8 ივლისს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. საკითხი ეხებოდა ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს - როგორც ცნობილია, 9 ივლისს კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციას. რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ, რომ „საქართველო ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს ვალდებულებებს და რომლის შედეგადაც შეიქმნა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიისგან, „ქართული ოცნებისგან“ შემდგარი არალეგიტიმური პარლამენტი, ხოლო გაყალბებული არჩევნები მოიცავდა ამომრჩევლების დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას და დამკვირვებლების დევნას“.
პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი სისტემატურად ერევა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გადადებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უარს იტყვის მის ფინანსურ დახმარებაზე 2028 წლის ბოლომდე, რაც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და, ფაქტობრივად, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს“.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქვეყნის განვითარების მიმართულების შესახებ შეშფოთებამ და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების გადაწყვეტილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რა დროსაც მომიტინგეები მოითხოვდნენ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას, პოლიტიკური ძალადობისა და რეპრესიების დასრულებას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამოძიებას და ანგარიშვალდებულებას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“.
რეზოლუციაში არა მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნების შესახებ არის საუბარი, არამედ ყოფილ პრეზიდენტებთან დაკავშირებითაც: ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარება.
აღნიშნულ რეზოლუციას ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს. მისი შეფასებით, თუკი ოდესმე ევროკავშირი დაიშლება, ეს ევროპარლამენტის დამსახურება იქნება, რომელიც მხოლოდ ზიანის მომტანია ევროპული გაერთიანებისთვის:
„ფსიქიატრიულს დაემსაგავსა - ევროპარლამენტი ოდესმე დაშლის ევროკავშირს, რადგან მარაზმში გადადის მთელი თავისი ბინძური გამოვლინებით. ეს სტრუქტურა არანაირი სარგებლის მომტანი არ არის ევროკავშირისთვის - ევროკავშირი უნდა მართონ პრეზიდენტებმა. დღეს ეს ორგანო არის ყველანაირი სიბინძურის ბუდე, რაც არ სჭირდება ევროკავშირს. ისეთი ევროპარლამენტი იღებს ამ რეზოლუციებს, რომლის გადაწყვეტილებასაც ჩალის ფასიც არ აქვს.
წინა რეზოლუციებში რაღაცებს ითხოვდნენ ხელისუფლებიდან და ყველა რეზოლუციაში წერდნენ სააკაშვილზე, რასაც მივეჩვიეთ, მაგრამ ახლა თურმე ზურაბიშვილი უნდა დააბრუნო და ლეგიტიმურად აღიარო.
ევროპარლამენტი არ სცნობს ეუთო-ოდირის შეფასებას არჩევნებთან დაკავშირებით - საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირმა თქვა, რომ კითხვები არ არსებობს. ეუთო-ოდირზე მაღლა არავინ დგას მსოფლიოში, ვინც არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს და შეფასებებს იძლევა - თუ ეუთო-ოდირს არ ენდობიან, მაშ ვის ენდობიან?!
სიგიჟესთან ერთად, ეს ყველაფერი არის დიდი უპატივცემულობა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ: მარიონეტების გარდა, არ ცნობენ არავის. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, მაინც „ქართული ოცნება“ მოიგებს და მაინც იტყვიან, რომ არ ენდობიან - სწორედ ესაა ეს რეზოლუცია - ეს არის შეფურთხება მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, ვროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს „თვითგამოცხადებულ“ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის „გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს „ქართული ოცნების“ „არალეგიტიმური რეჟიმის“ მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს; შესაბამისად, უარყოფს ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება; სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებთან; მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ უფლებამოსილების უარყოფას, რამაც გამოიწვია საქართველოს დელეგაციის გასვლა.