„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან გაემგზავრნენ. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთია იმ რვა პარტიიდან, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. საინტერესოა, რას ნიშნავს ლიდერების ლონდონში ვიზიტი, თანაც თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ბიზნესის რეკეტით და მმართველი პარტიის ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ „ხაზინადარი“ იყო. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული საქართველოში და ის ძალოვანი სტრუქტურების მიერ, ძებნილად ითვლება. რას უნდა ველოდოთ ამ ვიზიტისგან - არეულობის კიდევ ერთ, მორიგ მცდელობას და ამ მიზნით, გარკვეული დაფინანსების მიღებას? ამ კითხვით დაიწყო For.ge-მ ინტერვიუ ყოფილ სამხედრო მფრინავთან, გენერალ ამირან სალუქვაძესთან.
ბატონო ამირან, გასაგებია, რას ნიშნავს ეს ვიზიტი, რას უნდა ველოდოთ მათგან და რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“?
- პირველ რიგში, ეს ვიზიტი იმის მაჩვენებელია, რომ აპირებენ ისეთ საკითხებზე საუბარს, რომლებზეც ვერ ისაუბრებენ ტელეფონით ან სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით. გამოდის, რომ ამ საშუალებებსაც კი არ ენდობიან და ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - უნდა ისაუბრონ პირისპირ. გარდა ამისა, ეს ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პოლიტიკას მთლიანად განაგებენ გარე პერსონები, რომლებიც ამ ეგრეთ წოდებულ პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებს არ იკავებენ. აშკარაა, რომ ყველა თანამდებობის პირი ნაციონალურ მოძრაობაში, ფიქტიური ფიგურაა. პატრონი ჰყავთ ლონდონში, შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ კეზერაშვილი ახორციელებს თავმჯდომარეების ცვლილებებს, მათი სოციალური პრობლემების მოგვარებას - ჩაცმას, დახურვას და კბილების შეკეთებასაც კი. ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ფაქტია, რომ თინა ბოკუჩავა არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ის ჩადის ლონდონში და იქ იღებს მითითებებს. რასაც კეზერაშვილი დაავალებს, ისე მოიქცევიან, არანაირი დამოუკიდებლობა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ეტყვის, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა - მიიღებენ, ეტყვის, ბოიკოტი გამოუცხადეთ არჩევნებსო - ბოიკოტს გამოუცხადებენ.
ესენი არიან კეზერაშვილის მარიონეტები, კეზერაშვილი ვისთან ათანხმებს და ვისი მითითებებით მოქმედებს, სხვა თემაა - პირი, რომელიც სახელმწიფოში არის ძებნილი, მისი ფინანსები საქართველოს ფარგლებს გარეთაა, შესაბამისად, სხვა ძალების მიერაა კონტროლირებადი, ის არის მართული ფიგურა. ოპოზიცია მთლიანად, გარე ძალისგანაა მართული.
იქიდან გამომდინარე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ არეულობას? ამ არეულობის სცენარის დეტალების შესათანხმებლად და საჭირო დაფინანსების მისაღებად ჩავიდნენ ლონდონში?
- კოლექტიური ნაცმოძრაობა რომ გადაერთოს და გახდეს კონსტრუქციული პოლიტიკური სუბიექტი, ეს იქნება გასაკვირი. რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ „სიურპრიზებს“, თუ აქვთ ამის რესურსი, როგორც მინიმუმ, გააგრძელებენ ძიძგილაობას, რასაც აკეთებენ წლების განმავლობაში. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, აქცენტებია დასაფიქსირებელი - ლონდონში წაიყვანეს ახალბედა ლიდერი, გუბაზ სანიკიძის შვილი. სხვათა შორის, პროევროპულობასა და მედასავლეთეობას იბრალებენ, არადა, მამიდან შვილზე, შთამომავლობით გადასცემენ პოლიტიკურ ესტაფეტას. მოკლედ, ახალი სუბიექტი ჩაუყვანეს, შესაძლოა, კეზერაშვილს გარკვეული იმედები აქვს ლევან სანიკიძეზე და ალბათ, სურს, თვალებში ჩახედოს. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს, ის ფაქტი, რომ პარტიის „ბოსთან“ ჩაჰყავთ ახალი პოლიტიკური სუბიექტი.
ესე იგი, გარკვეული პოლიტიკური „ფსონი“ უნდა დადონ ლევან სანიკიძეზე?
- ალბათ, ასეა, რადგან მეტი ჭკუა მათ არ აქვთ. სადაც ლევან ხაბეიშვილზე დადეს „ფსონი“, ან თინა ბოკუჩავაზე, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ახლა ლევან სანიკიძეზეც დებენ.
ამ ადამიანებისგან ვერ მოისმენთ ვერაფერს დალაგებულს - იდეოლოგიიდან დაწყებული, პროგრამული საუბრებით დამთავრებული. მხოლოდ კინკლაობა, ძიძგილაობა, ყვირილი, ჭყავილი და ოპონენტების გაშავება გვესმის. წლების მანძილზე, სულ ამას ვუყურებთ, ხალხს კი ნორმალური, აკადემიური საუბრები მოენატრა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. მათგან ასეთი რამ გამორიცხულია, ხალხმა უნდა დაუსვას წერტილი არჩევნებზე, ახლაც და 2028-შიც. ის, რა ხმებიც აიღეს, ზოგმა - 10%, ზოგმა - 7%, ამის ღირსებიც არ არიან.
თავის დროზე, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ BBC იყო ის მედიასაშუალება, რომელმაც დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ამხილა. ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ კეზერაშვილი სწორედ ლონდონშია, რასთან გვაქვს საქმე?
- იმასთან გვაქვს, რითაც დავიწყე - კეზერაშვილის ფინანსებს აკონტროლებენ მისი პატრონები გარედან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბიექტი, რომლის მიმართაც ამდენი განაჩენია დამდგარი, დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადმოცემული საქართველოსთვის. რატომ არ კეთდება, სწორედ ეს არის საინტერესო კითხვა. ზუსტად იმიტომ, რომ გამოიყენონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, გავლენებისთვის და ამ პატრონების მიერ მართული პოლიტიკური სუბიექტების დასაფინანსებლად. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამხელა სკანდალები იყო და გასუსულები არიან ახლა. BBC ხომ ის მედიასაშუალება არ არის, რომელიც ორღობიდან იღებს ინფორმაციას და ისე აკეთებს სიუჟეტებს. უბრალოდ, ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე, მათთვის ასე სჯობს, უფრო მეტი ინტერესები აქვთ, ვიდრე ევროპელი პენსიონერების ძარცვა იყო, რადგან პენსიონერების ძარცვისთვის სხვებს დასჯიან.
ეს ხომ ორმაგი სტანდარტია?
- ორმაგ სტანდარტებს მივეჩვიეთ. სადაც რასა იუკნევიჩიანე - რუსული „კა გე ბე“-ს მიერ პოლიტიკაში მოყვანილი სუბიექტი ამზადებს რეზოლუციებს, რაზე მელაპარაკებით. 1988 წელს შეიქმნა პარტია სახელწოდებით - „ლიტვა ზა პერესტროიკუ“, ანუ ლიტვა გარდაქმნებისთვის, გორბაჩოვის მხარდასაჭერად და რუსული „კა გე ბე“-ს რეკომენდაციით, ამ პარტიაში შევიდნენ რასა იუკნევიჩიანე და ანდრიუს კუბილიუსი. ახლა კი, რუსული „კა გე ბე“-ს მიერ ყურით მოთრეული პოლიტიკოსი იუკნევიჩიანე ისევ ახერხებს ანტიქართული რეზოლუციის გატანას ევროპარლამენტში, რომლის ერთ-ერთი პუნქტია სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება. აი, ეს არის ევროპის შავი პიარი!
რა სტანდარტებზეა საუბარი? ორმაგი სტანდარტი არის, როცა არსებობს ერთი სტანდარტი და იმის საპირწონედ, შემოგაქვს სხვა. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ეს, ორმაგ სტანდარტშიც კი არ ჯდება.
ბატონო ამირან, იმის თქმა გინდათ, რომ ევროპარლამენტარების სახელით, რუსული „კა გე ბე“-ს აგენტურა ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას?
- 90-იან წლებში, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, შეიცვალეს „ფერი“, გახდნენ პატრიოტები და გადალაგდნენ სხვადასხვა პარტიებში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რეალურად, ჩვენთანაც იგივე მოხდა - საბჭოთა პერიოდში რომ პარტია იქმნება, როგორც მინიმუმ, ეჭვს ხომ უნდა ბადებდეს?
მთავარი: გუბაზი სირიული განათლებამიღებულია, სწავლობდა დამასკოში; ჰკითხეთ ნებისმიერს, ვისაც სსრკ-ს დროს უცხოეთში და მითუმეტეს გრძელვადიანი წასვლა უწევდა - ეს კგბ-სთან თანამშრომლობის გარეშე არ ხდებოდა!!!
გუბაზის კაცობის მინუს დონე გაშიფრულია - ახლა მის ნაშიერს ჰკითხეთ მამის "მოღვაწეობაზე"... 2012 წელს კონტრრევოლუცია მოხდაო მისი ნაჯლოყინევია;
კონტრას შვილი ხარ ბიჭო?