3 მარტის #9 გაზეთი "ქრონიკა" ოპერის თეატრის ხელმძღვანელობასა და დასს შორის არსებულ დაპირისპირებაზე წერდა. აღმოჩნდა, რომ ამასობაში ოპერის მთავარი დირიჟორი, ჯანლუკა მარჩიანო უფრო გათავხედებულა.
აი, რას გვიამბობს ინკოგნიტო წყარო: "მზია ნიორაძეს, ალბათ, იცნობთ, მსოფლიო დონის მომღერალია, მთელი მსოფლიო იცნობს და ის შეეცადა სადმე, სოფლის დონეზე მაინც, მოეპოვებინა რაიმე მცირედი ინფორმაცია მასზე, მაგრამ ამაოდ. არავის არ გაუგია, არ იციან მაგის შესახებ, დირიჟორ ჯანლუკა მარჩიანოს არავინ იცნობს, შარლატანია. გარდა იმისა, რომ თეატრში დაპირისპირება გამოიწვია, ახლა ისეთი ამბიციები გაუჩნდა, აშანტაჟებს სახელმწიფოს და ითხოვს, მაღალი ხელფასი დამინიშნეთ, დაცვა და საკუთარი მანქანა მინდაო. რა დაცვა, ვისგან უნდა დაცვა? გაგიგიათ სადმე, ოპერის დირიჟორს დაცვა ჰყავდეს? აბუჩად გვიგდებს ქართველებს, "ჩაკრულო" და "მრავალჟამიერი" გვიგინა, ეს რა არისო, ტრადიციები დაგვიწუნა და კიდევ ხელფასი ვუხადოთ? შეიძლება, ჟურნალისტებმა არ იცით ამ სფეროს შესახებ, მაგრამ ერთ სპეციალისტსაც ვერ იპოვით, რომელიც გეტყვით, რომ ჯანლუკა პროფესიონალია. დაუკავშირდით მზია ნიორაძეს და ის დაგიდასტურებთ".
"ალია" მზია ნიორაძეს დაუკავშირდა:
- ქალბატონო მზია, გვითხრეს, ჯანლუკა მარჩიანო შარლატანია, არაპროფესიონალია, მზია ნიორაძე დაგიდასტურებთო.
- დიახ, მოგიყვებით, რაშიცაა საქმე. არავინ იცნობს იტალიაში, ევროპის ყველა ქვეყანაში მაქვს ნამღერი და სადაც ვიკითხე, არავინ იცნობს. ბოლონიაში მითხრა ერთმა, ეგ ადამიანი მე გამიგონია, როგორც აკომპანიატორი, პიანისტიო. აქ ჩამოსულს, რახან იტალიელია, მისცეს ხელში ჯოხი და დაარქვეს დირიჟორი. ეს კი სპეკულირებს და იკეთებს კარიერას საზღვარგარეთ. რახან ის თბილისის ოპერის მთავარ დირიჟორად ითვლება, ხალხი შეჰყავს შეცდომაში.
- კულტურის მინისტრს უთხარით?
- კი, ვუთხარი, არანაირი რეაგირება არ ყოფილა, შევედით მინისტრის მოადგილე გრუზინსკისთან და ვუთხარით, არანაირი დონე ამ კაცს არ აქვს, არაფერს არ წარმოადგენს და რატომ გვყავს აქ-მეთქი. პასუხი ვერ მივიღეთ. გვიგდებს სასაცილოდ მთელი მსოფლიო.
- მართლა ითხოვს მანქანასა და დაცვას?
- დიახ, ასეა. ძალიან ყოყლოჩინობს უკვე, ქართველებს ზევიდან უყურებს, თურმე ჩვენ არავინ არ ვართ, არანაირი ტრადიციები არ გაგვაჩნია, საერთოდ არ ვართ მუსიკის აზრზე. ორკესტრთან ატარებს ისეთ რეპეტიციებს, გაგიჟდებით. გასდის და რატომაც არა? გასტროლებზე მიმყავს ორკესტრიო, რომ ამბობს, რა გასტროლები, ახლა მიჰყავს ერთგან, ვიღაც არაბმა ქალმა სადღაც სასტუმრო გახსნა და ფოიეში უნდა დასვას ეს ორკესტრი. ასე გვჭრის თავს ეს კაცი ყველგან.
"ალია" მთელი დღის მანძილზე ცდილობდა კულტურის სამინისტროსგან პოზიციის მოპოვებას, მაგრამ არც გურამ ოდიშარიამ და არც მანანა ბერიკაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. სამინისტროს პრესსამსახური კი მთელი დღის მანძილზე უშედეგოდ ეცადა, მოეძებნა ვინმე, ვინც ჯანლუკა მარჩიანოსთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებდა.