„თუ თავდაცვის მინისტრი საკუთარი ინიციატივით იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ეს უკვე აშშ-ში სამხედრო სინდიკატის გავლენის ზრდაზე მიუთითებს“

„თუ თავდაცვის მინისტრი საკუთარი ინიციატივით იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ეს უკვე აშშ-ში სამხედრო სინდიკატის გავლენის ზრდაზე მიუთითებს“

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ომთან დაკავშირებით კვლავ წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს. „შვიდპარასკევა“ ტრამპმა უკრაინის ომთან დაკავშირებით იარაღის მიწოდების კუთხით ისევ შეცვალა გადაწყვეტილება. რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი, უკვე პოლონეთში გადატანილი ასობით რაკეტის მიწოდება „გაყინა“. მიზეზად კი თავდაცვითი მარაგების გადამოწმება და ამერიკული არმიის საჭიროებები დასახელდა. თუმცა ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა: „აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ მეტი იარაღი უკრაინაში. ახლა მათ სერიოზული დარტყმების მოგერიება უწევთ. თავდაცვითი იარაღის მიწოდება გადაუდებელია“.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ტრამპის პოზიციები რამდენიმე დღეში რადიკალურად იცვლება. ივნისის ბოლოს უკრაინისთვის დახმარების შეჩერება მოხდა, ხოლო ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ იარაღის გადაცემა აუცილებელია.

სწაინტერესოა, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში შედგა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მეოთხე სატელეფონო საუბარი. ტრამპი, როგორც თავად აცხადებს, უკმაყოფილო დარჩა. პუტინმა მას უთხრა ის, რაც საჯაროდაც არაერთხელ გაუჟღერებია – რუსეთი არ აპირებს უკრაინის ომის შეწყვეტას და ბოლომდე მივა დასახული ამოცანების მისაღწევად.

ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა გამორიცხა თავისი წარსული რიტორიკა, რომ თითქოს „ერთი სატელეფონო ზარი ეყოფა ომის გასაჩერებლად“.

მალევე, ტრამპი ესაუბრება ვოლოდიმირ ზელენსკის და მას დაპირდა სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებას – „ცის დაცვის“ გაძლიერებას, ერთობლივი წარმოებისა და ინვესტიციების განხილვას.

პენტაგონმა რატომ შეაჩერა დახმარება და ვინ გასცა ბრძანება? ამ კითხვაზე ჟურნალ არსენალის რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-თან ვარაუდობს, რომ რეალური მიზეზი შესაძლოა ტრამპის შიდა ბრძანება იყო.

„ვფიქრობ, ეს იყო მინიშნება, რომ უკრაინაზე დახმარების მიწოდება დროებით შეეჩერებინათ, რათა პრეზიდენტის მხრიდან მოგვიანებით „გადაწყვეტილების შეცვლის“ ეფექტი შექმნილიყო. თუ ასეა, მაშინ ეს კიდევ ერთი მაგალითია ტრამპის მმართველობის სტილისა – კონფლიქტის დროს ჯერ გააჩეროს პროცესები, შემდეგ კი გმირულად გამოაცხადოს მათი განახლება. ამიტომ ტრამპის ქცევები აჩენს კითხვებს არა მხოლოდ მისი გეოპოლიტიკური გამჭრიახობის, არამედ აშშ-ის თავდაცვის პოლიტიკის პროგნოზირებადობის შესახებ. თუ გადაწყვეტილებები არ ეფუძნება სტრატეგიულ ან უსაფრთხოების ლოგიკას და ემოციურ და პოლიტიკური კომუნიკაციის ეფექტებზე ორიენტირებულ ქმედებებს ეფუძნება, მაშინ უკრაინისთვის დახმარება უფრო პოლიტიკური ჟესტია, ვიდრე სტაბილური სამხედრო მხარდაჭერა“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, დასავლური მედიასაშუალებების ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა ბრძანება პოლონეთში ჩატანილი ამერიკული შეიარაღების უკრაინაში გადატანის შეჩერებაზე.

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, იწვევს კიდევ უფრო მეტ კითხვას: ვინ და რატომ გააჩერა სამხედრო დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო დამტკიცებული? როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება შესაძლოა, მიეღო თავად პენტაგონის ხელმძღვანელს, პიტ ჰეგსეტს, რომელსაც ტრამპმა რამდენიმე თვის წინ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ანდო. და ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც უკრაინისთვის გაწერილი იარაღის მიწოდება ჰეგსეტის მიერ ინიცირებული შეჩერებით ფერხდება.

თუ პრეზიდენტი უარყოფს ბრძანების გაცემას და თავდაცვის მინისტრი საკუთარი ინიციატივით იღებს ასეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, მაშინ ეს უკვე აშშ-ის შიდა მმართველობითი კრიზისის მანიშნებელია, რაც სამხედრო სინდიკატის გავლენის ზრდაზეც მიუთითებს.

მაშინ პენტაგონის დე ფაქტო ავტონომიური მოქმედება არათუ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას აზარალებს, არამედ იმ დიპლომატიურ გზავნილებსაც აუფასურებს, რასაც აშშ საჯაროდ უგზავნის პარტნიორ ქვეყნებს“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, თუ ეს შეჩერებები პრეზიდენტთან შეუთანხმებლად ხორციელდება, ეს ამერიკის ხელისუფლების სუსტ ინსტიტუციურ კონტროლზეც მეტყველებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნატო-ს შიგნით კომუნიკაციის ეფექტიანობას.

აისახა თუ არა უკვე ფრონტზე გაყინული ამერიკული დახმარება და რა ზიანი მოუტანა უკრაინას ამ გადაწყვეტილებამ, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე აისახება ვითარებაზე – ბოლო დღეებში რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა შედარებით მეტი შედეგი მოიტანა, რაც სწორედ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ მთლიანად მიწოდება არ გაჩერებულა. საუბარია მხოლოდ სპეციფიკურ სისტემებზე. რთულია, მაგრამ არა კრიტიკულად დამაზიანებელი. თან არსებობს ევროპული რესურსიც, შესაძლოა, მათი სისტემები ამერიკულს არ უტოლდებოდეს, მაგრამ ძირითადი ფუნქციის შესრულება შეეძლება,“ - აცხადებს კაპანაძე.

კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსეთის აქტიურობა, უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეზღუდვის ფონზე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა არა ფრონტზე, არამედ ქალაქების დაბომბვის მიმართულებით.

„რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. სწორედ ამ შეზღუდვებში ხედავს შესაძლებლობას, რომ ზეწოლა გააძლიეროს უკრაინის ხელისუფლებაზე. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშებით დააბალანსოს ფრონტზე უუნარობა. აღმოსავლეთზე რუსული სამხედრო დაჯგუფება ვერაფერს აღწევს. ამიტომ ომის აქცენტი გადაიტანა სამოქალაქო ზონის მორალურ გატეხვაზე“, - განმარტავს კაპანაძე.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში მოსალოდნელია, რომ რუსეთი საჰაერო თავდასხმების ინტენსივობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ნგრევასა და მსხვერპლს მეტწილად მშვიდობიან მოსახლეობაში გაზრდის.

„ეს უკვე ჩანს, რადგან ბოლო პერიოდში რუსებმა შედარებით წარმატებული დარტყმები მიაყენეს. თუმცა ეს ფრონტის ბედს ვერ ცვლის, რადგან ბრძოლისუნარიანობა მაღალია. რაც უფრო დააზარალებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მით უფრო მკაფიო ხდება მათი რეალური მიზანი, რომ აიძულონ ზელენსკი, წავიდეს კომპრომისზე,“ - ამბობს გენერალი.