ტრამპი ომს ვერ აჩერებს, პუტინი ისევ იმუქრება

ტრამპი ომს ვერ აჩერებს, პუტინი ისევ იმუქრება

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმები საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. კერძოდ, ბოლო დღეების საჰაერო თავდასხმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს. მიუხედავად რისკებისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, უკრაინაში „პეტრიოტის“ 10 ერთეული სისტემის გაგზავნის ბრძანება გასცა.

გამოცემა axios-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ახდენს გერმანიაზე ზეწოლას, რათა უკრაინას „პეტრიოტის“ ერთი ბატარეა მიჰყიდოს. გამოცეის ინფორმაციით, 7 ივლისს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინაში თავდაცვითი იარაღის გაგზავნის შესახებ თანაშემწეებსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლი.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ იცის, შეძლებს თუ არა უკრაინაში ომის შეჩერებას. „მე არ ვიცი, მოხდება თუ არა. მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ არ ვიცი“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინასთან, რადგან ვერ ახერხებს თავისი მიზნების დიპლომატიური გზებით მიღწევას.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვენი მიზნების მიღწევით და სასურველია ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. პრეზიდენტ ტრამპთან პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ და უმჯობესია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით განხორციელდეს“, - განაცხადა დიმიტი პესკოვმა.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ ტრამპი არ დაასრულებს ომს, იმიტომ რომ მიწაზე მდგომარეობა არის არახელსაყრელი და უპერსპექტივო ამ შემთხვევაში უკრაინისთვის და მისი მხარდამჭერი ძალებისთვის. მისი თქმით, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთმა უკრაინის მოგუდვაზე აიღო კურსი. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ფაქტია ისიც, რომ უკრაინის არმია განუწყვეტლივ სუსტდება, იმ ფონზე, როცა რუსეთს ემატება რეზერვები.

„ამავე დროს ევროპამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა იმ მასშტაბით სამხედრო მოდერნიზაცია, რომ შექმნას ადეკვატური იარაღის მოწოდება უკრაინისთვის და ახლა უკვე გამოიკვეთა ტექნოლოგიური უპირატესობაც, რაც აისახება ბრძოლის ველზე.

სულ უფრო და უფრო შესაძლებელი ხდება ფრონტის ჩამოშლა, განსაკუთრებით ეს მოსალოდნელია შემოდგომაზე, თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა. იგულისხმება უშუალო ჩარევა, ან რუსეთში რაღაცა გარკვეული პოლიტიკური პროცესები ან მეორე ფრონტის გახსნა, ან კიდევ სხვა ისეთი რამ, რაზეც ადამიანმა ვერ გააკეთოს პროგნოზი, მაგალითად სტიქიური მოვლენები. ან სხვაგან ახალი კერის წარმოქმნა, როგორიც არის ტაივანის პრობლემის გააქტიურება“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც მანჯავიძე აცხადებს, პარალელურად, დაიძაბა ვითრება ორ ატომურ სახელმწიფოს - პაკისტანსა და ინდოეთს შორის.

„ვნახეთ უკრაინის ომის პროცესში ახლო აღმოსავლეთში ქრონიკული ომის გაჩაღება, თუ რამე ასეთი „შავი გედი“ არ ამოფრინდა, უკრაინის პერსპექტივა ამ ომში ძალიან შავ-ბნელ ფერებში გამოიყურება. ამავე დროს, რუსეთშიც არის ძალიან სერიზული პრობლემები და პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკურ პრობლემებს. მაგალთად, რუსეთის ცენტრალური ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს ბევრი ექსპერტი, მიმდინარეობს იპოთეკური კრიზისი, ძალიან ბევრია დაუბრუნებელი ვალების რაოდენობა, რომელმაც ძალიან სერიოზლურ ნიშნულს მიაღწია.

იგივე „სევერ სტალმა“, რომელიც არის ფლაგმანი რუსული ფოლადის წარმოების, გამოაცხადა, რომ ამცირებს წარმოებას იმის გამო, რომ არ აქვს იაფი კრედიტი. მისი პროდუქცია, რომლის ძირითადი მომხმამრებელი არის ჩინეთი, ხდება არაკონკურენტუნარიანი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი რამ მომხდარიყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რა მოხდებოდა? მაშინ, ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღევანდელ რუსეთში ეს წარმოსადგენია. ერთი მხრივ ომი, იღუპება უამრავი ადამიანი და მეორე მხრივ ეს ომი განიხილება პოლიტეკონომიკურ ტერმინებში“, - ამბობს მანჯავიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, არანაკლებ რთული მდგომარებაა უკრაინაში, სადაც სრულ ადეკვატურობას ვხედავთ ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან.

„აბსოლუტუტად დისკრედიტირებულია ხელისუფლება და მხოლოდ ძალადობას ეყრდნობა. ამავე დროს იმეორებს მანტრებს ომის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელების შესახებ, ანუ უკანასკნელ უკრაინელამდე. ეყრდნობა დასავლეთის ყველაზე უფრო დაუნდობელ ექსტრემისტულ წრეებს. ეს შესაძლებელს არ ხდის მშვიდობას და პლუს - იმ ხუთი რეგიონის გარდა, საქმე გვაქვს სხვა რეგიონების დაკარგვის შესაძლებლობასთან.

მეტსაც ვიტყვი, შეიძლება ეს დამთავრდეს უკრაინის ხელისუფლების და სახელმწიფოებრიობის კოლაფსით, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს დაუბრკოლებლივ განახორციელოს თავისი განზრახვები, რაც სრულიად რეალურ პერსპექტივად ჩანს სწორედ ამ დაუფიქრებელი და ექსტრემისტული განწყობების გამო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.