პიროვნული დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ შინაგანი დაპირისპირება არსებობს, - ასე დაახასიათა მთავრობის კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ ჟვანია-სააკაშვილის ურთიერთობა ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "ემას შოუში". მამრაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძაზე, თემურ ალასანიაზეც ისაუბრა და რამდენიმე სკანდალური დეტალი გაახმაურა.
- არსებობდა თუ არა საბაბი, რის გამოც ვიღაცას სურდა ჟვანიას განადგურება. თქვენ იყავით მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი... იყო დაპირისპირება სააკაშვილსა და ჟვანიას შორის?
- პიროვნული დაპირისპირება არ ყოფილა, ურთიერთობა რჩებოდა, თუმცა ყველას ესმოდა, რომ შინაგანი პილიტიკური დაპირისპირება არსებობდა...
ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ ე.წ. ტროიკა, რომელიც დაკომპლექტებული იყო მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილით. ჟვანიას არ ეძახდნენ, არადა პრემიერი იყო.... აი, იქ წყდებოდა ხოლმე ღამით რაღაც მთავარი პოლიტიკური მოვლენები და აღსრულებასაც კი შეუდგებოდნენ ხოლმე. მე ვარ მოწმე იმისა, რომ დილით მოსული ზურაბ ჟვანია ჟურნალისტებისაგან გებულობდა ხოლმე რაღაცას, მნიშვნელოვანს... ყოფილა შემთხვევები, როდესაც მისთვის მე დამირეკია დილით ადრე, რომ რაღაცა უნდა იცოდე-მეთქი, და შემდეგ ზურაბს უწევდა ჟურნალისტებთან ისე წარმოეჩინა თავი, თითქოს მან იმ ახალი გადაწყვეტილებების შესახებ იცოდა...
"ემას შოუში" პეტრე მამრაძემ უპასუხა კითხვას, თუ რატომ ხდებოდა ჟვანიას იგნორირება, და რატომ არ აწყობდა სააკაშვილს და მის უახლოეს თანამოაზრეებს, რომ ჟვანია ამა თუ იმ მთავარი საკითხის საქმის კურსში ყოფილიყო...
- სახელდება თემურ ალასანიას, სააკაშვილის ბიძის ფაქტორიც. თქვენ, ერთ-ერთ თქვენს ბლოგ-პოსტში წერთ: ზურამ მიამბო, რომ თემურ ალასანიას ჩამოყვანილი ჰყავს აფერისტები, რომლებსაც სურთ აეროპორტის მშენებლობას მოჰკიდონ ხელი. ისინი წილებს სთავაზობენ ყველას და მეც შემომთავაზესო. ეს ვუთხარი მიშას და იმ დღესვე გაყარაო...
- უფრო დეტალურად ვიტყვი: დამიძახა ზურაბმა, მაშინვე ავედი მის კაბინეტში და მომიყვა, რომ მას თემურ ალასანიამ დაურეკა და სთხოვა, მიეღო ვიღაც ვითომ ამერიკელები, მანამდე მინისტრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ესენი არიან პირწავადნილი აფერისტები და უნდათ აეროპორტის ხელში ჩაგდებაო. უარს ვერ ვეტყოდი და მივიღეო... ზურაბი მომიყვა, რომ მათ ღიად შესთავაზეს სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მათ გაამარჯვებინებდნენ... ზურამ ისინი გაისტუმრა და შემდეგ მიშასთან წავიდა. მოუყვა მიშას ეს ყველაფერი და სააკაშვილმა ზურაბის თვალწინ დაურეკა ბიძამის, თემურ ალასანიას და უყვირა და გალანძღა ... ეს რომ მითხრა გახარებულმა, მე ვუთხარი, რომ კარგია, რომ მიშა ბიძამისს ასე ელაპარაკა და ასეთი დამოკიდებულება აქვს კორუფციის მიმართ-თქო, თუმცა ვთხოვე ზურას, რომ მაინც ფრთხილად ყოფილიყო...
გარდა ამისა, პეტრე მამრაძე "ემას შოუში" თემურ ალასანიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს:
- 2005 წლის იანვარში, როდესაც თემურ ალასანია თბილისში იყო, მომისმენია ძალიან ბევრისგან, თუ როგორ უყვებოდა სააკაშვილის ბიძა ყველას, რომ ძალიან მალე ცხინვალში შევალთო... ამბობდა, მოველაპარაკე ამერიკელებსაც და რუსებსაცო... არადა, ამ დროს მას არანაირი თანამდებობა არ ჰქონდა. და როცა უთხრეს, რომ აი, ჟვანია რომ ეწინააღმდეგება სამხედრო ოპერაციებს და სამშვიდობო გეგმა აქვსო, არ გიშლით ჟვანიაო? ამაზე თემურ ალასანია მათ პასუხობდა - სულ მალე ჟვანია ხელს ვერ შეგვიშლისო. ვინც ამას მიყვებოდა, მან მითხრა, რომ ამ სიტყვების მოსმენიდან სამ კვირაში ზურაბ ჟვანია აღარ იყო ცოცხალი....