არც გამოსდით და არც ეშვებიან - ოპოზიციის მორიგი აქცია-შოუ დასავლეთისთვის

არც გამოსდით და არც ეშვებიან - ოპოზიციის მორიგი აქცია-შოუ დასავლეთისთვის

ოპოზიცია კვლავ ქუჩის აქციებს აანონსებს. როგორც ანალიტიკოსები for.ge-თან ფიქრობენ, ოპოზიციური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც უარს აცხადებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და 19 ივლისის საპროტესტო აქციას გეგმავს, რეალურად ქვეყნის შიგნით დემორალიზებულია და დასავლეთისთვის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულობის დემონსტრირებას ცდილობს.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, დღევანდელ ოპოზიციურ ლიდერებს, თუნდაც ცნობად სახეებს, ხალხის ქუჩაში გამოყვანა აღარ შეუძლიათ, რაც ოპოზიციის პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი კი ვარაუდობს, რომ რადიკალურ ფრთას გარკვეული დავალებები აქვს მიღებული – ერთი მხრივ, შეინარჩუნოს პოლიტიკური დაძაბულობა, მეორე მხრივ კი მონაწილეობით თითქოს გაამყაროს დემოკრატიული პროცესი.

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა 19 ივლისს თბილისში საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს. მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების მიტაცების, ავტორიტარიზმისა და „რუსული სპეცოპერაციის სახელით“ დანიშნული ადგილობრივი არჩევნების პროტესტი. ისინი ითხოვენ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს.

ხელისუფლება აქციას დესტრუქციულად აფასებს და აცხადებენ, რომ ბოიკოტის გზით პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა შეუძლებელია. ისინი აქცენტს სტაბილურობაზე და არჩევნების კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩატარებაზე აკეთებენ.

მათი თქმით, საზოგადოების უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობას და ევროპულ გზას, რაც ოპოზიციის რადიკალური მოწოდებებისგან მკვეთრად განსხვავდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციაში ვითარება საკმაოდ მძიმეა. მისი თქმით, რადიკალური ფრთა ცდილობს პროტესტის მუხტის შენარჩუნებას, თუმცა რეალური მხარდაჭერა საზოგადოებაში აღარ არსებობს.

„პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც, მეტ-ნაკლებად, აქვთ ცნობადობა და რეიტინგი, ვეღარ ახერხებენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას. თუ ამას ისინი ვერ ახერხებენ, მით უმეტეს, როგორ უნდა მოახერხონ ეს გიორგი ცუცქირიძემ ან მოძრაობა „თავისუფლების მოედანმა“? ვინ არიან ისინი, რომ მათ მოწოდებაზე მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ?“ – ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, წარსულშიც მსგავსი მცდელობები კრახით დასრულდა, იგივე მოხდება 19 ივლისაც.

„გვახსოვს, როგორ ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ ფლანგის ლიდერად ჩამოყალიბებულიყო. მან არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებას პროტესტისკენ, თუმცა ყოველ მომდევნო აქციაზე ხალხის ნაკადი სულ უფრო მცირდებოდა. ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება 19 ივლისს და მით უმეტეს, რის ან ვის გამო?! ბოიკოტის და არალეგიტიმურობის თემა უკვე გაცვეთილია. ოპოზიციური ამომრჩეველიც კი აღარ გამოდის ამის გამო ქუჩაში“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე განმარტებით, ამ გზით ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დასავლეთისთვის პოლიტიკურად აქტიური ფლანგის დემონსტრირებას ცდილობს.

„მათი მიზანია აჩვენონ, რომ თბილისში კვლავ არსებობს პროტესტის განწყობა და შესაძლებელია დაძაბულობის კერების შექმნა. ამის შემდეგ ვხედავთ ლობისტი ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების განცხადებებს – თითქოს ახალგაზრდები კვლავ გამოდიან ქუჩაში ე.წ. რეჟიმის წინააღმდეგ და ბრძოლა გრძელდება. ამის ფონზე ოპოზიციის ამ ფლანგს ფინანსური მხარდაჭერაც მიეწოდება. ესაა გაცნობიერებული სტრატეგია – დასავლეთს მუდმივად წარუდგინონ ვითარება ისე, თითქოს პროტესტი არ ცხრება“, – აღნიშნავს საყვარელიძე.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით უკვე დემორალიზებულია:

„მათ ხალხის იმედი აღარ აქვთ და ისევ ფუჭი დაპირებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, თითქოს ხელისუფლება სადაცაა დაემხობა. შედეგად მხოლოდ საკუთარ დისკრედიტაციას იწვევენ, თუმცა მათ ეს ნაკლებად ანაღვლებთ – მათთვის მთავარი დასავლელი პარტნიორების შთაბეჭდილებაა“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გამოყენებული ტაქტიკა კარგად ცნობილი და განჭვრეტადია.

„ეს არის ოპოზიციის ძალიან ნაცნობი, უკვე გაშიფრული და მოძველებული ტაქტიკა. მათ აღარ ჰყოფნით რესურსი, ხელისუფლებისთვის რეალური პრობლემები შექმნან. ამიტომ ცდილობენ დესტაბილიზაციისა და არეულობის კერების შექმნას. ეს ჯგუფები პირდაპირ დაკავშირებული არიან დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან და მათგან იღებენ ინსტრუქციებს. ოპოზიციის ერთ ნაწილს დაკისრებული აქვს მუდმივად პოლიტიკური ტურბულენტობის შენარჩუნება ქვეყანაში. მეორე ნაწილს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პროცესი დემოკრატიულია“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ ეს სტრატეგია რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს: „ერთი მხრივ, ვითომ კონსტრუქციული ოპოზიციური ძალებით ცდილობენ არჩევნებში კონკურენციის შექმნას, მეორე მხრივ კი მუდმივად ინარჩუნებენ დაძაბულობას. ოპოზიციის შიდა დაპირისპირება რეალურად თამაშის მოჩვენებითი ნაწილია. შემდეგ იტყვიან, რომ ერთიანობის არქონის გამო წააგეს და არჩევნები გაყალბდა. ეს უკვე საკმაოდ მოძველებული ტაქტიკაა, რომელიც საზოგადოებაზე აღარ მოქმედებს. ქართველ ხალხს კარგად ესმის, ვინ როგორ თამაშს თამაშობს, ამიტომ ამ სპექტაკლში აღარ ერთვება.

თუმცა ოპოზიციის ეს ფრთა მაინც აგრძელებს მცდელობას – რადგან დავალება მიღებული აქვთ და ეს მათი ფუნქციაა. კავკასიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს. ეს არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების კერების გაღვივებას ცდილობენ, მათ შორის – მესამე სექტორის მეშვეობით. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან ხელისუფლება მტკიცედ დგას. საზოგადოებამ კი დააფასა „ქართული ოცნების“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას და რეგიონული არასტაბილურობის პირობებში სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტორად ყოფნას“, – აცხადებს ანალიტიკოსი.