, განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს, სჭირდება დაცვა ყველა დონეზე - ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, მიზანი უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ხაზარაძე ამბობს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას, რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დარჩეს. მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს ყველას, შეუერთდნენ ამ ბრძოლაში.

წერილს, წერილითვე უპასუხა რუსთავის სასაჯელაღსრულების 12-ე დაწესებულების პატიმარმა, ნიკა გვარამიამ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი წერს, რომ ბოიკოტი არათანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე გადის.

„ბოიკოტი არჩევნებზე მისვლაზე მეტად, ანუ ე.წ. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებზე მეტად, საარჩევნო ბიულეტინის შინაარსში აისახება - როცა არც ერთი მეინსტრიმული პარტია არ მონაწილეობს, თან კონტექსტი იმგვარია, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ამ დროს აპრიორი გამორიცხულია ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება. ზუსტად ამ მიმართულებით ქმნის რისკს ორი მეინსტრიმული პარტიის არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა იმედია, ეს პრობლემა ამ პარტიების პრობლემად დარჩება და არა ჩვენი სამშობლოსი.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ასეთია - „ბოიკოტით“ მორყეული სისტემა - რეჟიმის აყროლებაა. ასეა და არა - პირიქით. ყოველთვის და ყველგან ასეა, არა მარტო ოლიგარქიულ საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, როცა რაციონალურად ვერ იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ მორალურ იმპერატივს უნდა მიჰყვე. მორალური იმპერატივი კი მკაფიოდ დაგვიდგინა საზოგადოებამ - ართანამშრომლობას პლიუს წინააღმდეგობა, უდრის ბოიკოტს“. ოლიგარქია უნდა დაემხოს“, - წერს ნიკა გვარამია.

ხაზარაძის განცხადებას ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, რომლის განცხადებით, როგორ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები სპეცოპერაცია ყოფილიყო და 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული მოვლენა რუსული სპეცოპერაცია არ იყოს? ბოკუჩავა თვლის, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილება მათი ამომრჩევლებისთვის იმედგაცრუება იქნება.

„როგორ გგონიათ, ირაკლი კუპრაძემ თვითინიციატივა გამოიჩინა და პოლიტიკურ ქორწინებას მოაწერა ხელი, ბერდია სიჭინავასთან? რეალურად, ეს არა გახარია-ხაზარაძეს შორის თანამშრომლობის პაქტი, არამედ ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის თანამშრომლობის პაქტია, რაც გახარიას ნაწილში, სრულიად მოსალოდნელია, რადგან ის უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს. „ლელოს“ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს ნდობა გამოუცხადა, მათთვის ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუება იყო.

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ეს იმედგაცრუება აისახება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგს დაწერს, თუ ეს სპეცოპერაცია საერთოდ შედგა და მანამდე ივანიშვილის რეჟიმმა არ გააცნობიერა, რომ ამ ფარსის მოწყობის ნაცვლად, უნდა შეასრულოს მოთხოვნები, რომლებიც ქართველი ხალხისგან და ევროკავშირისგან მოდის - უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაუქმდეს რუსული კანონები და შეიქმნას გარემო, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

დოი ბოკუჩავას ბოლშევიკურმა ტონმა სულ დააფრთხო საქოცეთი(?)
6 საათის უკან