ქართული პროდუქტები, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა

ქართული პროდუქტები, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ევროპის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოდან შეტანილ სპილენძის მადანსა და კონცენტრატებზე, ახალ და გამხმარ კაკალზე, მინერალურ, ქიმიურ სასუქებზე, ნედლ ნავთობზე, ნედლ ნავთობროდუქტებზე და ალკოჰოლურ სასმელზეა. 

ასევე, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მსუბუქ ავტომობილებზეც, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგრამ მათი ექსპორტისთვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს.

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 161.5 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სპილენძის მადანი და სპილენძის კონცენტრატები შევიდა. ევროზონის ქვეყნებში ექსპორტირებულმა ქართულმა კაკალმა კი 116,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შედარებით მოკრძალებული რაოდენობით შევიდა საქართველოდან ევროკავშირში მინერალური სასუქები და მსუბუქი ავტომობილები (თითოეული 50 მილიონზე მეტი აშშ დოლარი). სპირტიანი სასმელების (მათ შორის ღვინო, შამპანური) ექსპორტმა კი 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 

ეკონომიკისტ გიორგი აბაშიშვილის აზრით, ის, რომ ქვეყნიდან უფრო მეტად ნედლი პროდუქცია გადის და შემდეგ სხვა ქვეყნებში მიიღებენ მზა პროდუქტს, ეკონომიკური თვალსაზრისით არცთუ ისე მომგებიანია. თუმცა, მისი თქმით, ეს მოწმობს, რომ ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრის ათვისების საკმაო პოტენციალი აქვს. აბაშიშვილი ამბობს, რომ ქართული კაკალი ევროპელებისთვის მიმზიდველია როგორც ხარისხით, ისე დაბალი ფასით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 


"ქართული ალკოჰოლური სასმელები, ღვინო თანდათან იკიდებს ფეხს ევროკავშირის ბაზარზე, მინერალური წყლები კი უფრო მეტი უნდა გადიოდეს. როგორც ჩანს, სპირტიანი სასმელების მწარმოებლებმა უფრო აქტიურად მოახერხეს საკუთარი პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრება-გასაღება. ქართულ მინერალურ წყლებს: ნაბეღლავს, ბორჯომს, როგორც გემო-კვებითი, სამკურნალო თვისებებით, ისე დაბალი ფასის გამო, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების მეტი პოტენციალი აქვთ," - ამბობს აბაშიშვილი.

ეკონომისტი განმარტავს, რომ მსოფლიო დონის აზიური ბრენდების მიერ წარმოებული ავტომანქანები ევროკავშირის ტერიტორიაზე ძირითადად, სწორედ საქართველოდან ხვდება. ქართულ მზა პროდუქციას კი ჯერჯერობით უჭირს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.

"საქართველოში არის საწარმოები, რომლებიც ევროპული ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ, თუმცა, ჯერ წარმოება, მერე კი საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შეტანა ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ქართული ბრენდი ევროპულთან კონკურენციას ვეღარ უძლებს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული მზა პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლას", - მიიჩნევს აბაშიშვილი.