მოსკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი პარტნიორებად და მოკავშირეებად დარჩებიან. ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი პრობლემები კი, კონსტრუქციული გზით უნდა მოგვარდეს. რუსეთის ამ განცხადების მიუხედავად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ვითარება იძაბება და ამ პროცესში გამოჩნდა მესამე ქვეყანა, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გაყვანითაა დაინტერესებული. პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ახლა საკითხავია ვინ აჯობებს და რომელი ძალა გადასძალავს ცენტრალურ აზიაში მათი ელიტების კომპრადორული ხასიათის გათვალისწინებით.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ბატონო სოსო, რა ხდება ჩვენს რეგიონში?
სოსო მანჯავიძე: საქმე გავქვს გეოპოლიტიკურ ძვრებთან სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აუცილებლად გადაინაცვლებს შუა აზიისკენ. როცა ვსაუბრობთ ეს არის ცენტრალური აზია, ვგულისხმობთ არამარტო შუა აზიურ რესპუბლიკებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. ცენტრალური აზია უნდა მოვიაზროთ როგორც რეგიონი, რომელშიც შედიან აზიის რესპუბლიკები - ავღანეთი, ირანის ნაწილი, პაკისტანი და სამხრეთი თურქესტანი, რომელიც სინძიან უიღურების ავტონომიური მხარის სახელით არის ცნობილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაშია.
ამ შემთხვევაში რა არის ჩინეთის ამოცანა?
- ჩინეთის ამოცანა არის, ერთი სარტყელი-ერთი გზის პროექტის ფარგლებში უზრუნველყოს თავისი ტვირთების გადატანა სახმელეთო მარშუტებით და ამ მიმართულებით ახორციელებს გიგანტურ ინვესტიციებს. ჩინეთის ეს პროექტი კონტაქტში შედის დიდი თურანის პროექტთან.
რას გულისხმობს დიდი თურანის პროექტი?
- ეს გულისხმობს „დიდი თურანის“ პროექტის მშენებლობას, რომლის იზოლატორი იყო სომხეთი და საქართველო. საქართველოს გვერდს უვლიან. ამ შემთხვევაში საქართველო არანაირ დაპირისპირების სქემაში არ არის, მაგრამ იზოლატორი იყოს სომხეთი, რომლის ფუნქცია გახლდათ ხელი შეეშალა ამ სქემის განხორციელებისათვის, კერძოდ, თურქეთის ძალის პროექციისათვის აზერბაიჯანზე და მისი გავლით დიდი თურანისკენ. თურქეთის და აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის მიმართ არის მათთვის ზანგეზურის კორიდორის გადაცემა, სომხეთის სუნიკის რაიონში, რაც მათ სახმელეთო გზით უშუალოდ დააკავშირებს. ამის წინააღმდეგ ცხადია, რომ გამოდიოდა სომხეთი, ირანი და რუსეთი, ფაშინიანის ხელისუფლებაში მოყვანის გზით. ფაშინიანი მოყვანილი იქნა დაინტერესებული ძალების მიერ, იგულისხმება სოროსი, რომელიც ამ შემთხვევაში არის გარკვეული წრეების ფრონტმენი, ანუ პოლიტიკის გამტარებელი.
ბრიტანული დაზვერვა, ისრაელი, თურქეთი, რომლის უშუალო მოკავშირეა აზერბაიჯანი, ჩართული იქნა ამ ბრძოლაში და ასე მოიგეს ეს ბრძოლა. ტყუილად არ ხდება, რომ ერაყის შემდეგ, ყველაზე დიდი ამერიკის საელჩო სომხეთში ფუნქციონირებს. ყარაბახის ჩაბარების შემდეგ, ახალი ომის საფრთხით, სომხეთის საზოგადოების დაშინების გზით, ფაშინიანმა მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება. „მშვიდობა ნებისმიერი გზით“ - რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, ასეთია მისი ლოზუნგი.
ამ შემთხვევაში რა ჩანს?
- ჩანს ის, რაც განაცხადა ერდოღანმა, რომ ფაშინიანმა მოილაპარაკა თურქეთთან. ეს მოლაპარაკება კი არ არის, არამედ პროექტია, რომლის ნაწილი გახლავთ ფაშინიანი. სოუნიკის კორიდორი აუცილებლად გაიხსნება და გაიხსნება ძალიან მოკლე ვადაში. ამას მოჰყვება რუსეთის ბაზის წასვლა გიუმრიდან, რასაც აუცილებლად მოითხოვს სომხეთი. ხოლო თურქეთი განათავსებს თავისი ბაზებს აზერბაიჯანში, რაც იქნება ნატოს ფაქტიური შემოსვლა აზერბაიჯანში. ეს არის პროექტი.
როდესაც ეს ინფრასტრუქტურა განლაგდება, სომხეთი იქნება ამ პროექტის ნაწილი. გზა სწრაფად გაივლის და უკვე საქმეში ჩაერთვებიან თურქული მოდგმის სახელმწიფოები. ამ შემთხვევაში, ეს არის ექვსი ერი - ერთი სახელმწიფო. ანუ „დიდი თურანი“. ცხადია, მათ შორის არის ურთიერთდაპირისპირება, მაგრამ მათ აერთიანებთ ისლამი, საერთო წარმოშობა და მსგავსი ენა. გარდა ამისა - ის დივიდენდები, რომელიც თითოეულ მათგანს ექნება წინ დადებული.
რა დივიდენდებია ეს?
- ამ სახელმწიფოებზე უნდა გამოიაროს ჩინურმა ტვირთებმა. ანუ, ერთი სარტყელი - ერთი გზა პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბენეფიციარი ხდება თურქეთი და მისი მოკავშირეები და არა მარტო ჩინეთი. ანუ, ამ შემთხვევაში თურქეთი დიდი აბრეშუმის გზის ცენტრალური მაკონტროლებელი, მთავარი ჰაბი ხდება, ეს კი აძლევს მას იმის განხორციელების საშუალებას, რომ გახდეს ძალის ცენტრი, რაც არის თურქეთის მიზანი. ცხადია, თურქეთი ამას მარტო ვერ განახორციელებდა, რომ არ ჰყავდეს მოკავშირე ბრიტანელები, რომელთაც საერთოდ სხვა მიზანი აქვთ.
მართალია, თურქეთს ეს მიზანი აქვს და ფიქრობს, რომ მისი მიზნები ემთხვევა ანგლოსაქსების პროექტებს და ინტერესებს, მაგრამ სინამდვილეში, გეოპოლიტიკურად, ბრიტანელები და ამერიკელები - იყენებენ თურქეთის ამ მისწრაფებას, რომ განახორციელოს „დიდი თურანის“ იდეა იმისთვის, რომ ალყა შემოარტყან რუსეთს და ნებისმიერ მომენტში გამოიწვიონ გამწვავებები, რათა რუსეთი მაქსიმალურად შეავიწროვონ, განდევნონ სამხრეთ კავკასიიდან საბოლოოდ, ასევე ცენტრალური აზიიდან და მათი მოსაზრებით, რუსეთი უნდა გახდეს რეგიონალური სახელმწიფო. ისინი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებიან რუსეთს უკრაინაში, შეეცდებიან ჩაუკეტონ გასასვლელი ბალტიის ზღვაზე და ასევე, შეზღუდონ მისი შესაძლებლობები შორეულ აღმოსავლეთში.
პარალელურად, მიმდინარეობს ირანის იზოლაციისა და დაშლის პროექტი, სადაც დროებითი წარუმატებლობა განიცადეს. რუსეთი და ირანი, ცხადია, შეეცდებიან ამ პროექტისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ამისთვის არსებობს ისრაელი და აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება. ისინი ინტეგრირებული შეტევით შეეცდებიან ირანის ხელისუფლების დესტაბილიზაციას და ჩამოშლას.
ერთხელ შეეცადეს და ვერ შეძლეს...
- ეს უნდა ჩავთვალოთ როგორც „დაზვერვა ბრძოლით“. ეს ორივე პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. ცხადია, ისინი მოქმედებენ როგორც კარგად ორგანიზებული ხროვა, კარგად კოორდინირებული შეტევებია. დაახლოებით ისე, როგორც დათვს უტევენ კარგად გაწვრთნილი ლაიკები, ბოლოს მეხუთე წერტილზე სვამენ ამ დათვს, მიდის მონადირე და კლავს. ზუსტად ასეთი სტრატეგიაა ირანისა და რუსეთის მიმართულებით. ეს ნელ-ნელა გადადის ჩინეთის ვექტორისკენ, მაგრამ ჯერ უნდა გამოაცალონ ირანი. ერთდროულად გაყონ რუსულ-ირანული და ირანულ-ჩინური სიტუაციური ალიანსი.
რა თქმა უნდა, ესენიც იმოქმედებენ. მაგრამ უნდა გავითვალისწონოთ, რომ მათი კავშირი არ ატარებს სტრატეგიული მოკავშირეობის და ძმობის ხასიათს. ჩინეთი მუშაობს შუა აზიაზე, სადაც მან დადო „საუკუნის ძმობის“ ხელშეკრულება, ეს სულ სხვა რანგია. თუმცა, საკითხავია ვინ აჯობებს და რომელი ძალა გადასძალავს ცენტრალურ აზიაში მათი ელიტების კომპრადორული ხასიათის გათვალისწინებით. ანუ, სამი ვექტორია - ჩინური, რუსული და დასავლური. ეს ბრძოლა არც ერთი წუთით არ ჩერდება და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას.
რუსები იმკიან იმას, რაც დათესეს. მათ, ფაქტობრივად, არაფერი არ გააკეთეს იმისათვის, რომ გაემყარებინათ თავისი მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში. აღიარეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რითაც მეინსტრიმული დისკურსიდან გაიყვანეს ყველა ის პოლიტიკოსი თუ პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ფიქრობს და ლაპარაკობს, რადგან არცთუ ისე უსაფუძვლოდ თვლის, რომ ამის გარეშე საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები არათუ გადაწყდება, არამედ გამწვავდება.
რატომ?
- ახლა ძნელი ასახსნელია საქართველოს მოსახლეობისთვის რატომ უნდა ჰქონდეს დადებითი სენტიმეტები საქართველოს რუსეთის მიმართ, როდესაც რუსეთის დელეგაცია განუწყვეტლივ ბლოკავს და წინააღმდეგ აძლევს ხმას ქართველი ლტოლვილების უკან დაბრუნების და მათთვის ქონების დაბრუნების საკითხს. დავუშვათ, რთულია რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უკან გაიწვიოს ის „იმპულსური“ გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ცნობის შესახებ, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ახსნის და არც არის ასახსნელი - ეს არის საქართველო. სომხეთში ზის ფაშინიანი და გასაგებია, ვინ და რა გზით მოიყვანა. რუსეთი „გაბრაზებული“ იყო ფაშინიანზე, არაფერი არ გააკეთა და აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღი, რაც მოსალოდნელი იყო.
დღეს რა სურათი გვაქვს?
- საოცარი სურათი გვაქვს. გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანმა ღიად გამოაცხადა თურქეთის ვასალიტეტი. აზერბაიჯანი არის თურქეთის მოკავშირე, ისრაელის და ბრიტანეთის მოკავშირე. მისი მოწინააღმდეგეა საფრანგეთი, რომელიც გასაგებია სხვა ვექტორია, სხვა ძლებთან არის აფილირებული, რომელსაც პირობითად ვატიკანს ეძახიან - მივიღეთ ეს სურათი.
აქედან გამომდინარე, რა შეიძლება მოჰყვეს ამას, შეგვიძლია ვივარაუდოთ?
- ცხადია მოჰყვება ის, რომ ირანი და რუსეთი შეეცდებიან ამ ხელშეკრულების ჩაშლას და ამ ვექტორთან დაპირისპირებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სრულიად მოულოდნელი მოქმედებები. რუსეთი კვლავ სასაცილო მდგომარეობაშია. კერძოდ, სომხეთი და აზერბაიჯანი დიდწილად არსებობენ სწორედ რუსეთიდან მომდინარე ნაკადების ხარჯზე. აზერბაიჯანის ქსელი რუსეთში კოლოსალურ ფულს ატრიალებს და ამ ფულიდან ბეგარას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ სინამდვილეში არიან აზერბაიჯანის მიმართ ლოიალურები. ეს ძალიან ჭკვიანურად არის გაკეთებული აზერბაიჯანის მხრიდან. ამიტომ, აზერბაიჯანი შეეცდება, რომ ოქროს მდებელი ქათამი არ დაკლას და ნელ-ნელა შეასრულოს ის, რაზეც მე ვსაუბრობ. ეს ღრმად წასული პროცესია. რუსეთს ძალიან გაუჭირდება ამისგან გათავისუფლება. როცა გძინავს, როგორც დათვს ზამთარში, ერთბაშად ახალგაღვიძებულზე რთულია მოახდინო ადეკვატური რეაგირება შეცვლილ რეალობაზე.