მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის განცხადებით ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას და ასაბუთებდა იმით, რომ არსებობს მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვის საფრთხე; რომ ბრალდებული, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პატივს არ ცემს კანონს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მოქმედებების გამო ხშირად იხდის ჯარიმებს.
ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით კი, სისხლის სამართლის საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებდა, რომ ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ, მას არ უცდია მიმალვა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს მიუთითებს, რომ ის კანონმორჩილი ადამიანია.
თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ძალიან ნანობს, რომ შეცდომა მოხდა, ეს არ იყო გამიზნული ქმედება. ბრალდებული ამბობს, რომ ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
„მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა, რომ მცოდნოდა, არც წამოვიღებდი ჩემოდანს. ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. ეს იყო შეცდომა და პირიქით, ვითანამშრომლე გამოძიებასთან. ამით არ ვამაყობ, მაგრამ ასეთი სახის შეცდომები არ შეიძლება გაყვანილი იყოს იმ რანგში, რომ ეს არის იარაღის ტარება და უნდა დაისაჯოს 4-დან 7 წლამდე. ძალიან ვნანობ, ძალიან ცუდი ფაქტია და ეს იქნება ჩემთვის დიდი მაგალითი მომავალში“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ორი გახმაურებული კრიმინალური ფაქტი მოხდა. ორივე გავლენიანი ფიგურაა, ერთი სიცოცხლისთვის იბრძვის და მეორე თავისუფლებისთვის, რომელიც 24 საათში მოიპოვა.
შს სამინისტრომ თბილისში საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა -მიფრინავდა საფრანგეთში და შეცდომით გააყოლა ხელს ჩანთა, რომელშიც იყო ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით. დაკავებულის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომა.
„სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს“. მესმის, არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი. ამასთან დაკავშირებით როგორც ოჯახმა, ასევე „სილქ როუდ ჯგუფმა“ გააკეთა განცხადება, რომ მოგვიანებით და დამატებით კითხვებთან დაკავშირებით გიორგი აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას. რამიშვილს დავუტოვოთ ეს უფლება, რომ მან განმარტოს საზოგადოების წინაშე და მასმედიისთვის ის დეტალები, რაც მისთვის ცნობილია“, - განაცხადა ირმა ჭკადუა.
რამიშვილმა საპატიმრო დატოვა, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე მას აეკრძალება ქვეყნიდან გასვლა. რეალურად რა მოხდა და რატომ ტოვებდა ქვეყანას რამიშვილი, ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. თუმცა, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ქვეყანას ტოვებდა და ჰქონდა გარანტია უკვე იმისა, რომ შეიარაღებული შეძლებდა ქვეყნის დატოვებას.
რაც შეეხება მთავარ კითხვას, რატომ ტოვებდა ქვეყანას - დეტალები უცნობია, თუმცა არის რამდენიმე ვერსია და მათ შორის ის, რომ მას დაპირისპირება ჰქონდა ხელისუფლებასთან და ამ ვერსიას ამყარებს ისიც, რომ რამიშვილი არ იყო პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, რამიშვილი აფინანსებდა ოპოზიციურ აქტიურობას და მათ შორის ოპოზიციურ მედიას. თუმცა, მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ეს არ არის მიზეზი, რატომაც ტოვებდა ქვეყანას.
თუმცა, ფაქტია, რომ ბიზნესმენის 24-საათიანმა დაკავებამ ბევრი კითხვები გააჩნია რამიშვილის გარშემო. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 24 დეკემბერს აშშ-ში მცხოვრებმა თამარ თორაძემ ღია წერილით მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩს, სადაც ის საუბრობს მისი ოჯახის ტრაგედიაზე და აცხადებს, რომ გიორგი რურუა იყო და არის შეიარაღებული ბანდფორმირების ხელმძღვანელი და მისი ადგილი სამუდამოდ ციხეშია და მათ შორის, მისი დედ-მამისა და ძმების დახოცვის გამო. აქვე ასახელებს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს.
თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, „მხედრიონმა“ ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა.
3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.
რაც შეეხება ბიზნესმენის დაკავების ფაქტს, უმრაველობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, შეიძლება, არაერთი იარაღი აქვს და მომხდარი სუფთა დაუდევრობა იყო - სასამართლო, ალბათ, გაითვალისწინებს, რომ ეს განზრახვით კი არა, დაუდევრობით მოხდა.
„მჯერა გავრცელებული ვერსიის. ყველაფერი ლოგიკაა. მე მისგან განსხვავებით, იარაღის ტარების უფლება მაქვს, მაგრამ ამ საქმის მოყვარული არა ვარ და აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვატარე იარაღი. წმინდა ლოგიკაა, რომ თუ ვინმეს ვინმეს დადანაშაულება უნდა, რომ უკანონო იარაღს ფლობს, რა თქმა უნდა, უკანონო იარაღს ჩაუდებს. ვთქვათ, მას თბილისის აეროპორტში ისეთი გავლენები ჰქონდა, რომ შეეძლო იარაღი გაეტანა და მართლა უნდოდა ამ იარაღის ტარება თავისი გავლენებიდან გამომდინარე, პარიზის აეროპორტში ხომ ვერ შეიტანდა? ამიტომ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო, მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჩანთაში მას ეს იარაღი ჰქონდა, რომელიც შეიძლება აღარც ახსოვდა. შეიძლება მას არა ერთი იარაღი აქვს და ეს სუფთა დაუდევრობა იყო. ვერ დავიჯერებ, რომ ეგონა, ჯერ თბილისის აეროპორტში ჩუმად გაიტანდა და მერე მით უმეტეს, პარიზის აეროპორტში ჩუმად შეიტანდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ასე გამოვიდოდა“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ოპოზიციის წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო - ნონსენსია. მისი თქმით, დღეს მსხვილ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სიჩუმე არ არის გარანტია.
„ბიძინა ივანიშილი ყველას მიადგება, მათაც, ვინც გასუსული ბუჩქებში ზის. მსხვილ ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სიჩუმე არ არის გარანტია. ამხელა კაპიტალის მქონე ბიზნესმენი იარაღის ტარებისთვის დააკავო - ნონსენსია - ვის სჯერა! ბიზნესი, იბრძოლეთ ცვლილებებისთვის, სანამ მართლა გვიანი არ იქნება თქვენივე თავისუფლებისთვის“, - წერს ხატია დეკანოიძე.
საქმეს ტერორის კვალიფიკაცია მისცა სალომე ზურაბიშვილმა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის. „დღევანდელი, უახლესი საქმე გიორგი რამიშვილის, მთავარი ინტერნეტ ქსელის მფლობელის, Euronews Georgia-ს დამფუძნებლისა და დონალდ ტრამპის ძველი ბიზნესპარტნიორის საქმეა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.