ვიზალიბერალიზაცია, როგორც მანიპულირების მექანიზმი

ვიზალიბერალიზაცია, როგორც მანიპულირების მექანიზმი

19 ივლისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მოლოდინში, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მატულობს. აშკარაა, რომ ამ აქციის მთავარ მამოძრავებელ ძალად ვიზალიბერალიზაციის პოტენციური საფრთხე იქცევა, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება და საპროტესტო მუხტი. თუმცა, კითხვა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამ ფაქტის გამოყენებას ახალი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად, დღის წესრიგში დგას.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე დაემუქროს ევროკავშირიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოპოზიცია ბოლო დროს გაყოფილი და დაპირისპირებულია ორ ბანაკად, ვიზალიბერალიზაციის საფრთხე, როგორც ჩანს, მათთვის გაერთიანების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ოპოზიციის ლიდერები აქტიურად მოუწოდებენ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ამ ფაქტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბოიკოტში მყოფი რვა პარტიის სახელით, 7 ივლისს წაიკითხა განცხადება და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ 19 ივლისს აქციას შეუერთდნენ. ეს ნაბიჯი ცხადჰყოფს, რომ ოპოზიციის ნაწილი აქტიურად ცდილობს ამ პრობლემური საკითხის ცენტრალურ თემად ქცევას და მის ირგვლივ საპროტესტო ტალღის გაღვივებას.

ამ მოწოდებას სტუდენტების ნაწილიც გამოეხმაურა. სტუდენტმა ლუკა ხიზაძემ აღნიშნა:

„ჩვენ, სტუდენტები, ვირჩევთ წინააღმდეგობისა და რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლის გზას. რეჟიმის პირობებში ჩატარებულ ფარსს არასდროს ერქმევა არჩევნები. 4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას. ყველა სუბიექტი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ ფარსში, გადაუხვევს წინააღმდეგობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გზას. სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ რეჟიმს ჩამოვშლით. 19 ივლისს, 7 საათზე, გაიმართება მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე“, - განაცხადა ხიზაძემ.

ასევე, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის „ფედერალისტებმა“ გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია:

„19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-დან პარლამენტამდე მსვლელობას გავმართავთ მოქალაქეები, რომლებიც ვიაზრებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა მხოლოდ დააკანონებს იმ ქაოსსა და უსამართლობას, რომელშიც რეჟიმი ქვეყანას ძირავს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად შეძლებს ორ ბანაკად გაყოფილი და დაპირისპირებული ოპოზიცია ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აქციის წარმატება, დიდწილად, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოახერხებენ ისინი მოსახლეობის მასობრივ მობილიზებას და რამდენად დამაჯერებლად შეძლებენ ვიზალიბერალიზაციის საფრთხის გაჟღერებას, როგორც არსებული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგს. თუკი აქცია მასობრივი და მშვიდობიანი იქნება, შესაძლოა, ეს გახდეს მნიშვნელოვანი პლაცდარმი ოპოზიციისთვის, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები და ახალი საპროტესტო ტალღა ააგოროს. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბარში, ვერ ხედავს რესურსს იმისა, რომ ოპოზიციამ ვიზალიბერალიზაციის თემის გარშემო ახალი საპროტესტო მუხტი ააგოროს. აბაშიძის აზრით, ტყუილია საუბარი იმაზე, თითქოს, ხვალ-ზეგ, ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ. გარდა ამისა, საზოგადოებამ უკვე კარგად დაინახა, რომ ეს საკითხი ხელისუფლების შანტაჟის ბერკეტად იქცა.

„არათანმიმდევრული, დესტრუქციული და თვითდაზიანებაში მყოფი ოპოზიცია ვერანაირად შეძლებს ქვეყანაში რამე ახალი საპროტესტო მუხტის აგორებას და  ვერც საზოგადოების კონსოლიდაციას. როგორი საპროტესტო თემაც არ უნდა იყოს, ოპოზიციამ ისე დაკარგა მოსახლეობაში ნდობა, რომ წარმოუდგენელია, ეს მოახერხონ. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს წმინდა წყლის მანიპულაციას და ხალხში დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებას, თითქოს, ხვალ-ზეგ, უვიზო მიმოსვლა შეჩერდება.

რა საკვირველია, ხალხის დიდი ნაწილი არ არის ვალდებული, იცნობდეს იმ პოლიტიკურ განწყობებსა და განცხადებებს, რომლებიც ევრობლოკის შიგნით კეთდება. ევროსაბჭოს 15 ივლისის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ დაადასტურა ერთი რამ: გადაწყვეტილება საქართველოს დასანქცირებაზე ვერ მიიღეს. არამედ, არაერთი ევროპული ქვეყნის წინააღმდეგობის შედეგად, საქართველოს მიმართ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩავარდა. ამიტომ, ოპოზიციის სიხარული, რომ მოდი, ეს ამბავი პოლიტიკური მიზნით გამოვიყენოთ, უშედეგოა“, - აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, წერილში, რომელიც „ოცნებამ“ ევროკავშირისგან მიიღო, არ წერია რამე კონკრეტული ვადები, რომელშიც ხელისუფლებამ პირობები უნდა შეასრულოს, ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს 31 აგვისტომდე, ხელისუფლებას ვადა აქვს ვიზალიბერალიზაციის არგაუქმებისთვის, მცდარია.

„რა მოხდება აგვისტოს შემდეგ? სექტემბერში შეიკრიბებიან, თუ სექტემბრის მერე, ისევ? ან ეს ქვეყნები, რომლებიც 15 ივლისს, წინააღმდეგები აღმოჩნდნენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ, აზრს შეიცვლიან? ამიტომ, ოპოზიციას ეს ნარატივიც ხელიდან გაუსხლტა. დიდი ხანია, ოპოზიციას აღარ აქვს ის საშუალება, რომ რამენაირად საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინოს, თუნდაც აპოლიტიკურ საზოგადოებაზე. დააკვირდით აქციების დინამიკას, როგორ შემცირდა ჯერ ხალხი და შემდეგ, ამ აქციებზე სალომე ზურაბიშვილის გარდა, ვერცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოდის. ზურაბიშვილიც როცა ჩნდება სცენაზე, მასაც ვხედავთ, როგორ უსტვენენ და რასაც ეძახიან. ამიტომ, რა საპროტესტო მუხტზეა საუბარი და რა აქციებზე, ცოტა გაუგებარია. პოლიტიკური ველი საერთოდ გაკოტრებულია და მათი მდგომარეობა საზოგადოების ნდობის კუთხით უკიდურესად სავალალოა“, - აცხადებს აბაშიძე.

 

 

ლაზი არანაირი სიკეთე საქართველოს სახელმწიფოსათვის ვიზალიბერალიზაციას არ მოუტანია. პირიქით, დააჩქარა ქვეყნის დაცლისა და შრომისუნარიანი მოსახლეობის უცხოეთში მათ მომვლელ-მოსამსახურეებად გადახვეწის პროცესი. სადღეისოდ ეს შეიძლება ბევრისათვის, ფინანსური მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესების საშუალება იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდი შედეგებით ემუქრება ქვეყანას.
როცა ხარ სისტემის გარეთ და მას მხოლოდ მის ჭკუაზე მომქმედ მოსამსახურედ უნდიხარ, საზიანოც არის დამამცირებელიც. თუ ვინმეს საქართველოსთან თანასწორუფლებიანი, ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა უნდა, ამისათვის არანაირი კავშირის წევრობა და მის ჭკუაზე სიარული არ არის საჭირო და აუცილებელი.
არანაირი უფასო დახმარება და გამცემისთვის უმიზნო გრანტი არ არსებობს. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია-ო!
3 საათის უკან